1. მიმღები და განმტვირთავი მოწყობილობისა და ბუნკერების სამუშაო ბაქნები აღჭურვილი უნდა იყოს ხმოვანი და შუქური სიგნალიზაციით, რომლის დანიშნულებაა აუწყოს მომსახურე პერსონალს რკინიგზის შემადგენლობის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების (თვითსაცლელი ავტომობილები, სკიპები, ბაგირგზა და სხვ.) მოსვლის შესახებ. სიგნალი გაიცემა შემადგენლობის მოსვლამდე, სასკიპე საწეველასა და ბაგირგზის მუშაობის დაწყებამდე ერთნახევარი-ორი წუთით ადრე.

2. მიმღები მოწყობილობის სამუშაო ბაქანზე რკინიგზის რელსების თავის დონეზე გათვალისწინებული უნდა იყოს გასასვლელები მოძრავი შემადგენლობის მომსახურებისათვის. ამ მიზნით რელსებს შორის მოწყობილი უნდა იყოს ფენილები რელსების თავის დონის თანპირად.

3. მიმღები მოწყობილობის (ბუნკერების) მახლობლად გათვალისწინებული უნდა იყოს შემადგენლობის მოსვლისას ადგილები ადამიანების უსაფრთხოდ დგომისათვის. ადამიანების ყოფნა მიმღებ ბუნკერთან შემადგენლობის განტვირთვის მხარეზე აკრძალულია. ვაგონებისა და თვითსაცლელი ავტომობილების გაცლის დაწყება შეიძლება მხოლოდ მადნის მიმღების მიერ სიგნალის გაცემის შემდეგ.

4. ბუნკერის მიმღებ ძაბრში სარემონტო სამუშაოების წარმოებისას მიმღებ მოწყობილობასთან მიმავალი გზები აუცილებლად უნდა იყოს დაკეტილი შლაგბაუმით ან სხვა საშუალებით და შესაბამისი ჩანაწერი არსებობდეს მორიგის ჟურნალში. მატარებლის შემადგენლობა გაყვანილი უნდა იყოს მიმღები მოწყობილობის რაიონიდან. როცა ბუნკერების რაოდენობა ერთზე მეტია და საჭიროა სარემონტო სამუშაოების ჩატარება ერთ-ერთ მათგანში, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით დამუშავებული უნდა იქნეს უსაფრთხოების სპეციალური ზომები, რომლებიც მტკიცდება საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.

5. აკრძალულია უწესივრო ვაგონების განტვირთვა და ვაგონების რემონტი მიმღები მოწყობილობის განმტვირთავ ბაქანზე.

6. ვაგონების განტვირთვა უნდა ხდებოდეს სპეციალურად სწავლებაგავლილი მუშების მიერ მექანიზაციის გამოყენებით. განტვირთვის დროს შემადგენლობასთან გარეშე პირების ყოფნა აკრძალულია.

7. ვაგონებიდან მადნის ნარჩენების განტვირთვისას აუცილებელია ვიბრატორებისა და სხვა მექანიკური სამარჯვების გამოყენება. ამასთან, დგომა დასაშვებია მხოლოდ ვაგონის გვერდით. მიწებებული მადნიდან ვაგონების გასუფთავება უნდა ხდებოდეს მექანიკური ხერხით სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

8. ბუნკერისა და მსხვილი მსხვრევის სამსხვრეველას ბაქნებს შორის უნდა იყოს კავშირი.

9. მიმღები მოწყობილობის სამუშაო ბაქანზე განლაგებული ვაგონსაყირავი შემოღობილი უნდა იყოს, სულ მცირე 2 მ სიმაღლის გისოსის მქონე მტკიცე მოაჯირით. გისოსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 მმ სიგანის უჯრედები. ვაგონსაყირავის როტორის ტორსებთან მიმდებარე ბაქნებს შორის ღრეჩოები არ უნდა აღემატებოდეს 60 მმ-ს.

10. ვაგონსაყირავის მართვა უნდა ხდებოდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად მოწყობილი კარგი ხილვადობის მქონე სათავსიდან.

11. ფაბრიკაში ნახევარვაგონებით მადნის მიწოდებისას ბუნკერის მიმღებ ბაქანზე ლიანდაგის გასწვრივ მოწყობილი უნდა იყოს სავალი ბაქნები ადამიანების უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილებისათვის. ბაქნები დროულად უნდა იწმინდებოდეს მასალისაგან. ნახევარვაგონების ლიუკების გასახსნელად მოწყობილი უნდა იყოს ტრაპები რელსების თავის ზემოთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაგონების უსაფრთხო განტვირთვა.

12. ავტოტრანსპორტით მადნის მიწოდებისას მიმღები მოწყობილობის განმტვირთავ ბაქანზე დაყენებული უნდა იყოს საბჯენები, რომლებიც გამორიცხავენ ავტომანქანების ჩაგორებას ბუნკერში. თვითსაცლელი მანქანების მოძრაობა განტვირთვის შემდეგ ნებადართულია მხოლოდ დაშვებული ძარით.

13. ზამთარში ბუნკერის მიმღებ მოწყობილობასთან მანქანის მისასვლელი გზა სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს თოვლისგან, ხოლო მრუდ და ქანობიან უბნებზე უნდა იყრებოდეს ქვიშა ან წვრილი ღორღი. ზაფხულში მტვრის ჩასახშობად გზა უნდა ირწყვებოდეს წყლით ან სხვა მჭიდა ნივთიერებით.

14. ბაგირგზით მადნის მიტანისას მიმღები ბუნკერის განმტვირთავი ძაბრი ფაბრიკაში დახურული უნდა იყოს არა უმეტეს 400X400 მმ ზომების უჯრედებიანი გისოსით.

15. განმტვირთავი ძაბრი და ბაგირგზის სადგურები ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს პირდაპირი სატელეფონო კავშირით და სიგნალიზაციით, აგრეთვე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბაგირგზის ამძრავის ავარიული გაჩერების შესაძლებლობა ან მემანქანისთვის სიგნალის მიცემა ამძრავის გასაჩერებლად.

16. სამუშაო ადგილს ბაგირგზის განმტვირთავ ძაბრთან სადგურიდან ბაგირების გამოსვლის ზონაში უნდა ჰქონდეს შემოღობვა, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობის უსაფრთხოებას ცუდად დამაგრებული ვაგონების დაბრუნების შემთხვევაში.

17. მიმღები მოწყობილობის ჩამტვირთავი ღიობები გვერდიდან და განტვირთვის საწინააღმდეგო მხრიდან უნდა იყოს შემოღობილი მტკიცე მოაჯირით. ორმხრივი განტვირთვისას შემოღობვა სრულდება გვერდითი მხარეებიდან.

18. ბუნკერის მიმღები ბაქანი აღჭურვილი უნდა იყოს ეფექტური მტვერსახშობი საშუალებებით.

19. აკრძალულია მიმღები ბუნკერის ჩატვირთვა, თუ განმტვირთავი ლიუკი ღიაა. დაუშვებელია მომსახურე პერსონალის ყოფნა ლიუკის პირდაპირ ბუნკერის განტვირთვის დროს.

20. ჩხრეკა მადნის ბუნკერში უნდა ხდებოდეს მხოლოდ საჩხრეკი ღიობებიდან. ადამიანის ჩასვლა ბუნკერში საჩხრეკად აკრძალულია. კამერების, ჩახერგვის ან ჩაკიდების მოსაცილებლად გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური სამარჯვები (ელექტროვიბრატორები, პნევმატიკური მოწყობილობა და სხვ.). ამ მიზნით ბუნკერში ადამიანის ჩასვლა დაუშვებელია.

21. შუალედური ბუნკერები, თუ ისინი არ ივსება თვითგანტვირთვადი ურიკებით, უნდა აღიჭურვოს ფენილებით. თვითგანტვირთვადი ურიკების ან რევერსიული კონვეიერების გამოყენებისას ჩამტვირთავი ღიობები იფარება გისოსებით, რომლის ნახვრეტების სიგანე უნდა იყოს არა უმეტეს 200 მმ-ისა და მათ უნდა ჰქონდეთ, სულ ცოტა, 1 მ სიმაღლის შემოღობვა.

22. დათვალიერებისა და რემონტის წინ მიმღები მოწყობილობა და ბუნკერები უნდა გათავისუფლდეს მადნისაგან და განიავდეს.

23. მიმღებ, შუალედურ და აკუმულაციის ბუნკერებში საამფეთქებლო სამუშაოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მაისის №95 დადგენილებით დამტკიცებული „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“ შესაბამისად.

24. რკინიგზის ვაგონების ან თვითსაცლელების მიწოდება ფაბრიკის კორპუსებში მათი ჩატვირთვის ან განტვირთვისათვის უნდა განხორციელდეს მხოლოდ შუქური სიგნალიზაციის (შუქნიშნის) ნებართვით, რომელსაც მართავს კორპუსის მომსახურე პერსონალი.

25. მეტალურგიული გადამუშავების ნარჩენები (მტვერი, აგლომერატის წვრილი ფრაქციების განაცერი და სხვ.) ფაბრიკაში უნდა მიეწოდოს სპეციალური თვითგანტვირთვადი ვაგონებით ან თვითსაცლელი ავტომობილებით.

26. ამტვერებადი პროდუქტების დატვირთვისას საჭიროა მტვერჩახშობის ზომების მიღება და მტვრისაგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებ