1. თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლა 60 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანდება, დაგვიანებული მომსახურების გამწევმა სარკინიგზო საწარმომ მგზავრს დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს შემდეგი უფლებებით სარგებლობა, რომელთაგან მგზავრი ერთ-ერთს აირჩევს:

ა) მგზავრისთვის ბილეთის მთლიანი საფასურის ანაზღაურება მარშრუტის იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა არ განხორციელდა, და იმ მონაკვეთზე (მონაკვეთებზე), რომელზედაც (რომლებზედაც) მგზავრობა უკვე განხორციელდა, თუ მგზავრის თავდაპირველი მგზავრობის გეგმა ვერ სრულდება;

ბ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, პირველი შესაძლებლობისთანავე, თუ არსებობს აღნიშნულის ობიექტური შესაძლებლობა;

გ) მგზავრობის გაგრძელება ან მარშრუტის შეცვლა დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად მსგავსი სატრანსპორტო პირობებით, მგზავრისთვის მოსახერხებელ დროს და ობიექტური შესაძლებლობის არსებობისას.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში მგზავრისთვის გონივრულ ვადაში შეუძლებელია მგზავრობის შეთავაზება სარკინიგზო ტრანსპორტით, გადამყვან-გადამზიდველმა მგზავრს უნდა შესთავაზოს ალტერნატიული სახმელეთო სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა.

3. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსგავსი სატრანსპორტო პირობებით მარშრუტის შეცვლას დაგვიანებული მომსახურების გამწევი სარკინიგზო საწარმო ან სხვა სარკინიგზო საწარმო ახორციელებს, აუცილებელი არ უნდა გახდეს მგზავრის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა. ეს მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც მარშრუტის შეცვლა გულისხმობს უფრო მაღალი კლასის ან ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. სარკინიგზო საწარმომ უნდა განახორციელოს ყველა შესაძლო ზომა დამატებითი დამაკავშირებელი რეისების/გადასხდომების თავიდან ასაცილებლად და უნდა უზრუნველყოს მგზავრობის მთლიანი დროის ფარგლებში შეძლებისდაგვარად მცირე ხნით დაგვიანება. მგზავრი არ უნდა განთავსდეს უფრო დაბალი კლასის სატრანსპორტო საშუალებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საშუალება მარშრუტის შეცვლისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შეუზღუდავად, სარკინიგზო საწარმო უფლებამოსილია მგზავრს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მისცეს უფლება ისარგებლოს ტრანსპორტირების სხვა საშუალებით, რათა მგზავრმა მსგავსი პირობებით შეძლოს საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე ჩასვლა. ამ შემთხვევაში სარკინიგზო საწარმომ მგზავრს უნდა აუნაზღაუროს მის მიერ გაწეული ხარჯები.

5. თუ მარშრუტის შეცვლის ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ მგზავრს არ ეცნობება დაგვიანებული ან გაუქმებული მომსახურების, ან გამოტოვებული რეისის განრიგით გათვალისწინებული გამგზავრების დროიდან 100 წუთის განმავლობაში, მგზავრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით ისარგებლოს რკინიგზით ან საავტომობილო ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მომსახურებით. სარკინიგზო საწარმომ მგზავრს უნდა აუნაზღაუროს მის მიერ გაწეული აუცილებელი, შესაბამისი და გონივრული ხარჯები.

6. მარშრუტის შეცვლასთან დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებმა ალტერნატიული მომსახურების შეთავაზებისას შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მიმართონ ყველანაირ გონივრულ ძალისხმევას, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი უზრუნველყონ დახმარებისა და ხელმისაწვდომობის ისეთი პირობებით, რომლებიც მსგავსია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის პირობებისა. მარშრუტის შეცვლასთან დაკავშირებული სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებლებს უფლება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი უზრუნველყონ ალტერნატიული მომსახურებით, რომელიც შეესაბამება მათ საჭიროებებს და განსხვავდება სხვა მგზავრებისათვის შეთავაზებული მომსახურებისაგან.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბილეთის საფასური უნდა ანაზღაურდეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობითა და სარკინიგზო საწარმოს მიერ დადგენილი წესით. ეს საფასური შეიძლება ანაზღაურდეს აგრეთვე ვაუჩერის სახით ან/და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სხვა, შესაბამისი მომსახურების მიწოდებით, იმ პირობით, რომ ამ ვაუჩერთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული პირობები, განსაკუთრებით მოქმედების ვადასა და დანიშნულების პუნქტთან მიმართებით, საკმარისად მოქნილია და მგზავრი თანახმაა, მიიღოს ეს ვაუჩერი ან/და მომსახურება. ბილეთის ღირებულების ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა შემცირდეს ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯებით, როგორებიცაა საკომისიოები, სატელეფონო ხარჯები და სხვა.

8. მგზავრებს შესაძლოა ჰქონდეთ თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ერთიანი ფორმით წარდგენის შესაძლებლობა. სარკინიგზო საწარმოებმა უარი არ უნდა თქვან თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მგზავრმა არ გამოიყენა ერთიანი ფორმა. თუ მოთხოვნა საკმარისად ზუსტი არ არის, სარკინიგზო საწარმომ მგზავრს უნდა მოსთხოვოს მისი დაზუსტება და აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გაუწიოს დახმარება. ერთიანი ფორმისათვის უნდა დადგინდეს ფორმატი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისათვის.

9. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით გადამყვან-გადამზიდველი უფლებამოსილია დაადგინოს სპეციალური გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობები. აღნიშნული წესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ მუხლით განსაზღვრულ წესებ