1. მუდმივი ელექტროსაშემდუღებლო სამუშაოები შენობაში უნდა სრულდებოდეს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ განიავებად სათავსში. ასეთ სათავსში აკრძალულია ადვილაალებადი ნივთიერებებისა და მასალების შენახვა.

2. ფაბრიკის განყოფილებებსა და საამქროებში შედუღების აპარატის მიერთება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ შედუღების პოსტთან, რომელიც ყოველთვის დაკეტილი უნდა იყოს კლიტით. ამ პოსტის გამოყენება სხვა მომხმარებლებისათვის აკრძალულია.

3. შედუღების აგრეგატის კორპუსი და შედუღების ტრანსფორმატორის მეორეული გრაგნილის მომჭერი, რომელსაც უერთდება ნაკეთობასთან მიმავალი სადენი (უკუსადენი), ჩამიწებული უნდა იყოს ფაბრიკის საერთო ჩამიწების კონტურით. დანადგარის რამდენიმე ნაწილის თანამიმდევრული მიერთება ჩამიწების გამტართან აკრძალულია.

4. ლითონური კონსტრუქციების, ქვაბების, რეზერვუარების შიგნით, აგრეთვე გარე დანადგარებზე (წვიმისა და თოვლის შემდეგ) მუშაობისას შემდუღებელი, გარდა სპეცტანსაცმლისა, უნდა სარგებლობდეს დამატებით დიელექტრიკული ხელთათმანებით, კალოშებითა და ხალიჩებით. დახურულ ტევადობებში მუშაობისას აუცილებელია აგრეთვე პოლიეთილენის ჩაჩქნის გამოყენება. ლითონური ფარების გამოყენება ასეთ შემთხვევებში დაუშვებელია.

5. საშემდუღებლო სამუშაოებს დახურულ ტევადობაში ასრულებს, სულ მცირე, ორი პირი, რომელთაგან ერთს აქვს საკვალიფიკაციო ჯგუფი უსაფრთხოების ტექნიკაში, დგას ამ ტევადობის გარეთ და კონტროლს უწევს შემდუღებლის მიერ სამუშაოს უსაფრთხო შესრულებას. ტევადობის შიგნით მომუშავე ელექტროშემდუღებელი სარგებლობს დამცავი ქამრით, რომლის თოკის ბოლო უჭირავს ტევადობის გარეთ მყოფ მეორე პირს.

6. დახურულ ტევადობაში საშემდუღებლო სამუშაოების შესრულებისას აუცილებელია ტევადობის უწყვეტი განიავება. თუ ვენტილაციის გამოყენება შეუძლებელია, სამუშაოები სრულდება შლანგური აირწინაღით, რომლის შლანგის სიგრძე 10 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

7. აკრძალულია შედუღების დანადგარზე რაიმე სახის სარემონტო სამუშაოს ჩატარება ძაბვის მოუხსნელად.

8. რკალური შედუღების სამუშაოს დამთავრების შემდეგ კვების წყარო გამოირთვება ქსელიდან, ელექტროსაჭერის სადენი მოიხსნება კვების წყაროდან და შეინახება თბომედეგი მასალისაგან დამზადებულ ყუთში.

9. სახელოსნოებში, კაბინებში, სამუშაო ადგილებზე გამოკიდებული უნდა იყოს მომუშავეთა თვალებისა და კანის შესაძლო დასხივების შესახებ მაფრთხილებელი პლაკატები. მუდმივი საშემდუღებლო სამუშაოების ადგილები შემოღობილი უნდა იყოს შუქშეუღწევი ფარებით ან უწვავი მასალის ფარდებით.

10. აკრძალულია საშემდუღებლო სამუშაოების წარმოება წნევის ქვეშ მყოფ დახურულ ჭურჭელზე (ქვაბები, ბალონები, მილსადენები და ა.შ.), აგრეთვე, აალებადი ან აფეთქებასაფრთხიანი ნივთიერებების შემცველ ჭურჭელზე.

11. აკრძალულია საწვავი და ადვილაალებადი სითხეებისათვის, აგრეთვე, საწვავი და აფეთქებასაფრთხიანი გაზებისათვის გამოყენებული ცისტერნების, ავზების, კასრების, რეზერვუარებისა და სხვა ტევადობების ელექტროშედუღება და ჭრა, სანამ ეს ტევადობები წინასწარ არ იქნება გულმოდგინედ გაწმენდილი, გაორთქვლილი და განიავებული გაზის მოცილებამდე. აღნიშნულ ტევადობებში საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარების ნებართვას იძლევა სამუშაოთა უსაფრთხო წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ტევადობების გაწმენდის ხარისხის პირადად შემოწმების შემდეგ.

12. ელექტროშედუღების დანადგარის ქსელთან მიერთება და გამორთვა, აგრეთვე, მეთვალყურეობა მათ წესივრულ მუშაობაზე ექსპლუატაციის დროს წარმოებს საწარმოს ელექტროტექნიკური პერსონალის მიერ.

13. შედუღების დანადგარის ქსელთან მიერთების წინ აუცილებელია მთელი დანადგარის გარე დათვალიერება და მის წესივრულობაში დარწმუნება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონტაქტებისა და ჩამიწების სადენების მდგომარეობას, მუშა სადენების იზოლაციის წესივრულობას, დამცავი საშუალებების არსებობას და წესივრულობას. რაიმე უწესივრობის გამოვლენის შემთხვევაში შედუღების დანადგარის ჩართვა აკრძალული