1. პუნქტის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, ერთი დირექტორის არსებობის შემთხვევაში, დირექტორს უნდა ჰყავდეს, სულ მცირე, ერთი მოადგილე (ან პირი, რომელსაც ეკისრება დირექტორის მოვალეობის შესრულება), რომელიც დირექტორის არყოფნის ან დირექტორის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს დირექტორის მოვალეობას. ამ პუნქტით განსაზღვრულ დირექტორის მოადგილეზე (ან შესაბამისად, პირზე, რომელსაც ეკისრება დირექტორის მოვალეობის შესრულება) ვრცელდება დირექტორის მიმართ ამ თავით დადგენილი მოთხოვნები.

2. პუნქტი ვალდებულია, ვებგვერდზე/მობილურ აპლიკაციაში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შემდეგი შინაარსის ინფორმაცია:

ა) ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

ბ) ვალუტის გადაცვლის კურსების ამსახველი შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) ვალუტის დასახელება;

ბ.ბ) ვალუტის ყიდვის და გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით;

გ) ტრანზაქციის ლიმიტების შესახებ;

დ) მაქსიმალური დროის შესახებ, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ტრანზაქციის შესრულებას, მაგრამ არაუმეტეს 30 წუთისა;

ე) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ – საკომისიოს ოდენობის მითითებით პროცენტულად ან თანხობრივად (არსებობის შემთხვევაში);

ვ)  „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ – პროცენტული სხვაობის მითითებით (არსებობის შემთხვევაში);

ზ) „მოითხოვეთ ელექტრონული ქვითარი! – Request an electronic receipt!“;

თ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30  წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში!  – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!”.

ი) სხვა რელევანტური, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

3. ვალუტის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ასახულ უნდა იქნეს პროგრამულად და ელექტრონული ქვითარი უნდა გადაეცეს კლიენტს. პუნქტი თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პუნქტის დასახელება და მისამართი;

ბ) ვალუტის გადაცვლის ქვითრის №;

გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

დ) გადაცვლის კურსი;

ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში კლიენტის სახელი, გვარი,  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად;

ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი;

ზ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!’’.

4. პუნქტი ვალდებულია, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

5. პუნქტი ვალდებულია, ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა განახორციელოს მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ანგარიშების მეშვეობით. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა უნდა განხორციელდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული კლიენტის ანგარიშიდან პუნქტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის და შემდგომ იმავე კლიენტის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებულ ანგარიშზე გადაცვლილი თანხის დაბრუნების გზით.

6. პუნქტი  ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით დადგენილი პირობებით განახორციელოს ინფორმაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა, დროული განახლება და შენახვა, აგრეთვე აღრიცხული ელექტრონული მონაცემების დაარქივება და უსაფრთხოდ შენახვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადით.

7. პუნქტის მიერ ოპერაციების ასახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

8. პუნქტი ვალდებულია, შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები და წერილობითი მითითებები.

9. პუნქტმა რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

10. პუნქტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შეინახოს პუნქტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცი