გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.01.2018
საქმის ნომერი
160310018002252234
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310018002252234

№3/7-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

მოსარჩელე: ანახანუმ ალლახვერდიევა;

წარმომადგენელი: ნინო ანდრიაშვილი;

ადვოკატი - სალომე მეზურნიშვილი, სოფიკო ალექსიძე;

მოპასუხე: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი: ინგა აბრამიშვილი;

მესამე პირები: 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

წარმომადგენელი: როენა ახობაძე;

2. ნინა ისმაილოვა, სურაია ისმაილოვა;

წარმომადგენელი: სალომე მეზურნიშვილი, სოფიკო ალექსიძე;

 

დავის საგანი: ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

აღწერილობითი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 დეკემბრის N03/17031 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ანახანუმ ალლახვერდიევას თავშესაფრით უზრუნველყოფილის და მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე უარის თქმის შესახებ;

1.2. დაევალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოახდინოს მოსარჩელის და მისი შვილების რეგისტრაცია უსახლკაროთა რეესტრში და უზრუნველყოს იგი თავშესაფრით ან ბინის ქირით; (იხ. სხდომის ოქმი 20.04.18 14:33 სთ);

მოპასუხეთა პოზიციები:

2.1. მერიამ და საკრებულომ წარმოადგინეს თავიანთი შესაგებლები, რითაც სარჩელი არ ცნეს და ითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

საქმეში სავალდებულო მესამე პირის სახით ჩაბმულ იქნა მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილები, რომელსაც არ წარმოუდგენიათ შესაგებელი.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. საქმის უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1 2017 წლის 18 ოქტომბერს მოსარჩელემ, ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის მეშვეობით, მიმართა გამგეობას, რათა მისთვის გაეწიათ დახმარება დაარეგისტრირონ შესაბამისი შემწეობის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და გაიცეს მასზე შემწეობა.

4.1.2 2017 წლის 7 დეკემბერს მოსარჩელემ, ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის მეშვეობით, კვლავ მიმართა გამგეობას, რათა მოხდეს ანახანუმ ალლახვერდიევასა და მისი არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.

4.1.3 მერიამ 2017 წლის 19 დეკემბერს პასუხით მოსარჩელეს აცნობა, რომ უსახლკაროთა სისტემის დანერგვის, შესაბამისი ბაზების წარმოებისა და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად კონკრეტული ღონისძიებების გატარების შემდგომ, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მომართვიანობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე განახორციელებს მოქალაქე ანახანუმ ალლახვერიევას ჩართვას უსახლკაროთა ერთიან ბაზაში.

4.1.8 მოსარჩელეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, სურაია ისმაილოვა დაბადებული 2010 წლის 4 მაისს დეკემბერს და ნინა ისმაილოვა დაბადებული 2008 წლის 25 მაისს. მოცემულ საქმეში ისინი ჩაბმულია სავალდებულო მოწვევის მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე;

4.1.9 დედა და მისი არასრულწლოვანი შვილი ნინა ისმაილოვა საკუთარი საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო ცხოვრობენ მოსარჩელის მამასთან და დედინაცვალთან. საცხოვრებელი ბინა შედგენს 2 პატარა ოთახს. ბინა მოკლებულია ელემენტარულ კონფორტს, ხოლო მეორე შვილი სურია ისმაილოვა ცხოვრობს მამის დედასთან -ბებიასთან. ბავშვების ერთმანეთისგან განცალკევებით და სურიას დედისგან შორს ცხოვრება უარყოფითად აიასახება ბავშვების ფსიქიკაზე, რაც ყოვლად დაუშვებელია.

მოსარჩელე რეგისტრირებული არ არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს.

სასამართლო ამ ფაქტების დადგენისას ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფონდის 15.09.2017წ. №150/17 მიმართვა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებას;

4.2 საქმის სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1 მოცემულ საქმეში სასამართლოს მიერ სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა, ვინაიდან მხარეებს არც ერთი მათგანი სადავოდ არ გაუხდია;

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

5.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის, მტკიცებულებებათა შემოწმება-შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ, კერძოდ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 დეკემბრის N03/17031 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ანახანუმ ალლახვერდიევას თავშესაფრით უზრუნველყოფილის და მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე უარის თქმის შესახებ; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, კანონით დადგენილ ვადაში, დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

6. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

6.1. საქართველოს კონსტიტუცია; „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ ; გაეროს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“; „კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ“; „სოციალური დახმარების შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს კანონი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის დადგენილება №34 „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“;

 

6.1.1 კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას;

6.1.2 დეკლარაციის პრეამბულის თანახმად, ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს; და ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება; და ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ, და ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის; და ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში; და ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას; და ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში;

6.1.3 დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის;

6.1.4 დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში;

6.1.5 პაქტის პრეამბულის თანახმად, ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ადამიანთა მოდგმის ყველა წევრის თანდაყოლილი ღისების, განუყოფელი და თანასწორი უფლებების აღიარება მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობის და მშვიდობის საფუძველია, აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან, აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, შიშისა და გაჭირვებისაგან თავდახსნილი თავისუფალი პიროვნების იდეალის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ისეთი პირობები, სადაც ყველას შეეძლება თავისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა, ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიხედვით სახელმწიფოების ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას, აცნობიერებენ, რომ პიროვნება, რომელსაც გააჩნია მოვალეობები და პიროვნებებისა და იმ საზოგადოებების წინაშე, რომელსაც იგი მიეკუთვნება, პასუხისმგებელია, იღვწოდეს ამ პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემისა და დაცვისათვის;

6.1.6 პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით. აგრეთვე უფლებას, განუწყვეტილივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თვისუფალ თანხმობაზე დაფუძნეული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას;

6.1.7 ბავშვთა კონვენციის პრეამბულის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, მიაჩნიათ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება ქვეყნად თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფუძველია, ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობებისადმი, და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების დონის ამაღლებას მეტი თავისუფლების პირობებში, აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოფელთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში გამოაცხადა და დაეთანხმა იმას, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დოკუმენტებში მითითებული ყველა უფლება და თავისუფლება რა განსხვავებაც უნდა იყოს ისეთი ნიშნების მიხედვით, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებანი, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობა, ქონებრივი მდგომარეობა, დაბადება თუ სხვა გარემოებანი, აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გამოაცხადა, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. დარწმუნებული არიან, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი, და ბუნებრივი გარემოცვა ყველა მისი წევრისა და განსაკუთრებით ბავშვების აღზრდისა და კეთილდღეობისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საჭირო დაცვითა და ხელშეწყობით, რათა შეეძლოთ მთლიანად იკისრონ ვალდებულებანი საზოგადოების ფარგლებში, აღიარებენ, რომ ბავშვი, მისი პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის, უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში, მიაჩნიათ, რომ ბავშვი მთლიანად მომზადებული უნდა იყოს საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებულ იდეალებზე, და, განსაკუთრებით მშვიდობის, ღირსების, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით, მხედველობაში იღებენ, რომ ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობვა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკარაციით და გენერალური ასამებლეის მიერ 1959 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, 23 და 24 მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, 10 მუხლით), აგრეთვე იმ სპეციალიზებული დაწესებულებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წესდებებითა და შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებიც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მუშობენ, ითვალისწინებენ, რომ, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშია აღნიშნული, „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“, ეფუძნებიან სოციალური და სამართლებრივი პრინციპების შესახებ დეკლარაციის დებულებებს, რომლებიც ეხება ბავშვთა დაცვას და კეთილდღეობას, განსაკუთრებით ბავშვების აღსაზრდელად გადაცემისას და მათი შვილად აყვანისას ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალურ სტანდარტულ წესებს („პეგინის წესები“) და დეკლარაციას საგანგებო ვითარებაში და შეიარაღებული კონფლიქტების პერიოდში ქალებისა და ბავშვების დაცვის შესახებ, აღიარებენ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მცხოვრები ბავშვები და რომ, ასეთი ბავშვები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, სათანადოდ ითვალისწინებენ ყველა ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების მნიშვნელობას ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისათვის, აღიარებენ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ყოველ ქვეყანაში, კერძოდ განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის;

6.1.8 ბავშვთა კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი სანამ 18 წლის ასაკს მიაღწევდეს, თუ კანონით, რომელიც ამ ბავშვისადმი გამოიყენება, ის უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას;

6.1.9 ბავშვთა კოვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას; მე-2 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს;

6.1.10 იმავე კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვა ზომებს, რათა განახორციელონ წინამდებარე კონვენციით აღიარებული უფლებები, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების მიმართ მონაწილე სახელმწიფოები ასეთ ზოემბს მიმართავენ მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურ ფარგლებსი და, აუცილებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში;

6.1.11 ბავშვთა კონვენციის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მიმართავენ საჭირო ზომებს, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებს და ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატერიალურ დახმარებას უწევენ და ხელს უწყობენ პროგრამებს, განსაკუთრებით კვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროგრამებს;

6.1.12 სოციალური კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;

6.1.13 იმავე კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავშესაფარი – სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით;

6.1.14 იმავე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;

6.1.15 იმავე კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ძირითადი პრინციპებია [ერთ-ერთი მათგანი] სოციალური დახმარების სისტემის მეშვეობით სათანადო რესურსების მიზანმიმართული გადანაწილება სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე;

6.1.16 იმავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით;

6.1.17 თვითმმართველობის კოდექსის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს;

6.1.18 იმავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები ექსკლუზიური უფლებამოსილებებია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე;

6.1.19 იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო ტრანზაქციების წარმოება; იმავე პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია;

6.1.20 თვითმმართელობის კოდექსის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: იღებენ/გამოსცემენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

6.1.21 იმავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო;

6.1.22 იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება; მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები; მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით − მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი;

6.1.23 იმავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გაგებელი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად;

6.1.24 იმავე კოდექსის 54-ე მუხლის პუნქტის ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გამგებელი/მერი საფინასო-საბიუჯეტო სფეროში: შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს, უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; იმავე პუნქტის „ე.თ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;

6.1.25 იმავე კოდექსის 62-ე მუხლის 1-3 ნაწილების თანახმად, (1) მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით; (2) გამგეობის/მერიის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა/მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან/მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და (3) თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, გამგეობის/მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს/გამგეობას/მერიას − გამგებლის/მერის მიერ განსაზღვრული პირი;

6.1.26 იმავე კოდექსის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

6.1.27 იმავე კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებისგან; იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს საკუთარი შემოსულობები და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება;

6.1.28 იმავე კოდექსის 91-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად;

6.1.29 იმავე კოდექსის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 პროცენტს; იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული;

6.1.30 სზაკ-ის პირველი მუხლის 1-2 ნაწილების თანახმად, (1) ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს და (2) კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა;

6.1.31 სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს;

6.1.32 სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი; იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები; იმავე პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება; იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;

6.1.33 იმავე კოდექსის მე-6 მუხლის 1-2 ნაწილების თანახმად, (1) თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და (2) ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

6.1.34 სზაკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება;

6.1.35 სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს;

6.1.36 სზაკ-ის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში;

6.1.37 სზაკ-ის 53-ე მუხლის 1-5 ნაწილების თანახმად, (1) წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას; (2) დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს; (3) ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; (4) თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას და (5) ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს;

6.1.38 სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება; იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო;

6.1.39 სზაკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით;

6.1.40 სზაკ-ის მე-80 მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში;

6.1.41 სზაკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში;

6.1.42 სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;

6.1.43 სზაკ-ის 97-ე მუხლი, კერძოდ, პირველი ნაწილის ”ა”-”ზ” ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: (ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; (ბ) შეაგროვოს ცნობები; (გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; (დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; (ე) დანიშნოს ექსპერტიზა; (ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; (ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს;

6.1.44 სზაკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით;

5.1.45 სასკ-ის მე-17 მუხლის 1-2 ნაწილების თანახმად, (1) მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები და (2) თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

6.1.46 სასკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას;

6.1.47 იმავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით და (2) თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

6.1.48 სასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ; იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი;

6.1.49 სასკ-ის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას;

6.1.50 სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა. იმავე კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი გარიგებით იღებს სარგებელს;

6.1.51 სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. იმავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, (1) ქმედუუნარო მოქალაქის, აგრეთვე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები, მეურვეები და მზრუნველები, რომლებიც წარუდგენენ სასამართლოს თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს და (2) კანონიერი წარმომადგენლები წარმოსადგენ პირთა სახელით ასრულებენ ყველა საპროცესო მოქმედებას, რომელთა შესრულების უფლებაც მიკუთვნებული აქვთ წარმომდგენთ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებით.

6.1.52 საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტობის განსაზღვრის, ორგანიზაციული საქმიანობის, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის, თვითმმართველი ერთეულის განვითარების დაგეგმვის, საფინანსო-საბიუჯეტო, მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის, სოციალურ, კეთილმოწყობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალურ, მიწათსარგებლობის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის, აღრიცხვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმატიზაციის სფეროებში;

6.1.53 იმავე მუხლი მე-8 პუნქტის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: (ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების მოსმენა და შეფასება და (გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა და მისი განკარგვის წესის დადგენა; იმავე პუნქტის „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალურ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: (თ) გამგებელთან/მერთან შეთანხმების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ და (ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების მიღება უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;

6.1.54 გამგეობის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის განმსაზღვრელ სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების მიღება უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

7. სამართლებრივი შეფასება:

(7.1) განსახილველ საქმეში დავის საგანს, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს სადავო აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხეთა დავალდებულება, გამოსცენ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენს მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის უსახლკაროთა რეესტრში რეგისტრაცია და თავშესაფრით ან ბინის ქირით უზრუნველყოფა;

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

(7.2.2) ქმედების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია, რომ იგი მიმართული იყოს კონკრეტულ პირის (პირთა წრის) მიმართ და აწესრიგებდეს კონკრეტულ შემთხვევას. მოცემულ შემთხვევაში გამგეობის სადავო აქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა რა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტაზე, შეიძლება ითქვას, რომ ამით გამგეობამ ერთგვარად მოაწესრიგა კონკრეტული შემთხვევა, კონკრეტულ პირთა - მოსარჩელისა და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ, ანუ 2017 წლის 19 დეკემბრის №03/14031 გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ ნიშნის მიზანია მოწესრიგება, ანუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მეშვეობით კონკრეტული და შესასრულებლად სავალდებულო შედეგის განსაზღვრა ცალმხრივად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

თავის მხრივ, იგი ექცევა სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან) და 22-ე-23-ე მუხლების რეგულირების არეალში;

(7.3) როგორც ზემოთ აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობა (უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები, რომელთა მონაწილეც არის საქართვველო, განამტკიცებენ თითეული ადამიანის უფლებას ღირსეულ საცხოვრებელ პირობებზე და ამ პირობების გაუმჯობესების თაობაზე, რაც შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთ ტერმინში ”სათანადო საცხოვრისის უფლება”. საერთაშორისო დონეზე აღსანიშნავია ზემოთ ციტირებული დეკლარაცია და პაქტი. სწორედ ისინი ქმნიან ძირითად სამართლებრივ ბაზას სათანადო საცხოვრისთან დაკავშირებით (ესაა დეკლარაციის პრეამბულა და 25-ე მუხლი და პაქტის ასევე პრეამბულა და მე-11 მუხლი). სასამართლოს აქვე სურს მიუთითოს გაეროს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის პრაქტიკის სკოტ ლეკისეულ (scott lekie) ანალიზზე, კერძოდ, ავტორი ამბობს, რომ: [..] დოკუმენტები, რომლებიც საცხოვრებლის უფლებების ნორმებს ადგენენ, იმისთვის არ შექმნილა, რომ ყველა ადამიანი ყოფილიყო უზრუნველყოფილი შესანიშნავად მოვლილ ბაღებში ჩაფლული მდიდრული სასახლეებით. თუმცა, როდესაც საცხოვრებლის უფლებების სამართლებრივ შინაარსზე ვსაუბრობთ, როგორიცაა საცხოვრებლის უსაფრთხოების უფლება (მიწიდან ან საცხოვრებლიდან იძულებითი გამოსახლებისაგან დაცვა), საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, საბინაო რესურსებში სახალხო მონაწილეობა და კონტროლი, საბინაო სექტორში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის, შევიწროების ან უსამართლო მოპყრობის აღკვეთის გარანტიები, საცხოვრებლად ვარგისი და სათანადო საცხოვრებლის უფლება, საზოგადოებრივ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, როგორიცაა სასმელად ვარგისი წყალი, კანალიზაცია, გამდინარე წყლების სისტემა, ელექტროენერგია, გათბობა (საჭიროების შემთხვევაში), ინფრასტრუქტურა, გზები, განათება, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილები, საავარიო სამსახურები - საცხოვრებლის უფლების მრავალი განზომილების საწყისი ფარგლები უფრო გასაგები ხდება. [..] გაეროს საცხოვრებლის უფლების საკითხების ყოფილმა მომხსენებელმა, მოსამართლე რეინდარ საჩარმა, თავის დასკვნით მოხსენებაში (1995 წ.) აღნიშნა, რომ საცხოვრებლის უფლებები უფრო ზოგადი გაგებით, უნდა აღიქმებოდეს და განიმარტებოდეს, როგორც შემდეგი ასპექტების მომცველი: ა) ასეთი ვალდებულებების ოფიციალურად აღიარების შემდეგ, სახელმწიფო უნდა შეეცადოს, ყველა სათანადო საშუალების გამოყენებით უზრუნველყოს თითოეული ადამიანის ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის, საყოფაცხოვრებო პირობებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამის საბინაო რესურსებზე, რაც ადამიანის სხვა უფლებებს არ ეწინააღმდეგება; ბ) საზოგადოებას შეიძლება წაეყენოს სარჩელი ან მოთხოვნა საბინაო რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ პირი უსახლკაროა, არ გააჩნია სათანადო საბინაო პირობები, ან არა აქვს უნარი მიიღოს საცხოვრებლის უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი გარანტიების ერთობლიობა; და გ) სამართლებრივი ვალდებულებების აღების შემდეგ, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ღონისძიებები, რომელიც აღნიშნული უფლების თითოეული შემადგენელი ასპექტის პოლიტიკის შემუშავებაზე და საკანონმდებლო აღიარებაზე იქნება ორიენტირებული4. საჩარმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საცხოვრებლის უფლება არ უნდა გულისხმობდეს: ა) რომ სახელმწიფოს მოეთხოვება საცხოვრებელი ბინები ააშენოს მთელი მოსახლეობისათვის; ბ) რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უფასო საცხოვრებელი ყველასათვის, ვინც ამას მოითხოვს, გ) რომ სახელმწიფომ ვალდებულებების აღებისთანავე აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს ამ უფლების ყველა ასპექტი; დ) რომ სახელმწიფომ ექსკლუზიურად თავის თავზე უნდა აიღოს ან დაურეგულირებელ ბაზარს დაავალოს ყველა ადამიანისათვის ამ უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა, ან ე) რომ ეს უფლება ყველა გარემოში და ყველა ადგილას ერთნაირად წარმოაჩენს თავს5. [..] როგორც ცნობილია, პაქტის 2(1) მუხლში ჩამოყალიბებული საერთო ვალდებულებათა დებულების საფუძველზე, მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია გადადგას საკანონმდებლო და სხვა ნაბიჯები „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“, პაქტით აღიარებული უფლებების „თანადათანობითი“, სრული რეალიზაციისათვის - რა თქმა უნდა, სათანადო საცხოვრებლის უფლების ჩათვლით. იგივე მუხლით სახელმწიფო ვალდებულია, პაქტით აღიარებული უფლებებით სარგებლობა უზრუნველყოს რაიმე ფორმით რასობრივი ან სხვა სახის დისკრიმინაციის გარეშე. სახელმწიფოები ხშირად ცდილობდნენ მოეშველებინათ მე-2 მუხლში გამოყენებული ბუნდოვანი ტერმინოლოგია საერთაშორისო კრიტიკის თავიდან ასაცილებლად. ამ ტერმინების გარკვეული ლინგვისტური უზუსტობის მიუხედავად, პაქტის საფუძველზე აღებულ სახელმწიფო ვალდებულებებთან დაკავშირებით დღეისათვის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია, რაც აყალიბებს საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვან პრინციპებს საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით. მაგალითად, გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ, მაშინაც კი, როდესაც „ხელმისაწვდომი რესურსების“ ნაკლებობა სახეზეა, სახელმწიფოები მაინც უნდა იღწვოდნენ შესაბამისი უფლებების მაქსიმალურ ფარგლებში განხორციელებისათვის, და „ახდენდნენ დემონსტრირებას, რომ ყველა ღონე იხმარეს მათ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოსაყენებლად ამ მინიმალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული წესით დასაკმაყოფილებლად“18 (სქოლიო: ზოგადი კომენტარი №3 სახელმწიფოთა ვალდებულებების ბუნების შესახებ (პაქტის 2(1) მუხლი), პუნქტი 10. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის მოხსენება, UN doc.E/1991/23, გვ. 83-87; და ამ კრებულის დანართი 2. იხ. აგრეთვე ა. ეიდე, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, როგორც ადამიანის უფლებები“, ამ კრებულის მე-2 თავი). ეს ხედვა კიდევ უფრო ვრცლადაა წარმოდგენილი 1998 წელს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებულ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დარღვევის მაასტრიხტის სახელმძღვანელო პრინციპების №10 პრინციპში, სადაც ნათქვამია, რომ „რესურსების ნაკლებობა სახელმწიფოს არ ანთავისუფლებს გარკვეული მინიმალური ვალდებულებებისაგან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების იმპლემენტაციის თვალსაზრისით“19 (სქოლიო მაასტრიხტის სახელმძღვანელო პრინციპები ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დარღვევების შესახებ (1998 წ.), Human Rights Quarterly, ტ. 20, N. 3 (1998), გვ. 691- 701; და ამ კრებულის დანართი 4. ზოგადად დარღვევების შესახებ იხ. ს. ლეკი, „Another Step Towards indivisibility:identifying the Key Features of violations of Economic, Social and Cultural Rights`, Human RightsQuarterly, t. 20, No1 (1998), გვ. 81-124.);

(7.4) შიდა საკანონმდებლო დონეზე საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 30 აპრილის დადგენილებით დაამტკიცა „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014–2020 წლებისთვის)“. ამ სტრატეგიის 21-ე მუხლის მიხედვით: მისი მიღების მიზანს წარმოადგენს - სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება და უსახლკარობის პრობლემის გადაჭრა. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს პარლამენტმა განსაზღვრა შემდეგი ამოცანები: (ა) სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოში არსებული რესურსების შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური კონცენტრირება; (ბ) სათანადო საცხოვრებლის უფლების ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფა; (გ) ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება მოწყვლადი ჯგუფებისთვის სათანადო საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; (დ) სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობისა და სახელმწიფო საბინაო სტრატეგიის შექმნა, რომელიც ყველა ჯგუფის ინტერესებს გაითვალისწინებს; (ე) უსახლკაროთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა და (ვ) მინიმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა;

(7.5) გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს სურს მერიის ყურადღება მიაქციოს საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშზე (), რომლის სახელწოდებაც არის „უფლება სათანადო საცხოვრისზე“. ამ ანგარიშში, სახალხო დამცველი საერთაშორის სტანდარტების ანალიზისას აღნიშნავს, რომ [..] საცხოვრებლის უფლება უფრო მეტია ვიდრე ოთხი კედელი და ჭერი, იგი იმ მინიმალური პირობების ერთიანობაა, რომელიც აუცილებელია პიროვნების ფიზიკური და სულიერი მთლიანობისთვის. [..] სათანადო საცხოვრებელი ნიშნავს საცხოვრებელ ფართს, ცხოვრებისათვის სათანადო ფართობს, ფიზიკურ ხელმისაწვდომობას, სათანადო უსაფრთხოებას, საცხოვრებელი ფართის ფლობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, სტრუქტურულ სტაბილურობას და გამძლეობას, სათანადო განათებას, გათბობასა და ვენტილაციას, სათანადო ძირითად ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სასმელი წყალზე, სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებზე და ნარჩენების გადაყრაზე ხელმისაწვდომობას, ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემო პირობებს და სათანადო ადგილმდებარეობას შრომისა და ძირითადი მომსახურების თვალსაზრისით. თვალსაჩინოა, რომ სათანადობის ელემენტი უფლების ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები ზემოხსენებული კრიტერიუმების ეტაპობრივი, შეუქცევადი და სრული რეალიზაციისთვის (იხ. ანგარიში, გვ. 5-6);

(7.6) სახალხო დამცველი იქვე აგრძელებს, რომ [..] უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლების კომპლექსურობის და მზარდი მნიშვნელობის გამო, პრაქტიკაში ხშირია მისი არასწორად განმარტების შემთხვევები. ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას წარმოადგენს იმის დაშვება, რომ სახელმწიფოს მოეთხოვება მოსახლეობისათვის სახლების აშენება და რომ ყველა მოქალაქე უნდა დაკმაყოფილდეს ბინით ვინც ამას მოითხოვს11. აღნიშნულის საპირისპიროდ, საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული პრინციპების მიხედვით, სახელმწიფო მხოლოდ გარკვეული პირობების შემთხვევაშია პასუხისმგებელი პირის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მეორე გავრცელებულ შეცდომაა სათანადო საცხოვრებლის უფლების განმარტება, როგორც საკუთრება. სათანადო საცხოვრებლის უფლება უფრო მეტია ვიდრე საკუთრება, ვინაიდან ქონების უფლების მიუხედავად, უსახლკარო პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული პირობებით. ამასთან, სახელმწიფოს არ ეკისრება ვალდებულება შესაბამისი საჭიროების მქონე პირს შეთავაზებული საცხოვრებელი ფართი გადასცეს საკუთრებაში. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა იმის დაშვება, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს სათანადო საცხოვრებლის უფლების ყველა ასპექტი12. აღნიშნულის საპირისპიროდ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით განახორციელოს ღონისძიებები უფლების თანდათანობითი, სრული რეალიზაციის მისაღწევად. ამასთან, ეს ღონისძიებები უნდა იყოს გააზრებული, კონკრეტული და პაქტით აღიარებული ვალდებულების შესრულებაზე მკაფიოდ ორიენტირებული13 (სქოლიო: 11 სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი #UN Doc. E/CN.4/Sub.2/1995/12; პუნქტი 11; 12 იქვე.; 13 სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტის #3 ზოგადი კომენტარი, 1991 წ. პარაგრაფი 2) (იხ. ანგარიშის გვ. 7). [..] მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიზნებისათვის არ არის განსაზღვრული უსახლკარობის ცნება, სათანადო საცხოვრებლის კონცეფციაზე და ამ უფლების ავტორიტეტულ განმარტებებზე დაყრდნობით, უფლების სუბიექტები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად, კერძოდ: I კატეგორია - ჭერის არმქონე პირები: მათ არ გააჩნიათ არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ფართი, ისინი ღამეებს, სარგებლობაში არსებულ ნივთებთან ერთად ქუჩაში, სადარბაზოებში, სკვერებში და სხვა წინასწარ განუსაზღვრელ ადგილზე ატარებენ; II კატეგორია - სახლის/ბინის არმქონე პირები: მუდმივი საცხოვრებელი ფართის უქონლობის გამო, ერთი საცხოვრებელი ადგილიდან მეორეში გადაადგილდებიან (მაგ: ნათესავებთან, მეგობრებთან, სპეციალიზებულ დაწესებულებებში, შეჭრილები, პირები, რომლებსაც გამოსახლების შედეგად უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე აქვთ და სხვა); III კატეგორია - მინიმალური/ძირითადი საცხოვრებელი პირობების არმქონე პირები: პირები, რომლებსაც გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მათ ხელი არ მიუწვდებათ ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო მინიმალურ საყოფაცხოვრებო პირობებზე (იხ. ანგარიშის გვ. 12);

(7.7) საქართველოში მოქმედი წესების შესაბამისად, უსახლკარო პირთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები. ეს მათი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე ამ უფლებამოსილებას 2017 წლის 15 მარტის მდგომარეობით ასრულებდა აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა (დღეს კი - მერია). აღნიშნული უფლებამოსილება საკრებულოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით სწორედ მუნიციპალიტეტის გამგეობას ჰქონდა დელეგირებული. საკრებულო ამ სფეროში მხოლოდ სტრატეგიულ გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, კონკრეტულ ღონისძიებებს კი ახორციელებს აღმასრულებელი ორგანო. ამიტომ, გამგეოება არის ის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ დაყენებულ საკითხზე.

(7.8) გამგეობა აღჭურვილია უფლებამოსილებით, რომ მიმართოს საკრებულოს და მოითხოვოს ცვლილებების შეტანა საფინანსო ნორმატიულ აქტში (ბიუჯეტი, სოციალური პროგრამების რეალიზაციაზე მიმართული სხვა დებულებები), არსებული საჭიროებების მიხედვით. თუმცა, სანამ გამგეობა მიმართავს საკრებულოს საფინანსო ნორმატიულ აქტში (ან აქტებში) შესაბამისი ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, მან უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სრულყოფილად შეისწავლოს მოსარჩელის სოციალური მდგომარეობა, - ანუ სრულად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება (ამისათვის მას შეუძლია ადგილზე გასვლა, სხვადასხვა მტკიცებულებების გამოთხოვა, მოწმეების დაკითხვა, განმცხადებლისა და სხვა პირების მოწვევა). გამგეობის პოზიცია (მხედველობაშია სადავო აქტი), რომ უსახლკაროთა სისტემის დანერგვის, შესაბამისი ბაზების წარმოებისა და გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად კონკრეტული ღონისძიებების გატარების შემდგომ, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული მომართვიანობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე განახორციელებს მოქალაქე ანახანუმ ალლახვერდიევას ჩართვას უსახლკაროთა ერთიან ბაზაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ როცა დავის საგანია კანონმდებლობასთან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა, მტკიცების ტვირთი ყოველთვის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხარეზეა, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვის შედეგად. ამასთან, ამ მხრივ გარკვეული ვალდებულება მოსარჩელესაც აკისრია, კერძოდ, მან უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონდარღვევა. ამრიგად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა (დაედასტურებინა), რომ დეტალურად შეისწვალა მოსარჩელის განცხადება, გამოიკვლია ყველა რელევანტური გარემოება, აწონ-დაწონა საჯარო და კერძო ინტერესები, მოუსმინა ყველა დაინტერესებულ მხარეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. როცა საკითხი ეხება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, კანონი უმკაცრესად მოითხოვს, რომ გადაწყვეტილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) იყოს დასაბუთებული, ანუ მასში მითითებული უნდა იყოს, ყველა ის გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია. ამის საწინააღმდეგოდ, გამგეობამ ისე მიიღო სადავო აქტი, რომ არც კი გაურკვევია: საჭიროებენ თუ არა მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილები ფინანსურ ან სხვაგვარ ინტერვენციას; გარდა ამისა, გამგეობას უნდა გაეანალიზებონა არსებული სოციალური პროგრამების ადეკვატურობა და ეფექტურობა იმ სოცილურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, რომელიც საჭიროებს სათანადო საცხოვრისით უზრუნვეყოფას ან შესაძლოა პოტენციურად იყვნენ სოციალური პროგრამების ბენეფიციარები

(7.9) სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება ის კრიტერიუმია, რომელიც გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობას დისკრეციულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველგვარი დასაბუთების (განმარტების) გარეშე შეეძლება თავი აარიდოს კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. დასაბუთების სტანდარტი ადმინისტრაციულ ორგანოს, მის შესაბამის მოხელეს უძლიერებს განცდას, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს საქმის ფაქტობრვი გარემოებების დეტალური გარკვევისა და გაანალიზების შედეგად, რომ დაინტერესებული პირი მოელის პრობლემის რეალურად გადაჭრას და არა მარტოოდენ ფორმლაური, ბიუროკრატიული წარმოების ფარგლებში ასევე ფორმალური გადაწყვეტილების გამოტანას;

(7.10) უდავოა, რომ ყველა მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველობაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით (მნიშვნელოვანიარეგიონის სპეციფიკისა და მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობების აღქმაც შესაბამისი პოლიტიკის ფორმირების საქმეში). შესატყვისი გარემოებების მოუძიებლობა და გამოუკვლეველობა - საბოლოო ანგარიშით გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა არის კანონის ისეთი დარღვევა (უხეში დარღვევა), რომლის არარსებობის პირობებშიც შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი;

(7.11) როგორც ცნობილია, სასამართლომ მოცემულ საქმეში მესამე პირად მოიწვია მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილები, ვინაიდან მიიჩნია, რომ ისინი და მოსარჩელე ერთად არიან იმ სამართალურთიერთობის მონაწილენი, რომელთან დაკავშირებითაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პირები მერიას არ ჰყოლია მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარედ.

 

(7.12) ამდენად, გამგეობას საკმარისი საფუძველი ჰქონდა იმისათვის, რომ მოცემულ სამართალწარმოებაში მესამე პირის სახით ჩაბმული მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილები მიეწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში და მისი მონაწილოებითაც გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გაერკვია მისი პოზიცია, მისი კონკრეტული საჭიროებ(ები)ა დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ აღნიშნული გარემოება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი, თავითავად არის მერიის საქმიანობის ფუნდამენტური ხარვეზი, იგი ასევე შეიძლება შეფასდეს საქმის გარემოებების არასრულყოფილ გამოკვლევადაც, რამეთუ არასრულწლოვანის ინტერესებისათვის პრიორუტეტული ყურადღების მიუქცევლობამ, მისი როლის იგნორირებამ შედეგად მოგვცა ვითარება, როცა გამგეობა კომპლექსურად არ მიუდგა საკითხის შესწავლას. მიუხედავად იმისა, რომ მესამე პირს კანონმდებლობით შეზღუდული აქვს ქმედუნარიანობა და მის ინსტერესებს წარმოადგენს მისი მშობელი (ამ შემთხვევაში დედა, იგივე მოსარჩელე/განმცხადებელი), იგი მაინც უნდა ყოფილიყო ცალკე მიწვეული და ჩაბმული ადმინისტრაციულ წარმოებაში, ანუ მას უნდა ჰქონოდა დამოუკიდებელი წვდომა წარმოების მიმართ;

(7.13) გამგებას არათუ უნდა მიეწვია მესამე პირი ადმინისტრაციულ წარმოებაში, არამედ მისი მოსაზრების მოსმენის გარეშე უფლება არ ჰქონდა გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მართალია, ბავშვთა კონვენციის შესაბამისად, სახელმწიფო არის ვალდებული დაიცვას ბავშვის უფლებები, თუმცა ასეთი მიდგომა იქნება საკითხის ძალზედ ვიწრო გაგება. აღნიშნული დებულება ნიშნავს, რომ როცა საქართველოს სახელმწიფომ ხელი მოაწერა კონვენციას და აიღო ვალდებულება, რომ თავის სამართლებრივ სისტემაში დაამკვიდრებდა იმ აუცილებელ სტანდარტებს, რაც სავალდებულო იქნება ყველასათვის (იქნება ის მოქალაქე, უცხოელი, იურიდიული პირი, დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, ასევე ნებისმიერი საჯარო (ადმინისტრაციული) ორგანო). ამდენად, აღნიშნული სტანდარტი ეხება ასევე მარნეულის გამგეობასაც. გამგეობა, როგორც სათანადო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო უზრუნველეყო მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილების ინტერესების დაცვა და უფლებების რეალიზაცია. ვინაიდან სადავო გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს, რამდენად იქნა დაცული ეს მაღალი სტანდარტი (მით უფრო მაშინ, როცა მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე);

(7.14) ამდენად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს უხეშ კანონდარღვევას, რაც შედეგად იწვევს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას;

(7.15) სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში აუცილებელია გარემოებათა კომპლექსური გამოკვლევა-დადგენა, რაც შედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში (საკითხის შესწავლის პროცესში შეიძლება საჭირო გახდეს საკრებულოსთან ან სხვა საჯარო თუ კერძო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა), ამიტომ სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე საკითხის თვისობრივ კვლევაში შესვლა და სარჩელის არსებითი დაკმაყოფილება, რის გამოც მერია ხელახლა უნდა მიუბრუნდეს მოსარჩელის მოთხოვნის შესწავლას. საქმის ხელახალი შესწავლის დროს მერიამ ყურადღება უნდა მიაქციოს, მათ შორის, ისეთ გარემოებებს, როგორიცაა:

- მიეკუთვნებიან თუ არა მოსარჩელე და მესამე პირები უსახლკარო პირთა კატეგორიას;

- ასევე უსახლკარო პირთა რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილები (მხედველობაშია ის კატეგორიზაცია, რაც მოცემულია სახალხო დამცველის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში);

- საჭიროებენ თუ არა სათანადო საცხოვრის;

- როგორ შეიძლება მათი ამ საჭიოების დაკმაყოფილება, კერძოდ, არის თუ არა საკმარისო ფინანსური რესურსი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ან

- ხომ არ არის საჭირო მასში ცვლილებების შეტანა ან

- ხომ არ იქნება საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისი, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან რესურსების მობილიზაცია ან/და

- ხომ არ არის აუცილებელი სხვა ღონისძიებების გატარება;

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

(8.1) მოცემულ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონსძიება არ ყოფილა გამოყენებული;

9. საპროცესო ხარჯები:

(9.1) სასკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე;

(9.2) სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო;

(9.3) სათანადო საცხოვრებლის უფლება, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არის ადამიანის უმთავრესი სოციალური უფლება (ეს ასპექტი მე-7 პუნქტში უკვე იყო აღწერილი). ამიტომ, ნებისმიერი სასამართლო დავა, რომელიც უკავშირდება სათანადო საცხოვრებლის უფლებას, ექცევა სასკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის რეგულირების სფეროში და მოცემული კატეგორიის საქმეები არ იბეგრება სახელმწიფო ბაჟით;

(9.4) ამრიგად, ვინაიდან მოცემულ დავაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება, მისი გაღების ვალდებულება მხარეების ნაცვლად ეკისრება სახელმწიფოს;

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 10-ე, მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

g a d a w y v i t a ;

 

1. მოსარჩელე ანახანუმ ალლახვერდიევას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

_ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 დეკემბრის N03/17031 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ანახანუმ ალლახვერდიევას თავშესაფრით უზრუნველყოფილის და მატერიალური დახმარების გაწევის თაობაზე უარის თქმის შესახებ;

 

2. დაევალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე