1. გამოგონების ფორმულა განსაზღვრავს გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს. გამოგონების ფორმულა გადმოცემული უნდა იყოს გამოგონების ობიექტისათვის (პროდუქტი, მოწყობილობა, ხერხი, გამოყენება) დამახასიათებელი შესაბამისი ტექნიკური ხასიათის ნიშნებით.

2. გამოგონების ფორმულა უნდა ეფუძნებოდეს გამოგონების აღწერილობას.

3. გამოგონების ფორმულა შეიძლება იყოს ერთ ან მრავალმუხლიანი.

4. გამოგონების მრავალმუხლიანი ფორმულა უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, ერთ დამოუკიდებელ მუხლს. თითოეული მუხლი გადმოცემული უნდა იყოს ცხადად და უნდა შედგებოდეს ერთი წინადადებისგან. თითოეულ დამოუკიდებელ მუხლს შესაძლებელია ჰქონდეს მასზე დამოკიდებული მუხლ(ებ)ი.

5. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი უნდა შეიცავდეს გამოგონების არსებით ნიშნებს, რომლებიც აუცილებელია გამოგონების განსახორციელებლად.

6. გამოგონების ფორმულის ყოველი დამოუკიდებელი მუხლი უნდა ასახავდეს ერთ გამოგონებას.

7. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი უნდა შედგებოდეს ცნობილი და განმასხვავებელი ნაწილებისგან. ცნობილ და განმასხვავებელ ნაწილებს შორის გამოყენებული უნდა იქნეს ფრაზა – „რომელიც... განსხვავდება იმით, რომ“.

8. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის ცნობილ ნაწილში მოყვანილი უნდა იყოს გამოგონებასთან დაკავშირებით ტექნიკის დონით ცნობილი ნიშნები. ცნობილ ნაწილში მოყვანილი ნიშნები უნდა შეესაბამებოდეს გამოგონების აღწერილობაში მოყვანილ ტექნიკის დონეს.

9. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის განმასხვავებელ ნაწილში მოყვანილი უნდა იყოს გამოგონების ის ნიშნები, რომლებიც განასხვავებენ მას ტექნიკის დონისაგან და ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულ ნიშანთა ერთობლიობასთან ერთად განსაზღვრავენ გამოგონებას.

10. გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი შეიძლება არ იყოს დაყოფილი ცნობილ და განმასხვავებელ ნაწილებად, თუ გამოგონების არსის თავისებურებებიდან გამომდინარე, სხვა გზით შესაძლებელია გამოგონების უკეთ დახასიათება.

11. გამოგონების ერთიანობის მოთხოვნის გათვალისწინებით, გამოგონების ფორმულა შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ან ერთი და იმავე სახის გამოგონების ობიექტის (ხერხი, მოწყობილობა, ნივთიერება, გამოყენება და სხვა) ორ ან მეტ დამოუკიდებელ მუხლს.

12. დამოკიდებული მუხლი უნდა შეიცავდეს მითითებას იმ დამოუკიდებელ მუხლზე, რომელზეც არის დამოკიდებული და მასში გადმოცემული ნიშნები უნდა აზუსტებდეს დამოუკიდებელ მუხლში გადმოცემულ ნიშანს ან/და ავითარებდეს გამოგონების ნიშნების ერთობლიობას მისი განხორციელების კერძო შემთხვევის სახით.

13. თუ გამოგონების ფორმულა მრავალმუხლიანია, იგი ინომრება თანმიმდევრობით, არაბული ციფრებით.

14. გამოგონების ფორმულა არ უნდა შეიცავდეს გამოგონების აღწერილობასა და ფიგურებზე მითითებას. დასაშვებია განაცხადი შეიცავდეს ფორმულაში ფიგურების პოზიციებზე მითითებას, თუ არსებითად ადვილდება გამოგონების ფორმულის გადმოცემა. ამ შემთხვევაში პოზიციები მიეთითება ციფრების ფრჩხილებში ჩასმით.

15. გამოგონების ფორმულაში დაუშვებელია ისეთი ტერმინებისა და შემოკლებების გამოყენება, რომელიც განუსაზღვრელს ხდის გამოგონებას. ფორმულაში გამოყენებულ უნდა იქნეს მოცემულ დარგში მიღებული ტერმინები და შემოკლებები.

16. გამოგონების ფორმულასა და გამოგონების აღწერილობაში დაცული უნდა იყოს ტერმინოლოგიური ერთიანობა. იმ შემთხვევაში, თუ შემოტანილია უცნობი ტერმინი, ის განმარტებული უნდა იქნეს გამოგონების აღწერილობაში პირველივე გამოყენებისთანავე.

17. გამოგონების ფორმულის ყველა დამოკიდებული მუხლი, რომელიც შეიცავს მითითებას წინამდებარე ერთ ან რამდენიმე მუხლზე, დაჯგუფებული უნდა იყოს ერთად.

18. გამოგონების ფორმულის მუხლი შესაძლოა მოიცავდეს ალტერნატიულ ნიშნებს. ალტერნატივების რაოდენობა უნდა იყო გონივრული და არ უნდა ართულებდეს მუხლის ობიექტის განსაზღვრას. ალტერნატიულ ნიშნებს უნდა გააჩნდეთ მსგავსი ბუნება და იყვნენ ურთიერთჩანაცვლებადი.

19. გამოგონების ფორმულაში ალტერნატიული ნიშნების მოყვანა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ თითოეული ალტერნატიული ნიშანი გამოგონების ფორმულის სხვა ნიშნებთან ერთობლიობაში უზრუნველყოფს ერთსა და იგივე ამოცანის გადაწყვეტას და ერთსა და იმავე (საერთო) ტექნიკური შედეგის მიღწევას.

20. გამოგონების ფორმულაში, რომელიც ეხება გამოყენებას, დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ალტერნატიული ცნებები, რომლებიც განსაზღვრავენ გამოყენების სხვადასხვა სფეროს.

21. გამოგონების ფორმულის მუხლი არ უნდა იყოს დახასიათებული მხოლოდ მისაღწევი ტექნიკური შედეგით.

22. ნივთიერების შემთხვევაში გამოგონების ფორმულის მუხლი არ უნდა იყოს დახასიათებული მხოლოდ ნივთიერების სისუფთავით.

23. ფარმაცევტული კომპოზიციის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის მუხლი არ უნდა იყოს დახასიათებული მხოლოდ ფარმაცევტული კომპოზიციის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლებით.

24. ქიმიური ნივთიერების შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი უნდა იყოს დახასიათებული ნივთიერების ქიმიური დასახელებით ან/და ქიმიური სტრუქტურული ფორმულით.

25. ქიმიური ნივთიერების ან კომპოზიციის შემთხვევაში გამოგონების ფორმულაში მისი დახასიათება მიღების ხერხით მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დაშვებული, თუ შეუძლებელია მისი აღწერა ნივთიერებისათვის ან კომპოზიციისათვის დამახასიათებელი ნიშნებით.

26. ქიმიური ნივთიერების კრისტალური ფორმის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს კრისტალური ფორმის მახასიათებელი არსებითი ნიშნებით, მაგალითად, კრისტალის რენტგენული დიფრაქციის მონაცემებით, კრისტალის თერმოგრამის მონაცემებით და ა.შ.

27. კომპოზიციის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს კომპოზიციის შემადგენელი კომპონენტების თვისობრივი ან/და რაოდენობრივი მახასიათებლებით.

28. ცილის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს ამინომჟავური თანამიმდევრობით.

29. დნმ-ს ან რნმ-ს შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს ნუკლეოტიდური თანამიმდევრობით.

30. მიკროორგანიზმის შტამის შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული უნდა იყოს მისი ლათინური დასახელებით, დანიშნულებით და საერთაშორისო დეპონირების ნომრით.

31. ახალი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის სახით:

ა) პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება დაავადების Y სამკურნალო მედიკამენტის დასამზადებლად;

ბ) პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება დაავადების Y სადიაგნოსტიკო საშუალების დასამზადებლად;

გ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X მედიცინაში გამოსაყენებლად;

დ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X მედიკამენტის სახით გამოსაყენებლად;

ე) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სამკურნალოდ გამოსაყენებლად;

ვ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სადიაგნოსტიკოდ გამოსაყენებლად;

ზ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y მკურნალობის ხერხში გამოსაყენებლად;

თ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y დიაგნოსტიკის ხერხში გამოსაყენებლად.

32. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში (კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი) გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის სახით:

ა) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X მედიცინაში გამოსაყენებლად;

ბ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X მედიკამენტის სახით გამოსაყენებლად;

გ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სამკურნალოდ გამოსაყენებლად;

დ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სადიაგნოსტიკოდ გამოსაყენებლად;

ე) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y მკურნალობის ხერხში გამოსაყენებლად;

ვ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y დიაგნოსტიკის ხერხში გამოსაყენებლად.

შენიშვნა: გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის ყველა ზემოაღნიშნული ვარიანტის შემთხვევაში, გამოგონების ფორმულის დაცვის ობიექტია პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია), რომელიც შემოფარგლულია დანიშნულებით.

33. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) მეორე ან შემდგომი სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში (კანონის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი), გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის სახით:

ა) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სამკურნალოდ გამოსაყენებლად;

ბ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y სადიაგნოსტიკოდ გამოსაყენებლად;

გ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y მკურნალობის ხერხში გამოსაყენებლად;

დ) პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) X დაავადების Y დიაგნოსტიკის ხერხში გამოსაყენებლად.

შენიშვნა: გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის ყველა ზემოაღნიშნული ვარიანტის შემთხვევაში, გამოგონების ფორმულის ობიექტია პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია), რომელიც შემოფარგლულია დანიშნულებით.

34. პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი ან შემდგომი სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში, დაუშვებელია გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი დახასიათებული იყოს მხოლოდ პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) მოქმედების მექანიზმით, მაგალითად, რეცეპტორებზე მოქმედებით, ცილის აქტივობის დათრგუნვით, გენების ექსპრესიაზე მოქმედებით და ა.შ.

35. პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი ან შემდგომი სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში, დაუშვებელია დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული იყოს შემდეგი სახით: პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება დაავადების Y სამკურნალოდ.

შენიშვნა: გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის, ამ მუხლის 35-ე პუნქტებით გათვალისწინებული სახით ფორმულირების შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ იგი განეკუთვნება მკურნალობის ხერხს, რომელზეც, საქართველოს საპატენტო კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პატენტი არ გაიცემა.

36. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) ახალი, არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში, გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლში ნათლად და ცალსახად უნდა იყოს მითითებული ახალი დანიშნულება. შესაბამისად, გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ვარიანტებიდან ერთ-ერთის სახით:

ა) პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება Y დანიშნულებით. მაგალითად, ნივთიერების X გამოყენება ლითონის კოროზიისგან დასაცავად;

ბ) პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება Y აგენტის სახით. მაგალითად, ნივთიერების X გამოყენება ანტიკოროზიული აგენტის სახით.

37. მოწყობილობის შემთხვევაში (განსაზღვრული დანიშნულების მქონე ნაკეთობა ან კონსტრუქცია ან ნებისმიერი მატერიალური ობიექტი) გამოგონების ფორმულაში მოყვანილი ნიშნების ერთობლიობა მას მთლიანობაში უნდა ახასიათებდეს სტატიკურ მდგომარეობაში, ამასთან მოწყობილობისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: ელემენტები ანუ დეტალები, კვანძები, აგრეგატები და მსგავსი, ელემენტთა ურთიერთგანლაგება, ელემენტებს შორის ურთიერთკავშირი, ელემენტების ან მათ შორის ურთიერთკავშირის ფორმა, მასალა, რომლისგანაც დამზადებულია იგი,  ელემენტების ზომათა თანაფარდობა, გარემო, რომელიც ასრულებს ელემენტის ფუნქციას და სხვ.

38. ხერხის შემთხვევაში გამოგონების ფორმულაში მოყვანილი ნიშნების ერთობლიობა უნდა ახასიათებდეს მატერიალური ობიექტის მეშვეობით მატერიალურ ობიექტზე ზემოქმედების პროცესს, ამასთან ხერხისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: ქმედებები ან ოპერაციები, მათი ერთობლიობა, ქმედებების ან ოპერაციების თანმიმდევრობა, ქმედებების ან ოპერაციების ჩატარების ფორმა და რეჟიმები (ტემპერატურა, წნევა, კონცენტრაცია, დრო და ა.შ.), ქმედებათა ან ოპერაციების ჩატარებისას გამოყენებული მასალების თანაფარდობა, მოწყობილობის და/ან მასალების გამოყენება ქმედებათა ან ოპერაციების ჩატარებისას.

39. ერთი კატეგორიის (პროდუქტი, მოწყობილობა, ხერხი, გამოყენება) მუხლის შემთხვევაში, დასაშვებია, ასევე, სხვა კატეგორიის ნიშნების გამოყენება. მაგალითად, მოწყობილობა შესაძლოა დახასიათებულ იქნეს იმ ფუნქციით, რომელსაც ის ასრულებს, ან პროცესი შესაძლოა დახასიათებულ იქნეს იმ მოწყობილობის სტრუქტურული ნიშნებით, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება აღნიშნული პროცესი, ან მოწყობილობის ელემენტი შესაძლოა დახასიათებულ იქნეს მისი დამზადების გზის მეშვეობით. თუმცა, ამგვარ მუხლებში ცხადად უნდა იყოს გამიჯნული პროდუქტის, მოწყობილობის, ან სისტემის მუხლები და ხერხის, აქტივობის ან გამოყენების მუხლები.

40. გამოგონების ფორმულაში ნიშნების პარამეტრებით (მათ შორის, რაოდენობრივი ნიშნები) განსაზღვრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად მისი დახასიათება შეუძლებელია და იმ პირობით, რომ ეს პარამეტრები ზუსტად და დადასტურებულად  შესაძლოა იყოს დადგენილი აღწერილობაში გახსნილი მითითებებით ან მოცემულ დარგში აღიარებული ობიექტური მეთოდები