1. არასრულწლოვანის სახლში მიღებასა და განთავსებას უზრუნველყოფს სახლის დირექტორი.

2. არასრულწლოვანის სახლში მიღებას ახორციელებენ სახლის უსაფრთხოების სპეციალისტები.

3. არასრულწლოვანის სახლში მოთავსებისთვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების თაობაზე და არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული არასრულწლოვანის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

4. სახლის უსაფრთხოების სპეციალისტი ახდენს არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას, იწყებს მისი პირადი საქმის წარმოებას და არასრულწლოვანთა რეესტრში აღრიცხავს მის მონაცემებს.

5. იდენტიფიცირების შემდეგ, ტარდება არასრულწლოვანისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმება ამ დებულებით დადგენილი წესით.

6. არასრულწლოვანისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდეგ, არასრულწლოვანი სახლის სამედიცინო ოთახში გადის სამედიცინო შემოწმებას.

7. თუ სახლში მიღებისას სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ არასრულწლოვანს სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება სახლის სამედიცინო ოთახში.

8. სახლში მიღებისას, არასრულწლოვანი, რომელსაც სახლის ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის სახლის საექიმო ოთახში უზრუნველყოფა შეუძლებელია, დაუყოვნებლივ იქნება უზრუნველყოფილი სამედიცინო რეფერალით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

9. არასრულწლოვანი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, განთავსდება ინდივიდუალურ ოთახში არაუმეტეს 3 დღე-ღამის ვადით, რომელშიც მოხდება მასზე დაკვირვება შესაბამის საცხოვრებელ ოთახში განაწილების მიზნით.

10. სახლის უსაფრთხოების სპეციალისტები უზრუნველყოფენ ინდივიდუალური ოთახის მომზადებას და დათვალიერებას არასრულწლოვანის განთავსებამდე.

11. ინდივიდუალურ ოთახში მოთავსებისას სოციალური მუშაკი ან მისი არყოფნის შემთხვევაში − ფსიქოლოგი, სახლის დირექტორი ან სახლის დირექტორის მოადგილე არასრულწლოვანს ზეპირი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე გააცნობს სახლში ყოფნის პირობებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს, მის მიმართ სახლის თანამშრომელთა მოქცევის წესებს, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, აგრეთვე, მის მიმართ წაყენებულ სხვა მოთხოვნებს. არასრულწლოვანისთვის წესების გაცნობა უნდა იყოს პოზიტიური ხასიათის მატარებელი და არ ისახავდეს მიზნად არასრულწლოვანში შიშის გრძნობის გაღვიძებას, დასჯის შიშის შექმნას და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკობრივი თავისებურებები. არასრულწლოვანს სახლში ყოფნის პირობების, მისი უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული წესების თაობაზე ინფორმაცია დამატებით შესაძლოა მიეწოდოს წერილობითი ფორმით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალიზაციით, სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით.

12. სოციალური მუშაკი ვალდებულია, არასრულწლოვანის სახლში მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, აცნობოს არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს.

13. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას არასრულწლოვანის საცხოვრებელ ოთახში განაწილების თაობაზე იღებს სახლის დირექტორი, სახლის უსაფრთხოების სპეციალისტების და სოციალური მუშაკის/ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება არასრულწლოვანის ასაკი, ფიზიკური და გონებრივი განვითარება, პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, მის მიერ ჩადენილი იმავე კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმეორებით ჩადენის რისკი, არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სერვისის/პროგრამის შეუსრულებლობის მიზეზი, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სახლის დირექტორის გადაწყვეტილებაზ