წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავიასაწარმო – ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა საქმიანობას სამოქალაქო ავიაციის დარგში;
ბ) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი – არაუმეტეს ორი სავარძლით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600 კგ-ს, ხოლო წყლის ზედაპირიდან – 650 კგ-ს;
გ) კომპეტენცია – ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და საქმისადმი მიდგომის ერთობლიობა, აგრეთვე ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობა;
დ) რისკის შემცირება – პროცესი, რომელიც მოიცავს დაცვის, პრევენციული კონტროლის ან აღდგენის ღონისძიებებს, საფრთხით გამოწვეული შედეგების სიმძიმის და/ან ალბათობის შესამცირებლად;
ე) საგანგებო ვითარებაში მოქმედების გეგმა – დოკუმენტი, რომელიც აღწერს ავიასაწარმოს სტრუქტურას, გარე და შიდა სისტემებს, პასუხისმგებელ მხარეებსა და მათ ფუნქციებს, კომუნიკაციის პროცედურებს, უსაფრთხოების აღჭურვილობასა და ღონისძიებებს, რომლებიც უნდა გატარდეს მყისიერად საავიაციო მოვლენების მოხდენის დროს, რომელშიც ასევე მოცემულია საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ღონისძიებები;
ვ) საერთო დანიშნულების ავიაცია – სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება პირადი მიზნებისათვის;
ზ) სასწავლო კურსი – თეორიული ან/და პრაქტიკული გაკვეთილების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელს შესაბამისი ცოდნის შეძენით, უნარ-ჩვევების გამომუშავებით და საქმისადმი მიდგომების ჩამოყალიბებით;
თ) სასწავლო პროგრამა – დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია სწავლების მიზნები, შედეგები, კრედიტები, მსმენელთა შეფასების სისტემა, სასწავლო კურსები, სწავლების მეთოდები, გაკვეთილის გეგმა, სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, იმ პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ახორციელებენ სწავლების ჩატარებას და ამ პროგრამით გათვალისწინებული სწავლებების ეფექტურობის შეფასების სისტემა;
ი) საფრთხე –
გარემოება ან ობიექტი, რომელსაც გააჩნია საავიაციო მოვლენის გამოწვევის ან მისი ხელშეწყობის პოტენციალი;
კ) საქმისადმი მიდგომა –
პირის დამოკიდებულება საკუთარი ვალდებულებების და სამუშაო გარემოს მიმართ;
ლ) სწავლების საჭიროების განსაზღვრა – პროცესი, რომლის საშუალებითაც ავიასაწარმო გამოავლენს პერსონალის განვითარებისა და სწავლების საჭიროებას იმისათვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად განხორციელება. იგი მოიცავს სწავლების საჭიროების სრულ ანალიზს, რომელიც საჭიროა ავიასაწარმოს სხვადასხვა დონეზე;
მ) უნარ-ჩვევა – ამოცანის ან ვალდებულებების შესრულების უნარი;
ნ) უსაფრთხოება – მდგომარეობა, რომელშიც საავიაციო საქმიანობასთან ან საჰაერო ხომალდის უშუალო ექსპლუატაციასთან ან ექსპლუატაციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული რისკები არის მართვადი და შემცირებულია უსაფრთხოების დასაშვებ დონემდე;
ო) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალი – ავიასაწარმოს პერსონალი, რომელიც ჩართულია საავიაციო საქმიანობაში და გააჩნია საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინების შესაძლებლობა;
შენიშვნა: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პერსონალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალს, საჰაერო ხომალდის დამპროექტებელ და დამამზადებელ პერსონალს, საჰაერო ხომალდის ხმელეთზე მომსახურების პერსონალს, სააეროდრომო უზრუნველყოფის პერსონალს.
პ) უსაფრთხოების ეფექტურობა – უფლებამოსილი ორგანოს ან ავიასაწარმოს მიერ მიღწეული უსაფრთხოების დონე, რომელიც განსაზღვრულია მისი უსაფრთხოების ეფექტურობის მიზნებითა და უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორებით;
ჟ) უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორი – მონაცემებზე დაფუძნებული პარამეტრი, რომელიც გამოიყენება უსაფრთხოების ეფექტურობის მონიტორინგისა და შეფასებისათვის;
რ) უსაფრთხოების ეფექტურობის მიზანი – უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორების დაგეგმილი ან განსაზღვრული დონე მოცემული პერიოდისათვის;
ს) უსაფრთხოების კულტურა – უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღირებულებების, მიდგომებისა და ქცევების ერთობლიობა, რომელიც საერთოა ავიასაწარმოში დასაქმებული ნებისმიერი პერსონალისათვის;
ტ) უსაფრთხოების მართვის სისტემა – უსაფრთხოების მართვისადმი სისტემური მიდგომა, რომელიც მოიცავს საჭირო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს;
უ) უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმა – ავიასაწარმოს მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც დეტალურად ასახავს უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვისთვის გასატარებელ ღონისძიებებს, პასუხისმგებელ პირებს და შესრულების ვადებს;
ფ) უსაფრთხოების მიზანი – რაოდენობრივი ან ხარისხობრივი მაჩვენებელი, რომელიც ადგენს საფრთხის სავარაუდო ხდომილების მაქსიმალურ სიხშირეს ან ალბათობას;
შენიშვნა: უსაფრთხოების მიზნები მუშავდება ავიასაწარმოს უსაფრთხოების რისკებით და გათვალისწინებული უნდა იქნეს უსაფრთხოების ეფექტურობის ინდიკატორების და მიზნების შემუშავების დროს;
ქ) უსაფრთხოების რისკი – საფრთხის თანმდევი მოვლენების ან შედეგების სავარაუდო ალბათობა და სიმძიმე;
ღ) ცოდნა – სწავლის და/ან გამოცდილების შედეგად შეძენილი ინფორმაცია, რომელიც საშუალებას აძლევს პირს, გამოიყენოს უნარ-ჩვევები და საქმისადმი მიდგომა და გაიხსენოს ფაქტები, ამოიცნოს კონცეფცია, პრაქტიკულად გამოიყენოს წესი, პროცედურა ან პრინციპი