1. მინიმალური მანძილები ნავთობის ბაზის სარეზერვუარო პარკებიდან და ჩამოსასხამ-ჩასასხმელი მოწყობილობიდან მეზობელი საწარმოს შენობა-ნაგებობამდე, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებამდე და სხვა ობიექტებამდე უნდა აკმაყოფილებდეს პირველ დანართში მოცემულ მონაცემებს.
2. პირველ დანართში აღნიშნული მანძილები განისაზღვრება: სარეზერვუარო პარკსა და მეზობელ შენობებსა და ნაგებობებს შორის – მანძილები სარეზერვუარო პარკის მოედნის საზღვარსა და მათ გარე კედლებს ან კონსტრუქციებს შორის; რკინიგზამდე და საავტომობილო გზამდე – შესაბამისი გზის საზღვრებამდე; ჩამოსასხამ-ჩასასხმელი მოწყობილობიდან – ჩამოსხმა-ჩასხმის ესტაკადიანი რკინიგზის ლიანდაგის ღერძიდან.
3. „წესებში“ გამოყენებული მანძილები გამოითვლება ობიექტებს შორის ორთოგონალური დაშორებით.
4. დანართი 1-ში აღნიშნული მანძილები შეიძლება შემცირებულ იქნეს 2-ჯერ, თუ:
ა) შენობა-ნაგებობის კედელი, მიმართული ნავთობის ბაზის ტერიტორიის მხარეს, ყრუა და მისი ცეცხლმედეგობის ზღვარი არის, სულ ცოტა, 2 სთ;
ბ) ნავთობის ბაზის შენობა-ნაგებობები აღჭურვილია ავტომატური ხანძარქრობის ან ცეცხლის შემაკავებელი ბრანდმაუერით ან მსგავსი საშუალებით;
გ) ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე განთავსებულია მიწისქვეშა რეზერვუარები.
5. შენობები, სადაც შესაძლებელია აალებადი და მავნე აირების გამოყოფა ან დაგროვება, აღჭურვილი უნდა იყოს აირანალიზატორებით. ასეთ შენობაში გამოკრული უნდა იქნეს შესაბამისი მაფრთხილებელი წარწერები. აირსაშიში ადგილების ნუსხა და ჰაერში მავნე ნივთიერებების განსაზღვრის მიზნით მისი სინჯის აღების გრაფიკი მტკიცდება ნავთობის ბაზის ხელმძღვანელის მიერ.
6. დაუშვებელია ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ქვეშ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მილსადენების გაყვანა, იატაკქვეშა სივრცის მოწყობა.
7. ყველა საწარმოო და დამხმარე შენობა, აგრეთვე სხვა ნაგებობა, აღჭურვილი უნდა იქნეს ხანძარქრობის პირველადი საშუალებებით სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისად