გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.01.2020
საქმის ნომერი
160210019003093989
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
09.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210019003093989

საქმე #2/528-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

მოსარჩელე - შპს ,,ავ------------ტი“

წარმომადგენელი - გი--------ია

მოპასუხე - გი-------------–--ლი

წარმომადგენელი - ნა-----------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გი-------------–--ლს მოსარჩელე შპს ,,ავ------------ტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 9807.32 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 18 იანვარს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმებული იქნა სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N 293, რომლის თანახმად მოპასუხემ სესხის სახით აიღო მოსარჩელისაგან 8000 ლარი. მოპასუხეს 2018 წლის 18 თებერვლიდან არ გადაუხდია სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი. 2019 წლის 2 ივლისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს სესხის ძირს - 8000 ლარს, სარგებელს- 815.32 ლარს, პირგასამტეხლოს - 992 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გი-------------–--ლმა სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გი-------------–--ლს არც მანქანა დაუტვირთავს გირავნობით და არც სესხი აუღია მოსარჩელისაგან. მართალია მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 8000 ლარი, მაგრამ აღნიშნული თანხა მაშინვე გადასცა სხვა პირს. მოპასუხის განმარტებით, მას ავტომანქანა არც ჰყოლია და არც ჩაუდია უზრუნველსაყოფად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 18 იანვარს შპს ,,ავ------------ტს“ და გი-------------–--ლს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე 2018 წლის 18 იანვრის N 293-50053 სალაროს გასავლის ორდერზე აღნიშნულია მოპასუხე გი-------------–--ლის ხელმოწერა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 18 იანვრის ხელშეკრულება N 293 (ს.ფ. );

- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. )

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 18 იანვარს შპს ,,ავ------------ტს“ და გი-------------–--ლს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე-გი-------------–--ლზე გაიცა სესხი 8000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 5%-ით. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის სარგებლის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სესხის თანხას (ძირითად თანხას) დაერიცხება საურავი 0.40% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საურავის დარიცხვა გრძელდება სესხის თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის და საურავის სრულად დაბრუნებამდე. ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების უზრუნველყოფას წარმოადგენს მოძრავი ქონება - ავტომანქანა, მსესხებელი სესხის უზრუნველსაყოფად აგირავებს თავის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას, რომლის მახასიათებლებია: BMW---- I, სახ. ნომ: TT----H, სარეგ. მოწმობის გაცემის თარიღი: 18.01.2018 წელი. 2018 წლის 18 იანვარს შპს ,,ავ------------ტი"-ს მიერ გი-------------–--ლს სესხის სახით გადაეცა 8000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება N 293 (ს.ფ. 16-20)

- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ.21)

 

3.2.2. ავტოსატრანსპორტო საშუალების - მარკა, მოდელი BMW---- I, სახ. ნომერი: TT----H, გამოშვების წელი - 2008, მესაკუთრეა გი-------------–--ლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ერთობლივი განცხადება (ს.ფ. 97)

- რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 22)

 

3.2.3. მხარეებს შორის 2018 წლის 18 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულ მოძრავ ნივთზე - ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე- მარკა, მოდელი BMW---- I, სახ. ნომერი: TT----H, გამოშვების წელი - 2008, გირავნობის უფლება არ წარმოშობილა. არ მომხდარა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში, ასევე გირავნობის საგანი არ გადასულა მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური ნორმით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ასევე სალაროს გასავლის ორდერზე აღნიშნულია მოპასუხე გი-------------–--ლის ხელმოწერა, მოპასუხე მხარე ასევე არ უთითებს მოპასუხის მიმართ დოკუმენტებზე ხელმოწერის მიზნით იძულების თაობაზე. მოპასუხე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ გი-------------–--ლს 2018 წლის 18 იანვარს სალაროს გასავლის ორდერის მიხედვით გადაეცა 8000 ლარი მოსარჩელის მიერ, მაგრამ აღნიშნული თანხა გი-------------–--ლმა გადასცა სხვა პირს.

 

მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია მხარეებს შორის 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება N 293, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს სესხისა და რეგისტრირებული გირავნობის შესახებ ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს გი-------------–--ლი. აღნიშნული ხელშეკრულება ადასტურებს მხარეების შეთანხმებას გამსესხებლის - შპს ,,ავ------------ტი"-ს მიერ მსესხებლისათვის (გი-------------–--ლი) სასყიდლიანი სესხის გადაცემის და მსესხებლის მიერ მიღებული სესხის, სესხზე დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს/ პირგასამტეხლოს დაბრუნების ვალდებულების თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ სესხის თანხაზე - 8000 ლარზე, თვიურ საპროცენტო სარგებელზე- 5%, სესხის გაცემის საკომისიო - 490 ლარი, ასევე დადგენილ ვადაში სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოზე.

 

მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი N 293-50053 სალაროს გასავლის ორდერით დადასტურებულია მოსარჩელის მიერ 2018 წლის 18 იანვარს სესხის თანხის - 8000 ლარის გაცემის და მოპასუხე გი-------------–--ლის მიერ თანხის მიღების ფაქტი.

 

სასამართლოში წარმოდგენილი N 05229712 ერთობლივი განცხადებით დასტურდება, რომ 2018 წლის 18 იანვარს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ ინტიგამ ნაბიევმა გაასხვისა, ხოლო გი-------------–--ლმა შეიძინა სატრანსპოორტო საშუალება - მარკა, მოდელი BMW---- I, სახ. ნომერი: TT----H, გამოშვების წელი - 2008. წარმოდგენილია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალება მარკა, მოდელი BMW---- I, სახ. ნომერი: TT----H, გამოშვების წელი - 2008 შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია გი-------------–--ლის სახელზე.

 

მხარეებმა სასამართლოში ვერ წარმოადგინეს მხარეთა შორის 2018 წლის 18 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებაში სესხის უზრუნველყოფის საგანზე გირავნობის უფლების შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია, ასევე არ დასტურდება სესხის უზრუნველყოფის საგნის მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის ფაქტი.

 

შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2018 წლის 18 იანვარს სესხის სახით გადასცა 8000 ლარი, მოპასუხემ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულებული არ არის.

 

საწინააღმდეგოს დამადასტურებელი ინფორმაცია სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ავ------------ტი“-ს სარჩელი გი-------------–--ლის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 254-ე, 257-ე, 258-ე, 417-418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

6.2. სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსკ-ის მე-4 მუხლით, ასევე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს). მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, 24 თებერვალი, 2017 წელი, საქმე Nას-1206-1166-2016 წელი).

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (სუსგ, Nას-944-894-2015, 27 ნოემბერი 2015, Nას-315-300-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დავა წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება თანხის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილია მხარეებს შორის 2018 წლის 18 იანვარს დადებული წერილობითი ხელშეკრულება, ასევე წარმოდგენილია სალაროს გასავლის ორდერი, რომელიც ადასტურებს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის სესხის თანხის გადაცემის ფაქტს. დადგენილია, რომ გი-------------–--ლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

ამასთანავე დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოპასუხე მხარემ მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 257-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 18 იანვარს წერილობითი სახით დადებული გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია განხორციელდა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი გირავნობის საგნის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემის დამადასტურებელი ინფორმაცია. წარმოდგენილი მტკიცებულებით - რეგისტრაციის მოწმობით დასტურდება, რომ BMW-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით TT----H, რეგისტრირებულია გი-------------–--ლის სახელზე.

 

ამდენად, გამომდინარე იქედან, რომ მხარეებს შორის დადებული გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლება არ არის რეგისტრირებული სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოში, ასევე გირავნობის საგანი არ გადასულა მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში, სახეზე არ არის არც მფლობელობითი და არც რეგისტრირებული გირავნობა.

 

6.5. სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

აქვე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. აღნიშნული ნორმით არასწორად ინფორმირებული მხარისათვის რეალურად არსებული გარემოება ცნობილი უნდა გახდეს გარიგების დადების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე აპელირებს, რომ მოპასუხე გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, მას გარიგება დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

გი-------------–--ლი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი გარიგების დადების მომენტში მოატყუეს. ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ მისი პირობები მისთვის ცნობილია.

 

განსახილველ შემთხვევაში ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მხარე ხელშეკრულებაზე გი-------------–--ლის ხელმოწერის ნამდვილობას სადავოდ არ ხდის. შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოპასუხის ნება ნამდვილია, ვინაიდან მან დაადასტურა პირობებზე თანხმობა საკუთარი ხელმოწერით, იმისდა მიუხედავად, იცოდა თუ არა მისი თანმდევი შედეგები. ამასთან, მოპასუხე მხარე თავისი პოზიციის დასადასტურებლად ვერ მიუთითებს სხვა უტყუარ მტკიცებულებაზე, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, რაც ვერ გახდება გარიგების ნამდვილობაში შეცილების საფუძველი,სასამართლო შენიშნავს, რომ მოტყუება გარიგების მოტივში იმით ხასიათდება, რომ ასეთ დროს პირი ცდება არა უნებურად, არამედ მეორე მხარის ბრალით, რისგან თავდასაცავად მოტყუებულ მხარეს ენიჭება შეცილების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში გი-------------–--ლს არ განუხორციელებია.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

 

მოცემულ შემთხევაში, საქმის განხილვის შედეგად დადასტურებულია მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე გი-------------–--ლს მოსარჩელე შპს ,,ავ------------ტი"-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9807.32 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 8000 ლარი, შემცირებული პროცენტი - 815.32 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 992 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ავ------------ტი“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხე გი-------------–--ლს მოსარჩელე შპს ,,ავ------------ტი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 294.21 ლარის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, ხოლო 5.79 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 264-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე შპს ,,ავ------------ტი“-ს სარჩელი მოპასუხე გი-------------–--ლის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. გი-------------–--ლს შპს ,,ავ------------ტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 9807.32 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე გი-------------–--ლს მოსარჩელე შპს ,,ავ------------ტი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 294.21 ლარის ანაზღაურება.

 

4. შპს ,,ავ------------ტი“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2019 წლის 03 ივლისს სს ,,თიბისი ბანკში’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 5.79 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N 0, მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-300093150; მიმღების ბანკის კოდი -TRESGE22);

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე