გადაწყვეტილება №27443/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27443/2/2026
09 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 29.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27443/2/2026).
დავის საგანი:
1.საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანების გასაჩივრების ვადა;
2.მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ჩათვლა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად;
3.მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-603 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10878 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 839 514,06 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 488 913,70
დღგ - 36 799,02
საშემოსავლო გადასახადი - 452 114,68
ჯარიმა - 237 361,10
საურავი - 113 239,26
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობაა ექსკლუზიური სამომხმარებლო საქონლით საცალო ვაჭრობა ონლაინ მაღაზიისა და აგენტების ქსელის (რეგიონალური ცენტრები) გამოყენებით.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-603 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10878 ბრძანებით საჩივარი, კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №006-603 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10878 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1.საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანების გასაჩივრების ვადა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 ნაწილებზე, 264-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 299-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მომჩივანი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 14 მაისს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 27 იანვარს.
ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის აღნიშნულ ნაწილში განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ასაჩივრებს დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახურში საჩივრდებოდა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006-603 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც დამატებით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა სულ 839 514,06 ლარი. მათ შორის გადასახადის ძირითადი თანხა შეადგენს 488.913,70 ლარს, ჯარიმა - 237 361,10 ლარს, ხოლო საურავი - 113 239,26 ლარს (დანართი №2).
საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 29.12.2025 წლის №28736 ბრძანება (დანართი №3), ხოლო ბრძანების გამოცემის საფუძველია 2025 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი (დანართი №4).
შემოწმების შედეგებს არ ეთანხმება, რადგანაც გამოცემული ადმინისტრაციული აქტები მიაჩნია არაკანონიერად მათი შინაარსობრივი და ასევე პროცესუალური უსწორობის გამო. შემოწმებისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული ნორმები.
ამდენად, საკანონმდებლო ნორმების დარღვევის გამო, თავიდანვე არაკანონიერი იყო შემოწმების შესახებ ბრძანებაც და შესაბამისად არაკანონიერია მათ საფუძველზე შედგენილი 26.12.2025 წლის შემოწმების აქტი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს თანხების დარიცხვის შესახებ 29.12.2025 წლის №28736 ბრძანების და №006-603 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად განხორციელებულ დარიცხვებს არ ეთანხმება სამართლებრივი, პროცესუალური დარღვევების გამოც და შინაარსობრივი საკითხებიდან გამომდინარეც. შესაბამისად ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №006- 603 საგადასახადო მოთხოვნისა და №28736 ბრძანების ბათილობას შემდეგი გარემოებების გამო:
1. პროცესუალური არაკანონიერება.
აუდიტის დეპარატამენტის 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანება კამერალური შემოწმების შესახებ არაკანონიერია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ჩატარდა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითზე, ანუ კამერალური საგადასახადო შემოწმება კანონმდებლობის თანახმად შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ კონკრეტულ ერთ საკითხზე, რომელიც განისაზღვრა ბრძანებით.
მათ შემთხვევაში შემოწმების ბრძანებაში არ არის მითითებული ეს ერთი კონკრეტული საკითხი, ხოლო ფაქტობრივად შემოწმება ჩატარდა და 26.12.2025 წლის შემოწმების აქტი შედგა არა ერთ კონკრეტულ საკითხზე, არამედ კანონის მოთხოვნის დარღვევითა და საწინააღმდეგოდ რამოდენიმე, ზოგადად ყველა მოქმედი გადასახადების დაბეგვრის საკითხზე.
26.12.2025 წლის შემოწმების აქტი შედგა 14.05.2025 წლის №9512 ბრძანების საფუძველზე (დანართი №5) და შემოწმების აქტში (მე-5 გვერდი) მოცემულია, რომ ჩატარდა სრული შემოწმება სხვადასხვა გადასახადების მიხედვით და არა რაიმე კონკრეტული თემის/საკითხის.
2025 წლის 26 დეკემბერს საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა სწორედ ზემოაღნიშნული, უკანონო ბრძანების საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ 26.12.2025 წლის აქტი წარმადგენს 29.12.2025 წლის №28736 ბრძანების და №006-603 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს.
სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებული მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.
ვინაიდან შემოწმების შესახებ ბრძანება არაკანონიერია, 26.12.2025 წლის შემოწმების აქტს იურიდიული ძალა არ აქვს და შესაბამისად მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №28736 ბრძანება და №006-603 საგადასახადო მოთხოვნა ექვემდებარება ბათილობას.
აღნიშნულ საკითხზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მისი განუხილველად დატოვების შესახებ, რაც მიაჩნია არაკანონიერად.
შემოსავლების სამსახურმა შეგნებულად თავი აარიდა და არ იმსჯელა მათ არგუმენტებზე, რადგანაც მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილ არგუმენტაციაზე საფუძვლიანი სამართლებრივი პასუხი. აღნიშნულიდან გამომდინარე საკითხი შემოატრიალა ისე, რომ თითქოსდა საჩივრდებოდა შემოწმების ჩატარების შესახებ ბრძანებები, რომლის გასაჩივრების ვადაც გასულია. საკითხი ასე არ დგას და ამ ბრძანებების ბათილობა არ მოუთხოვიათ. მომჩივანი აფიქსირებს, რომ ეს ბრძანებები კანონსაწინააღმდეგოა და ის ფაქტი, რომ მათი ბათილობა არ მოთხოვილა შესაბამის ვადაში ამით ისინი კანონიერი ვერ გახდებოდა. შესაბამისად მათი უტყუარი ფაქტია, რომ შემოწმება ჩატარდა არაკანონიერად, ხოლო არაკანონიერად მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია.
დიახ! ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაიცვას კანონი და კანონის დარღვევით ჩატარებული შემოწმების შედეგს - შემოწმების აქტს, ზემოაღნიშნულის თანახმად იურიდიული ძალა არ აქვს.
ამდენად, მთელი ეს პროცესი: შემოწმება, შემოწმების აქტის გამოცემა, მის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების გამოცემა არის უკანონო, რადგანაც არ არსებობს შემოწმების დაწყების კანონიერი საფუძველი - საგადასახადო კოდექსით მკაცრად განსაზღვრული
შემოწმების დაწყების საფუძველი - შესაბამისი ბრძანება. უკანონო ბრძანება კი იმის მიუხედავად, რომ ის არ გასაჩივრებულა კანონიერად ვერ „გადაიქცევა“. დავის განმხილველმა აღნიშნული, შემოწმების ბრძანებების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს და უარყოს მათ მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არა ის, რომ უარგუმენტობის გამო თავი აარიდოს მსჯელობას და საკითხი ხელოვნურად დატოვოს განუხილველად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა და დარიცხვის ბრძანება ექვემდებარება ბათილობას მათი შინაარსობრივი განხილვის გარეშე, მაგრამ თუ განვიხილავთ შინაარსობრივ უსწორობებს მოგვახსენებს შემდეგს:
2. შინაარსობრივი უსაფუძვლობა
შემოწმების შედეგად დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა უკავშირდება იმ გარემოებას, რომ შემოწმებამ სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე მითითებით შეცვალა სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია.
კერძოდ, კომპანიისთვის მომსახურების გამწევი ფიზიკური პირები ჩათვალა არა მომსახურების გამწევებად, არამედ დაქირავებულ პირებად და მათზე გადახდილი თანხები დაბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20% განაკვეთით.
აღნიშნულის მიზეზად შემოწმების აქტში მოცემულია ის გარემოება, რომ ფიზიკური პირები „-------“ („-------“) და „-------“(„-------“) ადრეულ წლებში წარმოადგენდნენ მომჩივანის დასაქმებულ პირებს და იღებდნენ ხელფასს.
ასევე აქტში აღნიშნულია, რომ თითქოსდა: „შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული კითხვარიც, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ შესრულებული სამუშაოების დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კვალიფიკაციის საკითხს და დადგინდა, რომ მომჩივანს სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად“.
შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნული სრულიად უსაფუძვლო მიდგომიდან გამომდინარე გაანგარიშებულია დამატებით დაარიცხეს საშემოსავლო გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი:
ა) საშემოსავლო გადასახადი შემოწმების აქტით დარიცხულია 452 115 ლარი, რადგანაც 27 მცირე მეწარმეზე 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდში მომსახურებაზე გადახდილი თანხა 1.808.459 ლარი (დანართი №6) ჩათვალა, როგორც ხელფასად გაცემულად.
ბ) დამატებული ღირებულების გადასახადი შემოწმებით დარიცხულია 36.799 ლარის ოდენობით. აღნიშნულიც დარიცხულია ზემოთ მოცემული მიდგომის შედეგად და იმის გამო, რომ მცირე მეწარმეები „-------“ („-------“) და „-------“ („-------“) წარმოადგენენ დღგ-ის გადამხდელებს და გაუქმდა მათ მიერ მომჩივანზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლები.
შემოწმების შედეგად ამგვარი მიდგომა მიაჩნია ყოვლად უსაფუძვლოდ და არაკანონიერად შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო ორგანოს არ შეუძლია შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის შინაარსი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად მას მხოლოდ ფორმის შეცვლა შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირები ახორციელებენ მომსახურების გაწევას, რაც შემოწმების აქტშივეა აღწერილი - „აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მყიდველების მოზიდვას პრეზენტაციების, პირადი მოლაპარაკებების, სემინარების, თემატური მასტერკლასების და სხვა საშუალებებით“.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ შემოწმების აქტში მოცემულია არასწორი, ფაქტი იმის შესახებ, რომ თითქოს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული კითხვარით „მომჩივანის სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად“.
შემოსავლების სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფით სწორედაც აქტში მოცემულის საპირისპიროდ მიღებულია შედეგი, რომ ფ/პირები „-------“ და „-------“ ახორციელებენ მომსახურების გაწევას და აღნიშნულს მინიჭებული აქვს მტკიცებულების ფორმა (იხილეთ დანართი №7).
არასწორია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს „-------“ და „-------“ 2022 წლამდე სამუშაოებს ასრულებდნენ, როგორც დასაქმებულები, ხოლო შემდგომი პერიოდიდან, როგორც მცირე მეწარმეები.
საგადასახადო ორგანოს მტკიცება, რომ „-------“ (პ/ნ „-------“) და „-------“ (პ/ნ „-------“) შემოწმების პერიოდშიც (2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე) იყვნენ დასაქმებულები, ფუნდამენტურად არასწორია და არ ასახავს ურთიერთობის რეალურ ბუნებას.
კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს პირები ორგანიზაციაში 2022 წლის 1 იანვრიდან აღარ არიან დასაქმებულები. ისინი, სხვა მცირე მეწარმეების მსგავსად, წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ კონტრაქტორებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ დადგენილი წესით და ახორციელებდნენ მომსახურებას სამოქალაქო სამართლის ხელშეკრულებებით. მათი საქმიანობა განხორციელდა დამოუკიდებლად, კომპანიის მიმართ ყოველგვარი ადმინისტრაციული დაქვემდებარების გარეშე, საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. ურთიერთობის წინა ბუნება, რომელიც აუდიტის პერიოდამდე არსებობდა, არ შეიძლება იყოს სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების შრომით ურთიერთობებად გადაკვალიფიცირების საფუძველი აუდიტის პერიოდში, რადგან მათი სამართლებრივი ფორმა და ფაქტობრივი შინაარსი განსხვავებულია. კერძოდ:
2022 წლის 1 იანვრამდე „-------“ და „-------“ მოქმედებდნენ როგორც ფიზიკური პირები და იყვნენ კომპანიის მაღაზიის თანამშრომლები, ასრულებდნენ საქონლის საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამუშაო ფუნქციებს. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, „-------“ და „-------“ სარგებლობენ მცირე მეწარმეების სტატუსით, რომლებიც, სხვა ინდივიდუალური მცირე მეწარმეების მსგავსად, შპს „--------“-ს აწვდიან სრულიად განსხვავებულ მომსახურებას, კერძოდ, მარკეტინგულ მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ისინი არასდროს ასრულებდნენ როგორც თანამშრომლები.
შემოწმების მიერ აღნიშნული მიდგომა არსებითად არასწორია, რადგანაც მცირე მეწარმეების მიერ მომსახურების გაწევა არსებითად განსხვავდება დასაქმებულის საქმიანობისაგან.
კონტრაქტორებთან, მცირე ბიზნესებთან (მცირე მეწარმეებად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებთან) დადებული მარკეტინგული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები (შემდგომში - ხელშეკრულება) არ მიეკუთვნება შრომითი ხელშეკრულების კატეგორიას. ხელშეკრულების შესრულება არ წარმოადგენს შრომით ურთიერთობას. ეს ხელშეკრულება მიეკუთვნება მომსახურების ხელშეკრულების კატეგორიას და რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ხოლო მარკეტინგული მომსახურება სსკ-ის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის „რ“ პუნქტის თანახმად ითვლება მომსახურებად. ამასთან, მარკეტინგული მომსახურება მიეკუთვნება „მცირე ბიზნესის“ სტატუსს, ბრუნვის 1%-ის ოდენობით გადასახადის განაკვეთით. ხელშეკრულების საგანი მოიცავს კონკრეტულ დავალებას იმ საქმიანობის სერიის შესახებ, რომლის შესრულებასაც კონტრაქტორი იღებს კლიენტის, მომჩივანს მოთხოვნით, მიზნად ისახავს კლიენტის პროდუქციის პოპულარიზაციას, გაყიდვების ტერიტორიის სტიმულირებას, შენარჩუნებას და გაფართოებას, ასევე კლიენტის პროდუქციის გაყიდვების მოცულობის გაზრდას. ხელშეკრულების მხარეებს აქვთ საკუთარი უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული და დამოუკიდებლად მოქმედებენ მის შესასრულებლად. კონტრაქტორი კლიენტს სთავაზობს შემდეგ მარკეტინგულ მომსახურებას:
ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად:
- კლიენტის მიერ გაყიდული პროდუქციის მყიდველების იდენტიფიცირება და მოზიდვა მოლაპარაკებების, პრეზენტაციების, სემინარების, სატელეფონო და პირადი საუბრების და ა.შ. მეშვეობით;
- მყიდველების იდენტიფიცირება და მოზიდვა ინტერნეტით, მათ შორის სოციალური მედიით, მყისიერი შეტყობინებებით და ა.შ.;
- პოტენციური მყიდველებისთვის სანდო და სრული ინფორმაციის მიწოდება კლიენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტის, მომხმარებლის თვისებების და სხვა მახასიათებლების, ასევე კლიენტის დისტრიბუციის პოლიტიკის შესახებ;
- მყიდველებისგან კონტრაქტორის (პარტნიორის) სტრუქტურის ფორმირება და მისი ორგანიზაციული და საინფორმაციო სამუშაოების მართვა პოტენციური მყიდველების მოზიდვის აქტივობის გაზრდის მიზნით პროდუქტის გაყიდვების გაზრდის მიზნით;
- პარტნიორ ჯგუფში არსებული პირების საქმიანობის ზედამხედველობა შესყიდვების მაქსიმალური მოცულობის უზრუნველსაყოფად.
ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად:
- საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორს შეუძლია მომხმარებლის მოთხოვნით უზრუნველყოს დამატებითი მარკეტინგული მომსახურება.
მომსახურების საბოლოო შედეგია მომხმარებლის პროდუქციის შეძენა კონტრაქტორისა და კონტრაქტორის მიერ დაქირავებული პირების მიერ და მომხმარებლის ბრუნვის ზრდა. მომხმარებელი იხდის მომსახურების საბოლოო შედეგს ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად.
კონტრაქტორს უფლება აქვს, შეძლებისდაგვარად, მომსახურების გაწევაზე დახარჯული დროის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მომსახურება. კონტრაქტორის ვალდებულებაა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული, უზრუნველყოს მომსახურების საჭირო მოცულობა განსაზღვრულ ვადებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განისაზღვრება მომსახურების შედეგების საფუძველზე. მომჩივანი არ მართავს კონტრაქტორებს და არ აკონტროლებს მომსახურების გაწევაზე დახარჯულ დროს. კონტრაქტორები არ ექვემდებარებიან მომჩივანს შიდა სამუშაო რეგულაციებს (საქართველოს შრომის კოდექსის 14-ე და 23-ე მუხლები). მომსახურების დასრულების შემდეგ (მომსახურების მიწოდების შედეგი), დგება მარკეტინგული მომსახურების აქტი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი იღებს მომსახურების მოცულობას და ხარისხს. ხელშეკრულება იდება კონკრეტული მომსახურების მიწოდებისთვის საბოლოო ხელშეკრულებით.
ხელშეკრულება იდება კონტრაქტორსა და მომხმარებელს (მომჩივანი) შორის და არა კონტრაქტორსა და მომხმარებელს შორის. კონტრაქტორი იტოვებს უფლებას უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, ამ შემთხვევაში ანაზღაურება არ გადაიხდება მომსახურების შეუსრულებლობის პერიოდებისთვის.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება არ არის ფიქსირებული ხელფასი და დამოკიდებულია მხოლოდ გაწეული მომსახურების მოცულობაზე. გაწეული მომსახურების მოცულობა განისაზღვრება და პირდაპირ დამოკიდებულია მომხმარებლისგან (მომჩივანს) შეძენილი პროდუქციის მოცულობაზე თავად კონტრაქტორის, ასევე კონტრაქტორის მიერ კონტრაქტორის სტრუქტურაში დასაქმებული მხარეების (მყიდველების) მიერ. მომჩივანი აწარმოებს მყიდველების, პარტნიორ ჯგუფებში შემავალი მხარეების ჩანაწერებს და ყველა მყიდველის მიერ მომჩივანის საქონლის (პროდუქტების) ყველა შესყიდვის ჩანაწერებს. ამ ჩანაწერების საფუძველზე კონტრაქტორი აფასებს გაწეულ მომსახურებას შესაბამის საზომ ერთეულში. მყიდველების აღრიცხვა, ყველა მყიდველის მიერ შესყიდვების ჯამური რაოდენობა და კონტრაქტორის მომსახურების შეფასება ხორციელდება ავტომატურად, შიდა საინფორმაციო სისტემის (Greenway პროგრამული პაკეტის) გამოყენებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის გადახდა არასდროს ხდება წინასწარ. ეს ფუნდამენტურად განსხვავდება შრომითი ხელშეკრულებისგან, რომლის მიხედვითაც დასაქმებული არ არის ვალდებული შეიძინოს პროდუქცია დამსაქმებლისგან.
გარდა ამისა, შესაბამისი შეთანხმება არ შეიცავს ინფორმაციას ხელფასის, დანამატების ან სამუშაოს შესრულების წახალისების ოდენობის შესახებ (საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლი) და არც გადახდის პროცედურის შესახებ, რადგან კლიენტსა და კონტრაქტორს შორის ურთიერთობა არ წარმოადგენს შრომით ურთიერთობას.
გაწეული მომსახურების ღირებულება არ არის ფიქსირებული და დამოკიდებულია კონკრეტულ შედეგზე. ანაზღაურების ოდენობა გამოითვლება ინდივიდუალურად, ვარიაციებით, რაც დამოკიდებულია კონტრაქტორის მიერ მოზიდული მყიდველების საბოლოო რაოდენობასა და მათ ბრუნვაზე.
გაწეული მომსახურების გადახდის თარიღები, როგორც ერთი და იგივე კონტრაქტორთან სხვადასხვა პერიოდისთვის, ასევე სხვადასხვა კონტრაქტორთან იმავე პერიოდში, არ ემთხვევა, რაც მიუთითებს გადახდის მკაფიო და ერთიანი გრაფიკის არარსებობაზე. ერთი და იგივე კონტრაქტორისთვის სხვადასხვა პერიოდისთვის გადახდები არ შეიძლება ჩაითვალოს შედარებად, რადგან კონტრაქტორის ანაზღაურების ოდენობა სხვადასხვა პერიოდისთვის განსხვავდება და დამოკიდებულია გაწეული მომსახურების მოცულობაზე. საჩივარს თან ერთვის „2022 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტამდე პერიოდისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების შემაჯამებელი ცხრილები“ (იხ. დანართი №6), სადაც ნათლად არის მითითებული პერიოდები, როდესაც კონტრაქტორებისთვის გადახდა არ განხორციელებულა, თუ კონტრაქტორები არ აწვდიდნენ მომსახურებას, ასევე სხვაობა კონტრაქტორის ანაზღაურებას შორის სხვადასხვა პერიოდისთვის და იმავე პერიოდისთვის სხვადასხვა კონტრაქტორებთან.
მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შეთანხმება არ შეიცავს რაიმე დებულებას სამუშაო რეგულაციებთან დაკავშირებით. კონტრაქტორები არ ექვემდებარებიან მომჩივანის შიდა რეგულაციებსა და სამუშაო გრაფიკს და კონტრაქტორებისთვის არ არსებობს ფიქსირებული სამუშაო საათები ან დასვენების პერიოდები (საქართველოს შრომის კოდექსის 14-ე მუხლი). მათზე არ ვრცელდება „სამუშაო დღის“, „დასვენების დღის“, „დღესასწაულების“, „ცვლის“, „ზეგანაკვეთური სამუშაოს“ და ა.შ. ცნებები. შეთანხმება არ აკონკრეტებს სამუშაო ადგილს და არ იძლევა ინფორმაციას სხვადასხვა სამუშაო ადგილის შესახებ. ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დებულებას სოციალური გარანტიების, ანაზღაურებადი შვებულების (საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლი, VI თავი), ავადმყოფობის შვებულების ან სამედიცინო შემოწმების გავლის უფლების შესახებ (საქართველოს შრომის კოდექსის 29-ე მუხლი). ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დებულებას მომსახურების შეუსრულებლობისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ წარმოადგენს შპს „--------“-ს ძირითადი საქმიანობის ნაწილს. შპს „-------“ ყიდის ექსკლუზიურ სამომხმარებლო საქონელს საერთაშორისო Greenway სავაჭრო ნიშნით საბოლოო მომხმარებლებისთვის (ფიზიკური პირებისთვის) ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, რომელსაც მართავს აგენტების ქსელი (რეგიონული ცენტრები). მარკეტინგული მომსახურების მიწოდება პირდაპირ არ არის დაკავშირებული კლიენტის საქმიანობასთან, რადგან ეს არის დამხმარე მომსახურება გაყიდვების პროცესისთვის. გარდა ამისა, კლიენტის ინტერესი მესამე მხარის კონტრაქტორების მომსახურების მიწოდების მიმართ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მომსახურებას აწვდიან სხვადასხვა პირები სხვადასხვა არხების გამოყენებით პოპულარიზაციისა და გაყიდვების ტერიტორიის გაფართოებისთვის.
კონტრაქტორი დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდების პირობებს და იყენებს საკუთარ მასალებსა და აღჭურვილობას. კონტრაქტორი იყენებს საკუთარ სოციალური მედიის გვერდებს და პასუხისმგებელია პრეზენტაციების, სემინარებისა და მასტერკლასების ჩატარების ადგილების მოძიებაზე. კონტრაქტორი ფარავს მობილური კავშირგაბმულობის, ტრანსპორტირებისა და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა რესურსების ხარჯებს. მომჩივანი არ უზრუნველყოფს კონტრაქტორებს მუშახელით და არ ქმნის მათთვის სამუშაო ადგილებს (საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლი და IX თავი).
კონტრაქტორები დამოუკიდებლად იხდიან გადასახადებს თავიანთი სამეწარმეო საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
იმის გამო, რომ შემოწმებამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი და არასწორად განსაზღვრა ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურება დასაქმებულ პირთა ანაზღაურებად, შემოწმების შედეგად დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადიც და საშემოსავლო გადასახადიც დარიცხულია არასწორად და ექვემდებარება გაუქმებას სრული მოცულობით.
ამას გარდა პრინციპულად არასწორია საგადასახადო ორგანოს მიდგომა, იმ გარემოებიდან გამომდინარეც, რომ აქტში მოცემული მიდგომით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუშვა სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაც.
კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირებს დაბეგრავდა (გადასახადს დაუკავებს) კომპანია, მაშინ უნდა გაუქმებულიყო თავად ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული და გადახდილი გადასახადი. ასევე დღგ-ის ჩათვლების გაუქმებამდე უნდა შემცირებულიყო ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ. მოცემულ შემთხვევაში კი ფაქტობრივად ოპერაცია დაიბეგრა ცალმხრივად დღგ-ით, რადგან მომსახურების გამწევის მიერ ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მომსახურების მიმღებს გაუუქმდა ჩათვლა.
ამასთანავე, გარდა იმისა, რომ მცირე მეწარმის 1%-ით დაბეგრილი შემოსავალი კვლავ დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-ით, შემოწმების შედეგებით საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა დღგის თანხებიც, რაც ასევე არაკანონიერია.
განხორციელებული მიდგომით საგადასახადო ორგანომ დაუშვა, რომ ერთი და იგივე ოპერაცია ორჯერ და ორმაგად დაბეგრა გადასახადებით (2 სხვადასხვა - პირდაპირი (საშემოსავლო გადასახადი) და არაპირდაპირი (დღგ) გადასახადითაც), რაც სრულად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და დაუშვებელია.
აღნიშნული საკითხებზე საჩივრის განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახურმა 15.05.2026 წლის №10878 ბრძანებით მიიღო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. კერძოდ:
შემოსავლების სამსახურმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს: „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები (მათ შორის, მომჩივანის აგენტი კომპანიების დირექტორები), გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას’’.
ამ გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურმა ფაქტობრივად გაიზიარა მომჩივნის არგუმენტები იმის შესახებ, რომ მცირე მეწარმეები კომპანიას უწევენ მომსახურებას და მათზე გაცემული თანხები არ შეიძლება ჩაითვალოს ხელფასად გაცემულად.
მიუხედავად აღნიშნულისა გადაწყვეტილებით რატომღაც გაიყო მცირე მეწარმეთა კატეგორია და მათგან გამოირჩა იმ პირების მომსახურება, რომლებიც ადრე წარმოადგენდნენ კომპანიის დაქირავებულ პირებს და მათზე გადახდილი თანხებს კვლავ დაუტოვა „ხელფასის კვალიფიკაცია“. ამას გარდა არ იმსჯელა ასეთი პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების საკითხზეც და ფაქტობრივად უცვლელად დატოვა ერთი და იგივე ბაზის დღგ-ით ორმაგად დაბეგვრის საკითხი.
დაუკმაყოფილებელ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მიაჩნია უსაფუძვლოდ და არასწორად, რადგანაც მცირე მეწარმე ყველა პირი ასრულებს იდენტური ხასიათის მომსახურებას და განსხვავებულია მხოლოდ მათ მიერ გაწეული მომსახურეობების მოცულობა. ის გარემოება, რომ 4 ფიზიკური პირი მცირე მეწარმეობამდე იყვნენ კომპანიის დაქირავებულები და ასრულებდნენ მათთვის განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს (იყვნენ პროდუქციის გამყიდველები), ხოლო დღეისათვის, როდესაც ეს პირები უწევენ მომსახურებას, არ წარმოადგენს იმ პირობას, რომ ამის გამო მათზე მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მაინც ხელფასის განაცემად ჩაითვალოს.
არსად კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ თუ ფიზიკური პირი ერთხელ დაქირავებულად მუშაობდა მას აღარ აქვს უფლება გახდეს მცირე მეწარმე და გაწიოს მომსახურება. ამას გარდა გაწეულ მომსახურებაზე ამ პირებს დეკლარირებული-გადახდილი აქვთ დღგ და შეუძლებელია შეეზღუდოს მომსახურების მიმღებს მისი ჩათვლის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურს არ უნდა გამოეყო ის მცირე მეწარმეები, რომლებიც წინა პერიოდებში იყვნენ დასაქმებულები და საჩივარი უნდა დაეკმაყოფილებინა ამ ნაწილშიც.
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ ეთანხმება გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ითხოვს ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.03.2026 წლის №5350 ბრძანება დაუკმაყოფილებელ ნაწილში. ამასთან, ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №081- 357 საგადასახადო მოთხოვნა და №28292 ბრძანება და შესაბამისად ვითხოვთ გაუქმდეს 23.12.2025 წლის შემოწმების აქტის შედეგად დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
2.საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელი კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2025 წლის 14 მაისის №9512 ბრძანებას, გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 14 მაისს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 2026 წლის 27 იანვარს. გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო შემოსავლების სამსახურმა ამ ნაწილში საჩივარი დატოვა განუხილველად.
მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, საჩივარი ამ ნაწილში წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10878 ბრძანება, საჩივრის აღნიშნული დავის საგნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ჩათვლა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია დამოუკიდებლად ყიდულობს საქონელს ძირითადად თ.ი.ზ-ში რეგისტრირებული პირისგან - „-------“ LLC - (სნ „-------“), საქონელი ბუღალტრულ პროგრამაში აღირიცხება ბალანსზე (1610 ანგარიშებზე). საქონლის სარეალიზაციოდ კომპანია იყენებს 1) ელექტრონულ პლატფორმას (ონლაინ მაღაზიის საშუალებით); 2) რეგიონალური ცენტრების ანუ აგენტების ქსელის საშუალებით (შპს საწარმოები) - აგენტების მიერ საქონლის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარებებით. საქონელი მომჩივანის ბალანსზე რჩება მანამ, სანამ არ მოხდება მისი საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება. ანგარიშსწორებისთვის კი გამოიყენება მომჩივანის კუთვნილი სალარო აპარატები, POS ტერმინალები და საბანკო გადარიცხვები. აგენტების მომსახურება სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს მყიდველების მართვასა და მოძიებაზე მიმართული საქმიანობის ფართო სპექტრს, პრეზენტაციების მოწყობას პოტენციური მყიდველებისთვის და სხვა. საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში მომჩივანი მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებებს დებს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან. აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მყიდველების მოზიდვას პრეზენტაციების, პირადი მოლაპარაკებების, სემინარების, თემატური მასტერკლასების და სხვა საშუალებებით. პირების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა ფასდება საწარმოს კუთვნილ შიდა აღრიცხვის პროგრამაში (IVS) რომლის საშუალებითაც ხდება გადასახდელი თანხების გენერირებაც. ჯამში მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება შეადგენს 1 869 953 ლარს, ხოლო გადახდილია 1 808 459 ლარი.
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა ფიზიკური პირების ინდ. მეწარმედ და მცირე მეწარმედ რეგისტრირების პერიოდები, საქმიანობის განახლების პერიოდები, მომჩივანის მიერ მომსახურების სანაცვლოდ ჩარიცხული თანხების პერიოდები, ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების პერიოდები, ასევე აღნიშნული პირების მიერ მიღებული შემოსავლების დეკლარირების საკითხი და დადგინდა, რომ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების ინდ. მეწარმედ/მცირე მეწარმედ რეგისტრაციის/საქმიანობის განახლების პერიოდები ემთხვევა მათ მიერ მომსახურების გაწევის პერიოდსა და სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებების პერიოდებს. ამასთან, აღნიშნული პირები ან საერთოდ არ ადეკლარირებენ, ან ძირითად შემთხვევაში ადეკლარირებენ მომჩივანისგან მიღებულ თანხებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე ფიქსირდებიან მომჩივანის დაქირავებულ პირებადაც და ასევე, გადამხდელის აგენტების დირექტორებადაც (რეგიონალური ცენტრების მიხედვით). საგადასახადო შემოწმების პროცესში, ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შევსებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებული კითხვარიც, რომელიც ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ შესრულებული სამუშაოების დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კვალიფიკაციის საკითხს და დადგინდა, რომ მომჩივანის სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხება გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებზე, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებიც არ იყვნენ კომპანიის დაქირავებული პირები (მათ შორის, მომჩივანის აგენტი კომპანიების დირექტორები), გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ მომჩივანის სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად, ხოლო ამ პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების არა მომსახურების გამწევებად, არამედ დაქირავებულ პირებად მიჩნევის მიზეზად შემოწმების აქტში მოცემულია ის გარემოება, რომ ფიზიკური პირები „-------“ („-------“) და „-------“ („-------“) ადრეულ წლებში წარმოადგენდნენ მომჩივანის დასაქმებულ პირებს და იღებდნენ ხელფასს. არასწორია ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეს პირები 2022 წლამდე სამუშაოებს ასრულებდნენ, როგორც დასაქმებულები, ხოლო შემდგომი პერიოდიდან, როგორც მცირე მეწარმეები. საგადასახადო ორგანოს მტკიცება, რომ ისინი შემოწმების პერიოდშიც (2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე) იყვნენ დასაქმებულები, ფუნდამენტურად არასწორია და არ ასახავს ურთიერთობის რეალურ ბუნებას. არსად კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ თუ ფიზიკური პირი ერთხელ დაქირავებულად მუშაობდა მას აღარ აქვს უფლება გახდეს მცირე მეწარმე და გაწიოს მომსახურება. ამის გარდა გაწეულ მომსახურებაზე ამ პირებს დეკლარირებული და გადახდილი აქვთ დღგ და შეუძლებელია შეეზღუდოს მომსახურების მიმღებს მისი ჩათვლის უფლება.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, მხოლოდ ის ფაქტი რომ მცირე მეწარმის სტატუსის მიღებამდე ფიზიკური პირები იყვნენ კომპანიის მიერ დაქირავებულები, არ არის საკმარისი სადავო პერიოდში ამ პირების საწარმოს დაქირავებულ პირებად ცნობისთვის. ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების დაქირავებულ პირებად კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საკითხი №1-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მონაცემების შესწავლით ასევე დგინდება, რომ ფ.პ „-------“ (სნ „-------“) და ფ.პ „-------“ (პ/ნ „-------“) რომლებიც 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ასევე, არიან შპს მომჩივანის აგენტი შპს-ების დირექტორები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მცირე მეწარმის საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებიან დღგ-ის გადამხდელები. აღნიშნული პირების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და მომჩივანის მიერ ჩათვლილი ელ. ანგარიშფაქტურების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე დარიცხული დღგ შეადგენს 36 797 ლარს. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლებით განისაზღვრება დღგ-ის ჩათვლის წესი. ვინაიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად აღნიშნული პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ფ/პ „-------“ და ფ/პ „-------“-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული ჩათვლების შემცირებასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს: საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ და საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ ფ.პ „-------“ (სნ „-------“) და ფ.პ „-------“ (პ/ნ „-------“) რომლებიც 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ასევე, არიან გადამხდელის აგენტი შპს-ების დირექტორები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მცირე მეწარმის საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებიან დღგ-ის გადამხდელები. აღნიშნული პირების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და მომჩივანის მიერ ჩათვლილი ელ. ანგარიშფაქტურების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე დარიცხული დღგ შეადგენს 36 797 ლარს. ვინაიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად აღნიშნული პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას.
მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირებს დაბეგრავდა (გადასახადს დაუკავებს) კომპანია, მაშინ უნდა გაუქმებულიყო თავად ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული და გადახდილი გადასახადი. ასევე დღგ-ის ჩათვლების გაუქმებამდე უნდა შემცირებულიყო ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ. მოცემულ შემთხვევაში კი ფაქტობრივად ოპერაცია დაიბეგრა ცალმხრივად დღგ-ით, რადგან მომსახურების გამწევის მიერ ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო მომსახურების მიმღებს გაუუქმდა ჩათვლა. განხორციელებული მიდგომით საგადასახადო ორგანომ დაუშვა, რომ ერთი და იგივე ოპერაცია ორჯერ და ორმაგად დაბეგრა გადასახადებით (2 სხვადასხვა - პირდაპირი (საშემოსავლო გადასახადი) და არაპირდაპირი (დღგ) გადასახადითაც), რაც სრულად ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და დაუშვებელია. შემოსავლების სამსახურმა არ იმსჯელა ასეთი პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების საკითხზეც და ფაქტობრივად უცვლელად დატოვა ერთი და იგივე ბაზის დღგ-ით ორმაგად დაბეგვრის საკითხი. არსად კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ თუ ფიზიკური პირი ერთხელ დაქირავებულად მუშაობდა მას აღარ აქვს უფლება გახდეს მცირე მეწარმე და გაწიოს მომსახურება. ამის გარდა გაწეულ მომსახურებაზე ამ პირებს დეკლარირებული და გადახდილი აქვთ დღგ და შეუძლებელია შეეზღუდოს მომსახურების მიმღებს მისი ჩათვლის უფლება.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10878 ბრძანება;
3. საჩივარი, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
2.მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
3.მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
1.აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგებზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი.
2.კომპანია დამოუკიდებლად ყიდულობს საქონელს ძირითადად თ.ი.ზ-ში რეგისტრირებული პირისგან.საქონლის სარეალიზაციოდ კომპანია იყენებს 1) ელექტრონულ პლატფორმას,2) რეგიონალური ცენტრების ანუ აგენტების ქსელის საშუალებით - აგენტების მიერ საქონლის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარებებით. საქონელი მომჩივანის ბალანსზე რჩება მანამ, სანამ არ მოხდება მისი საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდება.
საგადასახადო შემოწმებით დგინდება, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში მომჩივანი მარკეტინგული მომსახურების ხელშეკრულებებს დებს მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან.პირების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა ფასდება საწარმოს კუთვნილ შიდა აღრიცხვის პროგრამაში რომლის საშუალებითაც ხდება გადასახდელი თანხების გენერირებაც. ჯამში მცირე მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურება შეადგენს 1 869 953 ლარს, ხოლო გადახდილია 1 808 459 ლარი.შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების ინდ. მეწარმედ/მცირე მეწარმედ რეგისტრაციის/საქმიანობის განახლების პერიოდები ემთხვევა მათ მიერ მომსახურების გაწევის პერიოდსა და სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებების პერიოდებს.
ამასთან, აღნიშნული პირები ან საერთოდ არ ადეკლარირებენ, ან ძირითად შემთხვევაში ადეკლარირებენ მომჩივანისგან მიღებულ თანხებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე ფიქსირდებიან მომჩივანის დაქირავებულ პირებადაც და ასევე, მომჩივანის აგენტების დირექტორებადაც.
მომჩივანს სააღრიცხვო მონაცემებში დაფიქსირებული მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაო დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. მომჩივანის მიერ მცირე მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხები ჩაითვალა პირების მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხება გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ ფიზიკური პირები რომლებიც 2021-2022 წლებში წარმოადგენდნენ საწარმოს დაქირავებულ პირებს და ასევე, არიან მომჩივანის აგენტი შპს-ების დირექტორები.შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მცირე მეწარმის საქმიანობიდან გამომდინარე, ხდებიან დღგ-ის გადამხდელები.აღნიშნული პირების მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი და მომჩივანის მიერ ჩათვლილი ელ. ანგარიშფაქტურების მიხედვით შესრულებულ სამუშაოებზე დარიცხული დღგ შეადგენს 36 797 ლარს. სსკ-ის 174-ე და 175-ე მუხლებით განისაზღვრება დღგ-ის ჩათვლის წესი.ვინაიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა სახელფასო განაცემად აღნიშნული პირებიდან მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას.
გადაწყვეტილება
1. საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.საბჭო მიიჩნევს, მხოლოდ ის ფაქტი რომ მცირე მეწარმის სტატუსის მიღებამდე ფიზიკური პირები იყვნენ კომპანიის მიერ დაქირავებულები, არ არის საკმარისი სადავო პერიოდში ამ პირების საწარმოს დაქირავებულ პირებად ცნობისთვის. ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების დაქირავებულ პირებად 12 კვალიფიკაციის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
3.საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების შემცირების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,174,176,301(ე).