1. ელექტროინსტრუმენტი (ელექტროდრელი, ელექტროქანჩსახრახნი, ელექტროსაჭრელი, ვიბრატორი და ა.შ.) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სწრაფად უნდა ჩაირთოს და გამოირთოს ელექტროქსელიდან, არ უნდა ჩაირთოს და გამოირთოს თავისით;
ბ) იყოს უსაფრთხო მუშაობაში და ჰქონდეს შემთხვევითი შეხებისაგან მიუწვდომელი დენგამტარი ნაწილები.
2. გადასატანი ელექტროინსტრუმენტის ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) 220 ვ-ს – მოუმატებელსაფრთხიან სათავსებში;
ბ) 36 ვ-ს – მომატებულსაფრთხიან სათავსებში და სათავსებს გარეთ.
3. დამცავი ამამუშავებლის არსებობისას, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროინსტრუმენტის დისტანციურ მართვას და ქსელიდან ავტომატურ მყისიერ გამორთვას კორპუსზე შერთვისას ან ჩამამიწებელი სადენის გაწყვეტისას, დასაშვებია ელექტროინსტრუმენტის ექსპლუატაცია 220 ვ ძაბვაზე სათავსის კატეგორიის მიუხედავად, აგრეთვე სათავსს გარეთ. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს ელექტროინსტრუმენტის მუშაობა 36 ვ ძაბვაზე, დასაშვებია 220 ვ ძაბვაზე მომუშავე ელექტროინსტრუმენტის გამოყენება, ამასთან, აუცილებელია დამცავი საშუალებების (ხელთათმანები) გამოყენება და ელექტროინსტრუმენტის კორპუსის საიმედო ჩამიწება.
4. 36 ვ-ზე მეტი ძაბვის ელექტროინსტრუმენტის კორპუსს უნდა ჰქონდეს სპეციალური მომჭერი ჩამამიწებელი სადენის მისაერთებლად განმასხვავებელი ნიშნით „მიწა“.
5. მომატებულსაფრთხიან სათავსში ხელის სანათების კვებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული 36 ვ-ზე მეტი ძაბვა.
6. განსაკუთრებულსაფრთხიან სათავსებში და სათავსებს გარეთ (მუშაობა ქვაბებში, ავზებში, ცისტერნებში და ა.შ.) ხელის გადასატანი სანათების კვებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული 12 ვ-ზე მეტი ძაბვა.
7. ელექტროინსტრუმენტის მისაერთებლად განკუთვნილ შტეფსელის შეერთებებს უნდა ჰქონდეს შეხებისაგან მიუწვდომელი დენგამტარი ნაწილები და დამატებითი ჩამამიწებელი კონტაქტი.
8. 12 და 36 ვ ძაბვაზე საშტეფსელო შეერთებები (როზეტები, ჩანგლები) თავიანთი კონსტრუქციული შესრულებით უნდა განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი, 127 და 220 ვ ძაბვისთვის განკუთვნილი საშტეფსელო შეერთებებისგან და უნდა გამორიცხავდნენ 12 და 36 ვ ჩანგლების ჩართვის შესაძლებლობას 127 და 220 ვ შტეფსელის როზეტებში. 12 და 36 ვ საშტეფსელო შეერთებებს უნდა ჰქონდეს შეფერილობა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება 127 და 220 ვ საშტეფსელო შეერთებების შეფერილობისგან.
9. ელექტროინსტრუმენტი მუშაზე გაცემის წინ უნდა შემოწმდეს. ელექტროინსტრუმენტების, ხელის სანათების კორპუსზე შერთვის, სადენების იზოლაციის მდგომარეობის, ჩამამიწებელი ძარღვის (სადენის) გაწყვეტის, აგრეთვე, დამწევი ტრანსფორმატორების და სიხშირის გარდამქმნელების იზოლაციის შემოწმება ხდება მეგომმეტრით თვეში ერთხელ მაინც ელექტროუსაფრთხოებაში არანაკლებ III საკვალიფიკაციო ჯგუფის მქონე პირის მიერ. დეფექტის მქონე ელექტროინსტრუმენტის სამუშაოდ გაცემა აკრძალულია.
10. ელექტროინსტრუმენტზე სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომელთაც აქვთ არანაკლებ II საკვალიფიკაციო ჯგუფი ელექტროუსაფრთხოებაში.
11. ელექტროინსტრუმენტის ქსელთან მისაერთებლად გამოყენებულ უნდა იქნეს შლანგური სადენი. დასაშვებია გამოყენებულ იქნეს მრავალმავთულიანი მოქნილი სადენები, რომლებსაც აქვთ, სულ მცირე, 500 ვ ძაბვაზე გათვლილი იზოლაცია და მოთავსებულია რეზინის შლანგში.
12. ხელის ელექტროინსტრუმენტის ან სანათების გამოყენებისას მათი სადენები ან კაბელები შეძლებისდაგვარად უნდა ჩამოიკიდოს. სადენების და კაბელების უშუალო შეხება ცხელ, ტენიან და ზეთიან ლითონის ზედაპირთან ან საგანთან დაუშვებელია.
13. ნებისმიერი უწესივრობის გამოვლენისას ელექტროინსტრუმენტით და ხელის სანათით მუშაობა უნდა შეწყდეს.
14. ელექტროინსტრუმენტით მუშაობისას ძაბვის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში ან შესვენებისას ელექტროინსტრუმენტი ელექტროქსელიდან უნდა გამოირთოს.
15. პირს, რომელიც სარგებლობს ელექტროინსტრუმენტით, ეკრძალება:
ა) ელექტროინსტრუმენტის გადაცემა სხვა პირებზე, თუნდაც უმნიშვნელო დროით;
ბ) ელექტროინსტრუმენტის დაშლა და რემონტის ჩატარება (როგორც ელექტროინსტრუმენტის, ასევე სადენების, საშტეფსელო შეერთებების და ა.შ.);
გ) ელექტროინსტრუმენტის სადენის მოქაჩვა ან მბრუნავ მჭრელ ინსტრუმენტთან შეხება;
დ) ინსტრუმენტის მუშაობისას ან მის მთლიან გაჩერებამდე ხელით ბურბუშელის ან ნახერხის მოცილება;
ე) 2,5 მ-ზე მეტ სიმაღლეზე მუშაობა მისადგამი კიბიდან;
ვ) ქვაბების დოლების, ლითონის რეზერვუარების და ა.შ. შიგნით გადასატანი ტრანსფორმატორების და სიხშირის გარდამქმნელების შეტანა.
1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროტექნიკური დანადგარე