„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.02.2017
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/41/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 39) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მის მიმდებარედ ოცი მეტრის რადიუსში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალული ზოლის განსაზღვრისა და აღნიშნულ ზოლში გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პატიმრობის კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ხორცილდება ცვლილება, რომლითაც დგინდება პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრში გარკვეული აკრძალვები, ადინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეები პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრში დადგენილი წესების დარღვევისათვის. აგრეთვე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონის შესაბამისობაში მოყვანა პატიმრობის კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრში გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ზემოაღნიშნული მიზნით, პატიმრობის კოდექსში ხორცილდება ცვლილება, რომლითაც დგინდება პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალული ზოლის განსაზღვრის წესი და აგრეთვე, აღნიშნულ ზოლში გარკვეული აკრძალვები. თანმდევი ცვლილება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც განისაზღვრება ადინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახეები პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრში დადგენილი წესების დარღვევისათვის და აგრეთვე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები. შესაბამისად, საჭიროა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება, რომლითაც აიკრძალება შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში და მის მიმდებარედ 20 მეტრის რადიუსში. აღსანიშნავია, რომ კანონის დღეს არსებული რედაქცია ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულებების შენობებსა და შესასვლელიდან ოცი მეტრის ფარგლებში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების აკრძალვას, თუმცა ამ ტიპის აკრძალვა, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებების ნორმალურ ფუნქციონირებას, იქიდან გამომდინარე, რომ დაწესებულების დამცავი ღობის ნებისმიერი მონაკვეთის სიახლოვეს, მსგავსი ღონისძიებების გამართვა, საფრთხის შემცველია. პროექტის მიხედვით, კანონის მე-9 მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომლის თანახმად, იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში და მის მიმდებარედ, ოცი მეტრის რადიუსში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 9 1. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე: ა) საქართველოს პროკურატურის, პოლიციის, პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართალდამცავი ორგანოების შენობები; ბ) რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები. 2. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. 3. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება. 4 . ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი. 5. სასამართლო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზედაც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირების, დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებისა და მიზნით სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.