1. მოთხოვნების მიხედვით ტარდება ბრიფინგი და/ან კონსულტაცია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებსა და ფრენების წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა პერსონალს შორის. ბრიფინგის და/ან კონსულტაციის მიზანია უახლესი ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივი და მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, დაფრენის, სათადარიგო და სხვა შესაბამის აეროდრომებზე, ამასთან, ისინი ემსახურება საფრენოსნო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის განმარტებასა და დამატებას.
2. ინსტრუქტაჟსა და კონსულტაციის ჩასატარებლად გამოსაყენებელი ინფორმაცია შეიცავს ნებისმიერ ან ყველა ელემენტს, რომლებიც ჩამოთვლილია ამ წესის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტში.
3. თუ აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი გამოთქვამს აზრს მეტეოროლოგიური პირობების ისეთ განვითარებაზე აეროდრომის რაიონში, რომელიც არსებითად განსხვავდება საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული აეროდრომის პროგნოზისაგან, აუცილებელია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების ყურადღების გამახვილება აღნიშნულზე. ბრიფინგის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებებს ეხება, იწერება და ჩანაწერი მიეწოდება ექსპლუატანტს.
4. ინსტრუქტაჟს, კონსულტაციას, მონიტორებს და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, როგორც წესი, უზრუნველყოფს გაფრენის აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი. იმ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე აეროდრომზე ასეთი მომსახურება არ ხდება, მეტეოროლოგიურ მომსახურების სამსახურსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღება ყველანაირი ზომა, რათა დაკმაყოფილდეს ეკიპაჟის წევრების მოთხოვნები. განსაკუთრებულ შემთხვევებში აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი, რომელიც ემსახურება მოცემულ აეროდრომს, ახორციელებს (ან, თუ ეს შესაძლებელია, ორგანიზებას უკეთებს) განმეორებითი ბრიფინგის ჩატარებას, კონსულტაციას და/ან საფრენოსნო დოკუმენტაციის გაფორმებას, საჭიროების მიხედვით.
5. ეკიპაჟის წევრი ან სხვა პირი, რომელიც დაკავშირებულია ფრენების წარმოებასთან და რომელსაც უნდა გაეწიოს ბრიფინგი, კონსულტაცია და/ან გაუფორმდეს დოკუმენტაცია, უნდა გამოცხადდეს აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისში ისეთ დროს, რომელიც შეთანხმებულია აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის. ისეთ შემთხვევებში, როდესაც აეროდრომის ადგილობრივი პირობები არ იძლევა ბრიფინგის ან კონსულტაციის უშუალო ჩატარების შესაძლებლობას, აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი მომსახურებას აწარმოებს ტელეფონით ან სხვა შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებით.
6. საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ამ წესის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულ ინფორმაციას. თუ გამოვლინდა, რომ საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაცია არსებითად იქნება განსხვავებული იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მიწოდებულია ფრენისას გაფრენისწინა დაგეგმვისას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექსპლუატანტს და მიეწოდოს მას შეძლებისდაგვარად დაზუსტებული ინფორმაცია ექსპლუატანტსა და აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისს შორის შეთანხმების საფუძველზე.
7. როდესაც აუცილებელია და შესაძლებელია საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა განახლდეს წერილობით ან ზეპირად, მანამდე, სანამ გადაეცემა ეკიპაჟის წევრებს. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშობა კორექტირების შეტანის აუცილებლობა, უშუალოდ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინ და როდესაც დოკუმენტაცია უკვე გადაცემულია, მაშინ აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა, ადგილობრივი შეთანხმების საფუძველზე, უნდა გაუგზავნოს აუცილებელი კორექტივი ან განახლებული ინფორმაცია ექსპლუატანტს ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს, საჰაერო ხომალდზე გადასაცემად.
8. საფრენოსნო ინფორმაცია, რომელიც ეხება გარკვეული მარშრუტზე ურთიერთდაკავშირებულ სიმაღლეებზე ქარისა და ჰაერის ტემპერატურის პროგნოზებს, ექსპლუატანტებსა და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს მიეწოდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.
შენიშვნა: ურთიერთდაკავშირებული ცხრილების გაფორმებისა და შედგენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „სააერნაოსნო მეტეოროლოგიური პრაქტიკა“ (Doc 8896).
9. მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიღებული სხვა მეტეოროლოგიური საწარმოებიდან უნდა ჩაერთოს საფრენოსნო დოკუმენტაციაში ცვლილებების გარეშე.
10. რუკები, რომლებიც ჩართულია საფრენოსნო დოკუმენტაციაში, უნდა იყოს გასაგები და ადვილად კითხვადი.
11. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა შეინახოს ეკიპაჟის წევრებზე გაცემული ინფორმაცია, ბეჭდური ან ელექტრონული ფაილების სახით, მისი გამოშვებიდან, სულ მცირე, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს ინფორმაცია, მოთხოვნის საფუძველზე, წარედგინება გამოძიების ან საავიაციო შემთხვევების მოკვლევისთვის და ამ მიზნით ინახება მათ დასრულებამდე.
შენიშვნა: ტერმინი „რუკა“ ნიშნავს მონაცემთა ვიზუალიზაციას ციფრულ ფორმატში.
12. საფრენოსნო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ამ წესის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, “ა.ვ“, „ბ“, „გ“; „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას და საჭიროებისამებრ, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. თუმცა, იმ ფრენებისთვის, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება ორ საათს და სრულდება მოკლე გაჩერების შემდეგ, ფრენის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, ამ წესის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“; „გ“; „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას და საჭიროებისამებრ, „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას და სხვა საექსპლუატაციო მიზნებისთვის აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც განისაზღვრება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.
13. საჩვენებელი მასალა ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისა და სხვა პერსონალისათვის, რომლებიც დაკავშირებული არიან ფრენების წარმოებასთან.
14. სიმაღლეზე ქარის, სიმაღლეზე ჰაერის ტემპერატურისა და ფრენებისთვის მნიშვნელოვანი ამინდის (SIGWX) მოვლენების პროგნოზებთან დაკავშირებული საფრენოსნო დოკუმენტაცია რუკების სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი. დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის, ალტერნატივის სახით, გამოიყენება GAMET-ის ზონალური პროგნოზები.
შენიშვნა: საფრენოსნო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოსაყენებელი რუკებისა და ფორმების ნიმუშები მოცემულია ამ წესის №1 დანართში. აღნიშნული ნიმუშები და მათი შევსების მეთოდები შემუშავებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ, იკაოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი საექსპლუატაციო მოთხოვნების საფუძველზე.
15. შეტყობინებები METAR და SPECI (მათ შორის, პროგნოზები „TREND“) TAF, GAMET, SIGMET და AIRMET, საკონსულტაციო ინფორმაცია ვულკანური ფერფლის და ტროპიკული ციკლონების შესახებ და კოსმოსური ამინდის შესახებ საკონსულტაციო ინფორმაცია უნდა მომზადდეს ამ წესის დანართებში მოცემული ნიმუშების შესაბამისად.
16. საფრენოსნო დოკუმენტაციაში გამოყენებული ადგილმდებარეობის მაჩვენებლები და შემოკლებები უნდა განიმარტოს.
17. საფრენოსნო დოკუმენტაციაში შემავალი ფორმები და რუკები დაბეჭდილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, სადაც ეს მიზანშეწონილია, გამოიყენება მიღებული შემოკლებები, მიეთითება თითოეული ელემენტის საზომი ერთეულები სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 6 დეკემბრის №200 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციაში საზომი ერთეულების გამოყენების წესის“ შესაბამისად.
18. ზმცპ-ის მიერ შედგენილი ციფრული პროგნოზებიდან მიღებული რუკები ექსპლუატანტებს უნდა მიეწოდოთ მოქმედების ფიქსირებული ზონებისათვის, როგორც ეს ნაჩვენებია ამ წესის №5 დანართის A5-1, A5-2 და A5-3 გამოსახულებებში.
19. იმ შემთხვევაში, თუ სიმაღლეებზე ქარის და სიმაღლეებზე ტემპერატურის პროგნოზები მოწოდებულია რუკის ფორმატში, ისინი მზადდება ფრენის ეშელონებისთვის ფიქსირებული დროის პროგნოზული რუკების სახით, ამ წესის №5 დანართის A5-1 და A5-2 ცხრილების შესაბამისად, ხოლო თუ ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ (SIGWX) პროგნოზები მოწოდებულია რუკის ფორმატში, ისინი მზადდება ფიქსირებული დროის პროგნოზული რუკების სახით, ფრენის ეშელონებით შეზღუდული ატმოსფერული ფენისთვის.
20. რუკები, რომლებიც ჩართულია საფრენოსნო დოკუმენტაციაში, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფიზიკურ მახასიათებლებს:
ა) მოხერხებულობისათვის რუკების ყველაზე დიდი ზომა შეადგენს 42X30 სმ (A3-ის სტანდარტული ზომა) და უმცირესი ზომა 21X30 სმ (A4-ის სტანდარტული ზომა). ზომის შერჩევა დამოკიდებულია მარშრუტის მანძილზე და ინფორმაციის დეტალიზაციის ხარისხზე, რომლის მითითებაც აუცილებელია რუკებზე, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და მომხმარებლებს შორის შეთანხმებით;
ბ) ძირითადი გეოგრაფიული ორიენტირების შემოხაზულობა, მაგალითად, სანაპირო ხაზების, მსხვილი მდინარეების და ტბების, გამოისახება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი მარტივი ამოცნობა;
გ) რუკებზე, რომლებიც კომპიუტერულად მზადდება, მეტეოროლოგიური მონაცემები პრევალირებს საწყის კარტოგრაფიულ ინფორმაციაზე;
დ) ძირითადი აეროდრომები მითითებულია წერტილის სახით და აღნიშნულია ქალაქის დასახელების პირველი ასო, რომელსაც ეკუთვნის მოცემული აეროდრომი;
ე) კოორდინატების გეოგრაფიული ბადე დაიტანება მერიდიანებით და პარალელებით, გამოხატული წყვეტილი ხაზებით განედის და გრძედის ყოველ 10 გრადუსში; წერტილები განლაგებულია 1 გრადუსის ინტერვალით;
ვ) განედის და გრძედის მნიშვნელობა მითითებულია რუკების მთლიანი ფართობის სხვადასხვა წერტილში;
ზ) რუკებზე საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის განმარტებითი წარწერები კეთდება გარკვევით და მარტივად; მათზე ნათლადაა მითითებული მსოფლიო ზონალური ცენტრების ან სხვა ცენტრების დასახელება, რუკების ტიპი, თარიღი და მოქმედების პერიოდი და აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული საზომი ერთეულები.
შენიშვნა: რუკებზე ფორმების, განსაკუთრებით პოლიგონების, გამოსახვისას, აუცილებელია შესაბამისი კორექტირების შეტანა, თუ ისინი გამოსახულია პროექციებზე, რომლებიც განსხვავდება საწყისი პროგნოზის მომზადებისთვის გამოყენებული პროექციებისგან.
21. საფრენოსნო დოკუმენტაციაში ჩართული მეტეოროლოგიური დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი სახით:
ა) ქარის მიმართულება აღინიშნება ფრთიანი ისრებით ან დაშტრიხული ალმებით ქარის სიჩქარის საჩვენებლად საკმაოდ მჭიდრო ბადეზე;
ბ) ტემპერატურა მიეთითება ციფრებით საკმაოდ მჭიდრო ბადეზე;
გ) მონაცემები ქარის და ტემპერატურის შესახებ, მიღებული მზპც-დან, დაიტანება საკმაოდ მჭიდრო განედ-გრძედულ ბადეზე; და
დ) ქარის ისრები უფრო მკაფიოდ უნდა იყოს დატანილი, ვიდრე ტემპერატურის მაჩვენებელი, ხოლო ორივე უფრო მკაფიო უნდა იყოს ვიდრე რუკების ფონი.
22. 100 და უფრო მაღალ ეშელონზე ფრენებისათვის, რუკების მინიმალურ კომპლექტში ჩართული უნდა იქნეს რუკები ამინდის განსაკუთრებული მოვლენების შესახებ და ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ (100-დან 600-მდე ფრენის ეშელონებზე) და ქარის და ტემპერატურის პროგნოსტიკური რუკა ფრენის ეშელონისათვისა და მარშრუტისთვის. ფაქტობრივი რუკები ფრენისწინა დაგეგმვისა და საფრენოსნო დოკუმენტაციისათვის თანხმდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ მომხმარებელს შორის.
23. წარმოდგენილი რუკები დგება ზმპც-ის ციფრული პროგნოზების საფუძველზე, როდესაც ასეთი პროგნოზები მოიცავს ფრენის სავარაუდო ტრაექტორიას დროში, აბსოლუტურ სიმაღლეს და გეოგრაფიულ რაიონს.
24. საფრენოსნო დოკუმენტაციაში შეფარდებითი სიმაღლე მიეთითება შემდეგი სახით:
ა) ყველა მონაცემი მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, მაგალითად, შეფარდებით სიმაღლეზე ქარის სიმაღლეებზე, ტურბულენტობაზე ან ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვარზე სასურველია მიეთითოს ფრენის ეშელონის სახით. ეს მონაცემები შესაძლებელია გამოიხატოს წნევის სიდიდეებში, აბსოლუტურ სიმაღლეში ან დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისათვის, მიწის ზედაპირიდან სიმაღლის სახით;
ბ) აეროდრომის რაიონში ყველა მეტეოროლოგიური პირობების მონაცემი, მაგალითად, ღრუბლების ქვედა საზღვრის შეფარდებითი სიმაღლის შესახებ, მიეთითება სიმაღლის სახით აეროდრომის შემაღლების მიმართ.
25. იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზები წარმოდგენილია რუკების სახით, საფრენოსნო დოკუმენტაცია, დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის, მათ შორის, ვიზუალური წესით ფრენისთვის, რომელიც წარმოებს მე-100 ეშელონამდე სიმაღლეზე (150-ე ეშელონამდე მთიან მხარეში ან საჭიროებისამებრ, უფრო მეტ სიმაღლემდე), უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მონაცემებს შესაბამის SIGMET და AIRMET ინფორმაციიდან;
ბ) სიმაღლეებზე ქარის და სიმაღლეებზე ტემპერატურის რუკებს, ამ წესის 67-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
გ) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების რუკებს, ამ წესის 67-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;
26. იმ შემთხვევაში, თუ პროგნოზები წარმოდგენილია შემოკლებებით, ღია ტესტის სახით, საფრენოსნო დოკუმენტაცია, დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის, მათ შორის, ვიზუალური წესით ფრენისთვის, რომელიც წარმოებს მე-100 ეშელონამდე სიმაღლეზე (150-ე ეშელონამდე მთიან მხარეში ან საჭიროებისამებრ, უფრო მეტ სიმაღლემდე), უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ინფორმაციას SIGMET და AIRMET;
ბ) GAMET ზონალურ პროგნოზებს.
27. იმ შემთხვევაში, თუ ეკიპაჟის წევრების თვითბრიფინგისთვის, ფრენების დაგეგმვისა და საფრენოსნო დოკუმენტაციის მომზადებისთვის განკუთვნილი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მისაწოდებლად გამოიყენება ავტომატიზებული გაფრენისწინა საინფორმაციო სისტემა, იგი უნდა ითვალისწინებდეს:
ა) საფრენოსნო დოკუმენტაციის მონაცემთა ბაზის სისტემის უწყვეტი და დროული განახლების, ასევე შენახული მეტეოროლოგიური ინფორმაციის სისწორისა და მთლიანობის თვალყურის დევნების საშუალებას;
ბ) ექსპლუატანტებს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისთვის, ასევე სხვა მომხმარებლებისათვის, სისტემაზე წვდომის საშუალებას, შესაბამისი კავშირგაბმულობის გამოყენებით;
გ) წვდომისა და გამოკითხვის პროცედურების არსებობას, რომელიც ეფუძნება შემოკლებებით შედგენილ ღია ტექსტს და საჭიროების შემთხვევაში, იკაოს ადგილმდებარეობის ინდექსებსა და მმო-ს მიერ დადგენილ, საავიაციო მეტეოროლოგიური კოდური მონაცემთა ტიპის აღმნიშვნელებს ან მომხმარებლის მოთხოვნილებებზე მორგებულ სისტემებს ან სხვა შესაფერის მექანიზმებს, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით;
დ) მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირების საშუალებას.
შენიშვნა: იკაოს შემოკლებები, კოდები და ადგილმდებარეობის ინდექსები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემებში „სააერნაოსნო მომსახურების პროცედურები – ICAO-ს შემოკლებები და კოდები“ (PANS-ABC, Doc 8400) და „ადგილმდებარეობის მაჩვენებლები (ინდექსები)“ ((Doc 7910). საავიაციო მეტეოროლოგიური კოდური მონაცემთა ტიპის აღმნიშვნელები მოცემულია მმო-ს ოფიციალურ გამოცემაში „კავშირგაბმულობის მსოფლიო სისტემა“ (WMO-No. 386