1. ავიასაწარმო პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული პროდუქტის ან მომსახურების უსაფრთხოდ გამოყენებაზე.
შენიშვნა: ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა, შესაძლოა, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდეს ფრენის უსაფრთხოებაზე.
2. ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა მოიცავდეს ურთიერთქმედებას ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციებთან, მიუხედავად იმისა, მოეთხოვება თუ არა მას უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა.
3. ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობისას ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) მომსახურების მიწოდების თაობაზე ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ზეგავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე, გაფორმებული უნდა იყოს წერილობით;
ბ) ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მასზე გადაცემული მომსახურების გაწევის შესაბამისი კვალიფიკაცია, უფლებამოსილება და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია უნდა იცნობდეს ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემას და მის პასუხისმგებლობებს ამ სისტემის ფარგლებში;
დ) ავიასაწარმომ ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის შესაბამის პერსონალს, საჭიროებისამებრ, უნდა ჩაუტაროს შესაბამისი სწავლება უსაფრთხოების მართვის სისტემის მიმართულებით;
ე) ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს სათანადო კომპეტენციის მქონე პერსონალი.
4. ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება/შეთანხმება უნდა არეგულირებდეს ავიასაწარმოს მიერ ქვეკონტრაქტორზე ზედამხედველობის საკითხებს, სულ მცირე, შემდეგი მოცულობით:
ა) ზედამხედველობის პერიოდულობას და გრაფიკს;
ბ) შესამოწმებელ სტანდარტებს და/ან მოთხოვნებს;
გ) საავიაციო მოვლენების შეტყობინების სქემას, პროცედურებს და საავიაციო მოკვლევის საკითხებს;
დ) ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულებებს მომსახურების გაწევის უფლებამოსილების დაკარგვის ან შეზღუდვის შემთხვევაშ