1. ნავთობის ბაზის ტერიტორიის ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად მუდმივად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყოს ზედაპირული და გრუნტის წყლების არინების სისტემები; სახანძრო ჰიდრანტებთან და წყალსატევებთან მისასვლელები ასეთის არსებობის შემთხვევაში; წყალმომარაგების, ხანძარქრობის, სამრეწველო და სამეურნეო-ფეკალური კანალიზაციის, დრენაჟის და თბომომარაგების სისტემები; სარეზერვუარო პარკის შემოზვინვა, გამწმენდი ნაგებობები; ტერიტორიის შემოღობვა.
2. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ღია ცეცხლის გამოყენება დაუშვებელია. საშემდუღებლო სამუშაოებისთვის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იქნეს სპეციალურად მოწყობილი მოედანი. გამოყოფილი ადგილის გარდა სხვა ტერიტორიაზე საშემდუღებლო სამუშაოების შესრულება ნებადართულია მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვით.
3. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე დაყენებულ უნდა იქნეს აკრძალულ ადგილებთან ტრანსპორტის მისვლის და თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები. თამბაქოს მოწევა შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ და სათანადო ინვენტარით აღჭურვილ ადგილებში. ნავთობის ბაზის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბაზის ტერიტორიაზე შეიძლება დაყენებულ იქნეს სხვა ამკრძალავი, მაფრთხილებელი და მაჩვენებელი ნიშნები.
4. ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე დაყენებული უნდა იქნეს საწარმოო შენობებისა და ნაგებობების (რეზერვუარების, ტუმბოების, ესტაკადის და სხვ.), საძირკვლების დაჯდომის განმსაზღვრელი სიღრმული რეპერები. მათი ექსპლუატაციის პირველ წელს საჭიროა ყოველთვიური გაზომვების ჩატარება, ხოლო შემდგომ წლებში – 6 თვეში ერთხელ.
5. მიწისქვეშა ტექნოლოგიურ მილსადენებს, წყალსადენის, კანალიზაციის და თბომომარაგების ქსელებს, კაბელებსა და სხვა კომუნიკაციებს მიწის ზედაპირზე უნდა ჰქონდეს მაჩვენებლები გადაკვეთებთან მიერთების ადგილებში.
6. ესტაკადაზე ჩასხმა-ჩამოსხმის ოპერაციების ჩატარებისას, აგრეთვე, დათვალიერებისა და რემონტის დროს ადგილობრივი განათებისათვის საჭიროა აფეთქებაუსაფრთხო შესრულების აკუმულატორული სანათების გამოყენება, რომელთა ჩართვა და გამორთვა უნდა ხდებოდეს აფეთქებასაფრთხიანი ზონის გარეთ