წინამდებარე დირექტივის მიზნისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
(1) „საწყობის ავტორიზებული მმართველი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც, საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ანიჭებენ უფლებამოსილებას, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აწარმოოს, დაამუშაოს, შეინახოს, დაასაწყობოს, მიიღოს ან გაგზავნოს აქციზური საქონლის საწყობში განთავსებული აქციზური საქონელი;
(2) „წევრი სახელმწიფოს ტერიტორია“ ნიშნავს იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიას, რომლის მიმართაც გამოიყენება ხელშეკრულებები, TFEU-ის 349-ე და 355-ე მუხლების შესაბამისად, გარდა მესამე ქვეყნის ტერიტორიებისა;
(3) „ევროკავშირის ტერიტორია“ ნიშნავს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებს;
(4) „მესამე ქვეყნის ტერიტორიები“ ნიშნავს მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ტერიტორიებს;
(5) „მესამე ქვეყნები“ ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს ან ტერიტორიას, რომელზეც არ ვრცელდება ხელშეკრულებები;
(6) „აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმი“ ნიშნავს აქციზური საქონლის წარმოების, დამუშავების, შენახვის, დასაწყობების ან გადაადგილების მიმართ გამოყენებულ საგადასახადო რეჟიმს, რომლითაც აქციზის გადასახადი დროებით შეჩერებულია;
(7) „იმპორტირება“ ნიშნავს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად;
(8) „უკანონო შეტანა“ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე იმ საქონლის შეტანას, რომელიც არ იყო საწყობში განთავსებული თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად და რომლის მიმართ საბაჟო დავალიანება, ამავე რეგულაციის 79(1)-ე მუხლის შესაბამისად, წარმოიშვა ან შესაძლოა წარმოშობილიყო, თუ საქონელი დაექვემდებარებოდა საბაჟო გადასახადს;
(9) „რეგისტრირებული ტვირთმიმღები“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ანიჭებენ უფლებამოსილებას, სამეწარმეო საქმიანობის პროცესში და ამ ორგანოების მიერ დადგენილი პირობებით, სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მიიღოს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული აქციზური საქონელი;
(10) „რეგისტრირებული ტვირთგამგზავნი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც იმპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ანიჭებენ უფლებამოსილებას, გაგზავნოს მხოლოდ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული აქციზური საქონელი მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას, რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად, ამავე პირის სამეწარმეო საქმიანობის პროცესში და ამავე ორგანოების მიერ დადგენილი პირობებით;
(11) „აქციზური საქონლის საწყობი“ ნიშნავს ადგილს, სადაც საწყობის ავტორიზებული მმართველის მიერ ხდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული აქციზური საქონლის წარმოება, დამუშავება, შენახვა, დასაწყობება, მიღება ან გაგზავნა, ამ პირის სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილი პირობებით, სადაც მდებარეობს აქციზური საქონლის საწყობი;
(12) „სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც, ამავე პირის სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგისტრირებულია იმ აქციზური საქონლის გამგზავნად, რომლის მოხმარებაში გაშვება მოხდა ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შემდეგ გადაადგილდა სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
(13) „სერტიფიცირებული ტვირთმიმღები“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც, ამავე პირის სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგისტრირებულია იმ აქციზური საქონლის მიმღებად, რომლის მოხმარებაში გაშვება მოხდა ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შემდეგ გადაადგილდა სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
(14) „დანიშნულების წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც უნდა მოხდეს აქციზური საქონლის მიწოდება ან გამოყენება წინამდებარე დირექტივის დებულებების შესაბამისად;
(15) „რემისია“ ნიშნავს გადაუხდელი აქციზის გადასახადის ვალდებულებისგან გათავისუფლებას;
(16) „ანაზღაურება“ ნიშნავს გადახდილი აქციზის გადასახადის ანაზღაურება