გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.01.2019
საქმის ნომერი
190210017001673310
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი 2019 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ვ------- ბ------ე

წარმომადგენელი რაისა ლიპარტელიანი, თამარ სურმავა

მოპასუხეები შპს "რ-----------------ი"

სს "რ-----------------ი"

წარმომადგენელი გიორგი მაღრაძე

სს "ე----------------ი"

წარმომადგენლები გიორგი კობიაშვილი

დავის საგანი შრომითი ურთიერთობის აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

1. დაევალოს შპს "რ-----------------ს" და სს "ე----------------ს" ბათილად ცნონ 2016 წლის 21 ნოემბერის N352ლ ბრძანება ვ------- ბ------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში;

2. დაევალოთ სს „რ-----------------ს“ და სს „ე----------------ს“ ვ------- ბუაჩუძის აღდგენა მძღოლის პოზიციაზე;

3. სს „რ-----------------ს“ და სს „ე----------------ს“ დაეკისროთ ვ------- ბ------ისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 10 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 879,89 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები

 

1991 წლიდან მუშაობდა შპს „აზოტში“ მუშაობდა ამ საწარმოს ავტოსატრანსპორტო საამქროში მძღოლად. შრომით მოვალეობებს ყოველთვის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა. დისციპლინური სახდელი არასდროს მიუღია. 2016 წლის 10 ნოემბერს სამუშაო ადგილზე ყოფნის დროს მასთან მივიდა საწარმოს თანამშრომელი პაატა ბედოევი და სთხოვა ხელმძღვანელობის დავალებით რამდენიმე ბიდონის გადატანაში დახმარება. პაატა ბედოევს დაეხმარა ბიდონების გადატანაში მის მანქანით. ისინი ქარხნის ტერიტორიაზე ერთი ბოქსიდან მეორე ბოქსში გადაიტანეს. ავტომობილიდან იგი არ გადმოსულა და არც ბიდონების დატვირთვა-გადმოტვირთვაში დახმარებია. ბიდონებში რა იყო მოთავსებული მისთვის ცნობილი არ იყო. ბიდონების დატვირთვა-გადმოტვირთვაში ეხმარებოდა ნუგზარ დოლენჯაშვილი. ამის შემდეგ გააგრძელა თავის სამუშაოს შესრულება. მეორე დღეს პოლიციამ ჩამოართვა ახსნა-განმარტება ამ ფაქტის გამო, რადგან საწარმოს ქონების ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება. 14 ნოემბერს საწარმოში გააფრთხილეს, რომ დროებით არ ევლო სამსახურში და ამ პერიოდის ხელფასი ჩაერიცხებოდათ. ნოემბრის ხელფასი არ ჩაერიცხა, რის მიზეზის გარკვევის დროს მას 13 დეკემბერს ჩააბარეს 21 ნოემბრით დათარიღებული ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. შრომითი ურთიერთობა შეწყდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს დებულება კი მისთვის უცნობი იყო. შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 10 ნოემბერს მომხდარი ფაქტის გამო. პაატა ბედოევი სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ ქურდობაში, ნუგზარ დოლენჯაშვილის და ვ------- ბ------ის დანაშაული ამ ქმედებაში არ დგინდება განაჩენით, საწარმომ კი ისინი ქურდობაში მონაწილეებად მიიჩნია და ამის გამო გაათავისუფლა სამსახურიდან.

 

2016 წლის სექტემბრის თვეში შპს „რ-----------------ის“ მთელი ქონება შეიძინა სს „ე----------------მა“, ხოლო ამჟამად საწარმოს მართვას ახორციელებს სს „რ-----------------ი“ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. ისინი შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის საფუძველზე, შრომით ურთიერთობებში არიან შპს „რ-----------------ის“ უფლებამონაცვლეები, რის გამოც უნდა დაევალოთ მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღგენა და განაცდურის ანაზღაურება.

 

(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 80-87. ტომი 1)

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს რ-----------------ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სხდომაზე გამოცხადდა.

 

სს რ-----------------მა და სს ეუინვესთმენთსმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი საფუძვლების გამო:

 

სს „ე----------------ის“ განმარტებით, 2016 წლის სექტემბერში აუქციონზე შეიძინა შპს „რ-----------------ის“ ქონება. შპს „რ-----------------ის“ რეორგანიზაციის შედეგად სს „ეუ ინვესთმენთი“ შექმნილი არ არის, ხოლო იურიდიული პირის ქონების შეძენა უფლებამონაცვლეობის საფუძველი არ არის. მოსარჩელე სს „ე----------------ში“ დასაქმებული არ იყო, მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა არასდროს ყოფილა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სს „ე----------------ისათვის“ სამუშაოზე აღდგენის ვალდებულების და განაცდურის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა. სადაო ურთიერთობის მოწესრიგებისთვის შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ეს ნორმა შრომის ხელშეკრულების დადებას შეეხება, დამწყები საწარმოს მიერ შრომის ხელშეკრულების დადების წესებს ადგენს, იგი სპეციალური ნორმაა და სხვა ურთიერთობის მოწესრიგებისთვის ანალოგიის წესით მისი გამოყენება დაუშვებელია.

 

სს „რ-----------------ის“ განმარტებით, სს „ეუ ინვესთმენსთან“ დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სამართავად გადაცემული აქვს ის ქონება, რაც სს „ე----------------მა“ შეიძინა შპს „რ-----------------ისაგან“. ქონების შეძენა ან ქონების იჯარით მიღება უფლებამონაცვლეობას არ წარმოშობს, შპს „რ-----------------ი“, როგორც იურიდიული პირის აგრძელებს არსებობას. მოსარჩელე სს „რ-----------------ის“ თანამშრომელი არ ყოფილა, შესაბამისად, მოპასუხე პასუხისმგებელი ვერ იქნება მის სამუშაოზე აღდგენაზე ან განაცდურის ანაზღაურებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ვ------- ბ------ე 1991 წლიდან გათავისუფლებამდე უწყვეტად მუშაობდა შპს „აზოტში“ სატრანსპორტო საამქროში მძღოლად. 2015 წლის 1 აგვისტოს შპს "რ-----------------თან“ განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე გათავისუფლების დღემდე მუშაობდა ავტოსატრანსპოტო საწარმოში მძღოლად. მისი შრომის ანაზღაურება გამომუშავებით განისაზღვრებოდა და საშუალო ხელფასი იყო ყოველთვიურად 879,89 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შრომის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 17-18. ტომი 1)

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 22-26. ტომი 1)

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (15.01.2019წ, 28.01.2019წ სხდომის ოქმები CD დისკი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „რ-----------------ის" 2016 წლის 21 ნოემბრის N352ლ ბრძანებით მოსარჩელე ვ------- ბუჩუძესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საწარმოს ქონების ქურდობის ჩადენის გამო, რაც დამსაქმებელმა მიიჩნია უხეშ დარღვევად და ნდობის დაკარგვის საფუძვლად. ვ------- ბ------ის მიერ ქურდობის ჩადენის, ქურდობაში ხელშეწყობის ფაქტი არ დასტურდება კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით - გამამტყუნებელი განაჩენით.

 

შპს „რ-----------------ის” გენერალური დირექტორის კ. ლილას 2016 წლის 21 ნოემბერის N352ლ ბრძანებით პაატა ბედოევთან, ვ------- ბ------ესთან და ნუგზარ დოლენჯაშვილთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ბრძანებაში გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ საკონტროლო შემოვლის დროს აღმოჩენილი იქნა საავტომობილი ზეთი, დიზელის საწვავი, ალუმინის სადენი. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გადამოწმებით გამოიკვეთა ქურდობა, რომელშიც მონაწილეობდნენ პირები, ავტოსატრანსპორტო საამქროს მძღოლები : პაატა ბედოევი, ვ------- ბ------ე და ნუგზარ დოლენჯაშვილი.

 

ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და შპს „რ-----------------ის“ მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთების მიზნით მოსარჩელისთვის 2016 წლის 28 დეკემბერს გაგზავნილ N01/848 წერილში შპს "რ-----------------ის" მიერ განმარტებულია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა 2016 წლის 10 დეკემბერს საწარმოში განხორცილებული ქურდობის ფაქტი. შპს რ-----------------ის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაფიქსირდა საავტომობილი ზეთის, დიზელის საწვავის და ალუმინის სადენის ქურდობის ფაქტი, ეს დადასტურებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მიერ, ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და პაატა ბედოევი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისმეგაბში, წერილში მითითებულია, „რაც შეეხება თქვენი პასუხისმგებლბის საკითხს. თქვენს ახსნა-განმარტებაში აღნიშნავთ, რომ პაატა ბედოევის თხოვნით განახორციელეთ ქმედება, რამაც ხელი შეუწყო ამ უკანასკნელს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, უშუალო ხელმძღვანელის დავალების გარშე განახორციელეთ თქვენს ოპერირებაში მყოფი ავტომანქანით მოპარული საქონლის გადატანა ისე, რომ ეს არ შედიოდა არც თქვენს მოვალეობაში და არც უშუალო უფროსის დავალება მიგიღიათ. შპს რ-----------------ის ადმინისტრაციას გაჩნდა სრული საფუძველი ეჭვი შეეტანა თქვენს გულწრფელობაში და ჰქონოდა თქვენს მიმართ უნდობლობის სრული საფუძველი და შეეწყვიტა თქვენთან შრომითი ურთიერთობა“. წერილში საწარმოს დირექტრი ადასტურებს,რომ შრომის ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლსი პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და შპს რუსთვაის აზოტის მუსა-მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ვ------- ბ------ის მიერ ქურდობის ჩადენა არ დასტურდება კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით. კერძოდ, საწარმოს კუთვნილი ქონების ქურდობის ფაქტზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით დამნაშავედ ცნობილია მხოლოდ პაატა ბედოევი, ხოლო ვ------- ბ------ე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიებას არ დაუყენებია და შესაბამისად მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიღებული არ არის.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბერის განაჩენით, დამტკიცდა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორს ანა ადეიშვილსა და ბრალდებულ პაატა ბედოევს შორის 2016 წლის 19 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება; პაატა ბედოევი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრას თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.

 

განაჩენით დადგენილია, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს, დღის საათებში, ქ რუსთავში, მშვიდობის ქ. N2-ში მდებარე შპს „რ-----------------ის“ ქარხნის ტერიტორიაზე, პაატა ბედოევი, ამავე შპს-ს კუთვნილი „კამაზის“ ფირმის ავტომანქანის ავზიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დიზელის საწვავს 80 ლიტრის ოდენობით, 80 ლიტრის ოდენობის საავტომობილო ზეთს, რომლებიც მოათავსა 8 ცალ 20 ლიტრიან ბიდონში. პაატა ბედოევი ამავე ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ავტოფარეხიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 15 მ სიგრძის ალუმინის ხვეულას. ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგოდ და ფარულად დაუფლებული ნივთები პაატა ბედოევმა გადაყარა ხსენებული ავტოფარეხის კედელში არსებული ხვრელიდან შპს „რუსთავის აზოტის“ გარე პერიმეტრზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ქურდობის შედეგად შპს „რ-----------------ს“ მიადგა 407,15 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

პაატა ბედოევის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების: გიორგი ხუციშვილის, ნუგზარ დოლენჯაშვილის, ვასილ დევიძის, ვ------- ბ------ის, პაატა ბედოევის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება N2819299, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტომასალით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტომასალით, წერილი შპს „რ-----------------ი“-დან 15.11.2016 წლის, ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, შრომითი ხელშეკრულებები: პაატა ბედოევთან, ვ------- ბ------ესთან, ნუგზარ დოლენჯაშვილთან, ამავე პირთა ავტოსატრანსპორტო საამქროს სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ინსტრუქციები (სამი ცალი), ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და და საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დასტურდება, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს შპს „აზოტში“ საწარმოს კუთვნილი ქონების ქურდობა ჩაიდინა პაატა ბედოევმა.

 

ვ------- ბ------ესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 10 ნოემბერს ქურდობის ჩადენის მოტივით, ხოლო მოსარჩელის მიერ დანაშაულის - ქურდობის ჩადენა გამამტყუნებელი განაჩენით არ დასტურდება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ბ------ის მიერ 2016 წლის 10 ნოემბერს ჩადენილი ქმედების შეფასებისათვის გასათვალისწინებელია, შპს „რ-----------------ის“ შინაგანაწესით რა ქმედება მიიჩნევა შრომის დისციპლინის უხეშ დარღვევად, რაც იწვევს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებას, რადგან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებაში საფუძვლად მითითებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო გათავისუფლების საფუძვლების დასაბუთების მიზნით გაგზავნილ წერილში დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.

 

დებულების ეს ნორმები დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვადასხვა საფუძველს ადგენს.

 

შპს „რ-----------------ის“ შრომის შინაგანაწესის განუყოფელი ნაწილია მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულება, რომლის მე-6 მუხლით დადგენილია სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დათხოვნა მუშაკს დისციპლინური სასჯელის სახით შეეფარდება შემდეგ შემთხვევებში: ა) მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების ან შრომის შინაგანაწესის სისტემატიური შეუსრულებლობის მის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება; ბ) თუ მუშაკი სამუშაოზე გამოცხადდება ან სამუშაოზე იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში, ნარკოტიკულ ან ტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ; გ) მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს მოქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს ან სამუშაო ადგილზე ქონების დატაცებისას, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება; დ) მუშაკის ისეთი ბრალეული ქმედების გამო, რომელიც ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის (მუშაკის) მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს.

 

სადაო ბრძანებაში ვ------- ბ------ის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, შენიშვნა მუშაკის დისციპლინური სასჯელის სახით შეეფარდება, როდესაც ადგილი აქვს მუშაკის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევას და არსებობს მუშაკის ბრალის შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

გათავისუფლების საფუძვლების განმარტების შესახებ გაგზავნილ წერილში შპს აზოტმა განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულება შეწყდა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს დასაქმებულის დათხოვნას ისეთი ბრალეული ქმედების გამო, რომელიც ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს.

 

შპს რ-----------------ის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების ამ ნორმით გათვალისწინებული დათხოვნის საფუძველი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველია და იგი გათვალისწინებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ბ------ეს არ ჩაუდენია დისციპლინური დებულებით გათვალისწინებული ის დარღვევა, რაც დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მიუთითა გათავისუფლების მიზეზების წერილობით დასაბუთებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დათხოვნის საფუძვლად მითითებულია მუშაკის მიერ ისეთი ბრალეული ქმედების ჩადენა, რომელიც ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მუშაკის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს ამ ნორმით გათვალისწინებულ დარღვევად. ეს დებულება ითვალისწინებს დასაქმებულის მიერ ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც დამსაქმებლის მხრიდან მისდამი ნდობის დაკარგვას იწვევს.

 

დამსაქმებელის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად დასახელებული ფაქტი უკავშირდება 2016 წლის 10 ნოემბერს საწარმოში საზოგადოების კუთვნილი ქონების ქურდობას. დამსაქმებლის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელე პაატა ბედოევს დაეხმარა ქურდობის ჩადენაში, რომ იგი მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. ისეთ პირობებში, როცა ეს ფაქტი განაჩენით არ დასტურდება, არ არსებობს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ის საფუძველი, რაც გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით.

 

დამსაქმებელმა შრომითი მოვალეობის დარღვევად და ნდობის დაკარგვის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საამქროს უშუალო ხელმძღვანელის მითითების გარეშე გამოიყენა მისთვის გადაცემული სამსახურის ავტოსატრანსპორტო საშუალება და განახორციელა ტვირთის გადატანა. მოსარჩელესთან დადებული შრომის ხელშეკრულების მიხედვით, მისი უშუალო უფროსია საამქროს უფროსი. შრომის ხელშეკრულებით და შინაგანაწესით დადგენილი არ არის, კონკრეტულად არ სახის სამუშაო უნდა შეესრულებინა დასაქმებულს მხოლოდ საამქროს უფროსის მითითებით, საწარმოს ტერიტორიაზე ავტომობილით ყოველი გადაადგილებისათვის საჭირო იყო თუ არა საამქროს უფროსის მითითება. ასეთი წესის არსებობის შემთხვევაშიც, მისი დარღვევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საკმარისი საფუძველი არ არის. დამსაქმებელმა ეს გარემოება ქურდობაში ხელშეწყობად მიიჩნია, რის გამოც მან უნდა დაამტკიცოს ქურდობაში მოსარჩელის თანამონაწილეობის გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). შრომით-სამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთივს ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.(სუსგ №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი, პ-34; აგრეთვე, სუსგ-ები №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-151-147-2016 ,19 აპრილი, 2016 წელი; 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში საქმე№ ას-194-185-2016)

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, 2016 წლის 10 ნოემბერს შპს „რუსთავსი აზოტის“ კუთვნილი ქონების ქურდობის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია პაატა ბედოევის მიმართ. ამ ფაქტის გამო ვ------- ბ------ე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიუციათ და მოსარჩელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიღებული არ არის. ამდენად, დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული შრომის დისციპლინის დარღვევად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქცევა მოსარჩელეს არ ჩაუდენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 21 ნოემბრის ბრძანების ასლი (ს.ფ. 42. ტომი 1)

- წერილობითი დასაბუთების ასლი (ს.ფ. 19-20. ტომი 1)

- შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის დებულება (ს.ფ. 27-40. ტომი 1)

- განაჩენის ასლი (ს.ფ. 43-50. ტომი 1)

 

3.2.2. 2016 წლის 1 სექტემბერს სს „ე----------------მა“ შეიძინა შპს „რ-----------------ის“ კუთვნილი ქონება - მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საწარმოს ნაგებობები და წარმოებისათვის განკუთვნილი დანადგარები. 2016 წლის 2 სექტემბერს დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნულ ქონებას და საწარმოო პროცესს მართავდა შპს „რ-----------------ი“, ხოლო 2017 წლის 6 იანვრის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ე----------------მა“ ქონება იჯარით გადასცა სს „რ-----------------ს“.

 

2016 წლის 1 სექტემბერს თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ჩატარდა აუქციონი სს „საქართველოს ბანკის“ მოთხოვნით შპს „რ-----------------ის“ კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის მიზნით. სს „ე----------------მა“ ქონების შეიძინა 235 078 134,40 ლარად. კერძოდ, მოპასუხემ შეიძინა უძრავი ნივთები საკადატრო კოდებით 02.07.01.308; საკადასტრო კოდი 02.07.01.413, საკადატრო კოდი 02.07.01.414; საკადასტრო კოდი 02.07.01.415 ; საკადატრო კოდი 81.14.08.122; ასევე 65 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, სხვა მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

 

2016 წლის 2 სექტემბერს სს „ე----------------ა“ და შპს „რ-----------------ს“ შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება N416293709, რომლის საგანია მეიჯარის მიერ 2016 წლის 1 სექტემბერს აუქციონზე შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (რომელიც აუციონზე გატანამდე წარმოადგენდა მოიჯარის საკუთრებას. მათ შორის საკადატრო კოდი 02.07.01.308 მიწის ნაკვეთი 30001 კვ.მ; საკადასტრო კოდი 02.07.01.413 მიწის ფართი 1 726 494 კვ,მ. მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით; საკადატრო კოდი 02.07.01.414 მიწის ფართი 2031 კვ.მ. მასზე განთავსებული ნაგებობებით; საკადასტრო კოდი 02.07.01.415 მიწის ნაკვეთი 2475 კვ.მ მასზე განთავსებულ ნაგებობები; საკადასტრო კოდი 81.14.08.122 მიწის ფართი 234 048 კვ.მ მასზე განთავსებული ნაგებობებით; საკადასტრო კოდი 02.00.045 რკინიგზის ჩიხები 20302 კვ.მ. ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც მეიჯარის საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაცია უკვე განხორციელდა ან განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. იჯარის ვადაა 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით, რაც ავტომატურად გრძელდება 2017 წლის 1 დეკემბრამდე, თუ მოიჯარე სრულად და ჯეროვნად შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

2016 წლის 15 ნოემბერს სს "ე----------------სა“ და და შპს „გოკი ჯგუფს“ შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანია მეიჯარის მიერ 2016 წლის 1 სექტემბერს აუქციონზე შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (რომელიც აუქციონის ჩატარებამდე წარმოადგენდა შპს „რ-----------------ის“ საკუთრებას).

 

იჯარის ხელშეკრულების Nა 405161792-001 დანართის მიხედვით, იჯარის საგნის დანიშნულებაა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საწარმოს შპს „რ-----------------ის“ მიერ განხორციელებული საქმიანობის იდენტური საქმიანობისათვის გამოყენება.

 

სს „ე----------------ის“ გენერალური დირექტორის წერილში მითითებულია (წერილზე თარიღი აღნიშნული არ არის), რომ სს „ე----------------მა“ 2016 წლის 16 დეკემბერს წერილობით მიმართა შპს „რ-----------------ს“ და მიუთითა 2 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულების ვალდებულებების დარღვევაზე, რომლის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მოიჯარე ცალმხრივად იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტდა. წერილში ასევე მითითებულია, რომ თუ შპს „რ-----------------ი“ ვერ უზრუნველყოფდა სს „ე----------------ის“ აქტივებზე დადებული ყადაღის გაუქმებას, სს „ე----------------ი“ იტოვებდა უფლებას შეეწყვიტა 2016 წლის 2 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება. შპს „აზოტმა“ ვერ უზრუნველყო იჯარის ხელშეკრულების პირობების შესრულება, რის გამოც 2017 წლის 1 იანვრიდან მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად.

 

2017 წლის 6 იანვარს სს „რ-----------------სა“ და შპს „გოკი გჯუფს“ შორის დადებულია შეთანხმება N404519794, რომლის საგანია სს „რ-----------------ისათვის“ 2016 წლის 15 ნოემბრის დადებული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების გადაცემა/გადაკისრება.

 

ამდენად, 2016 წლის 1 სექტემბერს გამართულ აუქციონზე სს „ე----------------მა“ შეიძინა შპს „რ-----------------ის“ ქონება - უძრავი ქონება, მასზე განლაგებული საწარმოო დანიშნულების ნაგებობები, საწარმოო დანადგარები, ხაზოვანი ნაგებობები. შპს „რ-----------------თან“ დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოო პროცესის მართვა გააგრძელა შპს „რ-----------------მა“. შესაბამისად, ვ------- ბ------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს (2016 წლის 21 ნოემბერს) შპს „რ-----------------ი“ აღარ იყო საწარმოს ქონების მესაკუთრე, თუმცა მესაკუთრესთან - სს „ე----------------თან“ დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მართავდა საწარმოს, როგორც დამსაქმებელი აგრძელებდა შრომით ურთიერთობას საწარმოში დასაქმებულ პირებთან. შესაბამისად, სს „ე----------------ი“ საწარმოს მართვაში არ მონაწილეობდა, იგი ამ საკითხზე გადაწყვეტილებებს არ იღებდა, მათ შორის არც დასაქმებულებთან შრომით ურთიერთობაში მონაწილეობდა. შპს „რ-----------------ი“ მიუხედავად იმისა, რომ ქონების მესაკუთრე აღარ იყო, უწყვეტად აგრძელებდა შრომით ურთიერთობას დასაქმებულებთან და ქონების გასხვისების მოტივით შრომით ურთიერთობა არ შეცვლილა.

 

შპს "რ-----------------თან" იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2017 წლის 1 იანვრიდან, ხოლო 2017 წლის 6 იანვარს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოს იჯარის უფლება შპს „გოკი ჯგუფისაგან“ გადაეცა სს რ-----------------ს. ამდენად, 2017 წლის იანვრიდან საწარმოს მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს სს რ-----------------ი, როგორც შპს გოკი ჯგუფის უფლებამონაცვლე მოთხოვნის დათმობის საფუძველზე. უფლებამონაცვლეობის ბუნებიდან გამომდინარე სს „რ-----------------ს“ აქვს ის უფლებები, რაც მოთხოვნის თავდაპირველ მფლობელს გააჩნდა. შპს „გოკი ჯგუფთან“ დადებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შპს „გოკი ჯგუფისათვის“ სს „ე----------------ის“ იმ ქონების გადაცემა, რაც მან შეიძინა აუქციონზე და აუქციონის დასრულებამდე ეკუთვნოდა შპს „რ-----------------ს“. სს „რ-----------------ს“ და შპს „გოკი ჯგუფს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სს აზოტი ადასტურებს, რომ შეთანხმების გაფორმების მომენტისათვის მოპოვებული აქვს საჭირო ლიცენზიები და ნებართვები იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული იჯარის საგნის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის.

 

შპს გოკი ჯგუფსა და სს ე----------------ს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 17,11 პუნქტის მიხედვით, მოიჯარეს (გოკი ჯგუფი) უფლება არა აქვს მეიჯარის წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ამ მინიჭებული უფლება. ამ დებულების მიხედვით, შპს გოკი ჯგუფს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი უფლებების მესამე პირისთვის გადაცემა შეეძლო მხოლოდ ქონების მესაკუთრის თანხმობით. ეს გარემოება სს „ე----------------ს“ სადაოდ არ გაუხდია.

 

სს „რ-----------------სა“ და შპს „გოკი ჯგუფს“ შორის მოთხოვნის და ვალდებულებების გადაცემის ხელშეკრულებას სს რ-----------------ის სახელით ხელს აწერს ეფრემ ურუმაშვილი, რომელიც არის ასევე სს ე----------------ის დირექტორი და იგი ასევე ხელს აწერს სს ე----------------ა და შპს გოკი ჯგუფს შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებას, როგორც სს ე----------------ის დირექტორი.

 

აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს რ-----------------ის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე ამჟამად არის სს ე----------------ი. ქონების გასხვისებამდე შპს რ-----------------ის ქონება გამოიყენებოდა სამეწარმეო მიზნით, აზოტის ქიმიური წარმოებისათვის, ხოლო საქმიანობის არსი უცვლელად შენარჩუნდა ქონების გასხვისების შემდეგაც. სწორედ საწარმოს საქმიანობის პროფილის შენარჩუნება და საქმიანობის უწყვეტად გაგრძელების აუცილებლობა იყო სს „ე----------------სა“ და შპს „რ-----------------ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების მიზანი, ასევე შემდგომში სს „ე----------------სა“ და შპს „გოკი ჯგუფს“ შორის და შპს „გოკი ჯგუფსა“ და სს „რ-----------------ს“ შორის დადებული ხელშეკრულებების მიზანი. მოპასუხეების განმატებით დასტურდება, რომ სს „რ-----------------თან“ ხელშეკრულების დადების მოტივი სწორედ ის გარემოება იყო, რომ მას გააჩნდა საწარმოში მიმდინარე ქიმიური წარმოებისათვის აუცილებელი ლიცენზიები და ნებართვები, რის შესახებ მითითებულია ხელშეკრულების 3.1.3 . მუხლში.

 

მოპასუხეებს არ მიუთითებიათ იმის შესახებ, რომ შპს რ-----------------ის ქონების შეძენის შემდეგ საწარმოში განხორციელდა სტრუქტურის რეორგანიზაცია, შეიცვალა დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმებულთა ფუნქციები. შესაბამისად, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საწარმოში განხორციელდა საკადრო რეორგანიზაცია.

 

სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

· სააუქციონო სახლის განკარგულების ასლი (ს.ფ. 95-106. ტომი 1)

· 15.11.2016წ იჯარის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 130-136. ტომი 1)

· იჯარის უფლების დათმობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 137-150. ტომი 1)

· 02.09.2016წ იჯარის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 109-129. ტომი 1)

· იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების ასლი (ს.ფ. 106-107. ტომი 1)

· საჯარო რეესტრიდან ამონაწერები (ს.ფ. 146-156. ტომი 1)

· სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები (ს.ფ. 138-145. ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჩაუდენია შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევა, რის გამოც მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისი ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შპს რ-----------------ს, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის დადგენილი უფლებამონაცვლეობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაევალოს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

· საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი;

· საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი, მე-6 მუხლის მე-9 ნაწილი, 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ზ” და "ო" ქვეპუნქტები, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, მე-6 მუხლის მე-15 პუნქტი, მე-3 მუხლი, 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2, მე-8, 115-ე, 54-ე, 394-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომის ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

ამდენად, სადაო სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, იგი შეეხება მხარეებს შორის შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას, რასაც საფუძვლად დაედო დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევა, ასევე ისეთი ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია მის მიმართ დამსაქმებლის უნდობლობა.

 

შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ამ მიზეზების გამო პირველ ყოვლისა უნდა შეფასდეს რა იყო მოსარჩელის შრომითი მოვალეობა და რა დარღვევა ჩაიდინა მან, რომელი მოვალეობა არ შეასრულა.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები. ამ ნორმის მე-9 ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების ერთერთი არსებითი პირობაა დასაქმებულის თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე.

 

ვ------- ბ------ე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დასაქმებული იყო შპს „აზოტში“ ავტოსატრანსპორტო საამქროში მძროლის პოზიციაზე განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ამ ნორმის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. დამსაქმებელმა ასევე მიუთითა, ის გარემოება, რომ მან დასაქმებულის მიმართ დაკარგა ნდობა, რაც არის შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ობიექტური გარემოება, რაც ამართლებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას (შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი).

 

შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას იწვევს შრომითი მოვალეობის არა ყოველგვარი, არამედ უხეში დარღვევა. დამსაქმებლის პრეტენზიის ფაქტობრივი საფუძვლებიდან გტამომოდინარე დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომა არის თუ არა უხეში დარღვევა, უნდა შეფასდეს სადაო შრომითი ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმით დადგენილია ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს უპირობოდ, ჯეროვნად - დათქმულ ვადაში და ადგილას. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომით ურთიერთობაში, რადგან დასაქმებულმა შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს გულისხმიერად, გულმოდგინედ, დროულად კანონმდებლობით და დასაქმებულის მიერ დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების შეფასებისათვის უნდა დადგინდეს ორი გარემოება: 1) მოსარჩელემ უხეშად დაარღვია თუ არა მისი სამსახურებრივი მოვალეობა. 2) ჩადენილი დარღვევის ადექვატური ზომა არის თუ არა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის (2018 წლის 15 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით 30-ე მუხლი) შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება.

 

შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს განმარტებით „მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი შრომის უფლების დაცვის სფეროში სოციალური სახელმწიფოს მიერ გაცილებით მეტის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ვიდრე ეს იძულებითი შრომის არდაშვებაა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, რა თქმა უნდა, იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007. საქმე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ).

 

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; ბ) მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის მიერ მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქარტიის ეს ნორმა საქართველოში სავალდებულოდ აღიარებული არ არის, თუმცა საქართველოს შრომის კოდექსი ქარტიის ამ დებულებების შესაბამისად იცავს დასაქმებულის უფლებას, რადგან ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას შინაგანაწესის ან შრომის ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო, ასევე ადგენს დამსაქმებლის ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და წესებს.

 

ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების დადასტურების ვალდებულება ეკისრება დამსაქმებელს, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არის ჩადენილი დარღვევისათვის შესაბამისი, პროპორციული, სამართლიანი და გონივრული სასჯელი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა უნდა ეფუძნებოდეს დამსაქმებლის მიერ გამოკვლეულ, სათანადოდ დადასტურებულ გარემოებებს, რაც მიუთითებს შრომითი მოვალეობის არსებით დარღვევებზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უხეშ დარღვევად დასაქმებულის ქმედება უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის, დამდგარი შედეგის თვალსაზრისით, დასაქმებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირით.

 

ვ------- ბ------ის მიმართ დამსაქმებლის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მან ჩაიდინა საწარმოს ქონების ქურდობაში ხელშეწყობა, რაც გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი არ არის და ამ პრეტენზიის გამო მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ბათილი ნების გამოვლენაა, რადგან ეწინააღმდეგება კანონს.

 

დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად ასევე მიუთითა დისციპლინური წესდების 6.5 მუხლის „დ“ პუნქტი, რომლის მიხედვით, დასაქმებულის დათხოვნა გათვალისწინებულია მუშაკის ისეთი ბრალეული ქმედების ჩადენის გამო, რომელიც ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მუშაკის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედება - პაატა ბედოევის თხოვნით ბიდონების გადატანა საწარმოს ტერიტორიის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში, თუნდაც ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე, არ შეიძლება მიჩნეული იქნას იმგვარ ქმედებად, რაც შრომითი ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს. ეს ქმედება დამსაქმებლის მიერ მიჩნეულია ქურდობაში ხელშეწყობად, ქურდობაში მონაწილეობად, სწორედ ამ გარემოების გამო დამსაქმებლის განმარტებით მას დაეკარგა ნდობა დასაქმებულის მიმართ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. მაგრამ ნდობა მხოლოდ დამსაქმებლის სუბიექტური მოსაზრებებით არ უნდა განისაზღვრებოდეს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი უნდა ემყარებოდეს დამსაქმებლის მიერ ჩადენილი ქცევის ხასიათს, დასაქმებულის შრომითი მოვალეობის ისეთ დარღვევას, რაც დასაქმებულის აშკარად არაკეთილსინდისიერ ქცევაზე მიუთითებს.

 

საწარმოს შინაგანაწესის მიხედვით, ადმინისტრაციის მხრიდან ნდობის დაკარგვის საფუძვლად მითითებულია დასაქმებულის მიერ ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი თავისი არსით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა, დანაშაულია, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის პირობებში 2016 წლის 10 ნოემბერს მომხდარი ფაქტის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დისციპლინური წესდების 6.5. პუნქტის საფუძველზე დაუსაბუთებელია.

 

2016 წლის 10 ნოემბერს მომხდარი ფაქტის გამო საწარმოს მიადგა მატერიალური ზიანი, რომელიც არ არის გამოწვეული უშუალოდ მოსარჩელის შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევით. მოსარჩელეს სამუშაო ადგილი - საწარმოს ტერიტორია არ მიუტოვებია, იგი მომხდარი დანაშაულის ჩადენაში არ მონაწილეობდა. ფაქტობრივად მოსარჩელე გათავისუფლდა იმის გამო, რომ საწარმოს კუთვნილი ავტომობილით საწარმოს ტერიტორიაზე გადაადგილდა ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე, რაც შრომის ხელშეკრულების უხეშ დარღვევად ვერ შეფასდება და დასაქმებულის დათხოვნის საფუძვლიანი მიზეზი არ არის.

 

ვ------- ბ------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების შესაფასებლად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მას დაეკისრა ისეთივე მკაცრი დისციპლინური სახდელი, როგორიც დამსაქმებელმა გამოიყენა პაატა ბედოევის მიმართ, რომლის მიმართ საწარმოს ქურდობის ფაქტზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. ამდენად, მოსარჩელეს დაეკისრა ისეთივე შრომითი პასუხისმგებლობა, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილ უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, რაც შრომით ურთიერთობაში გულისხმობს სამართლიან მოპყრობას დასაქმებულის ინტერესებისადმი და მისთვის დარღვევის შესაბამისი, გადაცდომის თანაზომიერი სახდელის დაკისრებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შრომის უფლების გარკვეულ გამოვლინებებს აქცევს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“;

 

საქმეში „ფერნანდეს მარტინესი ესპანეთის წინააღმდეგ“ (2014 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება) სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დავაში კონვენციის მე-8 მუხლი შესაბამისია, ვინაიდან ის ეხება მომჩივანის უფლებას გააგრძელოს მისი პროფესიული ცხოვრება, მისი უფლება ოჯახური ცხოვრების პატივისცემისა და მისი უფლება ოჯახური ცხოვრება იყოს ღია. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „მე–8 მუხლიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს ზოგადი დასაქმების უფლება ან ფიქსირებული ვადით კონტრაქტის განახლება, მაგრამ სასამართლოს წარსულში ჰქონია შემთხვევა გამოეყენებინა მე–8 მუხლის შესაბამისობის საკითხი დასაქმების სფეროსთან. შესაბამისად ის ადგენს, რომ „პირადი ცხოვრება“ ფართო მცნებაა და არ აქვს ამომწურავი განმარტება (იხილეთ, სხვა საქმეებთან ერთად, შუთი (Schüth), ზემოთ ციტირებული, § 53). ძალიან ვიწრო დამოკიდებულება იქნება „პირადი ცხოვრების’ ცნების მიმართ, თუ მას მხოლოდ „შიდა წრით“ შემოვფარგლავთ, რომელშიც ინდივიდუალური პირი შეიძლება პირად ცხოვრებას ატარებდეს ისე როგორც იგი არჩევს და სრულად გამოირიცხოს აქედან გარე სამყარო, რომელიც არ იქნება ამ ვიწრო წრის შიგნით განხილული (იხილეთ ნეიმეთსი გერმანიის წინააღმდეგ (Niemietz v. Germany), 16 დეკემბერი 1992, § 29, სერიები ა no. 251-B); სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით არ არსებობს მიზეზი ან პრინციპი იმისა თუ რატომ უნდა მოხდეს პროფესიული საქმიანობის გამორიცხვა „პირადი ცხოვრების“ მცნებიდან (იხილეთ ბიგაევა საბერძნეთის წინააღმდეგ (Bigaeva v. Greece), no. 26713/05 , § 23, 28 მაისი 2009, და ოლექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (Oleksandr Volkov v. Ukraine), no. 21722/11 , §§ 165-67, ECHR 2013). პირის პროფესიული ცხოვრებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა ჩაჯდეს მე–8 მუხლის ფარგლებში, როდესაც ისინი გამოძახილს ჰპოვებენ იმაზე თუ როგორ აყალიბებს პირი საკუთარ სოციალურ იდენტობას სხვებთან ურთიერთობების ჩამოყალიბების გზით. ამასთანავე, პროფესიული ცხოვრება ხშირად პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულია, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც პირადი ცხოვრების ფაქტორები, მათი მკაცრი გაგებით, მიჩნეულია კვალიფიციურ კრიტერიუმად ამ კონკრეტული პროფესიისთვის (იხილეთ ოზპირანი თურქეთის წინააღმდეგ (Özpınar v. Turkey), #. 20999/04 , §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). პროფესიული ცხოვრება შესაბამისად წარმოადგენს პირის და სხვების ინტერაქციის ზონას, რომელიც საჯარო კონტექსტის ფარგლებშიც კი შეიძლება განხილული იყოს „პირად ცხოვრებად“ (see Mółka v. Poland (dec.), no. 56550/00 , ECHR 2006-IV).

 

ამდენად, შრომის უფლება, პროფესიული საქმიანობა პიროვნების იდენტობის განმსაზღვრელი ერთერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რის გამოც საერთაშორისო სასამართლო პროფესიულ ცხოვრებას პირადი ცხოვრების ნაწილად განიხილავს. კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გზით დამსაქმებელი ერევა არა მარტო დასაქმების სფეროში, არამედ გარკვეულწილად წყვეტს დასაქმებულის პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხს, რის გამოც დამსაქმებელმა სათანადოდ უნდა დაუსაბუთოს დასაქმებულს მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტული მიზეზები.

 

ეს მიდგომა მნიშვნელოვანია განსახილველ საქმეში, რადგან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივით, რაც მისი შემდგომი დასაქმებისათვის შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ნეგატიურად აისახება მის არა მარტო შრომით საქმიანობაზე, არამედ პირად ცხოვრებაზე და რეპუტაციაზე.

 

დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლებაში ჩარევა მართლზომიერად ხორციელდება თუ დაცულია შემდეგი კრიტერიუმები. კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა შრომის კოდექსით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანება ბათილია, რადგან ამ ნორმის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში დასაქმებულის ინიციატივით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივი ნების გამოვლენა - 2016 წლის 21 ნოემბრის ბრძანება არ შეესაბამება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ზ” და „ო“ ქვეპუნქტებს, რის გამოც იგი ბათილია.

 

სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის პოზიცია, რომლითაც მოითხოვს სს „ე----------------ს“ დაეკისროს ბრძანების ბათილად აღიარება. მართალია, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს სს „ე----------------ი“ იყო საწარმოს ქონების მესაკუთრე, მაგრამ მოპასუხე საწარმოს პროცესების მართვაში არ მონაწილეობდა, იგი დასაქმებულებთან შრომით ურთიერთობაში არ იყო, მას არ მიუღია სადაო ბრძანება, რის გამოც სადაო ბრძანების ბათილობის მოთხოვნის წარდგენა მის მიმართ უსაფუძვლოა.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ბ------ის სამუშაოზე აღდგენა უნდა დაევალოს სს „რ-----------------ს“, რადგან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იგი ახორციელებს სს „ე----------------ის“ მიერ შეძენილი შპს „რ-----------------ის“ საწარმოს მართვას და პასუხისმგებელია საწარმოში დასაქმების პოლიტიკაზე.

 

ვ------- ბ------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა ბათილია, რის გამოც წამოჭრილია მოსარჩელის შრომითი უფლებების აღდგენის საკითხი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილია რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამდენად, შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაადგინოს მოსარჩელის შრომითი უფლებების აღდგენის ღონისძიებები.

 

მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია შემდეგი: დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).

 

ამ ნორმის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში შრომითი უფლებების აღდგენის უმთავრესი და უპირატესი ღონისძიებაა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას ტოლფას სამუშაოზე მისი დასაქმება, ხოლო ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდა.

 

დავის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს შესაძლებელია თუ არა მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში განსაზღვროს სხვა რომელია ამ თანამდებობის ტოლფასი - ფუნქციურად მსგავსი და ისეთივე ანაზღაურების ან შრომის ანაზღაურებით უმნიშვნელოდ განსხვავებული თანამდებობა.

 

მოსარჩელე სამუშაოზე აღდგენაზე მოპასუხეების პასუხისმგებლობის წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტს, რომლის მიხედვით, ამ მუხლის 14 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე. ამ მუხლის 14 პუნქტის მიხედვით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები. (12.06.2013. N729)

 

მოსარჩელე ერთ სამუშაო ადგილას მუშაობდა 1991 წლიდან. მოსარჩელის შრომითი საქმიანობის განმავლობაში, რამდენჯერმე შეიცვალა მისი დამსაქმებელი, თუმცა შრომის არსებითი პირობები არ შეცვლილა. მისი სამუშაო პოზიცია იყო „მძღოლი“, რაც ამ პერიოდისათვის უცვლელი იყო. დამსაქმებელი შეიცვალა საწარმოს ქონების გასხვისების გამო. მოსარჩელის სამუშაო პოზიცია იყო მძღოლის თანამდებობა, ხოლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოსცა შპს „რ-----------------მა“, რომელთანაც ასევე დადებული იყო შრომის ხელშეკრულება, თუმცა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროს შპს „რ-----------------ი“ საწარმოს ქონების მესაკუთრე აღარ იყო და მისი ქონება სრულად გასხვისებული იყო სს „ე----------------ზე“. შპს „რ-----------------ის“ უფლებები ამ ქონებაზე წარმოიშვა მესაკუთრესთან დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, საწარმოს მართვას აგრძელებდა მესაკუთრესთან დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

დავის გადაწყვეტისათვის და შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტით სადაო ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, სს „ეუ ინვესთმენთმა“ საკუთრებაში მიიღო და იჯარით სს „რ-----------------ს“ გადასცა აუქციონზე შეძენილი შპს „რ-----------------ის“ მთელი მატერიალური აქტივები, მათ შორის, უძრავ-მოძრავი ქონება, საწარმოო დანადგარები, წარმოებისათვის განკუთვნილი მთელი ქონება, ხოლო საწარმოო საქმიანობა უწყვეტად გაგრძელდა. იჯარის ხელშეკრულებების დადების მიზანიც იყო საწარმოო პროცესის უწყვეტობის და საწარმოოს საქმიანობის პროფილის შენარჩუნება, რადგან იჯარის ხელშეკრულების ერთერთი პირობაა მოიჯარის მიერ შესაბამისი ლიცენზიების ფლობა.

 

არც სს „ე----------------ს“ და არც სს „რ-----------------ს“ არ მიუღიათ გადაწყვეტილებები საწარმოოს საქმიანობის სახეობის, დასაქმების პოლიტიკის შეცვლის თაობაზე, არ განუხორციელებიათ საწარმოში არსებული თანამდებობების ფუნქციური ან სტრუქტურული ცვლილებები. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ.

 

მოპასუხეების განმარტებით, სადაო ურთიერთობა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 14 და 15 პუნქტების საფუძველზე ვერ მოწესრიგდება, რადგან ეს ნორმა დამწყები საწარმოს მიერ შრომის ხელშეკრულების დადების ვადას ადგენს და სპეციალური ნორმაა.

 

ამ ნორმების შესაბამისად, დამწყებ საწარმოდ არ მიიჩნევა ის მეწარმე სუბიექტი, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის საფუძველზეა შექმნილი. ასეთი საწარმოები ვერ ისარგებლებენ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 14 პუნქტით დაწესებული გამონაკლისით, რომლითაც დამწყები საწარმოს მიერ დასაქმებულებთან ვადიანი შრომის ხელშეკრულებების მიმდევრობით გაგრძელების შემთხვევაში ეს ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით დადებულად არ ითვლება.

 

სს „ე----------------ი“ დაფუძნებულია 2016 წლის 10 აგვისტოს, ხოლო სს რ-----------------ი დაფუძნებულია 2016 წლის 13 სექტემბერს. განსახილველ შემთხვევაში დავა შეეხება ქალაქ რუსთავში, აზოტის ქარხანაში დასაქმებულის უფლებების საკითხს, ეს ქარხანა, როგორც შპს რ-----------------ის აქტივი საკუთრებაში აქვს სს ე----------------, ხოლო იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ამ აქტივის მოსარგებლეა სს „რ-----------------ი.“

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მიზნიდან გამომდინარე საწარმოს შემძენი ან საწარმოს მართვაზე პასუხისმგებელი პირი, საწარმოს ქონების მოსარგებლე შრომით ურთიერთობაში არის წინა დამსაქმებლის უფლებამონაცვლე და საწარმოს გასხვისება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის დებულებას განაპირობებს შრომით სამართალში არსებული პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, დასაქმებულთან ურთიერთობებში დამსაქმებლის შეცვლა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ არის, ვინაიდან დასაქმებულს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო, თუ იგი უვადოდ არის დასაქმებული, უვადოდ, შრომით ურთიერთობაში ყოფნის მართლზომიერი საფუძველი გააჩნია იქამდე, სანამ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი არ გამოვლინდება. აღნიშნულ პრინციპს იზიარებს საქართველოს შრომის კოდექსი.

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 14 და 15 პუნქტები შეეხება ვადიანი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დამსაქმებლისათვის დაწესებულ საშეღავათო წესებს, მაგრამ ეს ნორმა მხოლოდ შრომის ხელშეკრულების ვადის საკითხის გადაწყვეტაზე ვერ გავრცელდება. ამ ნორმის შინაარსის გაანალიზებისათვის გასათვალისწინებელია ასევე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ” ქვეპუნქტის ის მოთხოვნა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის დაწყებაა. ამდენად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, ხოლო თუ საწარმოს მატერიალური აქტივები სხვა საწარმომ შეიძინა და საწარმოს ფუნქციონირება, საწარმოო პროცესი გრძელდება, ეს იწვევს შრომით ურთიერთობაში დამსაქმებლის შეცვლას და შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას. ამ შემთხვევაში შპს „რ-----------------ის“ ლიკვიდაციის პროცესი, მისი გადახდისუუნარობის საქმე შეწყდა, იგი როგორც იურიდიული პირი რეგისტრირებულია, თუმცა მოსარჩელის სამუშაო ადგილი, ქალაქ რუსთავში მდებარე აზოტის ქიმიური წარმოებისათვის საჭირო ქარხნის მთელი მატერიალური ქონება გასხვისებულია და მისი მესაკუთრეა სს „ე----------------ი“, ხოლო ამ ქონებას და საწარმოო საქმიანობას ხელმძღვანელობს სს „რ-----------------ი“. ამდენად, ქონების გასხვისების გამო შპს „რ-----------------ი“ აღარ ახორციელებს საწარმოს მართვას, ის სამუშაო ადგილი, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული შპს „რ-----------------ის“ კომპეტენციის სფეროში აღარ არის.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სს „ე----------------მა“ და სს „რ-----------------მა“ აღძრეს შუამდგომლობა მათი არასათანადო მოპასუხედ აღიარების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მათთან შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდა და სამსახურში აღდგენაზე პასუხისმგებლები არ არიან.

 

უდაოა ის ფაქტი, რომ მოპასუხეები "მეწარმეთა შესახებ კანონის" მე-144 მუხლის საფუძველზე შპს „რ-----------------ის“ უფლებამონაცვლეები არ არიან, რადგან შპს „რ-----------------ის“ შერწყმა, გაყოფა ან გარდაქმნა არ განხორციელებულა. ასეთი გარემოების არსებობა უფლებამონაცვლეობის საფუძველია საკორპორაციო სამართლის წესების საფუძველზე და უფლებამონაცვლეობას წარმოშობს ყველა სამართალურთიერთობაში, მათ შორის შრომით ურთიერთობაში.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტი მხოლოდ საკორპორაციო სამართლის შინაარსით უფლებამონაცვლეობას არ გულისხმობს, რადგან ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოებები გარდა რეორგანიზაციის საფუძველზე საწარმოს შექმნისა, არის მეწარმე სუბიექტის არსებობა სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე. ამდენად, ეს ნორმა ვრცელდება ასევე მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.

 

დავის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესია იმის შეფასება, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის მოქმედება ვრცელდება თუ არა წინანდელი საწარმოს მიერ გათავისუფლებული დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნაზე იმ საწარმოს მიმართ, რომელმაც შეიძინა საწარმო ან მართავს საწარმოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის მიზნებიდან გამომდინარე საწარმოს შემძენი ან საწარმოს მმართველი მეწარმე სუბიექტი წარმოადგენს წინა დამსაქმებლის უფლებამონაცვლეს, რაც თავად შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტიდან გამომდინარეობს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე შრომითი ურთიერთობის მიზნებიდან გამომდინარე საწარმოს რეორგანიზაციის მნიშვნელობის მქონე გარემოებებია, როცა საწარმო საქმიანობს სხვა საწარმოს აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის საფუძველზე ან საწარმოს ქონების მიღებულია თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტში მითითებული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში ქონების შემძენი ან სარგებლობაში მიმღები პირი არის წინა დამსაქმებლის უფლებამონაცვლე, უფლებამონაცვლეობა კი ნიშნავს, წინამორმედი პირის უფლებებისა და მოვალეობების სრული მოცულობით გადაცემას, რის შედეგად უფლებამონაცვლე კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს ისე, როგორც მისი წინამორბედი პირი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამგვარი განმარტება მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მიჩნეულია დაუშვებლად. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში გამოთქმული ეს მოსაზრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, სს „ე----------------ის“ მიმართ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან იგი შპს „რ-----------------ის“ საწარმოს ქონების მართვას არ ახორციელებს და ამ საწარმოში დასაქმებულებთან შრომით ურთიერთობაზე პასუხისმგებელი არ არის, რადგან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე საწარმოს ქონება გადასცა სს „რ-----------------ს“. იჯარის ხელშეკრულება საწარმოში დასაქმების პოლიტიკაზე დებულებას არ შეიცავს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საწარმოს საქმიანობა მოიცავს საწარმოში დასაქმებულებთან სამართლებრივ ურთიერთობასაც, რადგან მეწარმე იურიდიული პირი საწარმოში დასაქმებულები პირების მეშვეობით საქმიანობს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „რ-----------------ის“ მოსაზრება მისი არასათანადო მოპასუხედ აღიარების შესახებ არ გამომდინარეობს საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტიდან, რადგან საწარმოს „რ-----------------ის“ ქონების იჯარით მიღების გამო მართავს, რის გამოც შრომით ურთიერთობაში წარმოადგენს შპს „რ-----------------ის“ უფლებამონაცვლეს.

 

მოპასუხეების განმარტებით, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმაა, მხოლოდ დამწყები საწარმოს მიერ დადებული შრომის ხელშეკრულების ვადის საკითხს აწესრიგებს და სხვა ურთიერთობის მოწესრიგებისათვის მისი ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია. მოპასუხეებმა ასევე განმარტეს, რომ საწარმოს შეძენა და იურიდიული პირის ქონების შეძენა სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებებია.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მიხედვით, 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით

 

შრომის კოდექსის მე-6 მუხლით მოწესრიგებულია შრომის ხელშეკრულების დადების დროს ხელშეკრულების მოქმედების ვადის საკითხი.

 

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

 

„სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი, საგამონაკლისოა ისეთი ნორმები , რომლებიც კანონმდებლის მიერ ექსკლუზიურად მიიღება და კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. ზოგად და სპეციალურ ნორმებს შორის მიმართება არ არის სტატიკური, ეს მიმართება შეფარდებითია და დამოკიდებულია კონკრეტული ნორმის მოწესრიგების სფეროზე. რაც უფრო ვიწროა მოწესრიგების სფერო, უფრო სპეციალურია შესაბამის ნორმა, მასთან შედარებით უფრო ფართო მოწესრიგების მქონე ნორმასთან მიმართებით. კანონის შემფარდებელი, ანუ სასამართლო უკუპრინციპით მოქმედებს, იგი თავდაპირველ იყენებს კონკრეტულ ურთიერთობის მიმართ მოქმედ ყველაზე სპეციალური ნორმას და მხოლოდ მაშინ, თუ ის ვერ მიიღებს სასურველ შედეგს, განიხილავს მასთან შედარებით უფრო ზოგად, ხოლო ყველა დანარჩენთან მიმართებით ყველაზე სპეციალური ნორმას“. (დავით კერესელიძე, უზოგადესი ცნებები)

 

მოპასუხეების პოზიციის გამო განსახილველ დავაში წამოჭრილია კანონის ნორმების ურთიერთმიმართების საკითხი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განმარტების ხერხების მიხედვით განასხვავებენ კანონის გრამატიკულ, ლოგიკურ სისტემატურ და ისტორიულ განმარტებას. კანონის ლოგიკური განმარტება ეძებს განსაზღვროს კანონის აზრი და მიზანი და, სამართლის ნორმების ურთიერთკავშირიდან გამომდინარე, დაადგინოს ცალკეული ნორმის აზრი და განსაკუთრებულობა. ეს ხორციელდება სისტემური მეთოდით, რომელიც ეფუძნება სამართლის ნორმის ადგილს კანონში და ამ კანონის ადგილს ერთიან სამართლებრივ წესრიგში. სისტემური განმარტებისას სამართლის ნორმის შინაარსის დადგენა ხდება სხვა ნორმებთან მისი კავშირის დადგენით. ისტორიული განმარტება გულისხმობს იმ მიზეზის დადგენას, რომლებმაც განაპირობეს სამართლებრივი ნორმის მიღება, ასევე მიზნების, ვითარების ნათელყოფას.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას კანონის განმარტების თემაზე. „საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთის მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორეს მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. 95. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. სამართლის ფუნქცია, რომ პრობლემები სამართლიანად გადაწყვიტოს, არა მხოლოდ ინტერპრეტაციის გზით ხორციელდება, არამედ, ამავე დროს, წარმოადგენს კანონის განვრცობის საჭიროების შემოწმებას. 96. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის ინტერპრეტაციის მიზნის მისაღწევად ანუ კანონის აზრის გასაგებად, გამოიყენება განმარტების გრამატიკული, ლოგიკური, ისტორიული და სისტემური ხერხები. „გრამატიკული“ ინტერპრეტანციის მიზანია, დაადგინოს, ენობრივი თვალსაზრისით, რა მნიშვნელობით იხმარება კანონის სიტყვები ამ ენის მატარებელთა საზოგადოებაში და რა მნიშვნელობით იყენებს მათ კანონმდებელი. (რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა, GIZ 2009, 53). 97. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს. კანონის ინტერპრეტაცია არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების მიღმა მდგომი აზრის ახსნას, არამედ იგი ნიშნავს სხვადასხვა მნიშვნელობებიდან ყველაზე სწორი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შერჩევას. „ინტერპრეტაციას აქვს მსჯელობითი ხასიათი, როდესაც არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების წარმოდგენა ხდება, რომელთაგან უკეთეს მოტივაციას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. (რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა, GIZ 2009, 59). გარდა ამისა, კანონის ინტერპრეტაცია უნდა იცავდეს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპს, ე.ი. ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სამართლის სხვა ნორმებთან. სამართლის ნორმა ისე უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ლოგიკურად თავსებადი იყოს უფრო მაღალი ან იგივე რანგის ნორმათა კონტექსტში. (2017 წლის 26 ივლისის განჩინება, საქმე №ას-650-616-2015)

 

სადაო ნორმა დამწყებ საწარმოდ არ მიჩნევს თუნდაც ახალ დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომელმაც შეიძინა სხვა საწარმოს ქონება ან სრულად სარგებლობს სხვა საწარმოს ქონებით საკუთარი კომერციული მიზნებისათვის, განსაზღვრავს საწარმოს საქმიანობის ორგანიზაციულ წესებს. ამ ნორმის სპეციალური ბუნება ვლინდება იმაში, რომ იგი მხოლოდ და ექსკლუზიურად შრომით ურთიერთობის მიზნებისათვის მიიჩნევს საწარმოს შემძენს ან მოსარგებლეს წინა დამსაქმებლის უფლებამონაცვლედ, რადგან არ მიიჩნევს ასეთ საწარმოს დამწყებ საწარმოდ, რომელსაც უფლება აქვს ვადიანი შრომის ხელშეკრულებები დადოს დასაქმებულებთან. კანონის ამ ნორმის საფუძველზე ასეთი საწარმო ახალ შრომით ურთიერთობას არ ამყარებს იმ საწარმოში დასაქმებულებთან, რომელიც შეიძინა ან მართავს. კანონის მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ საწარმოს შემძენმა ან მოსარგებლემ უნდა გააგრძელოს ე.წ. წინა დამსაქმებლის მიერ დაწყებული შრომითი ურთიერთობები. საწარმოს აქტივების შემძენი უცვლელად აგრძელებს შრომით ურთიერთობებს, რადგან წინა დამსაქმებელი საწარმოს აღარ მართავს, საწარმოს საქმიანობის ოპერირებას აღარ ახდენს. საწარმოს საქმიანობა კი დასაქმებულის საქმიანობაც არის, რადგან საწარმოს სწორედ დასაქმებულების მეშვეობით საქმიანობს. საწარმოს აქტივების შეძენა შრომითი ურთიერთობის მოდიფიკაციის საკმარისი საფუძველი არ არის, თუ ამავდროულად შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებიც არ წარმოიშვა.

 

ამ შემთხვევაში შპს რ-----------------ს მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება გააჩნდა არა მარტო იმ საფუძვლით, რომ შრომის ხელშეკრულება მასთან იყო გაფორმებული, არამედ იმ საფუძვლით, რომ გათავისუფლების დროს საწარმოს ის მართავდა, საწარმოს საქმიანობის ოპერირებას იგი ახდენდა. სადაო დარღვევა მოსარჩელემ ჩაიდინა საწარმოს ქონების გასხვისების შემდეგ, თუმცა იმ პერიოდში, როცა საწარმოს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მართავდა შპს რ-----------------ი“. ასეთი იჯარის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში შპს რ-----------------ი შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ნებას ვეღარ გამოავლენდა, რადგან საწარმოს საქმიანობა სხვა პირის მმართველობაში იქნებოდა და დასაქმებულების თუნდაც არამართლზომიერი ქცევა მის ინტერესებზე გავლენას ვეღარ იქონიებდა, იგი შრომითი ურთიერთობის მონაწილე, დამსაქმებელი აღარ იქნებოდა.

 

დასაქმებულის უკანონო დათხოვნის შემთხვევაში შრომის კოდექსი შრომითი უფლებების აღდგენას ითვალისწინებს 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ ნორმის მიხედვით, დასაქმებული უნდა აღდგეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, რაც ნიშნავს შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილზე, წინანდელი ფუნქციებით და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით აღდგენას. ამ შემთხვევაში დასაქმებულის წინანდელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა რუსთავში მდებარე აზოტის ქარხანაში მძღოლად საქმიანობაა, სადაც საწარმოს ქონების მესაკუთრის შეცვლის მიუხედავად საწარმოს საქმიანობის სფერო არ შეიცვალა და წინანდელი საქმიანობა გაგრძელდა უწყვეტად. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით კი, დამსაქმებელს ევალება დასაქმებული აღადგინოს პირვანდელ სამუშაოზე.

 

შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობაზე აღგენა ევალება დამსაქმებელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის გადაწყვეტისათვის უნდა განიმარტოს დამსაქმებლის ცნების შინაარსი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, მიხედვით დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

 

ამ ნორმის საფუძველზე დამსაქმებელი არის პირი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული საწარმოს საქმიანობის ორგანიზაციულ წესებს, დასაქმებულთა ფუნქციებს, მის სასარგებლოდ და მისი მითითებით სრულდება ამ საწარმოში სამუშაო. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის საფუძველზე დამსაქმებელია არა მარტო ის პირი, რომელთანაც თავდაპირველად მყარდება, იწყება შრომითი ურთიერთობა, არამედ საწარმოს ქონების ის მესაკუთრე ან მოსარგებლე, რომელიც საწარმოს ქონების შეძენის ან სარგებლობაში მიღების გამო ადგენს საწარმოს საქმიანობის ორგანიზაციულ წესებს, იღებს გადაწყვეტილებებს საწარმოს საქმიანობის ყველა საკითხზე, მისი მმართველობით გრძელდება საწარმოს საქმიანობა.

 

შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. რუსთავში მდებარე აზოტის ქარხანაში საწარმოს საქმიანობას ამჟამად ორგანიზებას უწევს სს რ-----------------ი, იგი წარმართავს საწარმოო პროცესებს და იგი არის საწარმოს საქმიანობის პროცესში დამსაქმებელი.

 

ამდენად, შრომის კოდექსის მე-3, მე-6 მუხლის 16 პუნქტის და 38-ე მუხლის ერთობლივი განმარტების საფუძველზე და არა მე-6 მუხლის 16 პუნქტის ანალოგიის წესით გამოყენებით, შრომითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე დამსაქმებელში იგულისხმება არის არა მარტო ის სუბიექტი, ვისთანაც შრომის ხელშეკრულება დაიდო, შრომითი ურთიერთობის დაწყების დროს სამუშაოს მიმცემი, არამედ დამსაქმებელია ის პირიც, ვინც საწარმოს კომერციულ საქმიანობას ხელმძღვანელობს, განსაზღვრავს საწარმოს საკადრო პოლიტიკას, დასაქმებულთა ფუნქციებს. თუკი საწარმოს აქტივების გასხვისების გამო საქმიანობა სხვა პირის მმართველობით გაგრძელდა, დამსაქმებელს, სამუშაოს მიმცემს ქონების მესაკუთრე ან საწარმოს მმართველის პირი წარმოდგენს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.

 

ამდენად, შრომითი ურთიერთობის ერთერთი არსებითი პირობაა სამუშაო ადგილი, თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე. ვ------- ბ------ის სამუშაო ადგილი გათავისუფლებამდე იყო ქალაქ რუსთავში მდებარე შპს „რუსთავის აზოტის“ კუთვნილ საწარმოში, სადაც დასაქმებული იყო მძღოლის პოზიციაზე. მოსარჩელის სამუშაო ადგილი და მისი თანამდებობის ფუნქცია არ შეცვლილა, რადგან საწარმოს საქმიანობის სახე, საწარმოს ფუნქცია არ შეცვლილა შპს „რ-----------------ის“ მატერიალური აქტივების სრულად რეალიზაციის მიუხედავად. საწარმო უწყვეტად აგრძელებს წინანდელ საქმიანობას ქალაქ რუსთავში, ხოლო საწარმოს მმართველ იურიდიულ პირს საწარმოს საკადრო ცვლილებები, საწარმოში არსებული თანამდებობების ფუნქციების ცვლილება არ განუხორციელებია.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის საფუძველზე, სს "რ-----------------ი" წარმოადგენს შპს "რ-----------------ში" დასაქმებულებთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში შპს "რ-----------------ის" უფლებამონაცვლეს იმ საფუძვლით, რომ მას აქვს გადაცემული საწარმოს მატერიალური აქტივები სრულად და საწარმოს ფუნქციონირებას იგი უზრუნველყოფს. საწარმოს საქმიანობის პროფილი, ადგილსამყოფელი შენარჩუნდა და ამ პროფილის შენარჩუნება იყო კიდეც სს რ-----------------თან დადებული იჯარის ხელშეკრულების მოტივი. ამავე იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იგი ახორციელებს იმავე საქმიანობას, რასაც შპს "რ-----------------ი". შპს „რ-----------------ის“ მატერიალური აქტივების სრულად გასხვისების მიუხედავად, მოსარჩელესთან რომ შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილიყო, იგი შრომით საქმიანობას უწყვეტად გააგრძელებდა სს "რ-----------------თან". საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტით შრომით-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დადგენილი უფლებამონაცვლეობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელის გათავისუფლებამდე თანამდებობაზე აღდგენა უნდა დაევალოს სს „რ-----------------ს“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს შემძენი მეწარმე სუბიექტია და უფლებამოსილია გაატაროს მისი სამეწარმეო საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებები, რაც შეიძლება მოიცავდეს ასევე საწარმოს საშტატო რეორგანიზაციას, დასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირებას ან დასაქმებულთა ფუნქციურ ცვლილებებს. იჯარის ხელშეკრულების პირობაა შპს „რ-----------------ის“ საქმიანობის იდენტური საქმიანობის შესრულება, ხოლო საწარმოს სტრუქტურაში ცვლილებების განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ საწარმოში მძღოლის ან ამ ფუნქციის მსგავსი ფუნქციის თანამდებობა აღარ არსებობს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 14-ელი და 15-ელი პუნქტებისა და ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ” ქვეპუნქტის შინაარსობრივი, ლოგიკური და სისტემური ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ შრომით სამართლებრივი მიზნებისათვის, სს „რ-----------------ი“ არის შპს რ-----------------ის უფლებამონაცვლე და მას უნდა დაევალოს მოსარჩელის აღდგენა მისი დასაქმების ადგილზე და ფუნქციით - ავტოსატრანსპორტო საწარმოს მძროლის თანამდებობაზე.

 

შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი შრომითი უფლებების აღდგენის წესი უპირველეს ყოვლისა იმაზე მიუთითებს, რომ დამსაქმებელმა უნდა აღადგინოს პირვანდელ სამუშაო ადგილზე უკანონოდ დათხოვნილი პირი. ამ ნორმის საფუძველზე ტერმინ დამსაქმებელში ამ შემთხვევაში შპს რ-----------------ი ვერ იქნება ნაგულისხმევი, რადგან კანონით გათვალისწინებულია დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე. შრომის უფლებების აღდგენის შემდგომი ღონისძიებები პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის სანაცვლო ღონისძიებებია, რომელიც ეკისრება იმავე პირს, ვინც აღდგენაზეა პასუხისმგებელია, მაგრამ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამო სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია.

 

შპს რ-----------------ი ვ------- ბ------ისათვის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის, სამუშაოს მიმცემი ვეღარ იქნება, რადგან მისი მატერიალური აქტივი სრულად გასხვისებულია აუქციონზე, შპს რ-----------------ი რუსთავში მდებარე ქონებრივი აქტივით აღარ სარგებლობს და ამ ქონების და ქარხანაში დასაქმებული პირების მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობას აღარ ახორციელებს. იგი ქარხანაში დასაქმებული პირებისათვის დამსაქმებელი აღარ არის, საწარმოს აქტივების გასხვისების გამო ქარხანაში მომუშავეებისათვის დამსაქმებელია სს რ-----------------ი.

 

შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ტოლფასი სამსახურით უზრუნველყოფის ან კომპენსაციის გადახდის საკითხი წამოიჭრება მას შემდეგ, რაც დადგინდება რომ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენა შეუძლებელია.

 

ამ შემთხვევაში ქალაქ რუსთავში, აზოტის ქარხანაში საწარმოო პროცესი 2016 წლის ნოემბერის შემდეგ არ შეწყვეტილა, ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესს ხელმძღვანელობს სს რ-----------------ი, საწარმოს მთელი ქონებრივი აქტივი მის სარგებლობაშია, იგი იყენებს ამ ქონებას მეწარმეობისათვის იქ დასაქმებული პირების მეშვეობით. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის ე-8 ნაწილის ერთობლივი განმარტებებიდან გამომდინარე სს რ-----------------ი შრომის ურთიერთობის მიზნებისათვის არის შპს რ-----------------ის უფლებამონაცვლე. შპს რ-----------------მა მოსარჩელე სამსახურიდან დაითხოვა მას შემდეგ, რაც იგი ქონების მესაკუთრე აღარ იყო და მოსარჩელესთან შრომით ურთიერთობას სწორედ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 15 პუნქტის საფუძველზე ინარჩუნებდა. ამ გარემოების არარსებობის პირობებში სს რ-----------------ისთვის ქონების გადაცემის შემდეგაც მოსარჩელე შეინარჩუნებდა სამუშაო ადგილს უვადო შრომის ხელშეკრულების საფუძველზე, იქნებოდა შრომით ურთიერთობაში სს რ-----------------თან, რის გამოც მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა ფაქტობრივად შესაძლებელია, არსებობს მისი სამუშაო ადგილი, რადგან არსებობს ქალაქ რუსთავში აზოტის ქარხანა, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა მოსარჩელე, ამ საწარმოში არსებობს ავტოსატრანსპორტო საწარმოს მძღოლის თანამდებობა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. იძულებით მოცდენად უნდა ჩაითვალოს შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას. ამდენად, განაცდური არის თანხა, რომელსაც პირი მიიღებდა მისი დასაქმების შემთხვევაში. შესაბამისად, იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, როცა მას დაევალება დასაქმებულის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სს «ე----------------ისათვის“ იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ, რადგან იგი არ მონაწილეობს საწარმოს საქმიანობის ხელმძღვანელობაში და მოსარჩელის დასაქმებაზე პასუხისმგებელი მეწარმე სუბიექტი არ არის.

 

სს "რ-----------------ს" უნდა დაეკისროს იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან, რადგან იგი 2017 წლის 1 იანვრიდან საწარმოს მესაკუთრესთან დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ხელმძღვანელობს საწარმოს საქმიანობას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე იძულებით მოცდენად მიიჩნევა შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად შეწყვეტით გამოწვეული მოცდენა, როცა დასაქმებული ვერ იღებს შრომის ანაზღაურებას დამსაქმებლის ბრალით. ამ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა 2016 წლის 21 ნოემბერიდან ამ დღიდან შრომის ანაზღაურების მიუღებლობით მოსარჩელე ზიანს განიცდის და შრომის კოდექსის ზემოთაღნიშნული ნორმის საფუძველზე წარმოეშვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მაგრამ 2017 წლის 1 იანვრამდე მისი დასაქმების საკითხში პასუხისმგებელი არ არის არც სს ე----------------ი და არც სს რ-----------------ი, რადგან 2017 წლის 1 იანვრამდე საწარმოს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მართავდა შპს რ-----------------ი. ამდენად, ამ პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდაზე და შესაბამისად იძულებითი განაცდურის გადახდაზე პასუხისმგებელია შპს რ-----------------ი. მოსარჩელეს შპს რ-----------------ის მიმართ ასეთი მოთხოვნა არ აღუძრავს, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურის გადახდა უნდა დაეკისროს იმ მეწარმე სუბიექტს, ვინც მართავს, ხელმძღვანელობს საწარმოს საქმიანობას - სს „რ-----------------ს“.

 

მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 879,89 ლარს, რის გამოც სს რ-----------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 879,89 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს "რ-----------------ს" და სს "რ-----------------ს" უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ თანხის გადარიცხვისათვის სს საქართველოს ბანკისათვის გადახდილი საკომისიოს 1 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია, რის გამოც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს მოპასუხე სს "რ-----------------მა". სარჩელის ფასი უნდა განისაზღვროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელში სარჩელის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. განსახილველ საქმეში სარჩელის ფასია 31676,04 ლარი, რომლის 3%-ია 950,28 ლარი. ეს თანხა სს რ-----------------მა უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე - სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300063150.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე,367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1 ვ------- ბ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს რ-----------------ის დირექტორის 2016 წლის 21 ნოემბრის №352ა ბრძანება ვ------- ბ------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნაწილში;

 

1.2. სს "რ-----------------ს" დაევალოს ვ------- ბ------ე აღადგინოს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე - რ-----------------ის საწარმოს ავტოსატრანსპორტო საამქროში მძღოლის პოზიციაზე;

1.3. სს "რ-----------------ს" დაეკისროს ვ------- ბ------ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 879,89 ლარის ოდენობით;

1.4. არ დაკმაყოფილდეს ვ------- ბ------ის მოთხოვნა სს ე----------------ისათვის სამუშაოზე აღდგენის, ბრძანების ბათილად ცნობის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების შესახებ;

1.5. არ დაკმაყოფილდეს ვ------- ბ------ის სარჩელი 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

2 შპს რ-----------------ს და სს რ-----------------ს დაეკისროთ ვ------- ბ------ისათის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 101 ლარის ანაზღაურება;

3 სს „რ-----------------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 950,28 ლარის გადახდა;

4 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი