გადაწყვეტილება №27965/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.10.2026
№ დოკუმენტი 27965/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27965/2/2026

20 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 15.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27965/2/2026).

 

დავის საგანი:

1. მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ჩათვლა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად;

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-603 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17542 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 839 514,06 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 488 913,70

დღგ - 36 799,02

საშემოსავლო გადასახადი - 452 114,68

ჯარიმა - 237 361,10

საურავი - 113 239,26

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ექსკლუზიური სამომხმარებლო საქონლით საცალო ვაჭრობა ონლაინ მაღაზიისა და აგენტების ქსელის (რეგიონალური ცენტრები) გამოყენებით.

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-603 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10878 ბრძანებით, საჩივარი, კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №006- 603 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10878 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.06.2026 წლის №27443/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17542 ბრძანებით დაბრუნებული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ჩათვლა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია დამოუკიდებლად ყიდულობს საქონელს ძირითადად თ.ი.ზ-ში რეგისტრირებული პირისგან - ------- (სნ -------), საქონელი ბუღალტრულ პროგრამაში აღირიცხება ბალანსზე (1610 ანგარიშებზე). საქონლის სარეალიზაციოდ კომპანია იყენებს 1) ელექტრონულ პლატფორმას (ონლაინ მაღაზიის საშუალებით); 2) რეგიონალური ცენტრების ანუ აგენტების ქსელის საშუალებით (შპს საწარმოები) - აგენტების მიერ საქონლის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარებებით. საქონელი საწარმოს ბალანსზე რჩება მანამ, სანამ არ მოხდება მისი საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება. ანგარიშსწორებისთვის კი გამოიყენება სალარო აპარატები, POS ტერმინალები და საბანკო გადარიცხვები. აგენტების მომსახურება სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს მყიდველების მართვასა და მოძიებაზე მიმართული საქმიანობის ფართო სპექტრს, პრეზენტაციების მოწყობას პოტენციური მყიდველებისთვის და სხვა.

საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში კომპანია მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებებს დებს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მყიდველების მოზიდვას პრეზენტაციების, პირადი მოლაპარაკებების, სემინარების, თემატური მასტერკლასების და სხვა საშუალებებით. პირების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა ფასდება საწარმოს კუთვნილ შიდა აღრიცხვის პროგრამაში (IVS) რომლის საშუალებითაც ხდება გადასახდელი თანხების გენერირებაც. ჯამში მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება შეადგენს 1 869 953 ლარს, ხოლო გადახდილია 1 808 459 ლარი. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა ფიზიკური პირების ინდ. მეწარმედ და მცირე მეწარმედ რეგისტრირების პერიოდები, საქმიანობის განახლების პერიოდები, შპს ------- მიერ მომსახურების სანაცვლოდ ჩარიცხული თანხების პერიოდები, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების პერიოდები, ასევე აღნიშნული პირების მიერ მიღებული შემოსავლების დეკლარირების საკითხი და დადგინდა, რომ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების ინდ. მეწარმედ/მცირე მეწარმედ რეგისტრაციის/საქმიანობის განახლების პერიოდები ემთხვევა მათ მიერ მომსახურების გაწევის პერიოდსა და სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებების პერიოდებს. ამასთან, აღნიშნული პირები ან საერთოდ არ ადეკლარირებენ, ან ძირითად შემთხვევაში ადეკლარირებენ შპს ------- მიღებულ თანხებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე ფიქსირდებიან შპს ------- დაქირავებულ პირებადაც და ასევე, შპს ------- აგენტების დირექტორებადაც (რეგიონალური ცენტრების მიხედვით). საგადასახადო შემოწმების პროცესში, ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული კითხვარიც, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ შესრულებული სამუშაოების დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კვალიფიკაციის საკითხს და დადგინდა, რომ შპს ------- სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შპს ------- მიერ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხება გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 მაისის №10878 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტისთვის მიცემული დავალება, კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები (მათ შორის, შპს „-------“ აგენტი კომპანიების დირექტორები), გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება მართლზომიერია, ხოლო გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ამასთან, საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 23 ივლისს 11:30 საათზე ჩანიშნული იყო საჩივრის განხილვა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2026 წლის 3 აგვისტოს ელექტრონულად მიიღეს სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება - 31.07.2026 წლის №17542 ბრძანება შპს -------საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (დანართი №1).

თავდაპირველი, 27.01.2026 წლის საჩივარი შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა ნაწილობრივ 15.05.2026 წლის №10878 ბრძანებით (დანართი №2), რომელიც დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრდა ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში საბჭო). საბჭომ იმსჯელა მათ მიერ წარდგენილი საჩივრით ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რის საფუძველზეც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჩივარში წარმოდგენილი სადავო საკითხებიდან უნდა დაკმაყოფილდეს მე-2 და მე-3 საკითები. კერძოდ, არასწორად მიიჩნია მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად ჩათვლა და ამ მცირე მეწარმეების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და აღნიშნულის გამო საჩივარი ამ ნაწილებში ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს (დანართი №3).

შემოსავლების სამსახურმა 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე ხელახლა განიხილა საბჭოდან დაბრუნებული საჩივარი, მაგრამ ფაქტობრივად ყოველგვარი დასაბუთებისა და რაიმე არგუმენტის გარეშე არ დააკმაყოფილა საჩივარი და სადავო საკითხებზე მიიღო იდენტური გადაწყვეტილება, რაც ჰქონდა წინა გადაწყვეტილებით მიღებული. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია მხოლოდ ქრონოლოგია: საჩივრის მიღების, შემოწმების ჩატარების, მოთხოვნები და არგუმენტები, საბჭოს არგუმენტების, საბჭოს უფლებების, მისი გადაწყვეტილების შესახებ და თავისი გადაწყვეტილება გადმოცემულია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ ერთი ფრაზით, რომ შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელი არ ესწრებოდა საჩივრის განხილვას და სადავო ორივე საკითხზე ფაქტობრივად გაიმეორე იგივე, რაც თავდაპირველ გადაწყვეტილებაში იყო მოცემული.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17542 ბრძანება მიაჩნია არაკანონიერად და ითხოვს მის ბათილობას.

გასაჩივრებულია აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-603 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 839.514,06 ლარი. მათ შორის გადასახადის თანხა შეადგენს 488.913,70 ლარს, ჯარიმა - 237.361,10 ლარს, ხოლო საურავი - 113.239,26 ლარს (დანართი №4).

საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 29.12.2025 წლის №28736 ბრძანება (დანართი N5), ხოლო ბრძანების გამოცემის საფუძველია 2025 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი (დანართი №6).

აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მათი საჩივრის გადაანგარიშება და გამოცემულია კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა (დანართი №7), რომლითაც აუდიტის დეპარტამენტმა შეასრულა მიღებული დავალება, მაგრამ საგადასახადო ვალდებულება მაინც ერიცხება არასწორად ზედმეტი ოდენობით, რადგანაც საბჭოს მიერ დასაკმაყოფილებელ საკითხებზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით შემოწმების შედეგებს არ დაეთანხმნენ, რადგანაც გამოცემული ადმინისტრაციული აქტები მიაჩნია არაკანონიერად მათი შინაარსობრივი და ასევე პროცესუალური უსწორობის გამო.

შემოწმებისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული ნორმები.

ამდენად, საკანონმდებლო ნორმების დარღვევის გამო, თავიდანვე არაკანონიერი იყო შემოწმების შესახებ ბრძანებაც და შესაბამისად არაკანონიერია მათ საფუძველზე შედგენილი 26.12.2025 წლის შემოწმების აქტი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს თანხების დარიცხვის შესახებ 29.12.2025 წლის №28736 ბრძანების და №006-603 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად განხორციელებულ დარიცხვებს არ ეთანხმება სამართლებრივი, პროცესუალური დარღვევების გამოც და შინაარსობრივი საკითხებიდან გამომდინარეც. შესაბამისად ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006- 603 საგადასახადო მოთხოვნისა და №28736 ბრძანების ბათილობას შემდეგი გარემოებების გამო:

1. პროცესუალური არაკანონიერება.

აუდიტის დეპარატამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანება კამერალური შემოწმების შესახებ არაკანონიერია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრული კონკრეტულ საკითხზე ანუ კამერალური საგადასახადო შემოწმება კანონმდებლობის თანახმად შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტულ ერთ საკითზე, რომელიც განისაზღვრება ბრძანებით.

შემოწმების ბრძანებაში არ არის მითითებული ეს ერთი კონკრეტული საკითხი, ხოლო ფაქტობრივად შემოწმება ჩატარდა და 26.12.2025 წლის შემოწმების აქტი შედგა არა ერთ კონკრეტულ საკითხზე, არამედ კანონის მოთხოვნის დარღვევითა და საწინააღმდეგოდ რამოდენიმე, ზოგადად ყველა მოქმედი გადასახადების დაბეგვრის საკითხებზე. 26.12.2025 წლის შემოწმების აქტი შედგა 14.05.2025 წლის №9512 ბრძანების საფუძველზე (დანართი №8) და შემოწმების აქტში (მე-5 გვერდი) მოცემულია, რომ ჩატარდა სრული შემოწმება სხვადასხვა გადასახადების მიხედვით და არა რაიმე კონკრეტული თემის/საკითხის. 2025 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა სწორედ ზემოაღნიშნული, უკანონო ბრძანების საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ 26.12.2025 წლის აქტი წარმოადგენს 29.12.2025 წლის №28736 ბრძანების და №006-603 „საგადასახადო მოთხოვნის“ საფუძველს.

სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებული მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვს. ვინაიდან შემოწმების შესახებ ბრძანება არაკანონიერია, 26.12.2025 წლის შემოწმების აქტს იურიდიული ძალა არ აქვს და შესაბამისად მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარატამენტის 29.12.2025 წლის №28736 ბრძანება და №006-603 საგადასახადო მოთხოვნა“ ექვემდებარება ბათილობას.

აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მისი განუხილველად დატოვების შესახებ, რაც არაკანონიერია.

შემოსავლების სამსახურმა შეგნებულად თავი აარიდა და არ იმსჯელა მომჩივნის არგუმენტებზე, რადგანაც მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილ არგუმენტაციაზე საფუძვლიანი სამართლებრივი პასუხი. აღნიშნულიდან გამომდინარე საკითხი შემოატრიალა ისე, რომ თითქოსდა საჩივრდებოდა შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანებები, რომლის გასაჩივრების ვადაც გასულია. საკითხი ასე არ დგას და ამ ბრძანებების ბათილობა არ მოუთხოვია. აფიქსირებს, რომ ეს ბრძანებები კანონსაწინააღმდეგოა და ის ფაქტი, რომ მათი ბათილობა არ მოთხოვნილა შესაბამის ვადაში ამით ისინი კანონიერი ვერ გახდებოდა. შესაბამისად უტყუარი ფაქტია, რომ შემოწმება ჩატარდა არაკანონიერად, ხოლო არაკანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია

დიახ! ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას კანონი და კანონის დარღვევით ჩატარებული შემოწმების შედეგს - შემოწმების აქტს, ზემოაღნიშნულის თანახმად იურიდიული ძალა არ აქვს.

ამდენად, მთელი ეს პროცესი: შემოწმება, შემოწმების აქტის გამოცემა, მის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გამოცემა არის უკანონო, რადგანაც არ არსებობს შემოწმების დაწყების კანონიერი საფუძველი - საგადასახადო კოდექსით მკაცრად განსაზღვრული შემოწმების დაწყების საფუძველი - შესაბამისი ბრძანება. უკანონო ბრძანება კი იმის მიუხედავად, რომ ის არ გასაჩივრებულა კანონიერად ვერ „გადაიქცევა“. დავის განმხილველმა აღნიშნული, შემოწმების ბრძანებების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს და უარყოს მათ მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არა ის, რომ უარგუმენტობის გამო თავი აარიდოს მსჯელობას და საკითხი ხელოვნურად დატოვოს განუხილველად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება ექვემდებარება ბათილობას მათი შინაარსობრივი განხილვის გარეშე. რაც შეეხება შინაარსობრივ უსწორობებს:

2. შინაარსობრივი უსაფუძვლობა

შემოწმების შედეგად დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უკავშირდება იმ გარემოებას, რომ შემოწმებამ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით შეცვალა სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია. კერძოდ, კომპანიისთვის მომსახურების გამწევი ფიზიკური პირები ჩათვალა არა მომსახურების გამწევებად, არამედ დაქირავებულ პირებად და მათზე გადახდილი თანხები დაბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20% განაკვეთით. აღნიშნულის მიზეზად შემოწმების აქტში მოცემულია ის გარემოება, რომ ფიზიკური პირები ------- (-------) და ------- (-------) ადრეულ წლებში წარმოადგენდნენ შპს ------- დასაქმებულ პირებს და იღებდნენ ხელფასს. ასევე აქტში აღნიშნულია, რომ თითქოსდა: „შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული კითხვარიც, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ შესრულებული სამუშაოების დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კვალიფიკაციის საკითხს და დადგინდა, რომ შპს ------- სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად“.

შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული სრულიად უსაფუძვლო მიდგომიდან გამომდინარე გაანგარიშებულია დამატებით დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი:

ა) საშემოსავლო გადასახადი შემოწმების აქტით დარიცხულია 452115 ლარი, რადგანაც 27 მცირე მეწარმეზე 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდში მომსახურებაზე გადახდილი თანხა 1.808.459 ლარი (დანართი №9) ჩათვალა, როგორც ხელფასად გაცემულად.

ბ) დამატებული ღირებულების გადასახადი შემოწმებით დარიცხულია 36 799 ლარის ოდენობით. აღნიშნულიც დარიცხულია ზემოთ მოცემული მიდგომის შედეგად და იმის გამო, რომ მცირე მეწარმეები ------- (-------) და ------- (-------) წარმოადგენენ დღგ-ის გადამხდელებს და გაუქმდა მათ მიერ შპს ------- გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები.

შემოწმების შედეგად ამგვარი მიდგომა მიაჩნია ყოვლად უსაფუძვლოდ და არაკანონიერად შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო ორგანოს არ შეუძლია შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის შინაარსი. სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად მას მხოლოდ ფორმის შეცვლა შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირები ახორციელებენ მომსახურების გაწევას, რაც შემოწმების აქტშივეა აღწერილი - „აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მყიდველების მოზიდვას პრეზენტაციების, პირადი მოლაპარაკებების, სემინარების, თემატური მასტერკლასების და სხვა საშუალებებით“.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტში მოცემულია არასწორი, ფაქტი იმის შესახებ, რომ თითქოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული კითხვარით „------- სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად“.

შემოსავლების სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფით სწორედაც აქტში მოცემულის საპირისპიროდ მიღებულია შედეგი, რომ ფ/პირები ------- და ------- ახორციელებენ მომსახურების გაწევას და აღნიშნულს მინიჭებული აქვს მტკიცებულების ფორმა (იხილეთ დანართი №10).

არასწორია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს ------- და ------- 2022 წლამდე სამუშაოებს ასრულებდნენ, როგორც დასაქმებულები, ხოლო შემდგომი პერიოდიდან, როგორც მცირე მეწარმეები.

საგადასახადო ორგანოს მტკიცება, რომ ------- (პ/ნ -------) და ი. ------- (პ/ნ -------) შემოწმების პერიოდშიც (2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე) იყვნენ დასაქმებულები, ფუნდამენტურად არასწორია და არ ასახავს ურთიერთობის რეალურ ბუნებას.

კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს პირები ორგანიზაციაში 2022 წლის 1 იანვრიდან აღარ არიან დასაქმებულები. ისინი, სხვა მცირე მეწარმეების მსგავსად, წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ კონტრაქტორებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ დადგენილი წესით და ახორციელებდნენ მომსახურებას სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულებებით. მათი საქმიანობა განხორციელდა დამოუკიდებლად, კომპანიის მიმართ ყოველგვარი ადმინისტრაციული დაქვემდებარების გარეშე, საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. ურთიერთობის წინა ბუნება, რომელიც აუდიტის პერიოდამდე არსებობდა, არ შეიძლება იყოს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების შრომით ურთიერთობებად გადაკვალიფიცირების საფუძველი აუდიტის პერიოდში, რადგან მათი სამართლებრივი ფორმა და ფაქტობრივი შინაარსი განსხვავებულია. კერძოდ: 2022 წლის 1 იანვრამდე ------- და ------- მოქმედებდნენ როგორც ფიზიკური პირები და იყვნენ კომპანიის მაღაზიის თანამშრომლები, ასრულებდნენ საქონლის საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამუშაო ფუნქციებს.

2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ------- და ------- სარგებლობენ მცირე მეწარმეების სტატუსით, რომლებიც, სხვა ინდივიდუალური მცირე მეწარმეების მსგავსად, შპს „-------“-ს აწვდიან სრულიად განსხვავებულ მომსახურებას, კერძოდ, მარკეტინგულ მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ისინი არასდროს ასრულებდნენ როგორც თანამშრომლები.

შემოწმების მიდგომა არსებითად არასწორია, რადგანაც მცირე მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევა არსებითად განსხვავდება დასაქმებულის საქმიანობისაგან. კლიენტის, შპს „-------“ მიერ კონტრაქტორებთან: მცირე ბიზნესებთან (მცირე მეწარმეებად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებთან) დადებული მარკეტინგული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები (შემდგომში - ხელშეკრულება) არ მიეკუთვნება შრომითი ხელშეკრულების კატეგორიას. ხელშეკრულების შესრულება არ წარმოადგენს შრომით ურთიერთობას. ეს ხელშეკრულება მიეკუთვნება მომსახურების ხელშეკრულების კატეგორიას და რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხოლო მარკეტინგული მომსახურება სსკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის „რ“ პუნქტის თანახმად ითვლება მომსახურებად. ამასთან, მარკეტინგული მომსახურება მიეკუთვნება „მცირე ბიზნესის“ სტატუსს, ბრუნვის 1%-ის ოდენობით გადასახადის განაკვეთით.

ხელშეკრულების საგანი მოიცავს კონკრეტულ დავალებას იმ საქმიანობის სერიის შესახებ, რომლის შესრულებასაც კონტრაქტორი იღებს კლიენტის, შპს „-------“ მოთხოვნით, მიზნად ისახავს კლიენტის პროდუქციის პოპულარიზაციას, გაყიდვების ტერიტორიის სტიმულირებას, შენარჩუნებას და გაფართოებას, ასევე კლიენტის პროდუქციის გაყიდვების მოცულობის გაზრდას. ხელშეკრულების მხარეებს აქვთ საკუთარი უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული და დამოუკიდებლად მოქმედებენ მის შესასრულებლად.

კონტრაქტორი კლიენტს სთავაზობს შემდეგ მარკეტინგულ მომსახურებას:

ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად:

- კლიენტის მიერ გაყიდული პროდუქციის მყიდველების იდენტიფიცირება და მოზიდვა მოლაპარაკებების, პრეზენტაციების, სემინარების, სატელეფონო და პირადი საუბრების და ა.შ. მეშვეობით;

- მყიდველების იდენტიფიცირება და მოზიდვა ინტერნეტით, მათ შორის სოციალური მედიით, მყისიერი შეტყობინებებით და ა.შ.;

- პოტენციური მყიდველებისთვის სანდო და სრული ინფორმაციის მიწოდება კლიენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტის, მომხმარებლის თვისებების და სხვა მახასიათებლების, ასევე კლიენტის დისტრიბუციის პოლიტიკის შესახებ;

- მყიდველებისგან კონტრაქტორის (პარტნიორის) სტრუქტურის ფორმირება და მისი ორგანიზაციული და საინფორმაციო სამუშაოების მართვა პოტენციური მყიდველების მოზიდვის აქტივობის გაზრდის მიზნით პროდუქტის გაყიდვების გაზრდის მიზნით;

პარტნიორ ჯგუფში არსებული პირების საქმიანობის ზედამხედველობა შესყიდვების მაქსიმალური მოცულობის უზრუნველსაყოფად.

ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად:

- საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორს შეუძლია მომხმარებლის მოთხოვნით უზრუნველყოს დამატებითი მარკეტინგული მომსახურება.

მომსახურების საბოლოო შედეგია მომხმარებლის პროდუქციის შეძენა კონტრაქტორისა და კონტრაქტორის მიერ დაქირავებული პირების მიერ და მომხმარებლის ბრუნვის ზრდა. მომხმარებელი იხდის მომსახურების საბოლოო შედეგს ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად. კონტრაქტორს უფლება აქვს, შეძლებისდაგვარად, მომსახურების გაწევაზე დახარჯული დროის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მომსახურება. კონტრაქტორის ვალდებულებაა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, უზრუნველყოს მომსახურების საჭირო მოცულობა განსაზღვრულ ვადებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრება მომსახურების შედეგების საფუძველზე. შპს „-------“ არ მართავს კონტრაქტორებს და არ აკონტროლებს მომსახურების გაწევაზე დახარჯულ დროს. კონტრაქტორები არ ექვემდებარებიან შპს „-------“ შიდა სამუშაო რეგულაციებს (საქართველოს შრომის კოდექსის 14-ე და 23-ე მუხლები). მომსახურების დასრულების შემდეგ (მომსახურების მიწოდების შედეგი), დგება მარკეტინგული მომსახურების აქტი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი იღებს მომსახურების მოცულობას და ხარისხს. ხელშეკრულება იდება კონკრეტული მომსახურების მიწოდებისთვის საბოლოო ხელშეკრულებით.

ხელშეკრულება იდება კონტრაქტორსა და მომხმარებელს (შპს „-------“) შორის და არა კონტრაქტორსა და მომხმარებელს შორის. კონტრაქტორი იტოვებს უფლებას უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, ამ შემთხვევაში ანაზღაურება არ გადაიხდება მომსახურების შეუსრულებლობის პერიოდებისთვის. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება არ არის ფიქსირებული ხელფასი და დამოკიდებულია მხოლოდ გაწეული მომსახურების მოცულობაზე. გაწეული მომსახურების მოცულობა განისაზღვრება და პირდაპირ დამოკიდებულია მომხმარებლისგან (შპს „-------“) შეძენილი პროდუქციის მოცულობაზე თავად კონტრაქტორის, ასევე კონტრაქტორის მიერ კონტრაქტორის სტრუქტურაში დასაქმებული მხარეების (მყიდველების) მიერ. შპს „-------“ აწარმოებს მყიდველების, პარტნიორ ჯგუფებში შემავალი მხარეების ჩანაწერებს და ყველა მყიდველის მიერ „-------“-ს საქონლის (პროდუქტების) ყველა შესყიდვის ჩანაწერებს. ამ ჩანაწერების საფუძველზე კონტრაქტორი აფასებს გაწეულ მომსახურებას შესაბამის საზომ ერთეულში. მყიდველების აღრიცხვა, ყველა მყიდველის მიერ შესყიდვების ჯამური რაოდენობა და კონტრაქტორის მომსახურების შეფასება ხორციელდება ავტომატურად, შიდა საინფორმაციო სისტემის (------- პროგრამული პაკეტის) გამოყენებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის გადახდა არასდროს ხდება წინასწარ. ეს ფუნდამენტურად განსხვავდება შრომითი ხელშეკრულებისგან, რომლის მიხედვითაც დასაქმებული არ არის ვალდებული შეიძინოს პროდუქცია დამსაქმებლისგან.

გარდა ამისა, შესაბამისი შეთანხმება არ შეიცავს ინფორმაციას ხელფასის, დანამატების ან სამუშაოს შესრულების წახალისების ოდენობის შესახებ (საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლი) და არც გადახდის პროცედურის შესახებ, რადგან კლიენტსა და კონტრაქტორს შორის ურთიერთობა არ წარმოადგენს შრომით ურთიერთობას.

გაწეული მომსახურების ღირებულება არ არის ფიქსირებული და დამოკიდებულია კონკრეტულ შედეგზე. ანაზღაურების ოდენობა გამოითვლება ინდივიდუალურად, ვარიაციებით, რაც დამოკიდებულია კონტრაქტორის მიერ მოზიდული მყიდველების საბოლოო რაოდენობასა და მათ ბრუნვაზე.

გაწეული მომსახურების გადახდის თარიღები, როგორც ერთი და იგივე კონტრაქტორთან სხვადასხვა პერიოდისთვის, ასევე სხვადასხვა კონტრაქტორთან იმავე პერიოდში, არ ემთხვევა, რაც მიუთითებს გადახდის მკაფიო და ერთიანი გრაფიკის არარსებობაზე. ერთი და იგივე კონტრაქტორისთვის სხვადასხვა პერიოდისთვის გადახდები არ შეიძლება ჩაითვალოს შედარებად, რადგან კონტრაქტორის ანაზღაურების ოდენობა სხვადასხვა პერიოდისთვის განსხვავდება და დამოკიდებულია გაწეული მომსახურების მოცულობაზე. საჩივარს თან ერთვის „2022 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტამდე პერიოდისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების შემაჯამებელი ცხრილები“ (იხ. დანართი N9), სადაც ნათლად არის მითითებული პერიოდები, როდესაც კონტრაქტორებისთვის გადახდა არ განხორციელებულა, თუ კონტრაქტორები არ აწვდიდნენ მომსახურებას, ასევე სხვაობა კონტრაქტორის ანაზღაურებას შორის სხვადასხვა პერიოდისთვის და იმავე პერიოდისთვის სხვადასხვა კონტრაქტორებთან.

ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შეთანხმება არ შეიცავს რაიმე დებულებას სამუშაო რეგულაციებთან დაკავშირებით. კონტრაქტორები არ ექვემდებარებიან კომპანიის შიდა რეგულაციებსა და სამუშაო გრაფიკს და კონტრაქტორებისთვის არ არსებობს ფიქსირებული სამუშაო საათები ან დასვენების პერიოდები (საქართველოს შრომის კოდექსის 14-ე მუხლი). მათზე არ ვრცელდება „სამუშაო დღის“, „დასვენების დღის“, „დღესასწაულების“, „ცვლის“, „ზეგანაკვეთური სამუშაოს“ და ა.შ. ცნებები. შეთანხმება არ აკონკრეტებს სამუშაო ადგილს და არ იძლევა ინფორმაციას სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ. ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დებულებას სოციალური გარანტიების, ანაზღაურებადი შვებულების (საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლი, VI თავი), ავადმყოფობის შვებულების ან სამედიცინო შემოწმების გავლის უფლების შესახებ (საქართველოს შრომის კოდექსის 29-ე მუხლი). ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დებულებას მომსახურების შეუსრულებლობისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ წარმოადგენს შპს „-------“-ს ძირითადი საქმიანობის ნაწილს. შპს „-------“ ყიდის ექსკლუზიურ სამომხმარებლო საქონელს საერთაშორისო ------- სავაჭრო ნიშნით საბოლოო მომხმარებლებისთვის (ფიზიკური პირებისთვის) ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, რომელსაც მართავს აგენტების ქსელი (რეგიონული ცენტრები). მარკეტინგული მომსახურების მიწოდება პირდაპირ არ არის დაკავშირებული კლიენტის საქმიანობასთან, რადგან ეს არის დამხმარე მომსახურება გაყიდვების პროცესისთვის. გარდა ამისა, კლიენტის ინტერესი მესამე მხარის კონტრაქტორების მომსახურების მიწოდების მიმართ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მომსახურებას აწვდიან სხვადასხვა პირები სხვადასხვა არხების გამოყენებით პოპულარიზაციისა და გაყიდვების ტერიტორიის გაფართოებისთვის.

კონტრაქტორი დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდების პირობებს და იყენებს საკუთარ მასალებსა და აღჭურვილობას. კონტრაქტორი იყენებს საკუთარ სოციალური მედიის გვერდებს და პასუხისმგებელია პრეზენტაციების, სემინარებისა და მასტერკლასების ჩატარების ადგილების მოძიებაზე. კონტრაქტორი ფარავს მობილური კავშირგაბმულობის, ტრანსპორტირებისა და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა რესურსების ხარჯებს. შპს „-------“ არ უზრუნველყოფს კონტრაქტორებს მუშახელით და არ ქმნის მათთვის სამუშაო ადგილებს (საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლი და IX თავი). კონტრაქტორები დამოუკიდებლად იხდიან გადასახადებს თავიანთი სამეწარმეო საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

იმის გამო, რომ შემოწმებამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი და არასწორად განსაზღვრა ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურება დასაქმებულ პირთა ანაზღაურებად, შემოწმების შედეგად დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადიც და საშემოსავლო გადასახადიც დარიცხულია არასწორად და ექვემდებარება გაუქმებას სრული მოცულობით. ამას გარდა პრინციპულად არასწორია საგადასახადო ორგანოს მიდგომა, იმ გარემოებიდან გამომდინარეც, რომ აქტში მოცემული მიდგომით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუშვა სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაც.

კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირებს დაბეგრავდა (გადასახადს დაუკავებს) კომპანია, მაშინ უნდა გაუქმებულიყო თავად ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული და გადახდილი გადასახადი. ასევე დღგ-ის ჩათვლების გაუქმებამდე უნდა შემცირებულიყო ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ. მოცემულ შემთხვევაში კი ფაქტობრივად ოპერაცია დაიბეგრა ცალმხრივად დღგ-ით, რადგან მომსახურების გამწევის მიერ ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მომსახურების მიმღებს გაუუქმდა ჩათვლა. ამასთანავე, გარდა იმისა, რომ მცირე მეწარმის 1%-ით დაბეგრილი შემოსავალი კვლავ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-ით, შემოწმების შედეგებით საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა დღგ-ის თანხებიც, რაც ასევე არაკანონიერია.

განხორციელებული მიდგომით საგადასახადო ორგანომ დაუშვა, რომ ერთი და იგივე ოპერაცია ორჯერ და ორმაგად დაბეგრა გადასახადებით (2 სხვადასხვა - პირდაპირი (საშემოსავლო გადასახადი) და არაპირდაპირი (დღგ) გადასახადითაც), რაც სრულად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და დაუშვებელია.

როგორც უკვე აღინიშნა, ამ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურმა 15.05.2026 წლის №10878 ბრძანებით მიიღო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. კერძოდ: შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს: „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები (მათ შორის, შპს „-------“ აგენტი კომპანიების დირექტორები), გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას’’. ამ გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურმა ფაქტობრივად გაიზიარა მათი არგუმენტები იმის შესახებ, რომ მცირე მეწარმეები კომპანიას უწევენ მომსახურებას და მათზე გაცემული თანხები არ შეიძლება ჩაითვალოს ხელფასად გაცემულად.

მიუხედავად აღნიშნულისა, გადაწყვეტილებით რატომღაც გაიყო მცირე მეწარმეთა კატეგორია და მათგან გამოირჩა იმ პირების მომსახურება, რომლებიც ადრე წარმოადგენდნენ კომპანიის დაქირავებულ პირებს და მათზე გადახდილი თანხებს კვლავ დაუტოვა „ხელფასის კვალიფიკაცია“. ამას გარდა არ იმსჯელა ასეთი პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების საკითხზეც და ფაქტობრივად უცვლელად დატოვა ერთი და იგივე ბაზის დღგ-ით ორმაგად დაბეგვრის საკითხი.

დაუკმაყოფილებელ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება უსაფუძვლო და არასწორია, რადგანაც მცირე მეწარმე ყველა პირი ასრულებს იდენტური ხასიათის მომსახურებას და განსხვავებულია მხოლოდ მათ მიერ გაწეული მომსახურეობების მოცულობა. ის გარემოება, რომ 4 ფიზიკური პირი მცირე მეწარმეობამდე იყვნენ კომპანიის დაქირავებულები და ასრულებდნენ მათთვის განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს (იყვნენ პროდუქციის გამყიდველები), ხოლო დღეისათვის, როდესაც ეს პირები უწევენ მომსახურებას, არ წარმოადგენს იმ პირობას, რომ ამის გამო მათზე მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მაინც ხელფასის განაცემად ჩაითვალოს.

არსად კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ თუ ფიზიკური პირი ერთხელ დაქირავებულად მუშაობდა მას აღარ აქვს უფლება გახდეს მცირე მეწარმე და გაწიოს მომსახურება. ამას გარდა გაწეულ მომსახურებაზე ამ პირებს დეკლარირებულ-გადახდილი აქვთ დღგ და შეუძლებელია შეეზღუდოს მომსახურების მიმღებს მისი ჩათვლის უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურს არ უნდა გამოეყო ის მცირე მეწარმეები, რომლებიც წინა პერიოდებში იყვნენ დასაქმებულები და საჩივარი უნდა დაეკმაყოფილებინა ამ ნაწილშიც.

ყოველივე ზემოთ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ ეთანხმება გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ითხოვს: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17542 ბრძანება. ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №081-357 საგადასახადო მოთხოვნა და №28292 ბრძანება და შესაბამისად ითხოვს გაუქმდეს 23.12.2025 წლის შემოწმების აქტის შედეგად დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, ხოლო ამ პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების არა მომსახურების გამწევებად, არამედ დაქირავებულ პირებად მიჩნევის მიზეზად შემოწმების აქტში მოცემულია ის გარემოება, რომ ფიზიკური პირები ------- (-------) და ------- (-------) ადრეულ წლებში წარმოადგენდნენ შპს ------- დასაქმებულ პირებს და იღებდნენ ხელფასს. არასწორია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეს პირები 2022 წლამდე სამუშაოებს ასრულებდნენ, როგორც დასაქმებულები, ხოლო შემდგომი პერიოდიდან, როგორც მცირე მეწარმეები. საგადასახადო ორგანოს მტკიცება, რომ ისინი შემოწმების პერიოდშიც (2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე) იყვნენ დასაქმებულები, ფუნდამენტურად არასწორია და არ ასახავს ურთიერთობის რეალურ ბუნებას. არსად კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ თუ ფიზიკური პირი ერთხელ დაქირავებულად მუშაობდა მას აღარ აქვს უფლება გახდეს მცირე მეწარმე და გაწიოს მომსახურება. ამის გარდა გაწეულ მომსახურებაზე ამ პირებს დეკლარირებული და გადახდილი აქვთ დღგ და შეუძლებელია შეეზღუდოს მომსახურების მიმღებს მისი ჩათვლის უფლება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, მხოლოდ ის ფაქტი რომ მცირე მეწარმის სტატუსის მიღებამდე ფიზიკური პირები იყვნენ კომპანიის მიერ დაქირავებულები, არ არის საკმარისი სადავო პერიოდში ამ პირების საწარმოს დაქირავებულ პირებად ცნობისთვის. ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების დაქირავებულ პირებად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

ასევე, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარატამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანება კამერალური შემოწმების შესახებ არაკანონიერია. 26.12.2025 წლის შემოწმების აქტი შედგა არა ერთ კონკრეტულ საკითხზე, არამედ კანონის მოთხოვნის დარღვევითა და საწინააღმდეგოდ რამოდენიმე, ზოგადად ყველა მოქმედი გადასახადების დაბეგვრის საკითხებზე. 26.12.2025 წლის შემოწმების აქტი შედგა 14.05.2025 წლის №9512 ბრძანების საფუძველზე (დანართი №8) და შემოწმების აქტში (მე-5 გვერდი) მოცემულია, რომ ჩატარდა სრული შემოწმება სხვადასხვა გადასახადების მიხედვით და არა რაიმე კონკრეტული თემის/საკითხის. აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მისი განუხილველად დატოვების შესახებ, რაც არაკანონიერია. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან საბჭოს 12.06.2026 წლის №27443/2/2026 გადაწყვეტილებით, საჩივარი აღნიშნული დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საკითხი №1-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მონაცემების შესწავლით ასევე დგინდება, რომ ფ.პ ------- (სნ -------) და ფ.პ ------- (პ/ნ -------) რომლებიც 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ასევე, არიან შპს ------- აგენტი შპს-ების დირექტორები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მცირე მეწარმის საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებიან დღგ-ის გადამხდელები. აღნიშნული პირების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და შპს ------- მიერ ჩათვლილი ელ. ანგარიშფაქტურების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე დარიცხული დღგ შეადგენს 36 797 ლარს. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლებით განისაზღვრება დღგ-ის ჩათვლის წესი. ვინაიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად აღნიშნული პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ფ/პ ------- და ფ/პ ------- 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ასევე, არიან გადამხდელის აგენტი საწარმოების დირექტორები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებიან დღგ-ის გადამხდელები. აღნიშნული პირების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და გადამხდელის მიერ ჩათვლილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე დარიცხული დღგ შეადგენს 36 797 ლარს.

ვინაიდან, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად, შემცირდა აღნიშნული პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან, ფ/პ ------- და ფ/პ ------- მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული ჩათვლების შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასე განაცემად. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირება განხორციელდა მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივნის არგუმენტაცია

მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ და საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ ფ.პ ------- (სნ -------) და ფ.პ ------- (პ/ნ -------) რომლებიც 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ასევე, არიან შპს ------- აგენტი შპს-ების დირექტორები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მცირე მეწარმის საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებიან დღგ-ის გადამხდელები. აღნიშნული პირების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და შპს ------- მიერ ჩათვლილი ელ. ანგარიშფაქტურების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე დარიცხული დღგ შეადგენს 36 797 ლარს. ვინაიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად აღნიშნული პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას.

მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირებს დაბეგრავდა (გადასახადს დაუკავებს) კომპანია, მაშინ უნდა გაუქმებულიყო თავად ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული და გადახდილი გადასახადი. ასევე დღგ-ის ჩათვლების გაუქმებამდე უნდა შემცირებულიყო ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ. მოცემულ შემთხვევაში კი ფაქტობრივად ოპერაცია დაიბეგრა ცალმხრივად დღგ-ით, რადგან მომსახურების გამწევის მიერ ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მომსახურების მიმღებს გაუუქმდა ჩათვლა. განხორციელებული მიდგომით საგადასახადო ორგანომ დაუშვა, რომ ერთი და იგივე ოპერაცია ორჯერ და ორმაგად დაბეგრა გადასახადებით (2 სხვადასხვა - პირდაპირი (საშემოსავლო გადასახადი) და არაპირდაპირი გადასახადითაც (დღგ), რაც სრულად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და დაუშვებელია. შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა ასეთი პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების საკითხზეც და ფაქტობრივად უცვლელად დატოვა ერთი და იგივე ბაზის დღგ-ით ორმაგად დაბეგვრის საკითხი. არსად კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ თუ ფიზიკური პირი ერთხელ დაქირავებულად მუშაობდა მას აღარ აქვს უფლება გახდეს მცირე მეწარმე და გაწიოს მომსახურება. ამის გარდა გაწეულ მომსახურებაზე ამ პირებს დეკლარირებული და გადახდილი აქვთ დღგ და შეუძლებელია შეეზღუდოს მომსახურების მიმღებს მისი ჩათვლის უფლება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17542 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. მცირე მეწარმედ რეგისტრირებული პირებისთვის გადახდილი თანხების ჩათვლა დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად;

2. დღგ-ის ჩათვლების შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში კომპანია მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებებს დებს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მყიდველების მოზიდვას პრეზენტაციების, პირადი მოლაპარაკებების, სემინარების, თემატური მასტერკლასების და სხვა საშუალებებით. საგადასახადო შემოწმების პროცესში, ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული კითხვარიც, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ შესრულებული სამუშაოების დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კვალიფიკაციის საკითხს და დადგინდა, რომ მომჩივანის სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხება გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

დადგენილია, რომ ფიზიკური პირები, რომლებიც 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ასევე, არიან მომჩივანის აგენტი შპს-ების დირექტორები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მცირე მეწარმის საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებიან დღგ-ის გადამხდელები. აღნიშნული პირების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია და შპს მიერ ჩათვლილი ელ. ანგარიშფაქტურების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე დარიცხული დღგ. ვინაიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად აღნიშნული პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 175