1. ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში შახტების მიმართ დამატებითი მოთხოვნები XIX თავში მოცემული დებულებების ანალოგიურია.
2. მეთანის ან ნახშირის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიშ შახტებში საამფეთქებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს მხოლოდ რყევითი აფეთქებებით. რყევითი აფეთქებები ტარდება:
ა) ჰორიზონტალური, დახრილი (ზევიდან ქვევით გაყვანისას) და აღმავალი (100 -მდე დახრილი) გვირაბების გასაყვანად, აგრეთვე, წმენდით სანგრევებში ნახშირის მოსანგრევად;
ბ) 0,1 მეტრზე მეტი სიმძლავრის ნახშირის ფენების გახსნისათვის;
გ) ნახშირის ფენების გახსნისათვის, თუ მიმდინარე პროგნოზებით დადგენილია გამოტყორცნის მაჩვენებლების საშიში მნიშვნელობები ან გახსნის წინ პროგნოზირება არ ხდება;
დ) 600 მეტრის სიღრმეზე ქვიშაქვების გახსნისას, თუ პროგნოზით დადგენილია, რომ ქვიშაქვები გამოტყორცნის მხრივ საშიშია ან გახსნის წინ პროგნოზირება არ ხდება;
ე) გვირაბების გაყვანისას გამოტყორცნის მხრივ საშიშ ქვიშაქვებში;
ვ) ნახშირის მასივების შრეებრივი და არაშრეებრივი (წინმსწრები) ტორპედირებისას.
3. ფენების გახსნისას, მოსამზადებელ და წმენდით სანგრევებში, რომლებშიც გამოტყორცნის წინააღმდეგ სხვა ხერხებია გამოყენებული, ნებადართულია სამუშაოები შესრულდეს რყევითი აფეთქებებისათვის გათვალისწინებული სამუშაო რეჟიმის დაუცველად.
4. უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიშ ნახშირის ფენაში გვირაბის გაყვანისათვის, ბურღვა-აფეთქების სამუშაოების პასპორტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ნახშირის ერთდროული მონგრევა გვირაბის კვეთის მთლიან ფართობზე. თუ ერთი აფეთქების შემდეგ არ იქნა მიღწეული საჭირო კონფიგურაციის სანგრევი, გვირაბის კონტურამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს ხელმეორე რყევითი აფეთქება.
5. გეოლოგიური აშლილობის ზონებში აფეთქება ნახშირსა და ფუჭ ქანში ტარდება ერთდროულად.
6. აფეთქების მეთოდით შერეული სანგრევებით გვირაბების გაყვანისას, ფუჭი ქანის სანგრევი ნახშირისას უნდა ჩამორჩებოდეს არა უმეტეს 5 მეტრით. გვირაბების შერეული სანგრევებით გაყვანა ფუჭი ქანის წინასწარი მონგრევით ხორციელდება მხოლოდ 0,8 მეტრამდე სიმძლავრის ფენაში.
7. აკრძალულია რყევითი აფეთქებების შემდეგ სანგრევის საჭირო კონფიგურაციამდე დაყვანა ხელის დამრტყმელი ინსტრუმენტების საშუალებით.
8. თითოეული სანგრევისათვის, რომელშიც გამოიყენება რყევითი აფეთქებები, დგება და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მტკიცდება ინსტრუქცია, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი აფეთქებებისათვის საჭირო ტექნოლოგია და უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების ნუსხა. ინსტრუქციაში გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე ზედაპირზე მყოფი, რყევით აფეთქებებზე პასუხისმგებელი პირის სატელეფონო საუბრების მაგნიტოფონის ფირზე ჩაწერის აუცილებლობა.
9. ბურღვა-აფეთქების სამუშაოების პასპორტებსა და რყევითი აფეთქებების ინსტრუქციებს უნდა გაეცნოს შახტის ტექნიკური ზედამხედველი და შესაბამისი უბნების მუშები და დადასტურდეს ხელმოწერით.
10. რყევითი აფეთქების წესს და ამ სამუშაოთა შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირებს ამტკიცებს შახტის ხელმძღვანელი ბრძანებით. ექსპლუატაციაში არსებულ შახტებში, როცა ამ სამუშაოებს ასრულებს სპეციალიზებული შახტმშენებელი ორგანიზაცია, საჭიროა შახტმშენებელი და საექსპლუატაციო ორგანიზაციების ერთობლივი ბრძანება. რყევითი აფეთქებები რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რომლის ფორმას ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი. რყევითი აფეთქების ადგილი და დრო (განცხადების სახით), აფეთქების დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი ცვლისა, უნდა ეცნობოს მიწისქვეშა გვირაბებში მომსახურე ყველა მუშაკს.
11. რყევითი აფეთქების მომზადებისა და ჩატარებისათვის შახტის ხელმძღვანელის ბრძანებით ინიშნება სანგრევში აფეთქების უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო მიწის ზედაპირზე – რყევითი აფეთქებისათვის პასუხისმგებელი პირი. რყევითი აფეთქების მომზადებას და ჩატარებას ხელმძღვანელობს იმ უბნის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, სადაც ამგვარი აფეთქებები ტარდება.
12. რყევით აფეთქებებს ასრულებს ამფეთქებელი ტექნიკური ზედამხედველის (უბნის უფროსის ან მისი მოადგილის) თანდასწრებით. ამფეთქებლებს და ტექნიკურ ზედამხედველს უნდა ჰქონდეთ საიზოლაციო თვითმაშველები და ინდივიდუალური გასანათებელი მოწყობილობა, რომლებშიც ჩამონტაჟებული უნდა იყოს მეთანის შემცველობის გადამწოდები.
13. რყევითი აფეთქების შემდეგ არა უადრეს 30 წუთისა, ტექნიკური ზედამხედველი და ამფეთქებლი ათვალიერებენ გვირაბსა და სანგრევს. ტექნიკური ზედამხედველი სანგრევის მიმართულებით უნდა მიდიოდეს ამფეთქებელზე 3 მეტრით წინ და ზომავდეს მაღაროს ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციას. თუ მეთანის კონცენტრაცია 2% და მეტი აღმოჩნდა, ისინი ვალდებული არიან დაბრუნდნენ გვირაბში სუფთა ჰაერის ნაკადზე. ნახშირის ან გაზის შესაძლო გამოტყორცნის შემთხვევისათვის, შახტის ხელმძღვანელი წინასწარ ამტკიცებს გვირაბის დეგაზაციის ღონისძიებებს
მუხლი 72. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში შახტებისათვის
თავი XX — ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში შახტები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 2%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 33. ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადება
- მუხლი 34. უსაფრთხო მანძილის ნორმა ხალხისათვის
- მუხლი 35. ხალხისათვის უსაფრთხო მანძილების (ზონების)
- მუხლი 36. უსაფრთხო მანძილები შენობა-ნაგებობებისათვის, მექანიზმებისათვის
- მუხლი 37. უსაფრთხო მანძილი შემინვისათვის
- მუხლი 71. მუხტების აფეთქება
- მუხლი 73. სახიფათო ზონა
- მუხლი 74. ფენების გახსნა და სანგრევები
- მუხლი 75. დამატებითი მოთხოვნები სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენებისათვის (ქანებისათვის)
- მუხლი 76. დამატებითი მოთხოვნები ნავთობის შახტებისათვის
- მუხლი 77. დამატებითი მოთხოვნები სამთამადნო და არამადნეული მრეწველობის გაზისა და მტვრის მხრივ საშიში ობიექტებისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 72, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-72/