1. კანონის 27-ე მუხლის მე-16 პუნქტის „ა“-„დ1“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებს ან მათ ემიტენტებს უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი შემდეგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგი: Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch და Scope Ratings. თუ მითითებული რამდენიმე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება მათ შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი. თუ საკრედიტო რეიტინგი მინიჭებული აქვს როგორც ემიტენტს, ისე საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტს და ისინი განსხვავებულია, მხედველობაში მიიღება საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტისთვის მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საკრედიტო რეიტინგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) თუ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტის ემიტენტი საქართველოს რეზიდენტია, საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი არ უნდა იყოს ქვეყნის რეიტინგზე 2 (ორი) საფეხურით დაბალ საკრედიტო რეიტინგზე ნაკლები. ქვეყნის რეიტინგზე 1 (ერთი) ან 2 (ორი) საფეხურით დაბალი საკრედიტო რეიტინგის შემთხვევაში, შესაბამისი საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები არ უნდა აჭარბებდეს თითოეული საინვესტიციო პორტფელის 7 (შვიდ) პროცენტს, საიდანაც ქვეყნის რეიტინგზე 2 (ორი) საფეხურით დაბალი საკრედიტო რეიტინგის შემთხვევაში შესაბამისი საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები არ უნდა აჭარბებდეს თითოეული საინვესტიციო პორტფელის 2 (ორ) პროცენტს. აღნიშნული მოთხოვნა გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინვესტირების ეტაპზე;
ბ) თუ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტის ემიტენტი საქართველოს არარეზიდენტია, საკრედიტო რეიტინგის მინიმალური მაჩვენებელი განისაზღვრება „BBB-/Baa3“-ის დონეზე;
გ) საქართველოს არარეზიდენტ ორგანიზაციაში ფულადი სახსრების, საბანკო დეპოზიტებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების განთავსების შემთხვევაში, ორგანიზაციის რეიტინგი უნდა აღემატებოდეს „A-“ ან „A3“-ს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებში განთავსებულ ფულად სახსრებზე, საბანკო დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებზე, თუ აღნიშნულ კომერციულ ბანკებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული აქვს საკრედიტო რეიტინგი.
4. გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 (ხუთ) პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის ან ერთი ჯგუფის მიერ გამოშვებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში (მათ შორის, ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ტრანზაქციის ფარგლებში), მათ შორის, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით. აღნიშნული ლიმიტი გამოითვლება იმ საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავს.
5. დაუშვებელია იმ საპენსიო აქტივების ჭრილში, რომელსაც საპენსიო ფონდი მართავს:
ა) ერთი ემისიის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 25 (ოცდახუთ) პროცენტზე მეტის ფლობა;
ბ) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 20 (ოც) პროცენტზე მეტის ფლობა;
გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ თანადაფინანსებულ თითოეულ ტრანზაქციაში 20 (ოც) პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ფულად სახსრებზე, საბანკო დეპოზიტებზე, სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იპოთეკით დაცულ ობლიგაციებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- (ან მისი ეკვივალენტური) საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე.
7. დაუშვებელია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელ ერთ საინვესტიციო ფონდში საპენსიო აქტივების 15 (თხუთმეტ) პროცენტზე მეტის ინვესტირება. აღნიშნული ლიმიტები გამოითვლება იმ საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავ