1. საპენსიო ფონდის აქტივების შეფასება უნდა მოხდეს სამართლიანი ღირებულებით, ფასს 13-ის შესაბამისად, გარდა ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამასთან, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, შეფასებისას გაითვალისწინოს  სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ შემუშავებული საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობასთან დაკავშირებული გლობალური სტანდარტებით (GIPS) განსაზღვრული შეფასების მოქმედი პრინციპები.

2. ამ მუხლით დადგენილი  მეთოდოლოგია განსაზღვრავს შეფასების მიდგომებს აქტივის ყველა კლასისთვის, რომელში ინვესტირების უფლებაც აქვს საპენსიო ფონდს. საპენსიო ფონდმა არ უნდა განახორციელოს ინვესტირება ისეთ აქტივში, რომლისთვის განსაზღვრული არ არის შეფასების მეთოდოლოგია.

3. საპენსიო ფონდის მიერ უნდა განხორციელდეს საპენსიო აქტივების შეფასების პროცედურის კანონმდებლობასა და საბაზრო პირობებთან შესაბამისობის პერიოდული გადახედვა.

4. საპენსიო ფონდს  წერილობითი დოკუმენტის სახით უნდა გააჩნდეს  შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურები, რათა უზრუნველყოს შეფასებისას დაშვებული შეცდომების პრევენცია, აღმოჩენა და გასწორება.

5. საპენსიო ფონდის პორტფელში შემავალი უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ღირებულება უნდა აღირიცხოს შეფასების თარიღზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი  ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

6. აქტივების შეფასებისას საპენსიო ფონდმა უნდა იხელმძღვანელოს ფასს 13-ის სამართლიანი ღირებულების იერარქიით, რომელიც განსაზღვრავს იერარქიის 3 დონეს კლებადი პრიორიტეტულობით:

ა) პირველი დონე: იდენტური აქტივების აქტიური ბაზრების კოტირებული ფასები (გაუკორექტირებელი), რომლის მოპოვება საპენსიო ფონდს შეუძლია შეფასების თარიღისთვის;

ბ) მე-2 დონე: მოცემული აქტივის შესახებ ყველა მონაცემი (გარდა პირველ დონეს მიკუთვნებული კოტირებული ფასებისა), რომლებიც ემპირიულია პირდაპირ ან არაპირდაპირ;

გ) მე-3 დონე: აქტივის შესახებ არაემპირიული ამოსავალი მონაცემები.

7. აქტივების შეფასება, რომელთაც აქვთ აქტიური ბაზარი, უნდა მოხდეს პირველი დონის ამოსავალი მონაცემების გამოყენებით. სხვა შემთხვევებში, როდესაც აქტივებს არ აქვს აქტიური ბაზარი, გამოიყენება მე-2 ან მე-3 დონის ამოსავალი მონაცემები.

8. მე-2 დონის ამოსავალი მონაცემების განსაზღვრისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი 2 (ორი) მიდგომა:

ა) შიდა ფასწარმოქმნა: საპენსიო ფონდი სპეციალიზებულ დეპოზიტარს პირდაპირ აძლევს მითითებებს დეტალური შეფასების მეთოდის თაობაზე მის მიერ შემუშავებული შეფასების შიდა მეთოდებზე დაყრდნობით;

ბ) გარე ფასწარმოქმნა (კონკრეტულ ფასის წყაროზე მითითება): საპენსიო ფონდი სპეციალიზებულ დეპოზიტარს მიუთითებს მესამე მხარის ფასწარმოქმნის წყაროზე, როგორიცაა, მაგალითად, ბროკერები, კონტრაჰენტები ან სხვა დამოუკიდებელი შემფასებლები.

9. თუ აქტივის შეფასება შეუძლებელია პირველი ან მე-2 დონის ამოსავალი მონაცემებით, მაშინ გამოიყენება მე-3 დონის მონაცემები. მე-3 დონის მონაცემებად გამოიყენება დამოუკიდებელი შემფასებლები (ფასის მომწოდებლები). დამოუკიდებელი შემფასებლისგან მომსახურების მიღებისთვის მოთხოვნები განისაზღვრება ამ წესით.

10. თუ ღირებულების შეფასებისას გამოიყენება გარე ფასწარმოქმნის მიდგომა (მე-2 დონე), მმართველობითმა საბჭომ ან მის მიერ დელეგირების შემთხვევაში საინვესტიციო კომიტეტმა მესამე მხარის წყაროს შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს სანდოობასთან, საიმედოობასა და პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები.

11. შეფასების პროცესში თავიდან უნდა იქნეს არიდებული ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი. მმართველობითმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს, რომ ინვესტიციების შეფასებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები ფუნქციურად და იერარქიულად იყვნენ გამიჯნული იმ სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს.

12. ამ წესის მიხედვით საპენსიო ფონდი შეიმუშავებს დეტალურ პროცედურას და საჭიროებისამებრ შეიტანს მასში ცვლილებებს, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ გამოიყენება საპენსიო აქტივების ყოველდღიურ შეფასებაში.

13. შეფასების მიდგომისა და სიხშირის განურჩევლად, ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების ცვლილების ნებისმიერი გამოვლინება დაუყოვნებლივ უნდა იყოს საპენსიო ფონდის მიერ განხილული და, საჭიროების შემთხვევაში, სამართლიანი ღირებულება უნდა განახლდეს მაშინვე, როგორც კი შესაძლებელი იქნება ღირებულების დადგენა. ღირებულების ცვლილების  გამოვლინება შესაძლოა იყოს: კომპანიის ფინანსური პრობლემები, რომელშიც განხორციელებულია ინვესტიცია, აქტიური ბაზრის გაქრობა, გაუთვალისწინებელი და ფორსმაჟორული გარემოებების გამო აქტივის დაზიანება ან სიცოცხლისუნარიანობის შემცირება და სხ