დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატირებისას ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ სამართლიანი და თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობები.

თითოეული ხელშემკვრელი მხარე თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლებას აძლევს, დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული ავიახაზების ექსპლუატირებისას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სიხშირე და ტევადობა. ამ უფლების შესაბამისად, არც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ ზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ ავიახაზებზე განხორციელებული საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობას, სიხშირესა და რეგულარულობას, ან საჰაერო ხომალდის ტიპს  ან ტიპებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი შეზღუდვა განპირობებულია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოსდაცვითი მოთხოვნებით, ჩიკაგოს კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად.

არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დააკისრებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს საჰაერო ხომალდის ტევადობასთან, ტრანსპორტირების სიხშირესთან ან მოცულობასთან დაკავშირებულ  ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.

არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოითხოვს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებმა დასამტკიცებლად წარუდგინონ ფრენის განრიგები ან ავიახაზების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული  გეგმები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთგვაროვანი პირობების არადისკრიმინაციულ საფუძველზე დაცვის მოთხოვნები.

არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუშვებს, რომ მის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ან ავიასაწარმოებმა ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან ერთად, ან დამოუკიდებლად, ბოროტად გამოიყენონ თავიანთი საბაზრო გავლენა, რაც იწვევს, ან გამიზნულია, ან სავარაუდოა, რომ გამოიწვევს  კონკურენტის საგრძნობლად დასუსტებას ან მის გაძევებას მარშრუტიდან.

არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ დაუშვებს, რომ თავისი დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებისთვის უზრუნველყოფილ იქნეს ისეთი სახელმწიფო სუბსიდია ან მხარდაჭერა, რომელიც შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოთა მიერ საერთაშორისო საჰაერო რეისების სამართლიან და თანაბარ პირობებში განხორციელების შესაძლებლობას.

სახელმწიფო სუბსიდია ან მხარდაჭერა ნიშნავს არადისკრიმინაციულ საფუძველზე დანიშნული ავიასაწარმოსთვის მხარდაჭერის გაწევას, პირდაპირ ან არაპირდაპირ, სახელმწიფოს მიერ, ან სახელმწიფო ან კერძო ორგანოს მიერ, რომელსაც  ნიშნავს ან აკონტროლებს სახელმწიფო. ეს მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს, და არა მხოლოდ, საექსპლუატაციო ხარჯების დაფარვას; პრივილიგირებული წესით  ფულადი სახსრების, არაანაზღაურებადი სუბსიდიებისა ან სესხების  გამოყოფას; ფინანსური პრივილეგიების მინიჭებას, მოგების მიღებაზე ან კრედიტის გადახდაზე უარის თქმის გზით; სახელმწიფო სახსრების გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავალზე უარის თქმას; გადასახადისგან/გადასახადებისგან გათავისუფლებას; კომპენსაციის გადახდას სახელმწიფო ორგანოების მიერ დაკისრებული ფინანსური ტვირთისთვის; ან აეროპორტის ინფრასტრუქტურით, საწვავით ან საჰაერო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა შესაბამისი პირობებით დისკრიმინაციული წესით უზრუნველყოფას.

თუ, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, ავიახაზების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი მხარე გამოუყოფს სუბსიდიას ან გაუწევს მხარდაჭერას დანიშნულ ავიასაწარმოს, მან ამ ავიასაწარმოსგან უნდა მოითხოვოს თავის ანგარიშებში სუბსიდიის ან მხარდაჭერის მკაფიოდ და ცალკე მითითება.

თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მიმართ ადგილი აქვს დისკრიმინაციას ან უსამართლო ქმედებებს, ან რომ სუბსიდია ან მხარდაჭერა, რომელსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ითვალისწინებს ან უზრუნველყოფს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებისთვის, უარყოფით გავლენას მოახდენდა ან  უარყოფით გავლენას ახდენს პირველი ხელშემკვრელი მხარის შესაძლებლობაზე, განახორციელოს საჰაერო მიმოსვლა თანაბარი და სამართლიანი კონკურენციის პირობებში, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეატყობინოს თავისი უკმაყოფილების მიზეზები. კონსულტაციები გაიმართება მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, თუ ორივე მხარე სხვაგვარად არ შეთანხმდებ