1. კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, მმართველობითი საბჭო ვალდებულია, სპეციალური ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად შექმნას, სულ მცირე, შემდეგი კომიტეტები:
ა) საინვესტიციო კომიტეტი;
ბ) რისკის კომიტეტი;
გ) აუდიტის კომიტეტი.
2. კომიტეტის წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს მმართველობითი საბჭო, მმართველობითი საბჭოს შესაბამისი სხდომის ოქმის საფუძველზე.
3. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომიტეტებისა, შექმნას სხვა კომიტეტები, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით.
4. მმართველობითი საბჭოს მიერ შემუშავებული საპენსიო ფონდის დებულების ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტი უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს შეფასების მიზნით. ეროვნული ბანკი განიხილავს პროექტს და შეფასებას ამზადებს პროექტის მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც წერილობით აცნობებს საპენსიო ფონდს. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის თაობაზეც საპენსიო ფონდს წინასწარ წერილობით ეცნობება. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მმართველობითმა საბჭომ, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს ეროვნული ბანკის შეფასების მომზადებისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე. ეროვნული ბანკის შეფასების მიღების შემდეგ პროექტის ცვლილების შემთხვევაში, პროექტი ეროვნულ ბანკს ამ პუნქტის შესაბამისად შეფასების მიზნით ხელახლა წარედგინება. დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს მიერ ეროვნული ბანკის შეფასების მიღებამდე საპენსიო ფონდის დებულების ან მისი ცვლილების დამტკიცება.
5. კომიტეტი უნდა შედგებოდეს, სულ მცირე, კანონის შესაბამისად განსაზღვრული 3 (სამი) წევრისგან. კომიტეტი მმართველობითი საბჭოს შესაბამისი პროფესიონალი წევრებისგან ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს საპენსიო ფონდის დირექტორი.
6. კომიტეტის შექმნა და ფუნქციონირება რეგულირდება კანონის, საპენსიო ფონდის დებულებისა და ამ წესის შესაბამისად. კომიტეტი ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე.
7. თითოეულმა კომიტეტმა კანონით, საპენსიო ფონდის დებულებით და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს თავისი წესდება, რომლითაც განისაზღვრება ამ კომიტეტის მანდატი, საქმიანობის მიმართულებები და პროცედურები, რომლებიც, მათ შორის, მოიცავს მმართველობითი საბჭოს წინაშე კომიტეტის რეგულარული ანგარიშგების, სხვა კომიტეტებთან თანამშრომლობის, კომიტეტის წევრობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და კომიტეტის წევრთა ფუნქციების შესახებ ინფორმაციას. კომიტეტის წესდებას ამტკიცებს მმართველობითი საბჭო.
8. კომიტეტის წესდების ან მისი შემდგომი ცვლილებების პროექტი მმართველობითი საბჭოს ან მის მიერ დელეგირების საფუძველზე შესაბამისი კომიტეტის მიერ უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს შეფასების მიზნით. ეროვნული ბანკი განიხილავს პროექტს და შეფასებას ამზადებს აღნიშნული დოკუმენტის მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც წერილობით აცნობებს საპენსიო ფონდს. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღით, რის თაობაზეც საპენსიო ფონდს წინასწარ წერილობით ეცნობება. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მმართველობითმა საბჭომ/შესაბამისმა კომიტეტმა, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარადგინოს ეროვნული ბანკის მიერ შეფასების მომზადებისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში ვადის დინება განახლდება შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისთანავე. ეროვნული ბანკის შეფასების მიღების შემდეგ პროექტის ცვლილების შემთხვევაში, პროექტი ეროვნულ ბანკს ამ პუნქტის შესაბამისად შეფასების მიზნით ხელახლა წარედგინება. დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს მიერ ეროვნული ბანკის შეფასების მიღებამდე წესდების ან მისი ცვლილების პროექტის დამტკიცება.
9. შესაბამისი კომიტეტები აფასებენ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის/მთავარი რისკის ოფიცრის/შიდა აუდიტის უფროსის საქმიანობის შესაბამისობას კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნებთან. ასეთი შეფასება ხორციელდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. ამ შეფასების შედეგები აისახება შესაბამისი კომიტეტის სხდომის ოქმში და წარედგინება მმართველობით საბჭოს.
10. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის/მთავარი რისკის ოფიცრის/შიდა აუდიტის უფროსის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შესაბამისი კომიტეტი მთავარი საინვესტიციო ოფიცრისგან/მთავარი რისკის ოფიცრისგან/შიდა აუდიტის უფროსისგან მოითხოვს, რომ გონივრულ ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სამოქმედო გეგმა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ან საჭირო სხვა ზომების შესახებ.
11. კომიტეტის წევრებს, გარდა კომიტეტის თავმჯდომარისა და მოწვეული პირებისა, კომიტეტში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ ეძლევა