1. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია:
ა) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ) სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით:
ბ.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ – საკომისიოს ოდენობის მითითებით პროცენტულად ან თანხობრივად (არსებობის შემთხვევაში);
ბ.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ – პროცენტული სხვაობის მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
ბ.გ) „მოითხოვეთ ქვითარი! – Request a receipt!“;
ბ.დ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!”.
გ) თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის გადაცვლის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
გ.ა) ვალუტის დასახელება;
გ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ);
გ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ);
გ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში).
2. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, ჰქონდეს ამ წესით განსაზღვრული სარეგისტრაციო პირობების შესაბამისად მოწყობილი საოპერაციო ფართი.
3. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მიერ და კლიენტთან/კლიენტებთან განხორციელებული ოპერაციების იმავდროული აღრიცხვა სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში იმდაგვარად, რომ დროის ნებისმიერ მომენტში სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული ინფორმაცია (ოპერაციები და ნაშთები) ედრებოდეს საოპერაციო ფართში არსებულ ფაქტობრივ ნაშთებს. სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა უნდა მოხდეს პუნქტისა და ფილიალების ჭრილში.
4. სპეციალურ საოპერაციო პროგრამას უნდა ჰქონდეს ცალ-ცალკე პუნქტისა და ფილიალების ჭრილში, ასევე კონსოლიდირებულად, განხორციელებული ოპერაციებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის ამოღების შესაძლებლობა.
5. ვალუტის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ასახულ უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც უნდა გადაეცეს კლიენტს. პუნქტი თავად განსაზღვრავს ქვითრის ფორმას, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი;
ბ) ვალუტის გადაცვლის ქვითრის №;
გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;
დ) გადაცვლის კურსი;
ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში – კლიენტის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი. იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) და მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ფიზიკური პირის შესაბამისად;
ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი;
ზ) ორივე მხარის ხელმოწერა;
თ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 5 000 GEL or its equivalent in foreign currency!’’.
6. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს სიტყვიერად მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის საყურადღებო კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ.
7. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში მომხმარებლის მოთხოვნით, ქვითრის წარდგენის შემთხვევაში, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი ვალუტა, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
8. პუნქტის/ფილიალის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ან სხვა პუნქტში ვალუტის გადაცვლის განხორციელებისას, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, ვალუტის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ასახულ უნდა იქნეს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი და შეინახოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ოპერაციის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. აღნიშნული ქვითარი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:
ა) პუნქტის/ფილიალის დასახელება და მისამართი;
ბ) ვალუტის გადაცვლის ქვითრის №;
გ) იმ კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან სხვა პუნქტის საფირმო სახელწოდება, სადაც განხორციელდა ვალუტის გადაცვლის ოპერაცია;
დ) პუნქტის/ფილიალის უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), რომელიც დაფიქსირებულია ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ ვალუტის გადაცვლის დამადასტურებელ საბუთში;
ე) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;
ვ) გადაცვლის კურსი;
ზ) ოპერაციის განხორციელების თარიღი და დრო;
თ) ორივე მხარის ხელმოწერა.
9. პუნქტის მიერ ოპერაციების ასახვა უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
10. პუნქტში/ფილიალში საეჭვო ფულის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შედგეს ცნობა (დანართი №3) სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისთვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს პუნქტს. ნამდვილი/გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება მომხმარებელს, ხოლო ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. მოთხოვნის შემთხვევაში ნამდვილი, მაგრამ გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, პუნქტი ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.
11. პუნქტმა, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
12. პუნქტი ვალდებულია, შეასრულოს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნები და წერილობითი მითითებები.
13. პუნქტი/ფილიალი ვალდებულია, უზრუნველყოს დოკუმენტების, აგრეთვე სპეციალურ საოპერაციო პროგრამაში აღრიცხული ელექტრონული მონაცემების დაარქივება და უსაფრთხოდ შენახვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადი