არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1222 |
|
2026 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11, მე-12 და მე-14 პუნქტების, აგრეთვე, 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის თანდართული დებულება. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან. |
|
არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულება
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) სტრუქტურული ერთეულის – არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის (შემდგომ – სახლი) საქმიანობის წესს, მის ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს სახლში გადამისამართებულ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის (შემდგომ – არასრულწლოვანი) რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. მუხლი 2. სახლი 1. სახლი არის მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება, რომელშიც ინტენსიური თერაპიული მუშაობითა და არასრულწლოვანზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურით შექმნილია ყველა პირობა მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო და მხარდაჭერის მიზნების მისაღწევად. 2. სახლში იმყოფება 10 წლიდან 14 წლამდე ასაკის ის არასრულწლოვანი, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10 წლიდან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა და მულტიდისციპლინური ჯგუფის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების თაობაზე. სახლში, აგრეთვე, შეიძლება იმყოფებოდეს არასრულწლოვანი, რომელსაც სახლში ყოფნისას შეუსრულდა 14 წელი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული არაუმეტეს 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე. 3. არასრულწლოვანის სახლში ყოფნის მიზანია მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა. 4. სახლში არასრულწლოვანის ყოფნა ემსახურება მისი უფლებების დაცვას და არ წარმოადგენს მისი დასჯის ღონისძიებას. 5. სახლში არასრულწლოვანის ყოფნის პირობები მაქსიმალურად მიახლოებულია საოჯახო გარემოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლისთვის არსებულ გარემოსთან, „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ − კანონი) გათვალისწინებული სერვისებისა და პროგრამების მიზნების მიღწევის თავისებურებების გათვალისწინებით. 6. სახლი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 7. სახლს არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ცენტრი. სახლის დაფინანსება ხორციელდება ცენტრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 8. სახლს აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, სახლის სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 9. სახლის მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, 90-ე ქუჩა. მუხლი 3. სახლის ამოცანები და ფუნქციები 1. სახლის ამოცანებია: არასრულწლოვანის კეთილდღეობის, რეაბილიტაციის, ზრუნვისა და მხარდაჭერის, შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულებისა და საგანმანათლებლო მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, აგრეთვე უსაფრთხო, ოჯახთან მიახლოებული გარემოს უზრუნველყოფა. 2. სახლის ფუნქციებია: ა) არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციის, ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის საჭირო ღონისძიებების კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება; ბ) ოჯახთან მიახლოებული, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც დაფუძნებულია არასრულწლოვანთა შორის, აგრეთვე სახლისა და ცენტრის თანამშრომლებისადმი კეთილგანწყობასა და ბავშვის უფლებების პატივისცემაზე; გ) არასრულწლოვანის ოჯახთან/კანონიერ წარმომადგენელთან/წარმომადგენელთან კომუნიკაცისა და მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნების ხელშეწყობა; დ) ცენტრის სამედიცინო სამსახურთან კოორდინაციით არასრულწლოვანის ჯანმრთელობის, აგრეთვე უსაფრთხო და სათანადო კვებით უზრუნველყოფა; ე) ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტთან კოორდინაციით არასრულწლოვანის: ე.ა) ზოგადი და არაფორმალური განათლების პროცესის ხელშეწყობა; ე.ბ) სოციალური და ყოფითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და მისი განვითარების პროცესზე ზრუნვის ხელშეწყობა, მათ შორის, ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებით; ე.გ) ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე, შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვასა და სერვისებში/პროგრამებში მისი მონაწილეობის მონიტორინგი; ვ) კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების ინიციირება, განხორციელება და მხარდაჭერა, მისი საჭიროებების შესაბამისად; ზ) რესოციალიზაციის მიზნებისთვის არასრულწლოვანის მიერ სახლის დროებით დატოვების შემთხვევაში ვიზიტის ადგილის მომზადება და არასრულწლოვანის სახლის გარეთ ყოფნის ზედამხედველობა; თ) სახლში არასრულწლოვანთა, ცენტრის თანამშრომელთა და სტუმართა, აგრეთვე სახლის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით საჯარო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა; კ) არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება; ლ) სახლში არასრულწლოვანისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა; მ) უფლებამოსილების ფარგლებში არასრულწლოვანის სამედიცინო შემოწმების ხელშეწყობა; ნ) არასრულწლოვანთან ინტენსიური თერაპიული მუშაობის ხელშეწყობა; ო) არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური დახმარების სერვისებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; პ) საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი, შემეცნებითი და სხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებისთვის აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფა; ჟ) სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამების და შემოქმედებითი წრეების დანერგვა; რ) სახლში რელიგიური და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზების ხელშეწყობა; ს) არასრულწლოვანის მონახულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ტ) არასრულწლოვანთა, ცენტრის თანამშრომელთა და სტუმართა, აგრეთვე სახლის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; უ) სახლში უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახლის ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, არასრულწლოვანთა და მათი ნივთების და ოთახების შემოწმება; ფ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება; ქ) სახლის საქმიანობასთან, აგრეთვე არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; ღ) სახლის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის მომზადება; ყ) სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული ამ დებულებით, ცენტრის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; შ) ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებებისა და დავალებების შესრულება. თავი II სახლის მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება მუხლი 4. სახლის მართვა 1. სახლს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს ცენტრის თავმჯდომარე. სახლის დირექტორი სამსახურში მიიღება და თავისუფლდება მინისტრთან შეთანხმებით. 2. სახლის დირექტორი სახლს მართავს მისი მოადგილეების მეშვეობით. სახლის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებთანაც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას დებს და წყვეტს ცენტრის თავმჯდომარე. 3. სახლის დირექტორის მოადგილეები ასრულებენ სახლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებსა და ცალკეულ დავალებებს. სახლის დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება ცენტრის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 5. სახლის დირექტორი 1. სახლის დირექტორი: ა) წარმართავს სახლის საქმიანობას; ბ) საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს სახლში შემოსულ დოკუმენტებსა ან სხვა მასალებს; გ) გადაწყვეტილებას იღებს სახლის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს შესაბამის კორესპონდენციას; ვიზირებას უკეთებს შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) სახლის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს/დავალებებს; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს სახლის თანამშრომელთა მიერ თავიანთი მოვალეობების, მათ შორის, ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას; თ) ცენტრის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სახლის მუშაობის ორგანიზების, ადამიანური რესურსის გამოყოფის, თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და თანამშრომელთა წახალისების თაობაზე; ი) ცენტრის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესთან დაკავშირებით; კ) სახლის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ცენტრის თავმჯდომარეს; ლ) ცენტრის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სახლის ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე; მ) უფლებამოსილია არასრულწლოვანს, მისი ქცევისა და მიღწეული დადებითი შედეგების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მისცეს უფლება, კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით დროებით დატოვოს სახლი; ნ) განსაზღვრავს არასრულწლოვანის საცხოვრებელ ოთახებს; ო) ახორციელებს შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს; პ) ასრულებს ცენტრის თავმჯდომარისა და კურატორი თავმჯდომარის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალებებსა და მითითებებს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სახლის დირექტორი პასუხისმგებელია სახლისთვის დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ შესრულებაზე, სახლის საქმიანობასა და სახლისთვის გამოყოფილი მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე. 3. სახლის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 6. პერსონალი 1. სახლში საქმიანობას ახორციელებენ: ა) სახლის თანამშრომლები − უსაფრთხოების სპეციალისტები, მათ შორის უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტები, აღმზრდელი და ახალგაზრდული ლიდერი; ბ) ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინაციისა და პროფესიული ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები − სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი; გ) ცენტრის სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები − ექიმი და ექთანი (შემდგომ − სამედიცინო პერსონალი); დ) ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომელი − იურისტი; ე) ცენტრის ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომელთა ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებებითა და ცენტრის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებით. 3. სახლის ყველა თანამშრომელს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში. 4. სახლის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, ცენტრის შინაგანაწესი, ცენტრის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობა და არასრულწლოვანთან ურთიერთობის სტანდარტები. მუხლი 7. სახლის საქმიანობის პრინციპები 1. სახლი საქმიანობისას უზრუნველყოფს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობას, მისი ღირსების პატივისცემასა და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობას. 2. ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს თანაზომიერების, კანონიერებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპების საფუძველზე. 3. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომის პრინციპები, ფასდება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, მათ შორის ასაკი, გონებრივი/კოგნიტური უნარების განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლება, აღზრდის პირობები, ოჯახური და სოციალური გარემო, უსაფრთხოება, რეაბილიტაციის საჭიროებები და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. 4. სახლი საქმიანობისას უზრუნველყოფილია კონფიდენციალურობისა და არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. არასრულწლოვანის სახლში ყოფნის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. თავი III არასრულწლოვანის სახლში მიღება მუხლი 8. სახლში ყოფნის ძირითადი პირობები 1. სახლში უზრუნველყოფილია არასრულწლოვანის საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისები, აგრეთვე საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი და სხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებისთვის აუცილებელი პირობები. 2. სახლში არასრულწლოვანები განთავსებული არიან საცხოვრებელ ოთახებში. 3. სახლში არასრულწლოვანები ერთმანეთისგან განცალკევებით თავსდებიან: ა) მათი სქესის (მდედრობითი სქესისა და მამრობითი სქესის) გათვალისწინებით; ბ) განსხვავებული ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით; გ) ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე გამოკვეთილი მკვეთრად განსხვავებული სერვისის/პროგრამის განხორციელების საჭიროების გათვალისწინებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის მიუხედავად, სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში სხვადასხვა სქესის არასრულწლოვანები შეიძლება ერთად მონაწილეობდნენ. 5. სახლში განთავსებულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისუფლად გადაადგილდეს არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად. მუხლი 9. არასრულწლოვანის სახლში მიღება და განთავსება 1. არასრულწლოვანის სახლში მიღებასა და განთავსებას უზრუნველყოფს სახლის დირექტორი. 2. არასრულწლოვანის სახლში მიღებას ახორციელებენ სახლის უსაფრთხოების სპეციალისტები. 3. არასრულწლოვანის სახლში მოთავსებისთვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების თაობაზე და არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული არასრულწლოვანის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. 4. სახლის უსაფრთხოების სპეციალისტი ახდენს არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას, იწყებს მისი პირადი საქმის წარმოებას და არასრულწლოვანთა რეესტრში აღრიცხავს მის მონაცემებს. 5. იდენტიფიცირების შემდეგ, ტარდება არასრულწლოვანისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმება ამ დებულებით დადგენილი წესით. 6. არასრულწლოვანისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდეგ, არასრულწლოვანი სახლის სამედიცინო ოთახში გადის სამედიცინო შემოწმებას. 7. თუ სახლში მიღებისას სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ არასრულწლოვანს სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება სახლის სამედიცინო ოთახში. 8. სახლში მიღებისას, არასრულწლოვანი, რომელსაც სახლის ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის სახლის საექიმო ოთახში უზრუნველყოფა შეუძლებელია, დაუყოვნებლივ იქნება უზრუნველყოფილი სამედიცინო რეფერალით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 9. არასრულწლოვანი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, განთავსდება ინდივიდუალურ ოთახში არაუმეტეს 3 დღე-ღამის ვადით, რომელშიც მოხდება მასზე დაკვირვება შესაბამის საცხოვრებელ ოთახში განაწილების მიზნით. 10. სახლის უსაფრთხოების სპეციალისტები უზრუნველყოფენ ინდივიდუალური ოთახის მომზადებას და დათვალიერებას არასრულწლოვანის განთავსებამდე. 11. ინდივიდუალურ ოთახში მოთავსებისას სოციალური მუშაკი ან მისი არყოფნის შემთხვევაში − ფსიქოლოგი, სახლის დირექტორი ან სახლის დირექტორის მოადგილე არასრულწლოვანს ზეპირი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე გააცნობს სახლში ყოფნის პირობებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს, მის მიმართ სახლის თანამშრომელთა მოქცევის წესებს, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, აგრეთვე, მის მიმართ წაყენებულ სხვა მოთხოვნებს. არასრულწლოვანისთვის წესების გაცნობა უნდა იყოს პოზიტიური ხასიათის მატარებელი და არ ისახავდეს მიზნად არასრულწლოვანში შიშის გრძნობის გაღვიძებას, დასჯის შიშის შექმნას და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასაკობრივი თავისებურებები. არასრულწლოვანს სახლში ყოფნის პირობების, მისი უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული წესების თაობაზე ინფორმაცია დამატებით შესაძლოა მიეწოდოს წერილობითი ფორმით, რაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალიზაციით, სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით. 12. სოციალური მუშაკი ვალდებულია, არასრულწლოვანის სახლში მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა, აცნობოს არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს. 13. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას არასრულწლოვანის საცხოვრებელ ოთახში განაწილების თაობაზე იღებს სახლის დირექტორი, სახლის უსაფრთხოების სპეციალისტების და სოციალური მუშაკის/ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება არასრულწლოვანის ასაკი, ფიზიკური და გონებრივი განვითარება, პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, მის მიერ ჩადენილი იმავე კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმეორებით ჩადენის რისკი, არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სერვისის/პროგრამის შეუსრულებლობის მიზეზი, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სახლის დირექტორის გადაწყვეტილებაზე. მუხლი 10. დღიური აქტივობების გეგმა 1. არასრულწლოვანის მიერ დროის კონსტრუქციული ათვისების მიზნით სახლში დგება რეგლამენტირებული დღიური აქტივობების გეგმა, არასრულწლოვანთა სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო და მხარდაჭერის მიზნების მიღწევის, ადგილობრივი პირობების, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. 2. დღიური აქტივობების გეგმა მოიცავს არასრულწლოვანის ადგომის, დაძინების, პირადი ჰიგიენის, განათლების, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, განათლების, სოციალურ აქტივობებში, სპორტულ, კულტურულ, რელიგიურ ღონისძიებებში, აგრეთვე არასრულწლოვანისთვის საჭირო სერვისის/პროგრამის შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმით გათვალისწინებულ აქტივობაში მონაწილეობის დროს. დღიური აქტივობების გეგმით გაითვალისწინება არასრულწლოვანთა უწყვეტი ძილისა და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფის აუცილებლობა. 3. ახალგაზრდული ლიდერი ხელს უწყობს არასრულწლოვანის ინტერესების გამოკვეთასა და უზრუნველყოფს არასრულწლოვანის მიერ დროის კონსტრუქციულად ათვისებას. 4. აღმზრდელი ზრუნავს დღიური აქტივობების გეგმის შესრულებაზე. მუხლი 11. სახლის ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა გადაადგილება 1. არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად, დღიური აქტივობების გეგმის და მისთვის საჭირო სერვისის/პროგრამის შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმის შესაბამისად, გადაადგილდეს სახლის საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე. 2. დღიური აქტივობების გეგმით გათვალისწინებული აქტივობისგან თავისუფალ დროს არასრულწლოვანს უფლება აქვს, დამოუკიდებლად გადაადგილდეს სახლის საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე, ამ დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ხოლო სახლის ტერიტორიის სხვა ნაწილებში – სახლის დირექტორის თანხმობითა და უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით. სახლის ტერიტორიის შესაბამის მონაკვეთებს განსაზღვრავს სახლის დირექტორი. 3. ღამის საათებში არასრულწლოვანი თავისი საცხოვრებელი ოთახის ფარგლებს გარეთ არ გადაადგილდება, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) სახლის უსაფრთხოების სპეციალისტის თანხლებით. თავი IV არასრულწლოვანისა და სახლის უსაფრთხოება მუხლი 12. უსაფრთხოების ძირითადი პირობები 1. არასრულწლოვანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სახლის უსაფრთხოების სპეციალისტები. 2. არასრულწლოვანის უსაფრთოხების უზრუნველყოფის მიზნით არასრულწლოვანი სახლის ტერიტორიაზე ყოფნისას არიან სახლის უსაფრთხოების სპეციალისტების ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. 3. სახლი უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა შორის კონფლიქტური სიტუაციის შექმნის პრევენციასა და ასეთი სიტუაციის განმუხტვას. 4. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახლი ქმნის გარემოს არასრულწლოვანებს შორის, აგრეთვე არასრულწლოვანებსა და თანამშრომლებს შორის პატივისცემაზე, ნდობასა და კეთილგანწყობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის. მუხლი 13. ვიდეომონიტორინგი 1. სახლის ტერიტორიასა და მის გარე პერიმეტრზე არასრულწლოვანისა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება ვიდეომონიტორინგი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. სახლი ვალდებულია გააფრთხილოს არასრულწლოვანი ვიდეომონიტორინგის განხორციელების შესახებ. 3. ვიდეომონიტორინგის განხორციელების შემთხვევაში სახლი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. 4. ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის განადგურების შედეგად. 5. ვიდეოჩანაწერი ინახება არანაკლებ 10 კალენდარული დღისა. ვიდეოჩანაწერი არქივდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით. 6. ვიდეოჩანაწერის მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამუშავებს ცენტრის შიდა კონტროლის სამსახური. მუხლი 14. შემოწმება 1. სახლში უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ამ დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია არასრულწლოვანის, მისი ნივთებისა და საცხოვრებელი ოთახი შემოწმება. 2. შემოწმება დაუშვებელია განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით. 3. შემოწმება ხდება სახლში აკრძალული ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, აგრეთვე, იმ ნივთების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომლებიც არ ეკუთვნის არასრულწლოვანს. 4. სახლში აკრძალულ ნივთს განეკუთვნება ის ნივთი, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით არასრულწლოვანის მიერ სარგებლობა. 5. შემოწმება ხორციელდება იმავე სქესის სახლის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის წარმომადგენელი. 6. შემოწმებისას ხდება არასრულწლოვანის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, მისი გახდის გარეშე. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელის მეტალმძებნი. 7. არასრულწლოვანისა და მისი ნივთების შემოწმება ტარდება: ა) სახლში მიღებისას; ბ) ექიმთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ; გ) სხვა არასრულწლოვანთაგან განცალკევებისას; დ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ; ე) სახლის დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას; ვ) სახლის დატოვებისას; ზ) სხვა შემთხვევებში, სახლის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე. 8. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ოთახის შემოწმება ტარდება სახლის დირექტორის გადაწყვეტილებით. მუხლი 15. არასრულწლოვანის სხვა არასრულწლოვანთაგან განცალკევება არასრულწლოვანის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, სახლში მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად, სახლის დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია არასრულწლოვანის სხვა არასრულწლოვანისგან განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში. თავი V არასრულწლოვანის უფლებრივი მდგომარეობა მუხლი 16. არასრულწლოვანის უფლებები 1. არასრულწლოვანს გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კანონით, აგრეთვე, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. 2. არასრულწლოვანს უფლება აქვს ჰარმონიულად განვითარდეს, რაც მოიცავს ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეობრივ და სოციალურ განვითარებას. 3. არასრულწლოვანის უფლებების რეალიზება ხდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად. 4. სახლი ხელს უწყობს არასრულწლოვანს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობების შენარჩუნებაში არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის შესაბამისად, თუ მათი შენარჩუნება არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებსა და ჰარმონიულ განვითარებას. მუხლი 17. საცხოვრებელი პირობები 1. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ოთახით, რომელშიც შეიძლება განთავსდეს არაუმეტეს 3 არასრულწლოვანისა. 2. საცხოვრებელი ოთახი არის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისი ოთახი, რომელსაც აქვს ფანჯარა, ბუნებრივი განათება, ვენტილაცია, გათბობა და გაგრილება. 3. საცხოვრებელი ოთახი უზრუნველყოფილია საძინებელი ოთახისა და სხვა შესაბამისი ავეჯით. 4. საცხოვრებელი ოთახის ფართობი არ უნდა იყოს 6 კვ.მ-ზე ნაკლები თითოეულ არასრულწლოვანზე. 5. საცხოვრებელი ოთახი არ უნდა ხელყოფდეს არასრულწლოვანის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მუხლი 18. პირადი ჰიგიენა 1. არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შხაპი და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. 2. არასრულწლოვანი პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავის ან სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სარგებლობს სახლის უსაფრთხოების სპეციალისტის ზედამხედველობით. 3. თუ არასრულწლოვანს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, სახლი უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 4. არასრულწლოვანს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს. 5. სახლმა უნდა უზრუნველყოს სახლის ტერიტორიის სისუფთავე. მუხლი 19. კვება 1. სახლი უზრუნველყოფს არასრულწლოვანს სათანადო კვებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. 2. კვების რაციონის შედგენისას გაითვალისწინება არასრულწლოვანთა ასაკი, განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური აქტივობა. 3. სახლი არასრულწლოვანს ყოველდღიურად უზრუნველყოფს ოთხჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი. 4. არასრულწლოვანი იკვებება სასადილოში დღიური აქტივობების გეგმით დადგენილ საათებში, ხოლო ის არასრულწლოვანი, რომელსაც ექიმის დასკვნის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაადგილება, საკვებს იღებს საცხოვრებელ ოთახში. 5. არასრულწლოვანს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი. მუხლი 20. განათლება 1. სახლი ვალდებულია შექმნას პირობები, რათა არასრულწლოვანმა მიიღოს ზოგადი განათლება. 2. არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. არასრულწლოვანს, რომელმაც არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, უნდა შეექმნას პირობები მის შესასწავლად. 4. არასრულწლოვანისთვის ზოგადი განათლების და არაფორმალური განათლების მიცემის, აგრეთვე ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების/განვითარების მიზნით სახლი ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესს. 5. სახლი ვალდებულია მოაწყოს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში უნდა იყოს არასრულწლოვანის ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისი საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა. 6. არასრულწლოვანის მიერ სახლში ყოფნის პერიოდში მიღებული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში (სერტიფიკატი და სხვა) არ მიეთითება ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია მისი, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფის იდენტიფიცირება. მუხლი 21. სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი წრეები 1. სახლში დანერგილია სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამები. 2. არასრულწლოვანს უფლება აქვს, სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, სახლის დირექტორის ნებართვითა და თანამშრომლების კონტროლით ახორციელებდეს სახელობო საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი. 3. არასრულწლოვანის მიერ სახელობო საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. მუხლი 22. შემოქმედებითი წრეები, კულტურული და რელიგიური ღონისძიებები 1. არასრულწლოვანი ემოციური, ინტელექტუალური და შემოქმედებით განვითარების მიზნით შეიძლება ჩართულ იქნეს მისი ასაკისა და ინტერესების შესაბამის, შემოქმედებით წრეებში. 2. სახლი უზრუნველყოფს არასრულწლოვანის კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის პირობების შექმნას. მუხლი 23. სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობა არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის განხორციელების შესაძლებლობით; ამ მიზნით მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი სპორტული დარბაზი და სპორტული მოედანი. მუხლი 24. ტელეფონით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ინტერნეტით სარგებლობა და კომპიუტერული თამაში 1. არასრულწლოვანის მიერ ტელეფონით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ინტერნეტით სარგებლობამ, აგრეთვე კომპიუტერულმა თამაშმა არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს ან საფრთხე არ უნდა შექმნას არასრულწლოვანის ან სახლის უსაფრთხოებას. 2. ტელეფონით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით არასრულწლოვანი სარგებლობს, აგრეთვე, კომპიუტერულ თამაშს თამაშობს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ შესაბამის ოთახებში. 3. სახლში დანერგილია არასრულწლოვანისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბლოკირების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები (ფილტრები). მუხლი 25. არასრულწლოვანის მონახულება 1. არასრულწლოვანის რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია არასრულწლოვანის მონახულება. 2. სახლის დირექტორს წარედგინება არასრულწლოვანის მონახულების მსურველი პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი და ინფორმაცია არასრულწლოვანთან კავშირის თაობაზე. 3. არასრულწლოვანის მონახულების თაობაზე გადაწყვეტილებას სახლის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით იღებს სახლის დირექტორი. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება არასრულწლოვანის სურვილი, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა და ჰარმონიული განვითარება. 4. არასრულწლოვანის მონახულების მსურველი პირი არასრულწლოვანს ხვდება შესაბამისი ავეჯით აღჭურვილ ოთახში ან სახლის ეზოში საამისოდ გამოყოფილ ადგილზე. 5. არასრულწლოვანის მონახულება, როგორც წესი, შესაძლებელია 10:00–20:00 საათის ფარგლებში. 6. მულტიდისციპლინური ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე ცენტრს უფლება აქვს, არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელთან/კანონიერ წარმომადგენლებთან დადოს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც, არასრულწლოვანის რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონიერ წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენლებს განესაზღვრება/განესაზღვრებათ არასრულწლოვანის მონახულების დამატებითი დრო. კანონიერი წარმომადგენლის/კანონიერი წარმომადგენლების მიერ აღნიშნული ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ცენტრს უფლება აქვს, ცალმხრივად გააუქმოს ეს ხელშეკრულება. 7. დაუშვებელია არასრულწლოვანის მონახულების მსურველი პირის მიერ სახლში იმ ნივთებისა და ნივთიერებების შეტანა, რომლებმაც არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენა იქონიოს ან საფრთხე შეუქმნას არასრულწლოვანის, სახლში მყოფი პირებისა და სახლის უსაფრთხოებას. 8. დაუშვებელია მონახულების მსურველი პირის მიერ სახლში ტელეფონების, აგრეთვე, იმ ნივთის შეტანა, რომლითაც შესაძლებელია ფოტო- ან/და ვიდეოგადაღება, აგრეთვე აუდიოჩაწერა. 9. არასრულწლოვანის მონახულების მსურველი პირი სახლში დაიშვება შემოწმების, მათ შორის ტექნიკური საშუალებებით შემოწმების, შემდეგ. მუხლი 26. სახლის დროებით დატოვება 1. არასრულწლოვანის საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, შემოქმედებით, შემეცნებით და სხვა კულტურული ღონისძიებებში მონაწილეობის ან არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სხვა შემთხვევაში, სახლის დირექტორის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანმა შეიძლება სახლი დროებით, გონივრული ვადით დატოვოს სახლის ან/და ცენტრის თანამშრომლის თანხლებით. 2. არასრულწლოვანს მისი ქცევისა და მის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების გათვალისწინებით, მისი მოტივირების მიზნით და მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად სახლის დირექტორის ან მის მიერ განსაზღვრული პირის, აგრეთვე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული გადამისამართების ვადის ამოწურვამდე შეიძლება მიეცეს უფლება, კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით დროებით, გონივრული ვადით დატოვოს სახლი. 3. სახლის დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი არასრულწლოვანის მიერ სახლის დროებით დატოვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციის საფუძველზე. მუხლი 27. სახლში შესვლა 1. სახლში გარეშე პირის შესვლა, გარდა ამ დებულების 25-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხორციელდება სახლის უფლებამოსილი პირის მიერ დაშვებული საშვის საფუძველზე, სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე. 2. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ექმნება არასრულწლოვანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეს, აგრეთვე სხვა, განსაკუთრებულ შემთხვევაში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სახლის დირექტორის თანხმობით, სახლში არასრულწლოვანთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად. 3. სახლში გარეშე პირის შესვლაზე ვრცელდება ამ დებულების 25-ე მუხლის მე-7–მე-9 პუნქტები. 4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება მინისტრსა და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირებზე, ცენტრის კურატორი მინისტრის მოადგილეზე, ცენტრის თავმჯდომარეზე, სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე, საქართველოს სახალხო დამცველზე, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებზე, აგრეთვე, სახლში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისთვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად შესულ პირებზე. 5. სახლში ცენტრის თანამშრომელთა სახლში შესვლისა და სახლიდან გასვლის წესი განისაზღვრება ცენტრის თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტით. მუხლი 28. არასრულწლოვანათა და თანამშრომელთა ურთიერთობა 1. თანამშრომელი არასრულწლოვანს მიმართავს თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით. 2. თანამშრომელი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს თავის ქმედებას და ემოციებს. 3. თანამშრომელი არასრულწლოვანის მიმართ იყენებს ქცევის მართვის პოზიტიურ ფორმებს (წახალისება, შექება და სხვა). მუხლი 29. მოთხოვნა და საჩივარი 1. არასრულწლოვანს შეუძლია უშუალოდ ან კანონიერ წარმომადგენელის/წარმომადგენელის მეშვეობით მოითხოვოს ის უფლებები, რომელთა მინიჭებაც სახლის უფლებამოსილებას განეკუთვნება. 2. არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს: ა) სახლის დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება სახლის თანამშრომლის საქმიანობას; ბ) ცენტრის თავმჯდომარეს, თუ საჩივარი უკავშირდება სახლის დირექტორს ან ცენტრის სხვა თანამშრომლის საქმიანობას. 3. არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს უფლება აქვს, საჩივრის დაკმაყოფილებაზე სახლის დირექტორის უარი გაასაჩივროს ცენტრის თავმჯდომარესთან. 4. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში. 5. საჩივარი განიხილება მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება. მუხლი 30. სახლში არასრულწლოვანის ყოფნის პირობების შემოწმება 1. სახლისა და ცენტრის თანამშრომელთა მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება მოწმდება ცენტრის შიდა კონტროლის სამსახურისა და საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ. 2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით სახლის მიერ განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობას „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფი. თავი VI არასრულწლოვანისთვის სამედიცინო სერვისების გაწევა მუხლი 31. სამედიცინო მომსახურება 1. არასრულწლოვანს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო სერვისებით. 2. არასრულწლოვანს სამედიცინო სერვისებით, მათ შორის, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო რეფერალით, უზრუნველყოფს ცენტის სამედიცინო სამსახური. 3. არასრულწლოვანის სამედიცინო მომსახურება, როგორც წესი, ხორციელდება სახლის სამედიცინო ოთახში, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი სპეციალური სამედიცინო ინვენტარითა და მედიკამენტებით. 4. არასრულწლოვანს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად. 5. სამედიცინო პერსონალი არასრულწლოვანს აძლევს რჩევებს პირადი ჰიგიენისა და ალკოჰოლის, ფსიქოაქტიური, თამბაქოსა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენების მოსალოდნელ შედეგებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში არასრულწლოვანის ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით, აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა გზით გადამდები დაავადებების შესახებ. მუხლი 32. სამედიცინო შემოწმება 1. სახლში არასრულწლოვანის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ამ შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა, რომელიც არასრულწლოვანის სამედიცინო ბარათში ინახება. 2. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილია რეგულარული სამედიცინო შემოწმებით, საჭირო მკურნალობითა და პრევენციული სამედიცინო მომსახურებით. 3. არასრულწლოვანის მიღება სახლის სამედიცინო ოთახში ხორციელდება მისი საჭიროებიდან გამომდინარე, სახლის უსაფრთხოების სპეციალისტის დაუსწრებლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სამედიცინო მომსახურებისას ითხოვს მის დასწრებას. 4. თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ არასრულწლოვანს ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება სახლის სამედიცინო ოთახში. 5. თუ არასრულწლოვანის მკურნალობა სახლის სამედიცინო ოთახში შეუძლებელია, იგი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 6. არასრულწლოვანისთვის სახლში სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელსა და სახლის დირექტორს. მუხლი 33. არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი 1. არასრულწლოვანი მედიკამენტის იღებს ექიმის დანიშნულებითა და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით. 2. ექიმი ვალდებულია, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსსა და სახლის დირექტორს. 3. სახლში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის მართვა ხდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 4. არასრულწლოვანის სახლში გადამისამართება შეწყდება, თუ სახლში ყოფნისას გამოვლინდება მისი ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც მას არ შეუძლია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათის ან მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება ან მისთვის ხელმძღვანელობა. ამ შემთხვევაში არასრულწლოვანისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი გადაწყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 34. სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი 1. სახლში უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. 2. ცენტრის სამედიცინო სამსახურის ექიმი ვალდებულია შეამოწმოს: ა) არასრულწლოვანისთვის განკუთვნილი საკვების ხარისხი და ოდენობა, საკვების მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; ბ) სახლის ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; გ) არასრულწლოვანის ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობის შესაბამისობა სეზონის პირობებთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება სახლის დირექტორს. 4. თუ სახლის დირექტორი მიიჩნევს, რომ ცენტრის სამედიცინო სამსახურის ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა სახლის შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს ცენტრს. მიმართვას უნდა დაერთოს ცენტრის სამედიცინო სამსახურის ექიმის წერილი. თავი VII არასრულწლოვანის რეაბილიტაცია და მხარდაჭერა მუხლი 35. არასრულწლოვანისთვის საჭირო სერვისი/პროგრამა 1. არასრულწლოვანს რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნით, ინდივიდუალური საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიეწოდება შესაბამისი პროგრამები/სერვისები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის წესის“ შესაბამისად. 2. სახლს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სერვისი/პროგრამა, რომლითაც სარგებლობის შესაძლებლობა ექნება კანონთან კონფლიქტში მყოფ იმ არასრულწლოვანსაც, რომელიც არ გადამისამართდა სახლში. 3. არასრულწლოვანისთვის საჭირო სერვისი/პროგრამა სრულდება მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. 4. სახლში არის გამოყოფილი სპეციალური ოთახი ან ადგილი, სადაც შესაძლებელია სოციალური მუშაკის ან ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვანთან ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა, კონფიდენციალური გასაუბრება და კონსულტირება. მუხლი 36. მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის არასრულწლოვანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება 1. სოციალური მუშაკი ვალდებულია გეგმური მონიტორინგის ყოველთვიური ანგარიში მომზადებიდან დაყოვნებლივ გადაუგზავნოს სახლის დირექტორს. 2. სახლის დირექტორი უახლოეს ან მომდევნო სხდომაზე განსახილველად მულტიდისციპლინურ ჯგუფს წარუდგენს გეგმური მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ. 3. მულტიდისციპლინური ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდების სხვა პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის წესის“ შესაბამისად. |