1. მიმღებმა სახელმწიფომ ნება უნდა დართოს და დაიცვას საკონსულო დაწესებულების კომუნიკაციის თავისუფლება ყველა ოფიციალური მიზნისთვის. წარმგზავნი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან კომუნიკაციისას, სადაც არ უნდა მდებარეობდნენ ისინი, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ყველა შესაფერისი საშუალება, დიპლომატიური და საკონსულო კურიერების, დიპლომატიური ან საკონსულო ვალიზებისა და კოდირებული ან დაშიფრული შეტყობინებების ჩათვლით. თუმცა, საკონსულო დაწესებულებას უკაბელო გადამცემის დამონტაჟება და მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ მიმღები სახელმწიფოს თანხმობით.
2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენციაში იგულისხმება ყველა კორესპონდენცია, რომელიც დაკავშირებულია საკონსულო დაწესებულებასთან და მის ფუნქციებთან.
3. საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება არც გახსნას და არც დაკავებას. თუმცა, თუ მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ სერიოზული საფუძველი ეჭვისა, რომ ვალიზაში მოთავსებულია წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი კორესპონდენციისგან, დოკუმენტებისგან ან ნივთებისგან განსხვავებული სხვა რამ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალიზის მათი თანდასწრებით გახსნა წარმგზავნი სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. თუ წარმგზავნი სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები უარს იტყვიან ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ვალიზა უნდა დაბრუნდეს წარმოშობის ადგილზე.
4. საკონსულო ვალიზის შემდგენელ ყველა პაკეტს გარედან უნდა ჰქონდეს შესამჩნევი ნიშნები მათი ხასიათის შესახებ და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას და დოკუმენტებს, ან მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ ნივთებს.
5. საკონსულო კურიერს უნდა მიეცეს ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია მისი სტატუსი და საკონსულო ვალიზის შემადგენელი პაკეტების რაოდენობა. თუ მიმღები სახელმწიფო არ არის თანახმა, საკონსულო კურიერი არ შეიძლება იყოს მიმღები სახელმწიფოს მოქალაქე და არც მიმღებ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, თუ ის არ არის წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქე. თავისი ფუნქციების შესრულებისას ის უნდა დაიცვას მიმღებმა სახელმწიფომ. ის სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან დაკავება რაიმე ფორმით.
6. წარმგზავნ სახელმწიფოს, მის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საკონსულო დაწესებულებებს შეუძლიათ დანიშნონ ad hoc საკონსულო კურიერები. ამ შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები, მხოლოდ იმ გამონაკლისით, რომ მასში მითითებული იმუნიტეტები მაშინვე წყვეტს მოქმედებას, როგორც კი კურიერი მისთვის მინდობილ საკონსულო ვალიზას ჩააბარებს ადრესატს.
7. საკონსულო ვალიზა შეიძლება ჩაჰბარდეს იმ გემის ან კომერციული საჰაერო ხომალდის კაპიტანს, რომლებიც მიემგზავრებიან იმ პორტისკენ ან აეროპორტისკენ, სადაც შესვლა ნებადართულია. მას უნდა მიეცეს ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი პაკეტების რაოდენობა, თუმცა ის არ უნდა ჩაითვალოს საკონსულო კურიერად. ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გააგზავნოს თავისი ერთ-ერთი წევრი, რათა გემის ან საჰაერო ხომალდის კაპიტნისგან უშუალოდ და დაუბრკოლებლად ჩაიბაროს ვალიზ