1. სანათები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მათი უსაფრთხო მომსახურება შეიძლებოდეს ელექტრომოწყობილობიდან ძაბვის მოუხსნელად. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება დახურული მანაწილებელი მოწყობილობის კამერებში მოთავსებულ ნათურებზე.
2. საერთო განათების სანათების კვებისათვის გამოყენებული ძაბვა 220 ვ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
3. მომატებულსაფრთხიან და განსაკუთრებულსაფრთხიან სათავსებში, როცა ვარვარის ნათურიანი სანათების დაყენების სიმაღლე იატაკიდან 2,5 მ-ზე ნაკლებია, სანათის კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს ნათურასთან შეღწევის შესაძლებლობას სპეციალური სამარჯვების გარეშე ან ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 36 ვ-ს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სანათებზე, რომელთა მომსახურება ხდება ამწეებიდან ან ბაქნებიდან, სადაც მხოლოდ კვალიფიცირებული პერსონალი შედის.
4. საამქროებში, სადაც სანათები განლაგებულია დიდ სიმაღლეზე, მათი მოსახურებისათვის დასაშვებია ხიდური ამწეების გამოყენება იმ პირობით, რომ სამუშაოები შესრულდება დიელექტრიკული ხელთათმანებით და მეორე პირის თანდასწრებით.
5. 127 – 220 ვ ძაბვის სანათები ლუმინესცენციური ნათურებით შეიძლება დაყენებულ იქნეს 2,5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე იმ პირობით, რომ გამორიცხული იქნება მათ საკონტაქტო ნაწილებთან შემთხვევითი შეხება.
6. ადგილობრივი სტაციონარული განათების ვარვარის ნათურიანი სანათების კვებისათვის გამოყენებული ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს: 220 ვ-ს – მოუმატებელსაფრთხიან სათავსებში; 36 ვ-ს –მომატებულსაფრთხიან და განსაკუთრებულსაფრთხიან სათავსებში. დასაშვებია, როგორც გამონაკლისი, 220 ვ-მდე (ჩათვლით) ძაბვის გამოყენება სპეციალური კონსტრუქციის სანათებში, თუ სანათი იდგმება მომატებულსაფრთხიან (და არა განსაკუთრებულსაფრთხიან) სათავსში ან წარმოადგენს ისეთი საავარიო განათების შემადგენელ ნაწილს, რომელიც კვებას იღებს დამოუკიდებელი დენის წყაროდან. როცა ძაბვა 36 ვ-ს აღემატება, სანათების ლითონური არმატურა ჩამიწებული უნდა იყოს.
7. სანათები 127 – 220 ვ ძაბვის ლუმინესცენციური ნათურებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი განათებისათვის იმ პირობით, რომ მათი დენგამტარი ნაწილები არ იქნება მისაწვდომი შემთხვევითი შეხებისათვის. ნესტიან, განსაკუთრებით ნესტიან, ცხელ და ქიმიურად აქტიური გარემოს მქონე სათავსებში ლუმინესცენციური ნათურების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი მოთავსებული იქნება სპეციალური კონსტრუქციის არმატურაში.
8. 36 ვ და ნაკლები ძაბვის სანათების კვებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს ტრანსფორმატორი, რომელსაც პირველადი და მეორეული ძაბვის გრაგნილები ელექტრულად განმხოლოებული აქვს.
9. აკრძალულია საერთო და ადგილობრივი განათების ისეთი არმატურის გამოყენება, რომელიც არ უზრუნველყოფს დაცვას სინათლის წყაროს მაბრმავებელი მოქმედებისაგან. აკრძალულია აგრეთვე სანათების დაკიდება და პროჟექტორების დაყენება იატაკის (ფენილის, მიწის) დონიდან ისეთ სიმაღლეზე, რომელიც არ შეესაბამება ნორმებს.
10. საწარმოო სათავსებში ღია (დაუცველი) ლუმინესცენციური ნათურების გამოყენება დაუშვებელია. გამონაკლისია სათავსები, რომლებიც არაა განკუთვნილი ადამიანების ხანგრძლივი ყოფნისათვის.
11. სანათების დაყენება და წმენდა, ნათურებისა და დნობადი მცველების გამოცვლა და ქსელის რემონტი, როგორც წესი, დასაშვებია, თუ ძაბვა გამორთულია.
12. განათების ფარების ღია დენგამტარი ნაწილები, საშტეფსელო შეერთებების, ამომრთველების, გადამრთველებისა და ჩამრაზების საკონტაქტო ნაწილები დაცული უნდა იყოს გარსაცმებით ან სახურავები