1. საშრობი დანადგარების ყველა ზედაპირი, რომელიც ცხელდება მაღალ ტემპერატურამდე, უნდა დაიფაროს თბოიზოლაციით ან შემოიღობოს.
2. საშრობი დანადგარები აღჭურვილი უნდა იყოს საზომ-საკონტროლო აპარატურით (თერმოწყვილები, წევასაზომები, აირანალიზატორები). საშრობი დანადგარების ექსპლუატაცია საზომსაკონტროლო აპარატურის უწესივრობისას აკრძალულია. ბაქანი საცეცხლეების მომსახურებისათვის უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ უზრუნველყოს აპარატურის უსაფრთხო მომსახურება.
3. სხივურ თბოგამოყოფასთან ბრძოლისათვის სამუშაო ადგილები უნდა იქნეს აღჭურვილი საჰაერო შხაპებით.
4. ღარები და მილები, რომლებითაც მასალა საშრობ ღუმლებში მიეწოდება, მტვერწარმოქმნის თავიდან ასაცილებლად უნდა იყოს გაუხშოებული. მბრუნავი დოლების საცეცხლეებთან და განმტვირთავ კამერებთან შეერთების ადგილები უნდა იყოს ჰერმეტიზებული.
5. საშრობი დანადგარები და ღუმლები აღჭურვილი უნდა იყოს გამწმენდმოწყობილობიანი აირგაწოვის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს მტვრისგან და მავნე მინარევებისაგან აირის გაწმენდას სანიტარიულ ნორმებამდე. აკრძალულია საშრობი დანადგარის (ღუმლის) მუშაობა, როცა წევასაბერი სისტემა გამორთულია. წევასაბერი დანადგარის მუშაობამ უნდა გამორიცხოს სამუშაო სათავსში აირების შეღწევის შესაძლებლობა.
6. საჩხრეკი სამუშაოების ჩატარება საცეცხლეში, თუ სანაცრე და წიდის ბუნკერების საკეტები (შიბერები) გახსნილია, აკრძალულია. საშრობი დანადგარის (ღუმლის) მუშაობისას აკრძალულია კარის გაჩერება ღია მდგომარეობაში, ქვედის გაწმენდა, ცხობურას თქვეფა.
7. საცეცხლის წმენდა უნდა მოხდეს მხოლოდ დახურული ბერვისას საწვავის მთლიანი დაწვის შემდეგ.
8. ხელის ინსტრუმენტის გაცივებისათვის (ნიჩაბი, ძალაყინი, სანგი და ა.შ.) მეცეცხლურ-მშრობელის სამუშაო ადგილზე უნდა იყოს გარკვეული მოცულობის წყალი.
9. სანაცრე და საწიდე ბუნკერების საკეტების (შიბერების) გახსნა ნებადართულია მხოლოდ დახურული ბერვისას.
10. აკრძალულია განმტვირთავი ღიობებიდან სანაცრე ბუნკერში ნაცრის, ხოლო საწიდე ბუნკერში – წიდის ჩხრეკა.
11. ხელის საცეცხლის სანაცრის წმენდისას აკრძალულია საცეცხლის კარის გაღება, აგრეთვე ერთდროულად ორი სანაცრე კარის გაღება.
12. წიდის მოცილება უნდა იყოს მექანიზებული. ცალკეულ შემთხვევებში, წიდის არამექანიზებული წესით მოცილებისას, საცეცხლიდან გამოღებული წიდა დაუყოვნებლივ უნდა ჩაქრეს წყლით. წიდის ქრობის ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი გაწოვით.
13. დაღვრილ მაზუთს დაუყოვნებლივ უნდა დაეყაროს ქვიშა და აიწმინდოს.
14. აკრძალულია საცეცხლე მოწყობილობის მუშაობა, თუ მაზუთის გადასასხმელი ავზი ნორმაზე მეტადაა შევსებული ან უწესივრო მდგომარეობაშია. სახარჯო ავზში მაზუთის ანთებისას საჭიროა მაზუთის დაუყოვნებლივ გამოშრობა საავარიო ავზში, ხანძრის ჩასაქრობი ღონისძიებების მიღება და სახანძრო სამსახურის გამოძახება.
15. საშრობი განყოფილებების გაჩერებისას შესამოწმებლად, ნაწილობრივ დასაშლელად და მილტუჩა შეერთებების შესაცვლელად, ჩობლების დასაყენებლად საჭიროა დაიცალოს ყველა მაზუთსადენი და სახარჯო ავზი, გულმოდგინედ გაიწმინდოს ისინი საწვავის ნალექებისა და ნარჩენებისაგან, გაიორთქლოს, ხოლო ამძრავი – გამოირთოს.
კარი III
ტრანსპორტი
რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტი, ბაგირგზე