1. საინვესტიციო კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად დანიშნული მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები. საინვესტიციო კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად პასუხისმგებელია:
ა) შეიმუშაოს საინვესტიციო კომიტეტის წესდება და დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;
ბ) შეიმუშაოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, მისი განხორციელების პროცედურები და დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;
გ) მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, საჭიროებისამებრ, თუმცა არანაკლებ წელიწადში ერთხელ, გადასინჯოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც, მათ შორის, მოიცავს აქტივების განთავსების სტრატეგიას და საჭიროების შემთხვევაში ამ დოკუმენტის განახლებული პროექტი დასამტკიცებლად წარუდგინოს მმართველობით საბჭოს;
დ) მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩიოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარი;
ე) მმართველობითი საბჭოს მიერ და ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩიოს და მმართველობით საბჭოსთან შეათანხმოს კანონის 281 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია;
ვ) თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისთვის შეიმუშაოს და დაამტკიცოს დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელო თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელთან მიმართებით. სახელმძღვანელო უნდა მოიცავდეს არანაკლებ უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, მინიმალური საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და კანონის შესაბამისად;
ზ) განახორციელოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასება და, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ მმართველობით საბჭოს წარუდგინოს აღნიშნულის შესახებ ანგარიშგება.
2. საინვესტიციო კომიტეტის მიერ შემუშავებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტს მისი განხილვისა და კანონთან და კანონის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით მმართველობითი საბჭო ან მმართველობითი საბჭოს მიერ დელეგირების საფუძველზე საინვესტიციო კომიტეტი წარუდგენს ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფოსტით და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით.
3. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტის კანონთან და მის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით ეროვნული ბანკი წარდგენილ პროექტს განიხილავს მისი მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც წერილობით ეცნობება საპენსიო ფონდს. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის თაობაზეც საპენსიო ფონდს წინასწარ წერილობით ეცნობება. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მმართველობითმა საბჭომ/საინვესტიციო კომიტეტმა, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს ეროვნული ბანკის მიერ შემოწმების განხორციელებისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე.
4. თუ ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შემოწმების საფუძველზე მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი ეროვნული ბანკისგან მიიღებს შენიშვნებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი აღნიშნულ შენიშვნებს განიხილავს უახლოეს სხდომაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანს პროექტში შესწორებებს. შესწორებულ პროექტს მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი წარუდგენს ეროვნულ ბანკს ხელახალი განხილვისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
5. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის დამტკიცების მიზნით, საინვესტიციო კომიტეტმა მმართველობით საბჭოს უნდა წარუდგინოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის კანონთან შესაბამისობის შესახებ ეროვნული ბანკის თანხმობა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო პროექტი.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევისას საინვესტიციო კომიტეტი მოქმედებს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა უნდა მოხდეს ღია კონკურსის წესით, გარდა კანონის 26-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცედურას საინვესტიციო კომიტეტი წარმართავს მმართველობითი საბჭოს მიერ დადგენილი წესის და კრიტერიუმების შესაბამისად;
გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესი, ისევე როგორც საინვესტიციო კომიტეტის მიერ ჩატარებული კონკურსის ყველა ეტაპი სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული. სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის შესახებ საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილება აისახება საინვესტიციო კომიტეტის სხდომის ოქმში. აღნიშნული დოკუმენტაცია, მათ შორის, ამ დოკუმენტაციაში ასახული კონფიდენციალური/პერსონალური მონაცემები, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვის მისი მოთხოვნის შემთხვევაში;
დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების შეუფერხებლად მიღება;
ე) სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული ხელშეკრულება/ხელშეკრულების პროექტი, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს, კანონით და „დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30 ნოემბრის №259/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ საკითხებს.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევისას საინვესტიციო კომიტეტი მოქმედებს შემდეგი წესების შესაბამისად:
ა) აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევა უნდა მოხდეს ღია კონკურსის წესით;
ბ) აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. შერჩევის პროცესი და მინიმალური კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და მმართველობითი საბჭოს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ითვალისწინებდეს კორპორაციული მართვის რისკებთან მიმართებით შემოწმებას;
გ) საინვესტიციო კომიტეტის მიერ აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცესი უნდა იყოს დოკუმენტირებული და ასახული საინვესტიციო კომიტეტის სხდომის ოქმში, რომლის საფუძველზეც მმართველობითი საბჭოს მიერ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
8. მმართველობითი საბჭოს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საინვესტიციო კომიტეტი ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას სპეციალიზებულ დეპოზიტართან და აქტივების მმართველ კომპანიასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.
9. სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია, მმართველობით საბჭოს წარუდგინოს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ანგარიში, რის მიხედვითაც მმართველობითი საბჭო აფასებს სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას.
10. საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცესში საინვესტიციო კომიტეტის ადმინისტრაციულ და იურიდიულ მხარდაჭერა