ექვსკვირიანი სამუშაო პერიოდის შემდეგ ინტერნირებულს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მუშაობა, იმ პირობით, რომ ამის შესახებ რვა დღით ადრე გააფრთხილებს.
ეს დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, გამოიყენოს ინტერნირებული ექიმები, კბილის ექიმები და სამედიცინო პერსონალის სხვა წევრები თავიანთი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში სხვა ინტერნირებულთა სასარგებლოდ; დაასაქმოს ინტერნირებულები ადმინისტრაციულ და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე ინტერნირების ადგილებში; გამოიყენოს ისინი სამზარეულოში ან სხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოებში; აგრეთვე დაავალოს მათ მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნირებულთა დაცვასთან საჰაერო დაბომბვისა და ომის სხვა საფრთხეებისაგან. თუმცა არცერთ ინტერნირებულს არ შეიძლება დაევალოს ისეთი სამუშაო, რომლის შესრულებაც, ექიმის დასკვნით, მისთვის ფიზიკურად შეუფერებელია.
სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, სრულად პასუხისმგებელია სამუშაო პირობებზე, სამედიცინო დახმარებაზე, ხელფასის გადახდაზე და იმაზე, რომ დასაქმებულმა ინტერნირებულებმა მიიღონ კომპენსაცია სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევაში. სამუშაო პირობები და ასეთი კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ კანონმდებლობასა და არსებულ პრაქტიკას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე იმავე რაიონში მსგავსი სამუშაოსათვის დადგენილია. ინტერნირებულთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სამართლიანობის საფუძველზე, ინტერნირებულებს, სახელმწიფოს, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამსაქმებლებს შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, იმ ვალდებულების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ვალდებულია უფასოდ უზრუნველყოს ინტერნირებულთა არსებობა და მათი ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო დახმარება. ინტერნირებულებს, რომლებიც მუდმივად ასრულებენ ამ მუხლის მესამე აბზაცში მითითებულ სამუშაოებს, სახელმწიფომ, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, უნდა გადაუხადოს სამართლიანი ანაზღაურება. მათი სამუშაო პირობები და კომპენსაციის ოდენობა სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევაში არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე იმავე რაიონში მსგავსი სამუშაოსათვის არის დადგენილ