„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2021
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/75/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-10-05
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 259-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის დადგენილი წესით. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლების წარმოშობა ხდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“; 2. 452-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება 1. ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიუხედავად, ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყდება, თუ ვალდებულება გამომდინარეობს სასესხო ფასიანი ქაღალდიდან და ემიტენტი აღნიშნულ ფასიან ქაღალდს შეიძენს. ემიტენტის მიერ საკუთარი სასესხო ფასიანი ქაღალდის ფლობისას ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ გავიდა ამ ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა ან ემიტენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, ემიტენტის გადაწყვეტილება ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ასახვის მომენტიდან. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასესხო ფასიანი ქაღალდების ფლობიდან გამომდინარე სხვა უფლებების რეალიზაციის მიზნებისთვის ემიტენტის მფლობელობაში არსებული სასესხო ფასიანი ქაღალდები მხედველობაში არ მიიღება, ხოლო პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება, პროცენტის გადაუხდელად. 3. 777-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 777. გვაროვნული ნივთის მიბარების თავისებურებანი 1. თუ მიბარებულია გვაროვნული ნივთი ისე, რომ საკუთრება შემნახველზე უნდა გადავიდეს, ხოლო შემნახველი ვალდებულია დააბრუნოს იმავე გვარის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, მაშინ გამოიყენება სესხის ხელშეკრულების შესაბამისი ნორმები. 2. ფასიანი ქაღალდების მიბარებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული შეთანხმება ნამდვილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშეკრულებით პირდაპირ იყო გათვალისწინებული.“. 4. ოცდამეოთხე თავის III ქვეთავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „III. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები“. 5. 928-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 928. ცნება 1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი არის ფასიანი ქაღალდი, რომელზე საკუთრებაც დასტურდება ემიტენტის მიერ ან ემიტენტის სახელით წარმოებულ რეესტრში ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაციის გზით. 2. თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების გადაცემა ხდება რეესტრში ან ნომინალურ მფლობელთან შესაბამისი ჩანაწერის შეტანით.“. 6. 929-ე მუხლი ამოღებულ იქნას. 7. ოცდამეოთხე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV ქვეთავი: „IV. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები მუხლი 9291. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ცნება და მათგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები 1. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით. მათი ბრუნვა და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების საქართველოს კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით. ფლობის შესახებ“ 2. ემიტენტს შეუძლია დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს ამ ფასიანი ქაღალდიდან. 3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ოცდაათ წელს ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომელიც ქმნის ფასიანი ქაღალდების ფლობის გამართულ სამართლებრივ მექანიზმს და აღმოფხვრის ფასიანი ქაღალდების ფლობის მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ხარვეზებს. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: როგორც აღინიშნა, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით. ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს რეფორმა მოითხოვს მრავალ მოქმედ კანონში ცვლილებათა შეტანას, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში. ერთი მხრივ, აუცილებელია კოდექსში გასწორდეს ის ხარვეზები, რაც ფასიან ქაღალდებთან მიმართებით გაუმართავ რეგულირებასთანაა დაკავშირებული, ხოლო, მეორე მხრივ, საჭიროა კოდექსს დაემატოს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული მოწესრიგება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი სიცხადე და გამართული იქნება ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის ახალი რედაქცია დაადგენს, რომ ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის დადგენილი წესით. დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლების წარმოშობა ხდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ კოდექსის მოქმედი ჩანაწერის თანახმად, საჯარო ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი განისაზღვრება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, თუმცა ეს უკანასკნელი დაგირავების წესის რეგულირებას არ ახდენს. რაც შეეხება რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს, მათთან მიმართებით ძალაში რჩება დღეს არსებული მიდგომა, რომლის თანახმადაც ფასიანი ქაღალდების რეესტრის მეშვეობით ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლების წარმოშობას დეტალურად არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლში, რომელიც ადგენს ვალდებულების შეწყვეტას იმ შემთხვევისთვის, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. აღნიშნულ მუხლს ემატება მე-2 და მე-3 ნაწილები, რომლებიც, მეტი სიცხადისათვის, აკონკრეტებს, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება გამომდინარეობს სასესხო ფასიანი ქაღალდიდან და ემიტენტი აღნიშნულ ფასიან ქაღალდს შეიძენს. ფასიანი ქაღალდების ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს რა იგი არა მხოლოდ ვალდებულებით-სამართლებრივ, არამედ სანივთო-სამართლებრივ ფენომენსაც და ექვემდებარება ნივთებისათვის დამახასიათებელი ბრუნვის რეჟიმს, შეუსაბამოა სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლით განმტკიცებული წესი, რასაც ცხადყოფს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ემიტენტს შეუძლია შეისყიდოს მის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი (ამ ფასიანი ქაღალდის „გაუქმების“ გარეშე) და შემდგომში იგი მესამე პირზე გაასხვისოს. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, რომ, ვიდრე სასესხო ფასიან ქაღალდს ფლობს თავად ემიტენტი, პროცენტის დარიცხვა უნდა გაგრძელდეს პროცენტის გადაუხდელად (რაც ლოგიკურია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კრედიტორი და მოვალე ერთი და იგივე პირია. დარიცხული პროცენტის მოთხოვნის უფლება შესაბამისად ექნება იმ პირს, რომელიც ემიტენტისაგან შემდგომში შეიძენს იმავე ფასიან ქაღალდს). კანონპროექტით იცვლება კოდექსის ოცდამეოთხე თავის III ქვეთავი. აღნიშნული ქვეთავის მოქმედი რედაქცია ბუნდოვანია. იგი ეხება „პირად ფასიან ქაღალდებს“, რომელშიც უნდა იგულისხმებოდეს რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები. კანონპროექტით ცალსახად დგინდება, რომ ქვეთავი აწესრიგებს რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს და შესაბამისად იცვლება 928-ე მუხლის რედაქციაც. 928-ე მუხლის კანონპროექტით წარმოდგენილი რედაქციის თანხმად, რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი არის ფასიანი ქაღალდი, რომელზე საკუთრებაც დასტურდება ემიტენტის მიერ ან ემიტენტის სახელით მესამე პირის (ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი) მიერ წარმოებულ რეესტრში რეგისტრაციის გზით. თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების გადაცემა ხდება ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ნომინალურ მფლობელთან შესაბამისი ჩანაწერის შეტანით. უფრო დეტალურად რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ბრუნვის რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ადგენს, რომ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით (book-entry). მათზე საკუთრების უფლება დასტურდება სისტემის ამონაწერით. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გაჩნდა, რომლის წყალობითაც აღარაა საჭირო ფასიანი ქაღალდების მატერიალური ფორმით ფლობა ან მათი რეგისტრაცია. ეს საშუალებას იძლევა ყოველდღიურად ფასიან ქაღალდებზე მარტივად განხორციელდეს უამრავი ტრანზაქცია, რაც კაპიტალის ბაზრების სწრაფი განვითარებისა და საბოლოოდ, ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა მიჰყვებოდეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას და არეგულირებდეს დემატერიალიზებულ ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შესაბამის ცვლილებას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსის ოცდამეოთხე თავისათვის IV ქვეთავის დამატებას. იგი დაადგენს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ცნებასა და მათგან წარმოშობილი უფლებებისა და ვალდებულებების საკითხს, კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები არსებობს მხოლოდ ანგარიშზე ჩანაწერის სახით. მათი ბრუნვა და მისგან წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით. 9291 მუხლის მე-2 ნაწილი გაითვალისწინებს, რომ ემიტენტს შეუძლია დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის მფლობელს წარუდგინოს მხოლოდ ისეთი შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს ამ ფასიანი ქაღალდიდან. ამასთან, 9291 მუხლის მე-3 ნაწილით განისაზღვრება დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეადგენს ოცდაათ წელს ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებულ განზრახვის წერილთან (‘Letter of Intent’), რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება ფასიანი ქაღალდების ფლობის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის საფუძველზე, ცალკეული კატეგორიის ფასიანი ქაღალდებიდან (კერძოდ, დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდებიდან), გამომდინარე მოთხოვნებზე იზრდება ხანდაზმულობის ვადა 30 წლამდე. მოქმედი კანონმდებლობით, ფასიანი ქაღალდების რეესტრის მეშვეობით ემიტირებული ფასიანი ქაღალდებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ზოგადი ვადები ვრცელდება. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, როდესაც აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ნაწილი (მაგ., საჯარო ფასიანი ქაღალდები) დაექვემდებარება დემატერიალიზაციას ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში გადატანის გზით, გაიზრდება შესაბამისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა უფლებრივ მდგომარეობაზე და, პირიქით, დამატებით ტვირთს დააკისრებს ემიტენტს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)-ის ექსპერტებმა ტექნიკური დახმარების ფარგლებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა, თუმცა კანონპროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა აგრეთვე გერმანიისა და ლუქსემბურგის გამოცდილება. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. და მდგრადი განვითარების სამინისტრო და