1. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოება დასაშვებია წარმოების ლიცენზიის საფუძველზე. მწარმოებელს ასევე უნდა გააჩნდეს პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარმოება არ ხორციელდება რეალიზაციის მიზნით. მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს წარმოება დანართი №1-ით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
2. მწარმოებელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით:
ა) ადგენს/მოიპოვებს შესაბამის ტექნიკურ და ასევე შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ინახავს პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების დღიდან არანაკლებ 10 წლის განმავლობაში;
ბ) ახდენს პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისი კატეგორიისთვის მიკუთვნებას და დაიტანს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნიშანდებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) უზრუნველყოფს დამზადებული პროდუქციის დაცვასა და აღრიცხვას, მათ შორის, რეალიზებული პროდუქციის აღრიცხვას.
3. მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას წარმოებული პროდუქტი ინარჩუნებდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ შემთხვევაში მწარმოებელი ვალდებულია გაითვალისწინოს პროდუქტის დიზაინში ან მახასიათებლებში და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებში ან სხვა ტექნიკურ მარეგულირებელ ნორმებში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა საშუალებითაც დადასტურებულია პიროტექნიკური ნაწარმის შესაბამისობა.
4. სერიული წარმოებისას, მწარმოებელმა უნდა აწარმოოს ბაზარზე განთავსებული პიროტექნიკური ნაწარმის შერჩეული ნიმუშების გამოცდა/ტესტირება, მომხმარებელთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აწარმოოს საჩივრების აღრიცხვა და შესწავლა შეუსაბამო პიროტექნიკური ნაწარმის და მათი ბაზრიდან გამოთხოვის ან/და ამოღების მიზნით და აცნობოს დისტრიბუტორებს მონიტორინგის ნებისმიერი ასეთი შედეგის შესახებ.
5. მწარმოებელი, რომლის მიერ ბაზარზე განთავსებული პიროტექნიკური ნაწარმი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს აუცილებელი ზომები პიროტექნიკური ნაწარმის ბაზრიდან გამოთხოვის ან/და ამოღების შესახებ. თუ პიროტექნიკური ნაწარმი ქმნის საფრთხეს, მწარმოებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.
6. ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, იმპორტიორი, ექსპორტიორი, დისტრიბუტორი ან რეალიზატორი ითვლება მწარმოებლად და ეკისრება მწარმოებლის ვალდებულებები იმ შემთხვევაში, თუ იგი წარადგენს პიროტექნიკურ ნაწარმს საკუთარი სახელით ან საკუთარი სავაჭრო ნიშნის (ბრენდის) ქვეშ, ან მოახდენს უკვე არსებული პიროტექნიკური ნაწარმის მოდიფიკაცია