1. მძიმე წონის ტვირთით (10 (ათი) ტონაზე მეტი) და/ან ხეტყით გემის დატვირთვა უნდა განხორციელდეს ამ გემის დატვირთვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. გემბანზე განთავსებული ტვირთი, როგორც წესი, არ უნდა ცდებოდეს გემის ბორტს.

3. გემის დატვირთვა მძიმე ტვირთით ან მისი გადმოტვირთა გემიდან უნდა განხორციელდეს სტივიდორის, ცვლის მექანიკოსის (თუ სამუშაო მიმდინარეობს ამწეების მეშვეობით) და გემის კაპიტნის უფროსი თანაშემწის სავალდებულო თანდასწრებით.

4. ტვირთი, შესაბამისი წესის დაცვით, მოთავსებული უნდა იყოს შეფუთვაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. გემის დატვირთვამდე ტრიუმები სათანადოდ უნდა მომზადდეს და შემოწმდეს ტვირთის შემმოწმებლის მიერ.

6. ნავმისადგომი, რომელზეც საკვები ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება, უნდა იყოს დასუფთავებული.

7. ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური აკონტროლებს გემზე გემის კაპიტნის მიერ დამტკიცებული სატვირთო გეგმის არსებობას, მის სისწორეს და დატვირთვის შესაბამისობას ამ გეგმასთან.

8. სატვირთო ოპერაციების ხელმძღვანელი ვალდებულია მოაწყოს ტვირთის წყალში ჩავარდნისაგან დამცავი საშუალება (ბრეზენტი, სატაკელაჟო ბადე).

9. ადვილად აალებადი ტვირთის (ბამბა, მათ შორის, ნედლი ბამბა, სელი, ძენძი და სხვა) დატვირთვა-გადმოტვირთვისას ლითონის ჯალამბარის და ბადის გამოყენება აკრძალულია. ლუკების კომინგსები დაცული უნდა იყოს ბრეზენტებით და ხის ფარებით, ხოლო სატვირთო გვარლების რკინის მენჯს შემოკერილი უნდა ჰქონდეს ტილო.

10. მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ტვირთის დაწყობა, შენახვა და დეზინფექცია უნდა განხორციელდეს შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან შეთანხმებით.

11. დაზიანებული ტვირთი (ფიზიკურად ან ქიმიურად) ტვირთმფლობელის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიიდან.

12. სანავსადგურე ერთეულში შავი და/ან ფერადი ლითონების ჯართის გადასაზიდად შეტანა ნებადართულია, თუ იგი, სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად, მომზადებულია საზღვაო ტრანსპორტით გადასაზიდად, გაუვნებელყოფილია ფეთქებადი, ცეცხლსაშიში, რადიაქტიური მასალისაგან, გასუფთავებულია მავნე ქიმიური ნივთიერებებისაგან და გააჩნია აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთ(ებ)