1. მოხელის ატესტაცია არის მისი პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობის და პირადული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ,,სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის“ მოხელეთა ატესტაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ,,სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის“ საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
3. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე სამ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს;
ე) მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ექვს თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს.
4. ატესტაციის ჩატარების თარიღის შესახებ მოხელეები ინფორმირებული უნდა იყვნენ ატესტაციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე.
5. ატესატაციის ჩატარებამდე მოხელის უშუალო ხელმძღვანელი კომისიაში წარადგენს მოხელის დახასიათებას (დანართი №2).
6. ატესტაცია ტარდება გასაუბრების (ინტერვიუს) ან/და წერილობითი ტესტირების ფორმით, რომლის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
7. მოხელის ატესტაციაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას.
8. ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას;
ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
9. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
10. ატესტაციის შედეგები დაწესებულების ხელმძღვანელს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთ კვირაში.
11. მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას მოხელის წახალისების, საკლასო ჩინის მინიჭების, დაწინაურების, ჩამოქვეითების ან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ