1. პარაპლანი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:
ა) ფრთა, ჯამბარები, თავისუფალი ბოლოები;
ბ) ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემა (მგზავრისა და მფრინავის სკამი, სამხრეები და კარაბინები);
გ) სათადარიგო პარაშუტი;
დ) ძრავა და შესაბამისი კომპონენტები (არსებობის შემთხვევაში).
2. პარაპლანის ექსპლუატაციისთვის აუცილებელია, მისი ყველა ელემენტის ვარგისიანობა შემოწმებული იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
3. მფრინავს არ აქვს უფლება, ფრენები განახორციელოს პარაპლანით, რომელსაც არ აქვს ვარგისიანობის სტატუსი.
4. პარაპლანის თითოეული ელემენტის ვარგისიანობის დადგენა შეიძლება სხვადასხვა დროს, ერთად ან ცალ-ცალკე.
5. პარაპლანის ცალკეული ელემენტის ვარგისიანობას ადგენს პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, შეამოწმოს, შეაფასოს ესა თუ ის ელემენტი და შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ელექტრონულ რეესტრში.
6. პარაპლანის ერთ-ერთი ელემენტის ვარგისიანობის დასადგენად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს უფლებამოსილ პირს.
7. დაინტერესებულმა პირმა წარმოდგენილ განცხადებაში უნდა მიუთითოს პარაპლანის იმ ელემენტ(ებ)ის მახასიათებლები, რომლის ვარგისიანობის შემოწმებასაც ითხოვს.
8. განცხადებასთან ერთად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) მწარმოებლის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პარაპლანის ელემენტ(ებ)ის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
გ) პარაპლანის ელემენტ(ებ)ი;
დ) ვარგისიანობის შემოწმებისთვის დაწესებული გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
9. განცხადების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში პარაპლანის და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენმა კომისიამ უნდა შეისწავლოს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ვარგისიანობის დოკუმენტი და უშუალოდ შეამოწმოს პარაპლანის ელემენტის ვარგისიანობა.
10. პარაპლანის ფრთის, ჯამბარების, თავისუფალი ბოლოების საფრენად ვარგისიანობის დადგენის პროცედურა გულისხმობს შემდეგი ქვეპუნქტების შესრულებას:
ა) პარაპლანის ფრთაზე ქარხანა-მწარმოებლის მიერ დატანილი უნდა იყოს სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: სერიული ნომერი, ფრთის მწარმოებელი, მოდელი, ზომა, წონა, ტვირთამწეობის დიაპაზონი და კლასი;
ბ) პარაპლანს უნდა ჰქონდეს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ-ერთი სტანდარტის ქარხნული სერტიფიკატი: EN, LTF, DULV, რომლითაც განისაზღვრება პარაპლანის კლასი; ეს კლასებია: A- სასწავლო/სავარჯიშო; B – საშუალო კლასი; C – სპორტული; D /CCC – მაღალი საშეჯიბრო სპორტული კლასი; Bi – ორადგილიანი; E926- ექსპერიმენტული;
გ) პარაპლანის ფრთაზე დატანილ სერტიფიკატზე მითითებული უნდა იყოს სერიული ნომერი, რომელიც უნდა დადარდეს მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზასთან და ამ გზით დადასტურდეს მისი ვალიდურობა;
დ) სერტიფიკატის ან მწარმოებლის მონაცემთა ბაზებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დადგინდეს ფრთის ასაკი;
ე) დაუშვებელია ფრთის საფრენად გამოყენება, თუ მისი ასაკი აღემატება 15 წელს;
ვ) კომისიამ საფრენი აპარატი აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ვიზუალურად, რათა დარწმუნდეს პარაპლანის თავისუფალი ბოლოების კონსტრუქციის მთლიანობაში, ჯამბარებზე მექანიკური დაზიანების არარსებობაში, ფრთის კონსტრუქციის უპირატესად ცვეთადი არეების მექანიკური დაზიანების არქონასა და ფრთის მზიდი კონსტრუქციის მთლიანობაში;
ზ) ჯამბარების სიგრძის შემოწმებითა და ქარხნულ ზომებთან შედარებით დგინდება ცდომილების ოდენობა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 5 სმ-ს, თუ მწარმოებელს სხვა რეკომენდაცია არა აქვს;
თ) ერთსა და იმავე რიგში პარალელური ჯამბარების შედარების შედეგად დგინდება ცდომილების ოდენობა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 0,5 სმ-ს, თუ მწარმოებელს სხვა რეკომენდაცია არა აქვს;
ი) ფრთის კონსტრუქციის შემადგენელი მატერიის ჰაერგამტარობის მაჩვენებლის დადგენა უნდა მოხდეს პოროსიმეტრით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოებული იყოს სერტიფიცირებული მწარმოებლის მიერ;
კ) პოროსიმეტრით აღებული მონაცემები განისაზღვრება ქვემოთ მოცემული სკალით, თუ მწარმოებელს სხვა რეკომენდაცია არ აქვს:
კ.ა) 200 წმ და მეტი – საუკეთესო;
კ.ბ) 70-200 წმ-მდე – კარგი;
კ.გ) 25-70 წმ-მდე – საშუალო;
კ.დ) 18-25 წმ-მდე – ცუდი;
კ.ე) 18 წმ-ზე ნაკლები – ძალიან ცუდი.
ლ) „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“ შეფასების მქონე ფრთები საფრენად უვარგისია და მათი საფრენად გამოყენება აკრძალულია;
მ) ქარხნული რეკომენდაციების შესაბამისად, შესამოწმებელი ფრთის მოდელისა და კლასის მიხედვით, ჯამბარების „A“ რიგიდან ჰიდრავლიკურ დინამომეტრზე გაწყვეტის გზით, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს მზიდი ძირითადი ჯამბარის დატვირთვაზე გამძლეობა და დაუდარდეს მწარმოებლის მიერ დადგენილ ნორმას;
ნ) დაუშვებელია 50%-ზე ნაკლები გამძლეობის ჯამბარების მქონე ფრთის გამოყენება;
ო) გაწყვეტილი ჯამბარა აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს ახლით. გაწყვეტილი ჯამბარა დალუქულ მდგომარეობაში, შესაბამისი მონაცემების მითითებით, ფრთასთან ერთად უნდა დაუბრუნდეს მფლობელს;
პ) სავალდებულოა შეიქმნას სპეციალური დოკუმენტი, სადაც აღინიშნება კომისიის მიერ საფრენი აპარატის ელემენტის შემოწმების შედეგები. ამ შედეგების მიხედვით უნდა დადგინდეს, ვარგისია თუ არა ფრთა;
ჟ) სავალდებულოა, ყველა ფრთა აღირიცხოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში და მიეთითოს შემოწმების თარიღი და შედეგი, ასევე საფრენად ვარგისიანობის სტატუსი;
რ) თუ მფრინავი წარმოადგენს უცხო ქვეყნის ავტორიზებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ფრთის ვარგისიანობის დამადასტურებელ ვადიან დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტი საკმარისია კომისიის მიერ ფრთის საფრენად ვარგისიანობის აღიარებისათვის, არაუმეტეს წარდგენილი დოკუმენტის ვადის ამოწურვისა. თუმცა პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია ვალდებულია, ასეთ შემთხვევაში ფრთა შეამოწმოს ვიზუალურად. ხსენებული ფრთა უნდა აღირიცხოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში;
ს) სავალდებულოა, ერთადგილიანი ფრთა შემოწმდეს 12 თვეში ერთხელ მაინც, თუ ფრთის ასაკი მიაღწევს სამ წელს, ან ფრთით ნაფრენი საათები გადააჭარბებს 300 საათს;
ტ) სავალდებულოა, ორადგილიანი ფრთა შემოწმდეს 6 თვეში ერთხელ მაინც, ან თუ ბოლო შემოწმების შემდეგ ფრენის საათების რაოდენობა გადააჭარბებს 100 საათს;
უ) საფრენი აღჭურვილობის მეპატრონის მიერ ფრთის არაგეგმიური შემოწმება სავალდებულოა, თუ ადგილი ჰქონდა ფრთის არასწორ გამოყენებას, რასაც შესაძლოა კონსტრუქციული ელემენტების დაზიანება გამოეწვია;
11. პარაპლანის ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის (მგზავრისა და მფრინავის სკამის, სამხრეებისა და კარაბინების) საფრენად ვარგისიანობის დადგენის პროცედურა გულისხმობს შემდეგი ქვეპუნქტების შესრულებას:
ა) სერიული ნომრითა და სხვა უნიკალური მონაცემებით უნდა დადგინდეს ჩასაჯდომი სისტემის მწარმოებელი, ტიპი და ზომა;
ბ) სავალდებულოა, ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის მწარმოებელი ფლობდეს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანოების მიერ აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატს;
გ) ჩასაჯდომ და ჩასაბმელ სისტემას უნდა ჰქონდეს EN, LTF, DHV სტანდარტის, მინიმუმ, ერთი სერტიფიკატი;
დ) ვიზუალური დათვალიერების გზით, დგინდება ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის კონსტრუქციის მთლიანობა და დაზიანების ხარისხი;
ე) სავალდებულოა, შემოწმდეს ჩასაბმელი და შესაკრავი მექანიზმების გამართული ფუნქციონირება, დადგინდეს მათი ცვეთის ხარისხი და ამ ხარისხზე დაყრდნობით, მწარმოებლის რეკომენდაციების შესაბამისად, განისაზღვროს მექანიზმის ვარგისიანობა;
ვ) შემოწმების შემდეგ კომისიამ უნდა შეადგინოს სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება შემოწმების შედეგები. შემოწმების შედეგები განსაზღვრავს ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის ვარგისიანობას;
ზ) სავალდებულოა, ყველა ჩასაჯდომი სისტემა აღირიცხოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში, მიეთითოს შემოწმების თარიღი და შედეგი, ასევე - ვარგისიანობის სტატუსი;
თ) თუ მფრინავი წარმოადგენს სხვა ავტორიზებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის ვარგისიანობის დამადასტურებელ ვადიან დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტს უფლებამოსილი პირი დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის საფრენად ვარგისიანობის აღიარებისათვის წარდგენილი დოკუმენტის ვადის ამოწურვის თარიღამდე, თუმცა პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია ვალდებულია, ასეთ შემთხვევაში ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემა შეამოწმოს ვიზუალურად. ეს ინფორმაცია სავალდებულო წესით შეიტანება ელექტრონულ რეესტრში;
ი) ერთადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის შემოწმება სავალდებულოა სამ წელიწადში ერთხელ, ან თუ ბოლო შემოწმების შემდეგ ფრენის საათების რაოდენობა გადააჭარბებს 300 საათს;
კ) ორადგილიანი პარაპლანის ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის შემოწმება სავალდებულოა 12 თვეში ერთხელ, ან თუ ბოლო შემოწმების შემდეგ ფრენის საათების რაოდენობა გადააჭარბებს 100 საათს;
ლ) ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის არაგეგმიური შემოწმება სავალდებულოა საფრენი აღჭურვილობის მეპატრონის მიერ, თუ ადგილი ჰქონდა ჩასაჯდომი და ჩასაბმელი სისტემის არასწორ გამოყენებას, რასაც შესაძლოა კონსტრუქციული ელემენტების დაზიანება გამოეწვია;
12. პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის დადგენის პროცედურა გულისხმობს შემდეგი ქვეპუნქტების შესრულებას:
ა) სერიული ნომრითა და სხვა უნიკალური მონაცემებით უნდა დადგინდეს სათადარიგო პარაშუტის მწარმოებელი, ტიპი, კლასი და ზომა;
ბ) სავალდებულოა, სათადარიგო პარაშუტის სისტემის მწარმოებელს ჰქონდეს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანოების მიერ აღიარებული სტანდარტის სერტიფიკატი;
გ) სათადარიგო პარაშუტს უნდა ჰქონდეს EN, LTF, DHV სტანდარტის, მინიმუმ, ერთი სერტიფიკატი.
დ) სავალდებულოა, მფრინავმა წარმოადგინოს სათადარიგო პარაშუტის გადაკეცვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოწმდება პარაშუტის გადაკეცვის თარიღი, ხოლო მესამე, დამოუკიდებელ მხარეზე დაყრდნობით უნდა დადგინდეს დოკუმენტის გამცემი პირის კომპეტენცია;
ე) სავალდებულოა, კომისიის მიერ შეიქმნას სპეციალური დოკუმენტი სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს სათადარიგო პარაშუტის ბოლო გადაკეცვის თარიღიდან, რაც ერთადგილიანი პარაპლანებისათვის განკუთვნილი სათადარიგო პარაშუტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო ორადგილიანი პარაპლანებისთვის - 6 თვეს;
ვ) სავალდებულოა, სათადარიგო პარაშუტის არაგეგმიური შემოწმება საფრენი აღჭურვილობის მეპატრონის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა სათადარიგო პარაშუტის გამოყენებას ან არასწორად მოხმარებას;
ზ) სავალდებულოა, ყველა სათადარიგო პარაშუტი აღირიცხოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში, მიეთითოს შემოწმების თარიღი და შედეგი, ასევე - ვარგისიანობის სტატუსი;
თ) თუ მფრინავი წარმოადგენს სხვა ავტორიზებული, სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ სათადარიგო პარაშუტის ვარგისიანობის დამადასტურებელ ვადიან დოკუმენტს, ასეთი დოკუმენტს უფლებამოსილი პირი დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს მისი მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღამდე. ორადგილიანი პარაპლანის სათადარიგო პარაშუტის შემთხვევაში პარაპლანისა და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დამდგენი კომისია, ვალდებულია, სათადარიგო პარაშუტი შეამოწმოს ამ მუხლში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია სავალდებულო წესით შეიტანება ელექტრონულ რეესტრში;
13. ძრავისა და შესაბამისი ელემენტების შემოწმებისას ყურადღება უნდა მიექცეს:
ა) აალება-ანთების სისტემის გამართულ მუშაობასა და მასზე მექანიკური დაზიანებების არარსებობას;
ბ) ელექტროსისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) მზიდი ხრახნის მთლიანობას, მექანიკური დაზიანებების არარსებობას;
დ) საწვავის განთავსებისა და მიწოდების სისტემის გამართულობას;
ე) მთელი კონსტრუქციის მთლიანობას (მათ შორის, შეერთების სისტემურ წერტილებში მექანიკური დაზიანებისა ან ფოლხვის არარსებობას);
ვ) მზიდი ხრახნით მუშა მდგომარეობაში მოყვანილი ძრავის ბრუნვების შესაბამისობის დადგენას მწარმოებლის მიერ დადგენილ პარამეტრებთან.
14. ძრავისა და შესაბამისი ელემენტების შემოწმება სავალდებულოა 12 თვეში ერთხელ.
15. ძრავისა და შესაბამისი ელემენტების არაგეგმური შემოწმება სავალდებულოა, თუ ადგილი ჰქონდა ძრავისა და მისი ელემენტების არასწორ გამოყენებას, რამაც გამოიწვია მათი დაზიანება.
16. კომისია ვალდებულია, საფრენი აპარატის ელემენტის შემოწმების შემდეგ მოამზადოს შესაბამისი დასკვნა.
17. თუ პარაპლანის ელემენტი არის ექსპლუატაციისთვის ვარგისი, კომისიის დასკვნის საფუძველზე უფლებამოსილმა პირმა უნდა გასცეს ვარგისიანობის სერტიფიკატი და შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში, შემდეგი მახასიათებლების მითითებით:
ა) პარაპლანის იმ ელემენტის ქარხნული სერტიფიკატი, რომლის ვარგისიანობაც შემოწმდა;
ბ) პარაპლანის ელემენტის მწარმოებელი, მოდელი, ზომა, დატვირთვის ზღვრები, მგზავრთა რაოდენობა, კლასი, ფერი, სერიული ნომერი და გამოშვების წელი;
გ) სურათი, რომელზეც გამოსახულია პარაპლანის ფრთა;
დ) პარაპლანის ელემენტის მფლობელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ე) კომისიის მიერ გაცემული ვარგისიანობის სერტიფიკატის მოქმედების ვადა.
18. თუ კომისიის დასკვნის მიხედვით პარაპლანის რომელიმე ელემენტი არ არის საფრენად ვარგისი, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს დაინტერესებულ პირს.
19. დაუშვებელია პარაპლანის იმ ელემენტის საფრენად გამოყენება, რომელიც ვარგისიანობის დამდგენი კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა უვარგისად.
თავი VI
პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პი