1. მომხმარებელთან ან წარმოებაში მიწოდების წინ თევზის პროდუქცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას ადამიანისათვის საშიში პარაზიტებისა და მათი სიცოცხლისუნარიანობის აღმოჩენის მიზნით.
2. პარაზიტების არსებობაზე ექსპერტიზა ხორციელდება:
ა) თევზის გადამამუშავებლ სანაპირო საწარმოებში – საწარმოო ლაბორატორია;
ბ) თევზის გადამამუშავებელ გემებზე – საწარმოო ლაბორატორიის გამგე, ან კაპიტნის თანაშემწე წარმოების დარგში, ან ცვლის მთავარი ოსტატი.
3. გარეშე ჩანართების მქონე თევზის დამუშავებისას საჭიროა მათი მოცილება. იმ შემთხვევაში, თუ თევზის გარეშე ჩანართებისაგან სრულად განთავისუფლება შეუძლებელია, პროდუქცია უნდა გადაეგზავნოს დასკვნისათვის კომპეტენტურ ორგანოებს.
4. პარაზიტებით დაზიანებული თევზის დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი წესები:
ა) არ გადაიყაროს წყალში თევზი ან მისი ნარჩენები;
ბ) პარაზიტებით დაბინძურებული თევზის ხორცი და შიგნეულობა არ იქნეს ცხოველთა საკვებად გამოყენებული;
გ) ტრიხიდინით, შვრიელებით, ჰოლოდონელით, ინტიოფტირიუსით და სხვ. დაბინძურებული ახალი თევზი უნდა გაირეცხოს მდუღარე წყლით ან სუფრის მარილის 5%-იანი ხსნარით სუფთა წყლის გავლებამდე.
დ) დაბინძურებული თევზის დამუშავების დამთავრების შემდეგ უნდა ჩატარდეს საამქროს, აღჭურვილობისა და ინვენტარის დასუფთავება- დეზინფექცია. ამასთან, საჭიროა ხელების საპნით დაბანა და ქლორიანი კირის 0,2%-იანი ხსნარით, ან სხვა ნებადართული საშუალებით დეზინფიცირება.
ე) აუცილებლად საყურადღებოა, რომ თერმული დამუშავებისას თევზის ხორცის ხარშვა და შეწვა ხდებოდეს დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.
ვ) თევზის ტექნოლოგიური დამუშავება უნდა ხორციელდებოდეს დამტკიცებული ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების მიხედვით.
5. დიფილობოტრიოზისა და ოპისტორხოზის კვერცხებით დაბინძურებული თუნდაც ერთი სახეობის თევზის აღმოჩენისას, დაბინძურების ხარისხისაგან დამოუკიდებლად, მოცემულ წყალსატევში დაჭერილი თევზის მთელი პარტია ითვლება „პირობით ვარგისად”.
6. ახალი და გაციებული „პირობით ვარგისი” თევზის რეალიზაცია ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში აკრძალულია. ასეთი თევზის დაჭერის ადგილებზე დამუშავების შეუძლებლობის შემთხვევაში ნებადართულია მისი ტრანსპორტირება დამუშავების მახლობელ პუნქტებში.
7. ზღვის თევზების ადამიანთა ან ცხოველთა საკვებად ვარგისიანობის შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ კუნთოვან ქსოვილში არსებულ პარაზიტებს; იმ შემთხვევებში, თუ ამ მიზნით გამოსაყენებლად იგზავნება სხეულის სხვა ნაწილები, მაშინ გათვალისწინებული უნდა იქნეს თევზის ზედაპირის, ღვიძლის, ხიზილალის პარაზიტებიც.
8. ლაყუჩებისა და სხვა ორგანოების, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელი ტრაქტსა და საკუთრივ პირის ღრუში არსებული პარაზიტები არ შეიძლება გახდეს თევზის წუნდების ან მისთვის დაბალი ხარისხის მინიჭების საფუძველი.
9. თუ საინსპექიო ნიმუშში აღმოჩენილ იქნა ჰელმინთის თუნდაც ერთი ცოცხალი მატლი, პარტიის დაშვება სავაჭრო ქსელში რეალიზაციისათვის დაუშვებელია. ასეთი თევზი ექვემდებარება გაუვნებლობას.
10. მიკსოსპორიდიებით დაბინძურებული (კუნთოვანი ქსოვილის გაფაშრება) თევზი დაჭერის შემდეგ, შესაძლებლობისდაგვარად სწრაფად უნდა გაიყინოს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი თევზის კონსისტენციის შეცვლა. გალღობა კი უნდა მოხდეს სწრაფად (–20C ტემპერატურამდე), შემდგომი თერმიული დამუშავება (შეწვა) უნდა ჩატარდეს მომატებულ ტემპერატურაზე (160-1650C).
11. „პირობით ვარგისი” თევზი გამოსაყენებლად შეიძლება დაშვებულ იქნეს სპეციალური გადამუშავების შემდგომ.
12. თევზის გასაუვნებლად საჭირო გაყინვის რეჟიმის დაცვის შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი საკვებად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დამარილების, თერმული დამუშავების ან დაკონსერვების შემდეგ.
13. თევზის გადამამუშავებელ დაწესებულებაში საჭიროა მომუშავე პერსონალის დაცვა ოპისტორხოზისა და ლენტურების მატლებით დასნებოვნებისაგან. თევზის გადამუშავებით დაკავებული პირები უნდა იცავდნენ პირადი ჰიგიენის წესებს. აკრძალულია ნედლი ფარშის, თევზის კერძების ნახევარფაბრიკატებისა და ხიზილალის გასინჯვა. თევზის დამუშავების შემდგომი ნარჩენები ექვემდებარება დროულ გაუვნებლობას.
14. თევზის პროდუქციის ექსპორტისას საჭიროა მისი ვიზუალური დათვალიერება პარაზიტების გამოსავლენად ევროკავშირის კომისიის გადაწყვეტილების (93/140) შესაბამისად:
ა) ვიზუალურად აღმოსაჩენად ითვლება ის პარაზიტები ან მათი ჯგუფები, რომელთა ზომები, შეფერილობა და ტექსტურა იძლევა, თევზის ქსოვილისგან ადვილად განსხვავების საშუალებას;
ბ) ვიზუალური კონტროლის ქვეშ იგულისხმება თევზის დათვალიერება მისი მთლიანობის დაურღვევლად ადამიანის მხედველობისათვის კარგი განათების პირობებში, ოპტიკური ან სხვა გამადიდებელი ხელსაწყოების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია დამატებითი განათების გამოყენება;
გ) ვიზუალური კონტროლი უნდა უტარდებოდეს ნიმუშების რეპრეზენტაციულ რაოდენობას;
დ) ვიზუალური კონტროლისათვის დანიშნული პირების მიერ თევზის პროდუქტების სახეობისაგან, გეოგრაფიული და გამოყენების პირობებიდან გამომდინარე, უნდა განსაზღვროს კონტროლის მასშტაბები და სიხშირე