1. მეთანის ან ნახშირის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიშ შახტებში საამფეთქებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს მხოლოდ რყევითი აფეთქებებით. რყევითი აფეთქებები უნდა ჩატარდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ფენების გახსნისას, მოსამზადებელ და  წმენდით სანგრევებში, რომლებშიც გამოტყორცნის წინააღმდეგ სხვა ხერხებია გამოყენებული, ნებადართულია სამუშაოები შესრულდეს რყევითი აფეთქებებისათვის გათვალისწინებული სამუშაო რეჟიმის დაუცველად.

3. უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიშ ნახშირის ფენაში გვირაბის გაყვანისათვის, ბურღვა-აფეთქების სამუშაოების პასპორტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ნახშირის ერთდროული მონგრევა გვირაბის კვეთის მთლიან ფართობზე. თუ ერთი აფეთქების შემდეგ არ იქნა მიღწეული საჭირო კონფიგურაციის სანგრევი, გვირაბის კონტურამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს ხელმეორე რყევითი აფეთქება.

4. გეოლოგიური აშლილობის ზონებში აფეთქება ნახშირსა და ფუჭ ქანში უნდა ჩატარდეს ერთდროულად.

5. აფეთქების მეთოდით შერეული სანგრევებით გვირაბების გაყვანისას, ფუჭი ქანის სანგრევი ნახშირისას უნდა ჩამორჩებოდეს არა უმეტეს 5 მეტრით. გვირაბების შერეული სანგრევებით გაყვანა ფუჭი ქანის წინასწარი მონგრევით უნდა განხორციელდეს მხოლოდ 0,8 მეტრამდე სიმძლავრის ფენაში.

6. აკრძალულია რყევითი აფეთქებების შემდეგ სანგრევის საჭირო კონფიგურაციამდე დაყვანა ხელის დამრტყმელი ინსტრუმენტების საშუალებით.

7. თითოეული სანგრევისათვის, რომელშიც გამოიყენება რყევითი აფეთქებები, უნდა შედგეს და საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდეს ინსტრუქცია, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი აფეთქებებისათვის საჭირო ტექნოლოგია და უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების ნუსხა. ინსტრუქციაში გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე ზედაპირზე მყოფი, რყევით აფეთქებებზე პასუხისმგებელი პირის სატელეფონო საუბრების ჩაწერის აუცილებლობა.

8. ბურღვა-აფეთქების სამუშაოების პასპორტებსა და რყევითი აფეთქებების ინსტრუქციებს უნდა გაეცნოს შახტის ტექნიკური ზედამხედველი და შესაბამისი უბნების მუშები და დადასტურდეს ხელმოწერით.

9. რყევითი აფეთქების წესს და ამ სამუშაოთა შესრულებისათვის  პასუხისმგებელ პირებს ამტკიცებს შახტის ხელმძღვანელი ბრძანებით. ექსპლუატაციაში არსებულ შახტებში, როცა ამ სამუშაოებს ასრულებს სპეციალიზებული შახტმშენებელი ორგანიზაცია, უნდა გამოიცეს შახტმშენებელი და საექსპლუატაციო ორგანიზაციების ერთობლივი ბრძანება. რყევითი აფეთქებები რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რომლის ფორმას ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი. რყევითი აფეთქების ადგილი და დრო (განცხადების სახით), აფეთქების დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი ცვლისა, უნდა ეცნობოს მიწისქვეშა გვირაბებში მომსახურე ყველა მუშაკს.

10. რყევითი აფეთქების მომზადებისა და ჩატარებისათვის შახტის ხელმძღვანელის ბრძანებით ინიშნება სანგრევში აფეთქების უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო მიწის ზედაპირზე - რყევითი აფეთქებისათვის  პასუხისმგებელი პირი. რყევითი აფეთქების მომზადებას და ჩატარებას ხელმძღვანელობს იმ უბნის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, სადაც ამგვარი აფეთქებები ტარდება.

11. რყევით აფეთქებებს ასრულებს ამფეთქებელი ტექნიკური ზედამხედველის (უბნის უფროსის ან მისი მოადგილის) თანდასწრებით. ამფეთქებლებს და ტექნიკურ ზედამხედველს უნდა ჰქონდეთ საიზოლაციო თვითმაშველები და ინდივიდუალური გასანათებელი მოწყობილობა, რომლებშიც ჩამონტაჟებული უნდა იყოს მეთანის შემცველობის გადამწოდები.

12. რყევითი აფეთქების  სულ ცოტა,  30 წუთის შემდეგ, ტექნიკურმა ზედამხედველმა და ამფეთქებლმა უნდა დაათვალიერონ გვირაბი და სანგრევი. ტექნიკური ზედამხედველი სანგრევის მიმართულებით უნდა მიდიოდეს ამფეთქებელზე 3 მეტრით წინ და ზომავდეს მაღაროს ატმოსფეროში მეთანის კონცენტრაციას. თუ მეთანის კონცენტრაცია 2 % და მეტი აღმოჩნდა, ისინი ვალდებული არიან დაბრუნდნენ გვირაბში სუფთა ჰაერის ნაკადზე. ნახშირის ან გაზის შესაძლო გამოტყორცნის შემთხვევისათვის, შახტის ხელმძღვანელი წინასწარ ამტკიცებს გვირაბის დეგაზაციის ღონისძიებებ