„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.09.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/75/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 58 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგ ყველა წილის/აქციის ერთი პარტნიორის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ეს საზოგადოება ხდება ერთი პირის სამეწარმეო საზოგადოება. ამის შესახებ ინფორმაცია და პარტნიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში უნდა აისახოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში - ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილი წესით და უნდა იყოს ხელმისაწვდომი საჯაროდ.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი: „მუხლი 92. სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციებისგამოშვება სამეწარმეო საზოგადოებამ შესაძლოა გამოუშვას ობლიგაციები ამ კანონის 591 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 3. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. ცნება. საზოგადოების აქციები 1. სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობის აქციებად. აქცია არის რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. 2. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც დაუშვებელია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება (აქციების ნომინალური ღირებულება). სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. 3. რეგისტრირებული აქცია წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 928-ე მუხლით განსაზღვრულ რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს. 4. თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო ფასიანი ქაღალდებია, აქციები უნდა იყოს დემატერიალიზებული, გარდა სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. დემატერიალიზებული აქციების ფლობა და მიმოქცევა, ისევე როგორც ასეთ აქციებზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ იმავე კანონის შესაბამისად, დემატერიალიზებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციის ფლობა დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. 5. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ, ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. თუ აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, საზოგადოებამ რეესტრი უნდა აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით. თუ სააქციო საზოგადოება აქციონერთა რეესტრს აწარმოებს თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი. თუ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციის ფლობა დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. ეს პუნქტი არ ეხება იმ სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციები დემატერიალიზებულია, აგრეთვე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საინვესტიციო კომპანიას, რომლის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესი იმავე კანონით განისაზღვრება.“. 4. 534 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რეგისტრირებულ აქციათა რეესტრის მწარმოებელი პირი ან დემატერიალიზებული აქციების შემთხვევაში - „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცენტრალური დეპოზიტარი/ანგარიშის მწარმოებელი (ამ მუხლის მიზნებისათვის – „რეგისტრატორი“) სასამართლოს მიერ დადგენილ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღამდე არაუგვიანეს 5 დღისა აქციათა ყველა მფლობელს, რომელთა ვინაობა და ადგილსამყოფელი ცნობილია, აწვდის ინფორმაციას აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების, გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღისა და ძირითადი პროცედურების თაობაზე (თუ ისინი ცნობილია), ხოლო აქციათა მფლობელებისათვის, რომელთა ვინაობა ან/და ადგილსამყოფელი უცნობია, აღნიშნულ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით ადგენს გამოსყიდვის რეესტრს, რომელიც არის მასთან არსებულ აქციათა ყველა მფლობელის სია, მათი ვინაობის, მისამართისა და მათ მფლობელობაში არსებული აქციების რაოდენობის მითითებით, თუ ეს შესაძლებელია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აქციის მფლობელის ვინაობის ან/და მისამართის დაზუსტება შეუძლებელია, რეგისტრატორი გამოსყიდვის რეესტრში შესაბამის ჩანაწერს (კომენტარს) აკეთებს. მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულ ქმედებათა დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის, გამოსასყიდი თანხის სრულად დეპონირების დამადასტურებელი დოკუმენტის) წარმოდგენის საფუძველზე რეგისტრატორი ყველა აქციას მყიდველის სახელზე გადააფორმებს. აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებულ რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას უვადოდ განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს, რომლის მიხედვითაც მოხდება აღნიშნული სპეციალური ანგარიშიდან თანხების გაცემა მყიდველისგან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე.“. 5. 54-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აქციონერს შეუძლია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად წინასწარ მიიღოს კრებაში მონაწილეობის უფლებისა და მის განკარგულებაში არსებულ ხმათა რაოდენობის დასტური. იგი კრების მუშაობაში მონაწილეობს პირადობის მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის და აქციათა რეესტრის მონაცემების, ან იმ ფინანსური ინსტიტუტის, მათ შორის „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშის მწარმოებლის ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერის საფუძველზე, რომლებიც აქციას ფლობენ აქციონერის სასარგებლოდ. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33 პუნქტები: „31. სააქციო საზოგადოების წესდებით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას აქციონერის ვალდებულება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში. 32. თუ საერთო კრებაზე ხმას აძლევს მესამე პირი, გარდა აქციონერისა, შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს იმ აქციონერის იდენტიფიკაცია, რომელმაც გასცა ხმის მიცემის დავალება, თუ ეს წესდებით ან ემისიის პირობებითაა გათვალისწინებული. თუ მესამე პირი ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, მას შეიძლება არ მიეცეს ხმის მიცემის უფლება. 33. სავალდებულო არ არის იმ დავალების ნამდვილობის შემოწმება, რომლის საფუძველზეც მესამე პირი იღებს მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში.“; გ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ პუნქტი: „გ1) მიიღოს გადაწყვეტილება აქციების დემატერიალიზაციის თაობაზე;“. 6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 მუხლი: „მუხლი 591. სააქციო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციების გამოშვება 1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია გამოუშვას ობლიგაციები. ობლიგაციის მფლობელთა უფლებები და ვალდებულებები სააქციო საზოგადოების მიმართ განისაზღვრება ობლიგაციების გამოშვების პირობებით. 2. ობლიგაციების გამოშვების პირობებით ან წესდებით შესაძლებელია აგრეთვე დადგინდეს ცალკეული უფლებამოსილებანი, რომლებსაც განახორციელებს ობლიგაციის მფლობელთა კრება, ობლიგაციის მფლობელების სახელით. ეს უფლებამოსილებები შეიძლება უკავშირდებოდეს სესხის რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ობლიგაციების გამოშვების პირობებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. 3. ობლიგაცია გულისხმობს სააქციო საზოგადოების მიმართ ფულად მოთხოვნას. 4. ობლიგაცია შესაძლოა გამოშვებული იყოს პერიოდული პროცენტის (კუპონი) გადახდის პირობით ან მის გარეშე. 5. ობლიგაცია შესაძლოა მოიცავდეს სხვა უფლებებსაც, მათ შორის, აქციებში კონვერტაციის უფლებას ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 6. ობლიგაციების გამოშვების პირობები თან უნდა დაერთოს პროსპექტს ან იმ ეკვივალენტურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოხდა ობლიგაციების გამოშვება. ობლიგაციის შეძენით, პირი თანხმდება ობლიგაციების გამოშვების პირობებს.”. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები ვალდებულნი არიან იმოქმედონ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც ქმნის ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართულ სამართლებრივ მექანიზმს და აღმოფხვრის ფასიანი ქაღალდების ფლობის მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზებს. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ცვლილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ საჭიროა დარეგულირდეს აქციების ფორმის საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ კანონი განმარტავდეს სააქციო საზოგადოებათა რეგისტრირებულ და დემატერიალიზებულ აქციებს და აწესრიგებდეს რეგისტრირებული / დემატერიალიზებული აქციის მფლობელის მიერ კორპორაციული უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით აუცილებელია დგინდებოდეს სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციების გამოშვების საფუძვლები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი სიცხადე, გამართული იქნება სააქციო საზოგადოებათა აქციების ფლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო და დარეგულირებული იქნება სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციებისგამოშვების საკითხები, რაც წაახალისებს მითითებული ფასიანი ქაღალდების გამოყენებას ემიტენტების მიერ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება კანონის 51-ე მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას. სწორედ ამ მუხლის ცვლილებით განისაზღვრება აქციის ფორმა და დადგინდება, რომ აქცია არის რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი. ამასთან, განიმარტება, რომ რეგისტრირებული აქცია წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 928-ე მუხლით განსაზღვრულ რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდს. მითითებული ცვლილებით განისაზღვრება, რომ დემატერიალიზებული აქციების ფლობა და მიმოქცევა, ისევე როგორც ასეთ აქციებზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი დეტალურად დარეგულირდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით. რაც შეეხება რეგისტრირებული აქციების ფლობას და მიმოქცევას, აღნიშნულს დეტალურად მოაწესრიგებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი (სააქციო საზოგადოების ფორმით ჩამოყალიბებული საინვესტიციო კომპანიის მიერ ემიტირებული ერთეულების (აქციების) ნაწილში) და მათ საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი წესები. კანონპროექტი აგრეთვე ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულოა აქციების დემატერიალიზებული ფორმით არსებობა, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (სავალდებულო დემატერიალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უფრო ამომწურავად დაარეგულირებს შესაბამისი სექტორული კანონმდებლობა, კერძოდ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებული ერთეულების კუთხით აგრეთვე -„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი). შესაბამისად, კანონპროექტი ადგენს ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო ფასიანი ქაღალდებია, მაშინ აქციები უნდა იყოს დემატერიალიზებული, ხოლო თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო არაა და ამავდროულად აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, მაშინ საზოგადოებამ რეესტრი უნდა აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით (იმ სააქციო საზოგადოებებთან მიმართებით, რომლებსაც 50-ზე მეტი აქციონერი ჰყავთ, ანალოგიურ ვალდებულებას დამოუკიდებელი რეგისტრატორის დანიშვნის თაობაზე ითვალისწინებს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტიც). თუ სააქციო საზოგადოების აქციები საჯარო არაა და ამასთან აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოებას შეუძლია აწარმოოს აქციათა რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ, მართალია, დემატერიალიზების ვალდებულება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სააქციო საზოგადოების აქციები საჯაროა, თუმცა ეს არ უზღუდავს სააქციო საზოგადოებას უფლებას, საკუთარი სურვილით მოახდინოს აქციათა დემატერიალიზაცია. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი 54-ე მუხლის მე-6 პუნქტის ცვლილებით, აქციების დემატერიალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საერთო კრების კომპეტენციად განისაზღვრება. რაც შეეხება აქციის ფორმის მიხედვით აქციების ფლობის, მიმოქცევისა და საკუთრების უფლების დადასტურების საკითხებს, კანონპროექტი ამ მიმართულებითაც ითვალისწინებს შესაბამის რეგულირებას. როგორც აღინიშნა, დემატერიალიზებული აქციების ფლობა და მიმოქცევა, ისევე როგორც მათზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კანონპროექტი აზუსტებს, რომ, თუ „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დემატერიალიზებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციის ფლობა დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. მეორე მხრივ, რეგისტრირებულ აქციებთან მიმართებით, განისაზღვრება, რომ დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით სააქციო საზოგადოების აქციონერთა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების მიხედვით. თუ სააქციო საზოგადოება აქციონერთა რეესტრს აწარმოებს თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი. თუ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციის ფლობა დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. ვინაიდან, როგორც ზემოთ იქნა აღწერილი, კანონპროექტი ითვალისწინებს აქციის ფორმის და მათი ფლობის განსხვავებულ რეგულირებას (დემატერიალიზებული აქციების შემთხვევაში), აქციათა რეესტრიც ყველა შემთხვევაში ისეთი ფორმით აღარ იქნება წარმოებული, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს. ამან შესაბამისი ცვლილებები მოითხოვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის რამდენიმე მუხლში, კერძოდ აქციათა რეესტრზე მითითება შესწორდა კანონის 58 მუხლის მე-2 პუნქტსა და 534 მუხლის მე-4 პუნქტში. ცვლილება მოითხოვა ასევე კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტმაც, სადაც დამატებით განისაზღვრა, რომ აქციონერი კრების მუშაობაში მონაწილეობს იმ ფინანსური ინსტიტუტის (მათ შორის „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშის მწარმოებლის ან ნომინალური მფლობელის) ჩანაწერის საფუძველზე, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, კანონპროექტით დამატებით განსაზღვრულიყო აქციონერის ვალდებულებები მისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შესახებ, ასევე აქციონერის იდენტიფიკაციის მოთხოვნის უფლებამოსილება და დავალების ნამდვილობის შემოწმებისაგან გათავისუფლების საკითხი. კერძოდ დადგინდა, რომ სააქციო საზოგადოების წესდებით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას აქციონერის ვალდებულება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის ჯაჭვში. ვინაიდან „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის თანახმად, ფასიანი ქაღალდების ფლობა შესაძლებელია არაპირდაპირ ანგარიშის მწარმოებლების მეშვეობით და ამასთან, შესაძლებელია არსებობდეს ფლობის რამდენიმე საფეხური, კანონპროექტით განისაზღვრა აქციონერის ვალდებულება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ამ ჯაჭვში მან დაადასტუროს საკუთარი უფლება. ასევე, თუ საერთო კრებაზე ხმას აძლევს მესამე პირი, გარდა აქციონერისა, შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს იმ აქციონერის იდენტიფიკაცია, რომელმაც გასცა ხმის მიცემის დავალება, თუ ეს წესდებით ან ემისიის პირობებითაა გათვალისწინებული. თუ მესამე პირი ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, მას შეიძლება არ მიეცეს ხმის მიცემის უფლება. გარდა ამისა, სავალდებულო არ იქნება იმ დავალების ნამდვილობის შემოწმება, რომლის საფუძველზეც მესამე პირი იღებს მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში, რაც გულისხმობს იმას, რომ დავალების მართლზომიერად შედგენისა თუ გაყალბების შეფასებაში ემიტენტი არ შედის, არამედ ამოწმებს მხოლოდ იმას, არსებობს თუ არა შესაბამისი დავალება, რომლის საფუძველზეც მესამე პირი მონაწილეობს ხმის მიცემის პროცესში. კანონპროექტით შემოტანილი მნიშვნელოვანი სიცხადე უკავშირდება კანონში სამეწარმეო საზოგადოებათა მიერ ობლიგაციების გამოშვების საფუძვლების გაჩენას. ამ მიზნით, კანონს ემატება 591 მუხლი, რომლის თანახმად სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია გამოუშვას ობლიგაციები (თუ ობლიგაციებს უშვებს სხვა ტიპის სამეწარმეო საზოგადოება, მაგალითად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კანონპროექტით შემოთავაზებული 92 მუხლის თანახმად, აგრეთვე გავრცელდება 591 მუხლით დადგენილი წესები). ობლიგაციის მფლობელთა უფლებები და ვალდებულებები სააქციო საზოგადოების მიმართ განისაზღვრება მათი გამოშვების პირობებით. ობლიგაცია გულისხმობს სააქციო საზოგადოების მიმართ ფულად მოთხოვნას. ობლიგაციების გამოშვების პირობები თან უნდა დაერთოს პროსპექტს ან იმ ეკვივალენტურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც მოხდა მათი გამოშვება. ობლიგაციის შეძენით, პირი თანხმდება მათი გამოშვების პირობებს. ამასთან, ობლიგაცია შესაძლოა გამოშვებული იყოს პერიოდული პროცენტის (კუპონი) გადახდის პირობით ან მის გარეშე. ობლიგაცია შესაძლოა მოიცავდეს სხვა უფლებებსაც, მათ შორის, აქციებში კონვერტაციის უფლებას კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ობლიგაციების გამოშვების პირობებით ან წესდებით შესაძლებელია აგრეთვე დადგინდეს ცალკეული უფლებამოსილებანი, რომლებსაც განახორციელებს ობლიგაციის მფლობელთა კრება, ობლიგაციის მფლობელების სახელით. ეს უფლებამოსილებები შეიძლება უკავშირდებოდეს სესხის რესტრუქტურიზაციას, აგრეთვე ობლიგაციების გამოშვების პირობებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, სავალდებულო გახდება საჯარო ფასიანი ქაღალდების (ამ შემთხვევაში - საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების, კერძოდ აქციების) დემატერიალიზაცია, ე. ი. მოხდება მათი „პორტირება“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორიდან ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. გარდა ამისა, ახალ ემიტენტებს შეეძლებათ საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები გამოუშვან მხოლოდ ცენტრალურ დეპოზიტარში, ნაცვლად ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისა. თუმცა ამ ეტაპისათვის რთულია იმის განსაზღვრა დაზუსტებით, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული ცვლილება ემიტენტებისათვის ხარჯების გაზრდას, ვინაიდან ცენტრალური დეპოზიტარისათვის მომსახურების საფასურის ანაზღაურებით გამოწვეულ ხარჯებს დააბალანსებს ის დაზოგილი ხარჯები, რომელთა გაწევაც დაეკისრებოდა ემიტენტს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მომსახურების ასანაზღაურებლად (რაც შეეხება კერძო (არასაჯარო) აქციების გამოშვებასა და ფლობას, ემიტენტებს და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეებს კანონპროექტის საფუძველზე არ დაეკისრებათ რაიმე სახის ფინანსური ტვირთი). გარკვეულ (თუმცა არა მნიშვნელოვან) ფინანსურ გავლენას მოახდენს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებზე, რომლებიც დღეს 4 კომპანიის სახით არიან წარმოდგენილი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. კერძოდ, რეგისტრატორების მომსახურების სფეროში დარჩება მხოლოდ კერძო შეთავაზების გზით განთავსებული აქციების რეესტრის წარმოება. აქედან გამომდინარე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები ვეღარ მიიღებენ საჯარო აქციათა რეესტრის წარმოებიდან შემოსავალს1, აღნიშნული კი გამომდინარეობს საჯარო ფასიანი ქაღალდების მიმოქცევისა და მათგან გამომდინარე უფლებების განხორციელების სათანადო მოწესრიგების საჭიროებიდან. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები დაკარგავენ გარკვეული რაოდენობის კლიენტებს და შეუმცირდებათ შემოსავლები, თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მომსახურების საფასურზე, რომელიც რეგისტრატორებსა და კლიენტებს შორის დადებული შეთანხმების საგანია და ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით რეგისტრატორები დაახლოებით 1000-მდე ფასიანი ქაღალდების ემიტენტის რეესტრს აწარმოებენ, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, მხოლოდ 40-მდე ემიტენტს აქვს გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები, ხოლო აღნიშნული ემიტენტების მხოლოდ ნახევარს აქვს გამოშვებული საჯარო აქციები. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი შეეხება სწორედ აღნიშნულ საწარმოებს, რომლებსაც გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ საკუთარი საჯარო ფასიანი ქაღალდები (კერძოდ აქციები) გადაიტანონ ცენტრალურ დეპოზიტარში (ე. ი. განახორციელონ აქციათა დემატერიალიზაცია). რეგისტრატორების მომსახურების სფეროში კი დარჩება კერძო შეთავაზების გზით განთავსებული აქციების რეესტრის წარმოება. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად ბაზარზე არსებულ ემიტენტებს და მათ მიერ განხორციელებულ საჯარო თუ კერძო შეთავაზებას, წინასწარ თუ რა გავლენას მოახდენს კანონპროექტის შედეგად განსახორციელებელი ცვლილებები რეგისტრატორებზე, რთულია დადგინდეს ორი მთავარი მიზეზის გამო: 1) ბაზარი არ არის ლიკვიდური და ფასიანი ქაღალდებით გარიგებები (რაც რეგისტრატორების შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა) არ ხასიათდება კონკრეტული ტენდენციებით, რომელთა მიხედვითაც, არსებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა რეგისტრატორების შემოსავლების ცვლილების განსაზღვრა; ასევე, წინასწარ შეუძლებელია მოხდეს საჯარო ფასიანი ქაღალდების სამომავლო ემისიის პროგნოზირება, რაც რეგისტრატორების შემოსავლის კიდევ ერთი წყაროა და რომელთან დაკავშირებული მომსახურებაც კანონპროექტის 1 2020 წლის 29 ივნისს მიღებული კანონით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხორციელებული ცვლილებებით ცალკეული კატეგორიის პრივატიზებულ საწარმოებს მოეხსნა ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი, რის შედეგადაც მხოლოდ 40-მდე ემიტენტი დარჩა, რომლებსაც გააჩნიათ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი და მათგან უშუალოდ 21 არის ისეთი საწარმო, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო აქციები. ამოქმედების შემდეგ აღარ იქნება რეგისტრატორის საქმიანობის ნაწილი; 2) კანონპროექტი სავალდებულოდ ასახელებს საჯარო აქციების დემატერიალიზაციას და, ამასთან, იძლევა შესაძლებლობას კერძო აქციებიც გახდეს დემატერიალიზებული და შესაბამისად გადავიდეს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში. შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენი კლიენტი/ემიტენტი დარჩება რეგისტრატორთან და რამდენი გადაწყვეტს კანონპროექტის ფარგლებში ისარგებლოს ანგარიშის მწარმოებლისა თუ ცენტრალური დეპოზიტარის მომსახურებით (ამჯობინებენ ახალ ეფექტურ და დაცულ სისტემას თუ უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას), რთულია და დამოკიდებულია მრავალ განსხვავებულ ფაქტორზე. ამასთან, აღნიშნულის საპირისპიროდ, საბროკერო კომპანიებს, ცენტრალურ დეპოზიტარს და ფინანსურ ინსტიტუტებს გაეზრდებათ შემოსავალი, რადგანაც კანონპროექტის შესაბამისად სავალდებულო ხდება საჯარო აქციების დემატერიალიზაცია (ე. ი. მათი ცენტრალური დეპოზიტარის მეშვეობით გამოშვება და ფლობა საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ გახსნილ ფასიანი ქაღალდის ანგარიშებზე). მართალია, ბაზარზე 8 საბროკერო კომპანია, 15 კომერციული ბანკი და 1 ცენტრალური დეპოზიტარი მოქმედებს, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საბროკერო კომპანიები და ცენტრალური დეპოზიტარი წარმოადგენენ მთავარ სუბიექტებს და ისინი უწევენ მომსახურებას ემიტენტებსა და ინვესტორებს, შესაბამისად კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მათ შემოსავალზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს; ამასთან, შემოსავლების ოდენობა დამოკიდებული იქნება მომსახურების ხარჯებზე, რაც ანგარიშის მწარმოებლებსა და მათ კლიენტებს შორის დასადები ხელშეკრულების საგანი იქნება და სამომავლოდ დადგინდება ბაზრის განვითარების კვალდაკვალ. პოზიტიური ფინანსური გავლენა ფინანსურ ინსტიტუტებზე კიდევ უფრო თვალსაჩინოა იმ პირობებში, რომ, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, კერძო ფასიანი ქაღალდებიც ნებაყოფლობით შესაძლოა დაექვემდებაროს დემატერიალიზაციას და შესაბამისად ცენტრალურ დეპოზიტარში აღრიცხვას. რაც შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების (საჯარო აქციების) მფლობელებს, სავარაუდოდ, მათზე მნიშვნელოვან ფინანსურ გავლენას არ იქონიებს კანონპროექტი, ვინაიდან ანგარიშის მწარმოებლის მიერ მათთვის გაწეული მომსახურების (ანგარიშის გახსნა, წარმოება) საფასურის ასანაზღაურებელ ხარჯებს დააბალანსებს ის დაზოგილი ხარჯები, რომელთა გაწევაც დაეკისრებოდა საჯარო ფასიანი ქაღალდის მფლობელს რეგისტრატორის მომსახურების ასანაზღაურებლად. ასევე, აღსანიშნავია, რომ არსებული კანონმდებლობით საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების დადება (თუ გარიგება არ იდებოდა გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით) არ შეიძლება საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობის გარეშე, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა დაემატოს რეგისტრატორის მომსახურების ხარჯიც, თუ შესაბამისი ფასიანი ქაღალდი ნომინალურ მფლობელობაში არ არის გადაცემული. კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ რეგისტრატორთან დამატებითი რეგისტრაციის ხარჯის გაწევა საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს აღარ მოუწევთ და ყველა ოპერაცია თავისთავად ანგარიშის მწარმოებლის (საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის) საშუალებით/მონაწილეობით განხორციელდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია იდენტიფიცირდეს რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება შეამციროს კანონპროექტის ფინანსური გავლენა საჯარო ფასიანი ქაღალდის (კერძოდ, საჯარო აქციების) მფლობელებზე: 1) ფასიანი ქაღალდის მფლობელებს უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ ის ანგარიშის მწარმოებელი, რომელიც მათ გაუწევთ კასტოდიანურ მომსახურებას. ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, აღნიშნული დადებით გავლენას მოახდენს მათ მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებულ კომერციულ პირობებზე; 2) თუ ფასიანი ქაღალდის მფლობელი ფასიან ქაღალდს ამჟამად ფლობს ნომინალური მფლობელის მეშვეობით, მას, როგორც წესი, ექნება შესაძლებლობა შეუფერხებლად გააგრძელოს ფასიანი ქაღალდის ფლობა აღნიშნული ნომინალური მფლობელის საშუალებით; 3) საჯარო ფასიანი ქაღალდის მფლობელებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ფლობას ახორციელებენ უშუალოდ რეგისტრატორში გახსნილ ანგარიშზე (ნომინალური მფლობელის გარეშე), არსებული კანონმდებლობით ეკისრებათ ვალდებულება საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგება დადონ მხოლოდ საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობით (გარდა გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორების მონაწილეობით დადებული გარიგებისა)2. ხარჯი, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებას უკავშირდება, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ იქნება ანგარიშის მწარმოებლისათვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის ნაწილი. რაც შეეხება საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიერ გასაწევი/დაზოგილი ხარჯების რაოდენობრივ განსაზღვრას, აღნიშნული მახასიათებლების იდენტიფიცირება, მათი კომპლექსურობიდან გამომდინარე, რთულია. რაც შეეხება სამეწარმეო საზოგადოების მიერ ობლიგაციების გამოშვებას, აღნიშნული ცვლილება ემსახურება მხოლოდ სამართლებრივი სიცხადის შემოტანას აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მიმართ, რაც შესაძლო სამართლებრივ რისკებს დააზღვევს, არ წარმოშობს დამატებით ხარჯებს და არ ადგენს ახალ ვალდებულებებს. მეტიც, სამართლებრივი სიცხადე უზრუნველყოფს ასეთი ფასიანი ქაღალდების გამოშვების წახალისებას და შესაბამისად მეტი ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობას გაუჩენს სამეწარმეო საზოგადოებებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: 2 აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტი, კერძოდ მასში შემავალი კანონპროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ითვალისწინებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების გაუქმებას საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგების დადებისას საბროკერო კომპანიის ან სხვა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის მონაწილეობის შესახებ, ვინაიდან „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის“ შესახებ კანონის პროექტიდან გამომდინარე ყველა საჯარო ფასიანი ქაღალდის ფლობა განხორციელდება უშუალოდ ცენტრალური დეპოზიტარის (თუკი ინვესტორი ამავდროულად არის სისტემის მონაწილე) ან არაპირდაპირ სხვა ანგარიშის მწარმოებლის მეშვეობით, რაც თავისთავად გამორიცხავს საბროკერო კომპანიის ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობის გარეშე ფასიან ქაღალდზე გარიგების დადებას. კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)-ის ექსპერტებმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. და მდგრადი განვითარების სამინისტრო და