გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1873-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2020 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე მ----- ნ---–--ე
წარმომადგენელი მამუკა ტუსკაძე. გელა ნ---–--ე
მოპასუხე შპს ჰ------–------–------ი
წარმომადგენელი თენგიზ ანთიძე , სერგო გელიტაშვილი, თამთა ბერიკელაშვილი
დავის საგანი შრომითი ურთიერთობის აღდგენა. იძულებით განაცდურის და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ჰ------–------–------ის“ დირექტორის 2019 წლის 27 აგვისტოს №55 ბრძანების ბათილად ცნობა მ----- ნ---–--ესთან შრომით ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
1.2. მ----- ნ---–--ის აღდგენა შპს „ჰ------–------–------ში“ სასწორის ოპერატორის თანამდებობაზე.
1.3. შპს „ჰ------–------–------ისათვის“ იძულებითი განაცდურის დაკისრება 2019 წლის 27 აგვისტოდან სამსახურში აღდგენის დღემდე ყოველთვიურად 1122,28 ლარის ოდენობით;
1.4. შპს ჰ------–------–------ისათვის საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში 5 წლის გამოუყენებელი შვებულების 5 500 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
სადავო ბრძანებით მოპასუხემ შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო, კერძოდ 2019 წლის 20 ივლისის ცემენტმზიდის აწონვის დროს წონის ცდომილების გამო. შპს „ჰ------–------–------ში“ მუშაობის პერიოდში არასდროს დაკისრებია რაიმე დისციპლინური სახდელი. სასწორის ოპერატორად გადაყვანამდე მუშაობდა საწყობის მენეჯერად, ხოლო სასწორის ოპერატორად გადაყვანის დროს მისთვის ფუნქციების დეტალური ინსტრუქტაჟი არ ჩაუტარებიათ. დამსაქმებლის განმარტებით წონის ცდომილება გამოიწვია ე.წ განულების ღილაკის არამიზნობრივად გამოყენებამ. 2019 წლის 20 ივნისს ე.წ. საეჭვო ცემენტმზიდი რამდენიმე დღე გაჩერებული იყო საწარმოს ტერიტორიაზე, მისი საკონტროლო აწონვა მოხდა მესამე დღეს, ხოლო 20 ივლისს ცემენტზმიდი არცკი დალუქულა. მოპასუხეს საერთოდ არ გამოუკვლევია ცდომილების მიზეზი ხომ არ იყო სასწორის ელექტრონული სისტემის რაიმე გაუმართაობა. მოპასუხემ ბრძანებაში ასევე მიუთითა მისთვის სხვა საეჭვო ცემენტმზიდების წონაზე, რაც მტკიცებულებები დადასტურებული არ არის.
სასწორის ოპერატორად გადაყვანამდე მუშაობდა საწყობის მენეჯერად, რა დროის განმავლობაში 5 წლის მანძილზე არ უსარგებლია შვებულებით, რომლის ანაზღაურებაა 5 500 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის მიერ ჩადენილი შრომის მოვალეობის უხეში დარღვევის გამო. კერძო, 2019 წლის 20 ივლისს საწარმოს მენეჯრს გიორგი რეხვიაშვილს ეჭვი გაუჩნდა ცემენტმზიდის წონის შესახებ, რადგან მაღალი ტვირთამწეობის ცემენტმზიდში ფიქსირდებოდა მნიშვნელოვნად ნაკლები წონის ცემენტი. იმავე დღეს ჩატარებული განმეორებითი აწონვით დადასტურდა წონის მცდარი მონაცემები, რის გამოც ცემენტმზიდი გააჩერეს საწარმოს ტერიტორიაზე. ხოლო 23 ივლისს მოხდა ცემენტმზიდის ხელახალი აწონვა, რა როსაც დადასტურდა ცდომილების არსებობა. ცდომილების გამოწვევა შესაძლებელია სასწორის ე.წ განულების ღილაკის გამოყენებით, რომლის დროს დატვირთული ცემენტმზიდის წონას ხელოვნურად აკლდება სასწორზე მასზე წინ აწონილი ცემენტით დაუტვირთავი ცემენტმზიდის წონა, რაც იწვევს რეალურზე ნაკლები წონის აღრიცხვას ელექტრონულ პროგრამაში. ამ შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ შეისწავლეს 2018-2019 წლების მონაცემები, რა დროსაც გამოვლინდა მ----- ნ---–--ის მორიგეობის დღეებში მაღალი ტვირთამწეობის ცემენტმზიდებში არსებითად ნაკლები რაოდენობის წონის ცემენტით აწონვის არაერთი ფაქტი, რის გამოც ე.წ. განულების ღილაკით წონის მანიპულება ერთჯერადი ხასიათის არ იყო, რითიც გამოწვეული საწარმოს ქონების დატაცების გამოძიების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა ბრძანების ბათილად აღიარების შეახებ ხანდაზმულია. მათი ინიციატივით მოსარჩელეს გადაეცა ბრძანების ასლი, თუმცა მოსარჩელემ 2019 წლის 27 აგვისტოს უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე. ბრძანების გასაჩივრების ვადა დაიწყო 2019 წლის 28 აგვისტოს და 30 დღის ბოლო ვადაა 26 სექტემბერი, ხოლო სარჩელი აღძრულია 27 სექტემბერს. ხანდაზმულია ასევე შვებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან ამ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია და მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე სამ წლიან პერიოდში შვებულების ანაზღაურება. 2018-2019 წლებში მოსარჩელემ ისარებლა 24-24 დღიანი შვებულებით, ხოლო 2017 წლის შვებულებიდან დარჩენილია 5 დღე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ----- ნ---–--ე შპს ჰ------–------–------ში სხვადასხვა თანამდებობებზე დასაქმებული იყო 2011 წლიდან. 2018 წლის სექტემბრამდე დასაქმებული იყო შპს „ჰ------–------–------ის“ საწყობის მენეჯერად. 2018 წლის 5 სექტემბერს მხარეებს შორის წერილობით დადებული H01/09-18 შრომის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ დაიკავა სასწორის ოპერატორის თანამდებობა. ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით. შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფაქტიურად ნამუშევარი დროით. საათობრივი ხელფასი გადასახადების ჩათვლით შეადგენს 7,78 ლარს. ყოველთვიურად მოსარჩელის სამუშაო საათის ოდენობა შეადგენს 180 საათს, ხოლო შრომის ანაზღაურება ჯამში ხელზე ასაღები ხელფასის სახით 1133,28 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შრომის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-23. ტომი 1)
- შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია (ს.ფ. 24-25. ტომი 1)
3.1.2. მ----- ნ---–--ესთან შრომის ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, შპს ჰ------–------–------ის 2019 წლის 27 აგვისტოს N55 ბრძანებით, რომლითაც მ----- ნ---–--ეს დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ბრძანებაში მითითებულია, რომ რუსთავის ცემენტის ქარხანაში 2019 წლის 20 ივლისს დაფიქსირდა შრომის დისციპლინის უხეში დარღვევის ფაქტი, კერძოდ, მ----- ნ---–--ის მიერ ნაყარი ცემენტით დატვირთული ცემენტმზიდის (სახ ნომერი WW 196 RR ) წონა დაფიქსირდა მნიშვნელოვანი გადაცდომით, რის შედეგად სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული ტვირთის ზედმეტობამ შეადგინა 12 560 კგ.
2019 წლის 20 ივლისს დილის 10.00 საათზე ქარხანაში ნაყარი ცემენტით დასატვირთად შემოვიდა ცემენტმზიდი - სახ ნომერი WW 196 RR. თავდაპირველად აიწონა ტარა, რომელმაც შეადგინა 13 210 კგ, ცემენტმზიდი დაიტვირთა ნაყარი ცემენტით და აიწონა, რის შედეგად დაფიქსირდა მთლიანი წონა (ბრუტო) 33 390 კგ. შესაბამისად, ტვირთის წონა(ნეტო) განისაზღვრა 20 180 კგ, რაც გატარდა პროგრამულად.
ცემენტმზიდი შემოსული იყო 30 ტონა ნაყარი ცემენტის დასატვირთად, რაც ფიქსირდება რეალიზაციის ადმინისტრატორის ჩანაწერებში და მისი ტვირთამწეობა შეადგენს არანაკლებ 35 ტონას. საწარმოს მენეჯერმა გიორგი რეხვიაშვილმა პროდუქციის წონაში შეიტანა ეჭვი და მოახდინა ცემენტმზიდის საკონტროლო აწონვა, რის შედეგად სატრანსპორტო საშუალების წონა აღმოჩნდა 45 950 კგ, რაც 12 560 კგ-ით აღემატებოდა დოკუმენტურად დაფიქსირებულ მონაცემებს. აქედან გამომდინარე გამოვლინდა 12 560 კგ ცემენტის მართლსაწინააღმდეგო გადატვირთვის ფაქტი.
მ----- ნ---–--ემ გამოკითხვის დროს აღნიშნა, რომ სტანდარტული მეთოდით, სასწორის პროგრამაში მაუსით ღილაკზე დაჭერით მოახდინა ცემენტის აწონვა. გადამოწმდა სასწორზე დამონტაჟებული კამერები და დადგინდა, რომ ცემენტმზიდი სასწორზე აწონვის დროს იდგა სწორად (სასწორის კიდეები არა აქვს გადაკვეთილი, რასაც წონის ცდომილების გამოწვევა შეეძლო) და აწონის დროები თანმიმდევრულია. შემოწმდა წინა და მომდევნო აწონვა და დადასტურდა, რომ სასწორი წონებს აფიქსირებდა მართებულად და პროგრამაშიც გადაჰქონდა შესაბამისად, რითიც გამოირიცხა სასწორის ხარვეზი.
კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერთან კონსულტაციის შედეგად ჩატარდა ექსპერიმენტი ე.წ. განულების ღილაკის გამოყენებით. კერძოდ, საკონტროლო აწონის წინ აწონილი სატრანსპორტო საშუალების წონის განულებით, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ზედმეტი ცემენტით დატვირთული სახ ნომერი WW 196 RR ცემენტმზიდის წინ აწონილი დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების წონა შეადგენს 12 550 კგ-ს, რაც სასწორის დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით, ზედმეტად გადატვირთული ცემენტის წონის იდენტურია. ამ გარემოების გამო გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას წონის განულების ეფექტი აქვს. ღილაკის გამოყენებით გაანულა ავტომანქანა RUR—785-ის წონა (12 550 კგ), რაც გამოაკლდა ავტომობილის (სახ ნომერი WW 196 RR) მთლიან წონას და პროდუქციის წონაში დაფიქსირდა 12 560 კგ ცდომილება.
გადასატვირთი პროდუქციის წონის ხელოვნურად შემცირების შემთხვევების გამოსავლენად შესწავლილი იქნა 2018-2019 წლების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის, სასწორის და რეალიზაციის მონაცემები და დადგინდა იმ ცემენტმზიდის მონაცემები, რომლებიც რეგულარულად იტვირთებოდა ტვირთამწეობაზე გაცილებით ნაკლები წონებით (პროდუქციის წონა 25 ტონამდე). დაბალი წონის დატვირთული ცემენტმზიდების აწონვის მრავალ შემთხვევაში სასწორის ოპერატორი იყო მ----- ნ---–--ე, რომლის ცვლაში მუშაობისას ერთ და იგივე ცემენტმზიდები, რომლებიც ერთი და იგივე დატვირთვის ადგილას და იდენტური ხანგრძლივობის პირობებში, სასწორზე ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების ტვირთამწეობის ნახევარი ან გაცილებით ნაკლები წონით, ხოლო სასწორის სხვა ოპერატორების ცვლებში ტვირთამწეობით შესაბამისი წონით.
ნაყარი ცემენტის დამტვირთავებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ცემენტმზიდის მძღოლები ითხოვენ სატრანსპორტო საშუალების სანახევროდ ან არასრულ დატვირთვას, მოთხოვნა ყოველთვის არის საპირისპირო, ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება, რომ ყველა ცემენტმზიდი დატვირთვის პროცესში მოკლე ვადით აწყვეტინებს ჩატვირთვას და ასრულებს მანევრს დაძვრა-დამუხრიჭების და გადაადგილების სახით, რათა ჩატვირთული ცემენტი თანაბრად განაწილდეს ცემენტმზიდის რეზერვუარში და დამატებით თავისუფალი გაჩნდეს დასატვირთი ადგილი, რაც განაპირობებს რეზერვუარის მაქსიმალურად შევსებას.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ჩადენილი დარღვევის სისტემატიურობიდან გამომდინარე შესაძლებელია ჩადენილი იყოს არაერთი მსგავსი დარღვევა და იქმნება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მ----- ნ---–--ე სატრანსპორტო საშუალების აწონვის პროცესში ნებით თუ უნებლიედ, განულების ღილაკის ან სასწორის ელ. კვებიდან გათიშვის გზით ახდენდა გაყიდული ნაყარი ცემენტის წონის არასწორ ფიქსირებას. აღნიშნულის გარემოებების გამო წარმოიქმნა მის მიმართ ნდობის დაკარგვის ობიექტური საფუძველი, რაც გამორიცხავს მ----- ნ---–--ესთან ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას.
ბრძანებაში მითითებულია, რო მ----- ნ---–--ე გათავისუფლდა შინაგანაწესის 6.1.5. პუნქტის (დაიცვას შრომის დისციპლინა. არ დაუშვას ისეთი ქმედება, რაც აფერხებს საწარმოს მუშაობას და ლახავს დამსაქმებლის ავტორიტეტს) და 6.1.6. ქვეპუნქტის (გაუფრთხილდეს დამსაქმებლის ქონებას) დარღვევისათვის. გათავისუფლების საფუძვლად მითითებული საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ბრძანების ასლი (ს.ფ. 27-29. ტომი 1)
3.1.3. 2019 წლის 27 აგვისტოს დამსაქმებელმა გამოავლინა მ----- ნ---–--ისათვის ბრძანების ასლის ჩაბარების ნება, მ----- ნ---–--ემ ბრძანების ასლის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რის შესახებ ბრძანების ასლზე გაკეთებულ ჩანაწერს ხელს აწერენ შპს ჰ------–------–------ის იურისტი ვალიკო ანთიძე, ორგანიზაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სერგო გელიტაშვილი და HR & H&S დირექტორის ე. ვაშაკიძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ბრძანების ასლი (ს.ფ. 29. ტომი 1)
3.1.4. მ----- ნ---–--ემ შპს „ჰ------–------–------ის“ მიმართ 2019 წლის 27 აგისტოს ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით პირველი სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 27 სექტემბერს, რომლის მიღებაზე უარი ეთქვა. განმეორებით სარჩელი აღძრა 2019 წლის 21 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელის რეგისტრაციის ცნობა (ს.ფ. 201. ტომი 2)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ჰ------–------–------ის მიერ გასაყიდი ცემენტის აწონვის დროს დაფიქსირებული წონის ცდომილება არ არის გამოწვეული მ----- ნ---–--ის განზრახი ქმედებით.
შპს „ჰ------–------–------ის“ დირექტორის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელესთან 2019 წლის 1 სექტემბრიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის გამო, ხოლო დამსაქმებლის განმარტებით მოსარჩელის განზრახი მოქმედებით 2019 წლის 20 ივლისს არასწორად აღირიცხა კომპანიის სარეალიზაციო ცემენტის წონა, რითიც საწარმოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ამასთან, 2018-2019 წლებშიც გამოვლინდა მსგავსი არაერთი ფაქტი მ----- ნ---–--ის ცვლაში მუშაობის დროს.
ამდენად, დამსაქმებლის პრეტენზია მდგომარეობს მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობის განზრახ ისეთი ქმედების არაერთგზის ჩადენაში, რამაც საწარმოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომით-სამართლებრივი დავის არსის თავისებურების გათვალისწინებით შეჯიბრებითობის პრინციპი დამსაქმებელს - მოპასუხეს აკისრებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლების მტკიცების ტვირთს.
სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადაოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები.
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზის დასაბუთების ვალდებულებას საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს აკისრებს, რაც გამომდინარეობს საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4-მე-7 ქვეპუნქტებიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის (საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.
განსახილველ საქმეში შპს „ჰ------–------–------ის“ მტკიცების საგანში შედის იმის დადასტურება, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის შედეგად არასწორად მოხდა სარეალიზაციო ცემენტის წონის აღრიცხვა. ამასთან, მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს, რომ დამსაქმებელმა განზრახ ჩაიდინა ეს ქმედება და ამასთან, ამას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი.
დამსაქმებლის განმარტებით, არასწორად აწონვის გამო საწარმომ განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი. მართალია დამსაქმებელი შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო ზიანის ანაზღაურებას არ მოითხოვს, მაგრამ მან დასაქმებული სწორედ იმ მიზეზით დაითხოვა, რომ მისმა ქმედებამ საწარმოს ზიანი მიაყენა. შესაბამისად, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რა მიზეზით მოხდა პროდუქციის არასწორად აწონვა, რა მოვალეობა არ შეასრულა დასაქმებულმა, რამაც გამოიწვია წონაში ცდომილება.
დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ხარისხის შეფასებისათვის პირველ ყოვლისა უნდა დადგინდეს დასაქმებულის შრომითი მოვალეობების არსი.
მოსარჩელე მუშაობდა სასწორის ოპერატორად, ხოლო საწარმოში წონის აღრიცხვა ელექტრონული მართვის სისტემით ხდება.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ქარხნის მენეჯერის მოადგილის მიერ წერილობით შედგენილი ტვირთის აწონვის პროცედურა, რომლის თანახმად რუსთავის ცემენტის ქარხანაში რეალიზებული პროდუქციის და შემოსული ნედლეულის აწონვა ხდება სამანქანო და სარკინიგზო სასწორების მეშვეობით. სამანქანო სასწორი არის ელექტრონული და მას ემსახურება ოპერატორი, რომელიც ხელმძღვანელობს შემდეგი პროცედურით - ოპერატორი იღებს რეალიზაციის ადმინისტრატორისაგან ელექტრონულად დაშვების ფურცლის ნომერს, სადაც მითითებული თუ რა პროდუქცია უნდა შეისყიდოს ამა თუ იმ მომხმარებელმა. შემდგომ მომხმარებელს მოაქვს ამობეჭდილი დაშვების ფურცელი რეალიზაციის ადმინისტრატორისგან სასწორის ოპერატორთან, სადაც წერია თუ რა პროდუქციის შესყიდვა სურს. რეალიზაციის ადმინისტრატორის დაშვების ფურცელთან ერთად აუცილებელია იყოს დაცვის სამსახურის მიერ გაცემული დაშვების ფურცელი, სადაც წერია რა პროდუქტის შესყიდვა უნდა მომხმარებელს, ასევე მომხმარებლის და ავტომობილის საიდენტიფიკაციო მონაცემები. სასწორის ოპერატორი ვალდებულია გადაამოწმოს მასთან პროგრამაში ასახული ელექტრონულ ინფორმაციის შესაბამისობა ფურცელზე ასახულ ინფორმაციასთან. ყოველივეს გადამოწმების შემდეგ ოპერატორმა უნდა შეამოწმოს თუ რამდენად სწორად დგას მანქანა ავტოსასწორზე (საბურავები აუცილებლად უნდა ხვდებოდეს სამანქანო სასწორის მოძრავ დაფაზე). მანქანის დგომის სისწორის შემოწმება ოპერატორს შეუძლია სფერული სარკეების მეშვეობით თავისი სამართავი ოთახიდან გაუსვლელად. ყოველივე აღნიშნულის გადამოწმების შემდეგ სამანქანო სასწორის ოპერატორი ახორციელებს პირველად აწონვას, რათა სისტემაში მოხდეს ტარის დაფიქსირება. პირველადი აწონვის შემდეგ სისტემაში მონიშნულ ავტომანქანის ველი გაყვითლდება, რაც ნიშნავს, რომ სისტემამ დააფიქსირა მანქანის წონა და მძღოლს შეუძლია გადავიდეს სამანქანო სასწორიდან და დაიტვირთოს მოთხოვნილ პროდუქტით. როდესაც დაიტვირთება ავტომობილი და დაბრუნდება სასწორზე ასაწონად, სამანქანო სასწორის ოპერატორი ამოწმებს რეალიზაციის დაშვების ფურცლის ნომერს და მანქანის წონას საბოლოო გასაყიდი პროდუქციის წონის დასაფიქსირებლად. როდესაც აიწონება მანქანა და დაფიქსირდება საბოლოო წონა, პროგრამაში მწვანდება შესაბამის ველი. საბოლოო წონის დაფიქსირების შემდეგ ავტომატურად ხდება აწონვის ფურცლის ამობეჭდვა, სადაც მითითებულია ცარიელი მანქანის წონა, მთლიანი მანქანის წონა პროდუქციით და პროდუქციის სუფთა წონა (რომელსაც ავტომატურად ითვლის პროგრამა). შემდგომ ოპერატორი ხელით წერს სამსახურის დაშვების ბარათზე პროდუქციის სუფთა წონას და უბრუნებს მომხმარებელს, აწონილი პროდუქციის წონა ავტომატურად იგზავნება რეალიზაციის ადმინისტრატორთან, სადაც მთავრდება პროდუქციის გაყიდვა.
საქმეში წარმოდგენილია სასწორის ოპერატორის თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომლის თანხმად, თანამდებობრივი ფუნქციაა შემოსული და გასული ტვირთის ზუსტი აწონვა და დაფიქსირება, სასწორის ნორმალური ექსპლოატაცია, სასწორის გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება და ცვლის უფროსის ინფორმირება, სამუშაო ადგილისა და სასწორის დასუფთავება, არყოფნის დროს ოთახის დაკეტვა; სასწოროს ბეჭდის საიმედო დაცვა უცხო პირთაგან, დავალებისამებრ პერიოდულად შეიცვალოს სამუშაო ადგილი რუსთავის ცემენტისა და შპს ქართული ცემენტის ქარხნებში, უსაფრთხოების წესების დაცვა.
ამდენად, თანამდებობრივი ინსტრუქციით სასწორის ოპერატორის ფუნქციების ზოგადი აღწერილობაა მოცემული. თავად სასწორის მუშაობის ტექნიკური აღწერილობის და მის მუშაობაში ოპერატორის ფუნქციის შესახებ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ მხარეთა განმარტებები, ქარხნის მენეჯერის გიორგი რეხვიაშვილის წერილობითი განმარტება და მოწმე ივანე ჭანტურიას ჩვენება. საქმეში არსებული ამ მტკიცებულებების თანახმად, სასწორის ოპერატორის ფუნქციაა სასწორის ელექტრონულ სისტემაში სამართავი ღილაკების და ე.წ. მაუსის გამოყენებით სასწორზე ფიქსირებული მონაცემები ასახოს შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში და ამობეჭდოს პროდუქციის რეალიზაციის წერილობითი საბუთი. ამასთან, სასწორს ოპერატორს აწონვის დაწყებამდე ცემენტმზიდის მძღოლის მიერ წარედგინება დაშვების ფურცელი რეალიზაციის ადმინისტრატორისგან, სადაც მითითებულია თუ რა ოდენობის პროდუქციის შესყიდვა სურს მყიდველს. ამდენად, აწონვის დაწყებამდე ხდება სასწორის ოპერატორის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის სარეალიზაციო ცემენტით უნდა დაიტვირთოს ცემენტმზიდი. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით დასტურდება ამ პროცედურის არსებობა, რადგან 2019 წლის 20 ივლისის აწონვის ვიდეოჩანაწერებში ასახულია მძღოლის მიერ სასწორის ოპერატორისათვის დაშვების ფურცლის წარდგენის მომენტი (ვიდეოჩანაწერი გამოკვლეულია 2020 წლის 6 თებერვლის სხდომაზე)
დამსაქმებლის განმარტებით, წონაში ცდომილების გამომწვევი მიზეზია ე.წ. განულების ღილაკით მანიპულაცია. 2020 წლის 6 თებერვლის სხდომაზე ვიდეოჩანაწერების დემონსტრირების დროს მოპასუხის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ განულების ღილაკი არის კომპიუტერის ქვემოთ ე.წ. სამართავ დაფაზე არსებული მწვანე ფერის ღილაკი.
მხარეების განმარტების თანახმად აწონვის პროცედურა შემდეგნაირია:
თავდაპირველად ხდება დაუტვირთავი ცემენტმზიდის აწონვა, რის შემდეგ ცემენტმზიდი შედის ქარხნის ტერიტორიაზე და ხდება მასში სარეალიზაციო ცემენტის ჩატვირთვა. ამის შემდეგ საწარმოს ტერიტორიიდან გასვლამდე ხდება დატვირთული ცემენტმზიდის აწონვა. სასწორის ოპერატორის ფუნქციაა მის სამუშაო ოთახში განთავსებული კომპიუტერული მოწყობილობით სასწორზე აღრიცხული წონის ფიქსაცია შესაბამის პროგრამაში. სასამართლო სხდომაზე ვიდეო-ჩანაწერის გამოკვლევის დროს მოპასუხემ მიუთითა, რომ სასწორის ე.წ. სამართავ პანელზე მდებარეობს მწვანე ფერის ღილაკი ე.წ. განულების ღილაკი. მოპასუხის განმარტებით, წონაში მანიპულაცია მიიღწევა ამ ღილაკის გამოყენებით იმგვარად, რომ ცემენტით დაუტვირთავი ცემენტმზიდის აწონვის შემდეგ განულების ღილაკის გამოყენებით დაუტვირთავი ცემენტმზიდის წონა აკლდება ცემენტით დატვირთული ცემენტმზიდის წონას, რის შედეგად აღირიცხება რეალურ წონაზე ნაკლები ტვირთის წონა.
ამ გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ მიუთითა მოწმეების ჩვენებები. მოწმე გაგა ლორთქიფანიძის განმარტებით, იგი არის ქარხნის ქსელის ადმინისტრატორი, მისი ფუნქციაა კომპანიის კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, ბიზნეს აპლიკაციების, მათ შორის სასწორის პროგრამის გამართულად და უწყვეტად მუშაობა. მოწმის განმარტებით 20 ივლისს არ დაფიქსირებულა პროგრამული ხარვეზი ან ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა, რასაც შეეძლო გამოეწვია წონის ცდომილება. სასწორის ოპერატორის ასეთი ხარვეზის არ უცნობებია. საქმეში ასევე წარმოდგენილია მისი 2019 წლის 28 ოქტომბრის წერილობითი განმარტება, სადაც მითითებულია, რომ სასწორის მართვის პულტი მიერთებულია სასწორის კომპიუტერზე RS232 ტიპის ინტერფეისით, რომლითაც სასწორის პროგრამას მიეწოდება წონის მაჩვენებელი, გამორიცხულია წონების თვითნებურად შეცვლა პროგრამულად. სასწორის პროგრამა მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სტაბილური კავშირი სერვერთან. ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში სასწორის პროგრამა საერთოდ არ მუშაობს. 2019 წლის 20 ივლისს არც პირადად მასთან და არც მისი სამსახურის სხვა თანამშრომელთან არ შესულა შეტყობინება სასწორის პროგრამული უზრუნველყოფის ან ქსელის შეფერხება/გაუმართაობაზე ან შეწყვეტაზე.
მოწმე ივანე ჭანტურია არის შპს ხევის დირექტორი, რომლის განმარტებით ეს ორგანიზაცია ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სასწორის ინსპექტირებას. მოწმის განმარტებით სასწორის მოწყობილობის ინსპექტირება 2019 წლის 20 ივლისს არ ჩატარებულა, ასეთი მოთხოვნით შპს ჰ------–------–------ს არ მოუმართავს. ტექნიკური შემოწმება ჩატარდა სექტემბრის თვეში რა დროსაც რაიმე ტექნიკური ხარვეზი არ გამოვლინდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხარვეზი არც 20 ივლისს ჰქონდა პროგრამას, რადგან 20 ივლისის შემდეგ პროგრამაში წონის რაიმე ცდომილება დაფიქსირდებოდა. მოწმის განმარტებით, ასეთ პირობებში წონის ცდომილება შეიძლება გამოიწვიოს განულების ღილაკის გამოყენებამ, რა დროსაც დატვირთული ცემენტმზიდის წონას აკლდება მანამდე აწონილი დაუტვირთავი ცემენტმზიდის წონა.
მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი აქტების თანახმად, 2019 წლის 20 ივლისს 10:17:52 საათზე სასწორზე აღრიცხულია ავტომობილის (სახ ნომერი WW 196 RR) შესვლა, რომლის ტარის წონაა 13 210 კგ, სარეალიზაციო პროდუქციის წონა 32 770 კგ, ხოლო მყიდველი შპს ევრა+“. ავტომობილის გასვლის დროა იმავე დღის 11:24:04 საათი. დატვირთული ავტომობილის წონა გასვლის დროს არის 45 950 კგ.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2019 წლის 20 ივლისს შედგენილი ბილეთი N0009341824, რომლის თანახმად 11:22:14 საათზე აღრიცხულია ავტომობილის RUR 785 შესვლა, პროდუქციის წონაა 4060 კგ, ტარას წონა 12 550 კგ, მთლიანი წონა 16 640. ავტომობილის გასვლის დროა იმავე დღის 2:20:45 საათი.
მოპასუხის განმარტებით, ავტომობილის სახ ნომერი WW 196 RR ცემენტით დატვირთვის შემდეგ საბოლო აწონვამდე შუალედში აიწონა საწარმოში შემავალი დაუტვირთავი ავტომობილი RUR 785, რომლის ტარას წონაა 12 550 კგ, რაც ზუსტად ის წონაა, რაც ცდომილების სახით დაფიქსირებულია დატვირთული ავტომობილის (სახ ნომერი WW 196 RR) აწონვისას.
მოპასუხის განმარტებით, 2019 წლის 20 ივლისს ავტომობილი (სახ ნომერი WW 196 RR) გააჩერეს ქარხნის ტერიტორიაზე და მისი ხელახალი აწონვა მოხდა 2019 წლის 23 ივლისს, რის შესახებ წარმოდგენილი 2019 წლის 23 ივლისის აქტი. აქტში მითითებულია, რომ 2019 წლის 20 ივლისს ავტომობილი (სახ ნომერი WW 196 RR) აიწონა სასწორზე ცარიელ მდგომარეობაში და დაფიქსირდა წონა 13 210 კგ, შევიდა ქარხანაში და დაიტვირთა და 11:24 საათზე აიწონა დატვირთული და მთლიანმა წონამ შეადგინა 33 390 კგ, საიდანაც პროდუქციის წონაა 30 180 კგ. აღნიშნულ წონაზე მოხდა რეალიზაციის ადმინისტრატორის მიერ საბუთის გაცემა. შემდგომ მოხდა აღნიშნული ტვირთმზიდის გადაწონვა და გადაწონვის შედეგად დაფიქსირდა სხვა წონა. მთლიანი წონა 45 950 კგ. საიდანაც პროდუქციის წონა გამოვიდა 32 740 კგ. 20 ივლისს გადაწონვას ესწრებოდნენ ქარხნის მორიგე დისპეჩერი დ. ბურჭულაძე, დაცვის ცვლის უფრო ზ. ჯელია, ქარხნის მენეჯერის მოადგილე გიორგი რეხვიაშვილი, ცემენტმზიდის მძღოლი და სასწორის ოპერატორი მ----- ნ---–--ე. აღნიშნული ცემენტმზიდი მძღოლის თანდასწრებით დაილუქა ქარხნის ტერიტორიაზე, 2019 წლის 23 ივლისს ქარხანაში გამოცხადდა შპს ბეგის დირექტორი ბ. გიგაური, რომელთაც ერთად მოხდა ცემენტის გადაწონვა. წონამ შეადგინა 45 950 კგ, საიდანაც პროდუქციის წონაა 32 770 კგ. ბ.გიგაურმა განაცხადა, რომ დაამატებს თანხას და შეისყიდის აღნიშნულ ცემენტს. აქტში მითითებულია, რომ ერთვის სასწორის წონის ფურცელიN0009341644 და სასაქონლო ზედნადები N2902082071, რომელიც გამოწერილი იყო 2019 წლის 20 ივლისს და 2019 წლის 23 ივლისს, რომელიც დაკორექტირდა საბოლოო წონის დაფიქსირების შემდეგ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისად დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს მოსარჩელის მიერ წონის განზრახ არასწორად აღრიცხვა. დამსაქმებლის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელე არაერთჯერადად ახორციელებდა ე.წ. განულების ღილაკით მანიპულაციებს ცემენტმზიდზე დატვირთული ცემენტის ნაკლები წონის აღრიცხვის მიზნით, რის გამო ამ გარემოების დასაბუთებისათვის აუცილებელია დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხი შეეხება რთული ტექნიკური მოწყობილობის მუშაობის სპეციფიკას, რის გამოც მისი მუშაობის თავისებურება უნდა დადასტურდეს სპეციალური სახის მტკიცებულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით, ფოტოსურათებით და შედგენილი აქტებით არ მტკიცდება, რომ მ----- ნ---–--ემ განზრახ განულების ღილაკი გამოიყენა იმ მიზნით, რომ სარეალიზაციო ცემენტის წონა არასწორად აღრიცხულიყო. საქმეში წარმოდგენილია არ არის სპეციალური შინაარსის მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა ფუნქცია გააჩნია განულების ღილაკს და მისი არადანიშნულებით გამოყენებით როგორ მიიღწევა წონის ცდომილება. ამ გარემოების დადასტურების ერთერთი საშუალება შეიძლება იყოს ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამასთან, მისი მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებში არ არის აღწერილი განულების ღილაკის გამოყენების მექანიზმი და მისი გამოყენების შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ ცემენტმზიდის წონის ცდომილება მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის გაზრახ შეუსრულებლობით არის გამოწვეული. თავად სადაო ბრძანებაშიც მითითებულია, რომ დასაქმებულმა ეს გამოიწვია ნებსით ან უნებლიე ქმედებით, ხოლო საქმის განხილვის დროს უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება ისეთი ქმედება, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორ დამსაქმებლის განზრახვა გამოეწვია პროდუქციის უსწოროდ აღრიცხვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები და ვიდეოჩანაწერები არ არის საკმარისი მტკიცებულება, რაც ადასტურებს წონის დროს სასწორის მართვის მექანიზმში მანიპულაციის გზით არასწორი აწონვის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ის რომ დიდი ტევადობის ცემენტმზიდები ხშირად მნიშვნელოვნად ნაკლები წონის ცემენტით იტვირთებოდა, ვარაუდს წარმოადგენს და დასაქმებულის არამართლზომიერ განზრახვას არ ადასტურებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აწონვის აქტი (ს.ფ. 106. ტომი 1)
- სასწორის ბილეთის ასლები (ს.ფ. 107, 110-111. ტომი 1)
- თანამდებობრივი ინსტრუქციის ასლი (ს.ფ. 63. ტომი 2)
- ტვირთის აწონვის პროცედურა, გიორგი რეხვიაშვილის წერილობითი განმარტება (ს.ფ. 64. ტომი 2 )
- მოწმეთა ჩვენებები (10.12.2020 წ სხდომის ოქმი CD დისკი )
- ცემენტმზიდის აწონვის ვიდეოჩანაწერები (CD დისკები)
3.2.2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე 3 წლის პერიოდში მ----- ნ---–--ეს არ უსარგებლია 2017 წლის კუთვნილი შვებულებიდან 5 დღის შვებულების უფლებით.
მოსარჩელე მოითხოვს ჯამში 76 დღის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მიზნით 5500 ლარის გადახდას. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით არ გამოუყენებია კუთვნილი შვებულებიდან 2012-2013 წლებში - 24 დღე, 2014 -2015წწ - 8 დღე, 2016-2017წ - 5 დღე, 2017-2018წწ - 15 დღე და 2018-2019წ - 7 დღე.
მოპასუხის განმარტებით, 2019 წელს მოპასუხემ ისარგებლა 24 სამუშაო დღის შვებულებით 2019 წლის 27 ივლისიდან იმავე წლის 23 აგვისტომდე.
2018 წელს ისარგებლა ჯამში 24 დღით
- 2017 წლის 27 დეკემბრიდან 2018 წლის 7 იანვრამდე (7 დღე),- 31 იანვრიდან 8 თებერვლამდე (8 დღე),- 24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე (2 დღე);
- 9 აგვისტოდან 10 აგვისტომდე (2 დღე),- 11 მაისიდან 14 მაისამდე (2 დღე ),- 1 ნოემბრიდან 4 ნოემბრამდე (3 დღე).
2017 წელს გამოყენებული შვებულების დღეების რაოდენობაა 19 დღე.
- 8 იანვრიდან 18 იანვრამდე (9 დღე)
- 24 აპრილიდან 28 აპრილამდე (5 დღე)
- 6 ნოემბერს (1 დღე)
- 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე (4 დღე)
2016 წელს გამოყენებულია შვებულების 24 დღე
- 16 იანვრიდან 30 იანვრამდე (10 დღე)
- 24 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე (2 დღე)
- 5 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრამდე (2 დღე)
- 23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე (4 დღე)
- 20 ივნისიდან 24 ივნისამდე (5 დღე)
- 5 აპრილს (1 დღე)
2015 წელს გამოყენებულია შვებულების 11 დღე
- 13 იანვრიდან 18 იანვრამდე (4 დღე)
- 21 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე (2 დღე)
- 10 აგვისტოდან 6 ოქტომბრამდე (5 დღე)
მოპასუხემ გამოყენებული შვებულების დღეების დასადასტურებლად წარმოადგინა მოსარჩელის სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ინფორმაცია, ასევე მოსარჩელის მიერ შვებულების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებები, ხოლო საშვებულებო ანაზღაურების გადახდის შესახებ წარმოდგენილია მოსარჩელისთვის თანხის ჩარიცხვის საგადახდო დავალებების ასლები.
2019 წლის 10 დეკემბერის სხდომაზე წარმოდგენილ შუამდგომლობაში მოპასუხემ დეტალურად მიუთითა სადაო პერიოდში მოსარჩელის მიერ გამოყენებული შვებულებების დღეების შესახებ.
მოპასუხემ გამოუყენებელი შვებულების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ მიუთითა ხანდაზმულობაზე, რასაც სასამართლო იზიარებს, რადგან შრომითი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა და მასე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამ საკითხის სამართლებრივ შეფასებაზე სასამართლო იმსჯელებს სამოტივაციო ნაწილში. შესაბამისად, ხანდაზმული არ არის შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე წინა სამი წლის (2016 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 27 აგვისტომდე პერიოდის) გამოუყენებელი შვებულების მოთხოვნა. ამასთან, რადგან შრომის კოდექსის 25-ე მუხლით დასაშვებია გამოუყენებელი შვებულების ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გადატანა, მნიშვნელოვანია ამ სამი წლის განმავლობაში გამოუყენებელი შვებულების გარემოების დადგენა. თავად მოპასუხე ადასტურებს რომ მოსარჩელემ 2019 წელს ისარგებლა 24 სამუშაო დღის შვებულებით, ასევე 2018 წელს ისარგებლა 24 სამუშაო დღის შვებულებით. შვებულების განცხადებებით და მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წელს გამოყენებული შვებულების დღეებია 19 დღე, შესაბამისად გამოუყენებელია შვებულების 5 დღე.
სასამართლოს ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოპასუხის განმარტება შვებულების შესახებ (ს.ფ. 277-278. ტომი 1)
- საშვებულებო ანაზღაურების გაცემის ცნობა და საგადახდო დავალებების ასლები (ს.ფ. 336-389. ტომი 1)
- შვებულებების განაცხადები (ს.ფ. 82-105. ტომი 2)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს შრომითი მოვალეობები უხეშად არ დაურღვევია, რის გამოც მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. მოსარჩელეს გაშვებული აქვს ბრძანების გასაჩივრების ვადა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
· საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-4-8 პუნქტები, 32-ე მუხლი, 21-წ, 22-წ, 25-ე, 34-ე მუხლებით.
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 138-ე, 51-ე, 144-ე, 154-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომის ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
მ----- ნ---–--ესა და შპს „ჰ------–------–------ს“ შორის არსებული შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით შრომითი ურთიერთობას წარმოდგენდა. მოსარჩელე დასაქმებული იყო სასწორის ოპერატორის თანამდებობაზე.
მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო. ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
სასამართლომ მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, დაკისრებული ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია, რადგან არ დასტურდება მის მიერ განხრაზ ისეთი ქმედების ჩადება, რამაც გამოიწვია სარეალიზაციო ცემენტის წონის არასწორად აღრიცხვა.
დამსაქმებლის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ დასაქმებულმა განზრახ ჩაიდინა სასწორის ე.წ. განულების ღილაკის მანიპულაცია, რათა სარეალიზაციო ცემენტის ფაქტობრივზე ნაკლები წონა აღრიცხულიყო. ამასთან, ასეთ ქმედებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი.
სასამართლო შრომითი მოვალეობის დარღვევის, როგორც სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლის განმარტებისათვის მოიხმობს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომელიც ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება და უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა მართალია სახელშეკრულებო ურთიერთობაა, მაგრამ სხვა კერძოსამართლებრივი ურთიერთობისგან იგი იმით განსხვავდება, რომ დასაქმებული ერთგვარად დამსაქმებლისადმი დაქვემდებარებულ ურთიერთობაშია, ნებაყოფლობით თანხმდება დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ შემუშავებულ წესებს, შრომის დისციპლინას და შინაგანაწესს. ამ თავისებურების გათვალისწინებით შრომის კოდექსი დამსაქმებლის უფლებების დამცავ მთელ რიგ ნორმებს შეიცავს და ეფუძნება დასაქმებულის სასარგებლო წესთა უპირატესობის პრინციპს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინებაში (საქმე №ას-941-891-2015) განმარტებულია, რომ შრომის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის კონსტიტუციური უფლება, მნიშვნელოვანია კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვით „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“ ...... საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნას ე.წ. „ფავორ პრესტატორის“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს, სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა“.
დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი, დისციპლინური სახდელების მიზანი მხოლოდ დასაქმებულის დასჯა არ არის. მისი მიზანია როგორც დარღვევის ჩამდენი დასაქმებულის, ისე სხვა დასაქმებულების საქმიანობაზე პრევენციული ზემოქმედება. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ყველაზე მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაა, რის გამოც მისი გამოყენება ისეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როცა დასაქმებულმა არსებითად დაარღვია მისი სამსახურებრივი ვალდებულება, რასაც მოჰყვა დასაქმებულის ინტერესების მნიშვნელოვანი დარღვევა. უხეშ დარღვევად შესაძლოა შეფასდეს სამსახურებრივი მოვალეობების სისტემატიურად დარღვევა, ასევე ერთჯერადად ჩადენილი დარღვევა, თუ ამან შექმნა საწარმოს ქონების და პირთა ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის საფრთხე.
შრომითი ურთიერთობა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, რის გამოც დამსაქმებელს ევალება მისი სამსახურებრივი მოვალეობების გულმოდგინედ, გულისხმიერად შესრულება. მოსარჩელე ფაქტობრივად სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობის გამო გათავისუფლდა, დასაქმებულის მიერ დასახელებული გათავისუფლების მიზეზი რთული ტექნიკური მოწყობილობის მუშაობის სპეციფიკას უკავშირება, რის გამოც უტყუარად უნდა დადასტურდეს დასაქმებულის მიერ ამ მოწყობილობის ღილაკით მანიპულაციის ჩადენა, რა მოპასუხემ სათანადოდ ვერ დაასაბუთა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასწორის ოპერატორის სამუშაო პროცესის აღწერიდან გამომდინარეობს, რომ საწარმოში შესვლამდე დაუტვირთავი ცემენტმზიდის აწონვის დაწყებამდე სასწორის ოპერატორს წარედგინება სარეალიზაციო ფურცელი, სადაც მითითებულია მყიდველის მიერ მოთხოვნილი შესასყიდი ცემენტის წონა, რაც შესაბამისად ცემენტმზიდში უნდა ჩაიტვირთოს. ამდენად, ამ გზით ხდება სასწორის ოპერატორის ინფორმირება სარეალიზაციო ცემენტის რაოდენობის შესახებ. ცემენტმზიდში ცემენტის ჩატვირთვის შემდეგ ქარხნის ტერიტორიიდან გასვლამდე კვლავ ხდება უკვე ცემენტით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების აწონვა, რა დროსაც სასწორის ოპერატორს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სასწორზე ელექტრონულად აღრიცხული წონა შეადაროს სარეალიზაციო ფურცელში მითითებულ წონას. სამსახურებრივი მოვალეობის გულმოდგინედ შესრულების პრინციპიდან გამომდინარე თანამდებობრივი ინსტრუქციის საფუძველზე ასეთ შემთხვევაში სასწორის ოპერატორმა უნდა მოახდინოს შესაბამისი თანამდებობის პირების ინფორმირება, ხოლო ამ მოვალეობის შეუსრულებლობა შესაძლებელია შეფასდეს დასაქმებულის მიერ გამოჩენილ დაუდევრობად.
ამ შემთხვევაში 2019 წლის 20 ივლისს გამოვლენილ წონის შეუსაბამობას დამსაქმებელი უკავშირებს არა შრომითი მოვალეობის შესრულების დროს ჩადენილ გულგრილობას, არამედ დასაქმებულის განზრახვას, რომლის მიზანი იყო წონის შემცირებული მონაცემების დაფიქსირება, რაც სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასწორის ოპერატორის ფუნქცია საწარმოს ეკონომიკური საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია, რადგან მისი მოვალეობაა წარმოებული პროდუქციის სწორი აღრიცხვა, ამ მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობა დასაქმებულის მიერ ჩადენილ უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რის გამოც დამსაქმებელმა ეს უნდა დაასაბუთოს სათანადო მტკიცებულებებით და ამ გარემოების მტკიცება დაუშვებელია ვარაუდს ეფუძნებოდეს.
სადაო შემთხვევაში მოსარჩელეს წონაში ცდომილება შეეძლო აღმოეჩინა სარეალიზაციო საბუთებთან სასწორზე დაფიქსირებულ წონის შედარების შედეგად, მაგრამ ეს სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობას არ წარმოადგენს და ასეთი ფაქტის გამო დამსაქმებელს შეეძლო ნაკლებად მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენება იმის გათვალისწინებით, რომ მ----- ნ---–--ეს მანამდე რაიმე სახის დისციპლინური სახდელი არ ჰქონდა დაკისრებული.
შინაგანაწესის 18.2 პუნქტის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ხელშეკრულების, შინაგანაწესის და კომპანიაში მოქმედი სხვა შიდა რეგულაციების დარღვევა, დამსაქმებლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა.
დისციპლინური სახდელებია:
შენიშვნა; საყვედური; სასტიკი საყვედური; ჯარიმა, არაუმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა; თანამდებობრივი დაქვეითება/სხვა პოზიციაზე გადაყვანა, რაზეც ფორმდება მხარეთა ორმხრივი შეთანხმება; შრომის ურთიერთობის შეწვეტა.
მხარეებს შორის დადებული შრომის ხელშეკრულებით, შინაგანაწესი შრომის ხელშეკრულების ნაწილია, ხოლო შინაგანაწესის 6.1.9 პუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მის უშუალო უფროსს დაუყოვნებლივ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ქონების ნებისმიერ სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურების თუ დაკარგვის თაობაზე. შესაბამისად, სარეალიზაციო საბუთსა და აწონვის მონაცემებს შორის შეუსაბამობის შესახებ სასწორის ოპერატორმა უნდა აცნობოს შესაბამის თანამდებობის პირს, რადგან საკითხე შეეხება დამსაქმებლის ქონების რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან საკითხს. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან ამ ქმედების განზრახ ჩადენა არ დასტურდება და მანამდე მოსარჩელის მიმართ სხვა დისციპლინური სახდელის არ ყოფილა გამოყენებული, ამ გადაცდომისათვის პროპორციული იქნებოდა სხვა დისციპლინური სახდელის გამოყენება.
შესაბამისად, 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის დარღვევით არის გამოცემული, რადგან მასში მითითებული შრომის ხელშეკრულების უხეში დარღვევის ჩადენა არ დასტურდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს ბრძანების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნები.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4-8 პუნქტების თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე; 5. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი; 6. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; 7.თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს; 8. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ამ ნორმით დადგენილია, რომ სასამართლოში შრომით ურთიერთობის შეწყვეტის საკითხზე გამოვლენილი ნების, ამ საკითხზე გამოცემული ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების ვადა არის 30 დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
მ----- ნ---–--ემ სამუშაოზე აღდგენის შესახებ პირველი სარჩელი სასამართლოში აღძრა 2019 წლის 27 სექტემბერს, ხოლო განსახილველი სარჩელი წარმოადგინა 2019 წლის 21 ოქტომბერს.
განსახილველი სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების შეფასება თუ როდის იწყება ხანდაზმულობის ვადა.
შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით შეადგენს 30 დღეს, თუმცა ამ ნორმით არ არის დადგენილი როდიდან აითვლება ეს ვადა. ამასთან, ეს ნორმა ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის ინფორმირების გარკვეულ წესს, რომლის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დასაქმებულისაგან წერილობით მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის გადაცემა. ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 დღის ვადაში დასაქმებულს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 209 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-11-11-2018) განმარტებულია, რომ 34. საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით კანონმდებელმა ახლებურად დაარეგულირა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურა....ზემოაღნიშნული ცვლილებების თანახმად, ცალსახაა, რომ კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. აღნიშვნის ღირსია, რომ დასაქმებულისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლების მინიჭება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნოვაციაა დასაქმებულის სამართლებრივი გარანტიების გაზრდის მიზნით 2013 წლის ივნისში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორის. დასაქმებულის დასახელებული უფლება კანონმდებელმა უზრუნველყო დამსაქმებლის ვალდებულებით შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამდენად, დასაქმებულის უფლებაა დამსაქმებლისაგან მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთება და, გამომდინარე აქედან, მას იმის უფლებაც აქვს, არ მოითხოვოს დასაბუთება და პირდაპირ მიმართოს სასამართლოს დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის მიზნით.
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „81. სშკ-ის არც 38-ე მუხლი და არც სხვა მუხლები არ შეიცავენ იმ მდგომარეობის მომწესრიგებელ ქცევის წესს, თუ რა ვადაში უნდა გასაჩივრდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი თავისი ინიციატივით არ გადასცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას და არც დასაქმებული არ მოითხოვს დამსაქმებლისაგან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების გადაცემას. ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების უფლებაზე მაინც ვრცელდება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადა, რომელიც აითვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, იმ შემთხვევაში, თუკი დასაქმებული წერილობით მოითხოვს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების წერილობით დასაბუთებას, ბრძანების გასაჩივრების ვადა აითვლება ასეთი დასაბუთების ჩაბარებიდან. დამსაქმებელმა დასაბუთება უნდა გადასცეს 7 დღის ვადაში, რის გამოც ყველაზე გვიან ეს ვადა აითვლება დასაქმებულის წერილის გადაცემიდან 7 დღის ვადის გასვლის შემდეგ, თუნდაც დასაქმებულმა საერთოდ უპასუხოდ დატოვოს დასაქმებულის წერილობითი მოთხოვნა.
ამ შემთხვევაში 2019 წლის 27 აგვისტოს დასაქმებულის ინიციატივით მ----- ნ---–--ეს გააცნეს ბრძანება შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო მ----- ნ---–--ემ ბრძანების ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მ----- ნ---–--ეს არ მოუთხოვია დამსაქმებლისაგან წერილობითი ბრძანების ჩაბარება. სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ დასაქმებულმა წერილობითი უნდა მოსთხოვოს დასაქმებულს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება. ასეთი მიმართვის წერილობითი ფორმის დაცვა დასაქმებულის ინტერესების დაცვას ემსახურება, რაც ერთის მხრივ ასეთი მიმართვის შესახებ გარემოების მტკიცებას აადვილებს და მეორეს მხრივ დასაქმებულის მიერ ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლის საკითხს აწესრიგებს.
სასამართლო განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა არის დამსაქმებლის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რის გამოც მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნების გამოვლენის მისვლის წესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, 1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. 51-ე მუხლის შინაარსი ნებისმიერი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის მიმართ გამოიყენება, მაგრამ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცალმხრივი გარიგებებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ცალმხრივ გარიგებებში ერთი პირის მიერ ნების გამოვლენას უკვე შეუძლია სამართლებრივი შედეგის გამოწვევა, კანონით დადგენილ შემთხვევებში ამ შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა გარიგების მეორე მონაწილის მიერ ნების გამოვლენის მიღება (მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა). 51-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის მიმართ, ე.ი. იმ ნების გამოვლენის მიმართ, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას. მოითხოვს თუ არა ნების გამოვლენა მეორე მხარის მიერ მის მიღებას, კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს.
მიღებასავალდებული ნების გამოვლენას მიეკუთვნება შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ნების გამოვლენა, რაც გამომდინარეობს შრომის კოდექსის 38-ე მუხლიდან და სოციალური ქარტიის 4.4. მუხლიდან.
მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის ნამდვილობისათვის აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: პირველი, გამოხატული ნება უნდა შეიცავდეს სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილს. მაგალითად, ნების გამოვლენა არ იქნება ნამდვილი, თუკი მდივანი შეცდომით გაუგზავნის ადრესატს შეცილების მომზადებულ პროექტს. გარდა ამისა, ეს ნება უნდა იყოს ნების გამომვლენისათვის მბოჭავი და სავალდებულო: ადრესატის მიერ ამ ნების მიღების შემთხვევაში ნების გამომვლენმა უნდა შეასრულოს გამოვლენილ ნებაში გათვალისწინებული ვალდებულება, მაგალითად, შეასრულოს ხელშეკრულების მოშლით გამოწვეული ვალდებულება; მეორე, ნება მიმართული უნდა იყოს ადრესატისაკენ. 51-ე მუხლის ნორმები დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ სხვა რამეზე შეთანხმდნენ. მაგალითად, შეუძლიათ განსაზღვრონ, რომ ნების გამოვლენა ნამდვილია არა ადრესატთან მისვლის, არამედ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. 51-ე მუხლი გამოიყენება მაშინ, როცა მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან და ადრესატის მიერ ნების მიღების საკითხი სადავოა.(სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. გვ, 296. 2017 წლის გამოცემა).
ვინაიდან ნების გამოვლენის მისვლის საკანონმდებლო წესი დისპოზიციურია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, არის თუ არა ეს საკითხი მოწესრიგებული მხარეთა შეთანხმებით. შრომით ურთიერთობაში შრომის ხელშეკრულების ნაწილია შრომის შინაგანაწესი, რომელიც განსაზღვრავს საწარმოში სამუშაოს შესრულების წესებს, რაც საერთოა ყველა დასაქმებულებისათვის და შინაგანაწესით დადგენილი ნორმებით ასევე შებოჭილია დამსაქმებელი, როგორ შრომის ხელშეკრულების ერთერთი მხარე.
შპს ჰ------–------–------ის შინაგანაწესის 20-ე მუხლით განსაზღვრულია სამსახურებრივ საკითხებზე ბრძანებათა დასაქმებულებისათვის გაცნობის წესი. ამ ნორმით გათვალისწინებულია ინდივიდუალურ და ზოგად საკითხებზე ბრძანების გამოცემა. ზოგადი ხასიათის ბრძანების დასაქმებულებისათვის გადაცემა დასაშვებია შემდეგი საშუალებებით: ელექტრონული ფოსტით გაგზავნა; იმ ტერიტორიაზე თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა, სადაც დასაქმებული ეწევა საქმიანობას, კომპანიის ვებგვერდზე განთავსება. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ბრძანება გაეგზავნება ან გადაეცემა დასაქმებულს (დასაქმებულთა განსაზღვრულ ჯგუფს), რაც დასტურდება ხელმოწერით. სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული აქტების თანამშრომლებისათვის გაცემას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციის დეპარტამენტი.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსარჩელის განმარტებით დასტურდება, რომ მან 2019 წლის 27 აგვისტოს არ ჩაიბარა შრომის ხელშეკრულების ბრძანების შეწყვეტის ასლი. ამის შესახებ ჩანაწერი შესრულებულია ბრძანების ასლზე, რომელიც წარმოადგინა მოსარჩელემ სარჩელთან ერთად. მოსარჩელის განმარტებით, ბრძანების ასლი მას გასცა პოლიციამ 2019 წლის 30 აგვისტოს, მას შემდეგ რაც სამსახურში მოწყობილი პიკეტის გამო პოლიციაში ჩამოართვეს ახსნა-განმარტება. მოპასუხის განმარტებით, მისთვის 2019 წლის 27 აგვისტოს გაცნობილი ბრძანებას ჰქონდა წარმოდგენილი ბრძანებისგან განსხვავებული შინაარსი, თუმცა ეს გარემოება რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში განმარტებულია, „71. საგულისხმოა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებული ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის ჩაბარების მომენტიდან მიიჩნევა. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნების გამოვლენა ნამდვილია, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა (შდრ. სუსგ №ას-747-715-2016, 20 იანვარი, 2017 წელი).
„როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარ გაფრთხილების გარეშე წყდება, მიზანშეწონილია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობით დოკუმენტის შექმნა, ერთის მხრივ დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლის და გასაჩივრების წესის თაობაზე. მეორეს მხრივ, კი დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა, ხელშეკრულება შეწყვეტილად მეორე მხარისათვის შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან ითვლება“ (უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრძანების ჩაბარება სიტყვა-სიტყვით დოკუმენტის ჩაბარებას არ ნიშნავს და იგი ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუკი ადრესატი მის მიღებაზე უარს აცხადებს.
სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლი არ განსაზღვრავს „ნების მისვლის“ ცნებას. ამიტომ ნების მისვლის მომენტის დადგენისათვის მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის ან იურიდიული ლიტერატურის გამოცდილების გათვალისწინება. ლიტერატურაში შემოთავაზებული დეფინიციის თანახმად ნება მიღებულად ჩაითვლება, თუ იგი მოხვდა „მიმღების ძალაუფლების სფეროში“. ნების გამოვლენა მისულად ჩაითვლება, როცა დოკუმენტი, რომელშიც გამოხატულია ნება, აღმოჩნდება ადრესატის ხელში. ნება მისულად ჩაითვლება, თუკი ნების მატარებელი საშუალება (მაგალითად, წერილი) ადრესატის ზემოქმედების სფეროში მოექცევა და მას აქვს ნორმალურ ვითარებაში ამ ნების გაცნობის შესაძლებლობა, მაგალითად, საფოსტო ყუთში წერილის მოთავსება, ელექტრონული წერილის (მაილის) ან ფოსტის მიღება. არა აქვს მნიშვნელობა ადრესატი ამ შეტყობინებას წაიკითხავს თუ არა. მთავარია იმის ვარაუდი, რომ იგი დაუყოვნებლივ გაეცნობა მის შინაარსს. ნების გამოვლენა მისულად შეიძლება ჩაითვალოს იმ დოკუმენტის ფიზიკურად ჩაბარების გარეშეც, რომელშიც გამოხატულია ნება, მაგალითად, წერილი გადაეცა ადრესატს, მაგრამ მან ის არ მიიღო ან მოითხოვა, რომ წერილი დაეტოვებინათ ფოსტაში და თვითონ წამოიღებდა, მაგრამ არ წამოიღო და ა.შ. იურიდიულ ლიტერატურაში განმარტებულია, რომ ადრესატს უფლება აქვს უარი თქვას ნების გამოვლენის მიღებაზე, თუკი დარღვეულია მისი ტრანსპორტირების ან ჩაბარების წესი. მაგალითად, თუ დალუქული კონვერტი გახსნილი აღმოჩნდა ანდა ჩაბარების ვადა გასულია და ა.შ. ასეთ შემთხვევებში ადრესატის უარი უნდა შეფასდეს როგორც ნების არმისვლა ადრესატამდე. (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი გვ.297, 2017 წლის გამოცემა).
შესაბამისად, თუკი დარღვეულია ნების გამომვლენის მიერ ნების გაგზავნის წესები, ნების მიმღების მიერ ნების მიღებაზე უარის გამო ნება მოსულად არ ჩაითვლება და შესაბამის სამართლებრივ შედეგებს ეს არ გამოიწვევს.
ბრძანების ჩაბარებაზე უარის თქმის მნიშვნელობის საკითხზე სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებას საქმეზე Nას-139-426-04. გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების ჩაბარების დღეს უდა გაუთანაბრდეს ის დღე, როდესაც მუშაკმა უარი განაცხადა ბრძანების ჩაბარებაზე. მუშაკის მიერ ბრძანების ჩაბარებაზე უარის თქმის მტკიცების რაიმე განსაზღვრული ფორმა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის, ასეთი უარი დავის შემთხვევაში შეიძლება დადასტურდეს ხელწერილით, აქტით, რომელიც არ იქნება ცალმხრივი ან სხვა მტკიცებულებებით (როგორიცაა ქვითარი საფოსტო გზავნილის შესახებ, შეტყობინება ჩაბარებით, საფოსტო შეტყობინების ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ, დადასტურება ფაქსით გაგზავნილი შეტყობინების მიღების შესახებ და სხვა)“.
ამდენად, ბრძანების ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, დაცულია თუ არა ბრძანების ჩაბარების წესები, გამოიჩინა თუ არა დამსაქმებელმა სათანადო კეთილსინდისიერება ბრძანების გადაცემის პროცესში. ამ შემთხვევაში, მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა ბრძანების ჩაბარებაზე, მას ამის შემდგომ არ მოუთხოვია დამსაქმებლისაგან გათავისუფლების წერილობითი დასაბუთების ან ბრძანების ასლის ჩაბარება. მან თავად წარმოადგინა სარჩელთან ერთად ბრძანების ასლი, რომელზეც გაკეთებულია აქტი ბრძანების ჩაბარებაზე უარის შესახებ.
შპს „ჰ------–------–------ის“ შინაგანაწესის 20,7 პუნქტით დადგენილია, რომ თანამშრომლებისათვის აქტების გაცნობას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტი. შესაბამისად, შინაგანაწესით არის განსაზღვრული ორგანიზაციის ის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ევალება დასაქმებულისათვის ბრძანების გადაცემა. ამ შემთხვევაში, მ----- ნ---–--ის მიერ ბრძანების ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აქტს ხელს აწერენ თენგიზ ანთიძე და სერგო გელიტაშვილი, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები არ არის, თუმცა აქტს ხელს აწერს ასევე ეკატერინე ვაშაკიძე, რომელიც თავად მოსარჩელის განმარტებით, არის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინსტრაციის დეპარტამენტის დირექტორი. იგი ასევე ხელს აწერს სადაო ბრძანებას გენერალურ დირექტორთან ერთად, სადაც მითითებულია მისი თანამდებობის დასახელება - HR & H&S დირექტორი.
ამდენად, სადაო ბრძანება დამსაქმებელი საწარმოს უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა გააცნო მოსარჩელეს, რომელმაც მის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რა დროსაც შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოების გამო მოსარჩელისათვის ბრძანება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2019 წლის 27 აგვისტოს, რომლის მომდევნო დღიდან აითვლება ბრძანების გასაჩივრებისათვის შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი ვადა რაც შეადგენს 30 დღეს და არა ერთ თვეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 121-ე მუხლის თანახმად, კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები. კოდექსის 122-ე მუხლის მიხედვით, თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო. ამ ნორმის მიხედვით, ვადა აითვლება შესაბამისი მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან. ამდენად, ამ შემთხვევაში ბრძანების გასაჩივრების ვადა დაიწყო 2019 წლის 28 აგვისტოს და ვადის 30 დღეა 2019 წლის 26 სექტემბერი. მოსარჩელემ პირველი სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში აღძრა 2019 წლის 27 სექტემბერს, 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. სარჩელის სასამართლოში ფოსტით გამოგზავნილი არ არის.
ამდენად, 2019 წლის 27 სექტემბერს სარჩელის წარმოდგენით სასარჩელო ხანდაზმულობა შეწყვეტილად არ მიიჩნევა იმის გამო, რომ სარჩელი აღძრულია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მიხედვით, . ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამ ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო პირის უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობა გაქარწყლდება, რის გამოც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა ბრძანების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ასევე ვერ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
სამართლებრივი ბუნებით იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნა აქცესორულია, მთავარი მოთხოვნისგან წარმოშობილი მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნაა, რადგან იგი ძირითადი ვალდებულების - შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარების შედეგად წარმოიშობა.
ზიანის ანაზღაურების, როგორც აქცესორული მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებას საქმეზე №ას-826-784-2013, სადაც გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მსჯელობა: „მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ვინაიდან უსაფუძვლო იყო ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნა, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ამ თანხის გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც, მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. შესაბამისად, ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაც ხანდაზმულად უნდა მიჩნეულიყო“.
ამდენად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის გამო ხანდაზმულია ასევე აქცესორული მოთხოვნა - იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნაც, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ.
ევროპის სოციალური ქარტიის მე-2 მუხლის მიხედვით, შრომის სამართლიანი პირობებით უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ: 1. დაადგინონ ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო საათების გონივრული რაოდენობა და უზრუნველყონ სამუშაო კვირის თანმიმდევრული შემცირება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა შრომის პროდუქტიულობის ზრდისა და სხვა შესაბამისი ფაქტორები; 2. დააწესონ ანაზღაურებადი სახელმწიფო დღესასწაულები; 3. დაადგინონ არა ნაკლებ ოთხი კვირის ხანგრძლივობის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება; 4. აღმოფხვრან საშიში და არაჰიგიენური სამუშაოებთან დაკავშირებული საფრთხე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ასეთი საფრთხის აღმოფხვრა ან შემცირება, უზრუნველყონ სამუშაო საათების შემცირება ან დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება; 5. დაადგინონ ყოველკვირეული დასვენების დღეეები, რომლებიც უნდა ემთხვეოდეს შესაბამის ქვეყანაში ან რეგიონში ტრადიციით ან ჩვეულებით აღიარებული დასვენების დღეს. 6. დასაქმების დაწყების თარიღიდან არა უგვიანეს ორი თვისა უზრუნველყონ მუშაკთა წერილობითი ფორმით ინფორმირება, კონტრაქტის ან შრომითი ურთიერთობების ძირითადი ასპექტის შესახებ; 7. უზრუნველყონ ის მუშაკები, რომლებიც ასრულებენ ღამის სამუშაოებს, ასეთი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით. სოციალური ქარტიის ეს ნორმა საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 ოქტომბრიდან. ამდენად, სოციალური ქარტიის ამ დებულებიდან გამომდინარეობს, რომ შრომის უფლების შინაარსში შედის არ მარტო დასაქმების და შრომის ანაზღაურების მიღების უფლება, არამედ დასვენების უფლება, შვებულებით სარგებლობის უფლება, რაც უნაზღაურდება დასაქმებულის ხარჯზე.
საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილია დასაქმებულის უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. კანონი ასევე ითვალისწინებს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დასაქმებულს აუნაზღაურდება გამოუყენებელი შვებულების თანხა, თუმცა უპირობოდ ყველა დასაქმებულისათვის ამ თანხის ანაზღაურებას კანონი არ ითვალისწინებს.
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
სასამართლო განმარტავს, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საკითხში შრომის კოდექსის დებულებები შეესაბამება „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციას და ევროპის სოციალურ ქარტიას.
„ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყოველ პირს, რომლის მიმართაც წინამდებარე კონვენცია გამოიყენება, უფლება აქვს ერთი წლის ხანგრძლივობით უწყვეტი მუშაობის შემდეგ ისარგებლოს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით, რომელიც სულ ცოტა ექვსი სამუშაო დღის ტოლი იქნება. ამ კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, ყოველი პირი, რომელიც შვებულებაში გადის წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, შვებულების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში იღებს: ა) ან თავის ჩვეულებრივ გასამრჯელოს, რომელიც გამოთვლილია ეროვნული კანონებით ან წესებით, მისი ნატურით ანაზღაურების, თუ ასეთი არსებობს, ფულადი ეკვივალენტის დანამატით; ბ) ან კოლექტიური შეთანხმებით განსაზღვრულ გასამრჯელოს. კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილია, რომ კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებელთა მიზეზით დათხოვნილი პირი ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს.
ეს კონვენცია საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 22 თებერვლის დადგენილებით. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებულია დამსაქმებლის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, ასევე აღიარებულია დასაქმებულის უფლება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს მიიღოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება. თუმცა, კონვენცია და საქართველოს შრომის კოდექსი გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით.
საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, 1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. 2. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. 3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
ამ ნორმის თანახმად, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ვადა შეადგენს სულ მცირე 24 სამუშაო დღეს. საქართველოს შრომის კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, 1. თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. 2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
შპს „ჰ------–------–------ის“ შინაგანაწესის 12,9 პუნქტის თანახმად, თუ დასაქმებული არ გააკეთებს მოთხოვნას კუთვნილი შვებულების სარგებლობის შესახებ მიმდინარე დასაქმების/საშვებულებო წლის განმავლობაში, შვებულების გამოუყენებელი დღეები გარდა 12,10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა არ გადაიტანება მომდევნო საანგარიშო წლისათვის და შვებულების გამოუყენებელი დღეებისათვის დამატებითი საშვებულებო ანაზღაურება არ გაიცემა, 12.10 პუნქტის თანახმად, თუ დასაქმებული მოითხოვს კუთვნილი შვებულების სარგებლობას, მაგრამ სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე , მიზანშეწონილად არ მიიჩნევა თანამშრომლისათვის შვებულების მიცემას, დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე HR & H&S დირექტორი და შესაბამისი დირექტორი შვებულების გადატანის შესახებ გამოცემული ბრძანებით მიმდინარე წლის შვებულებას გადაიტანს მომდევნო წლისათვის. 12.11 პუნქტის მიხედვით, აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
მოპასუხის განმარტებით და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსარჩელეს სრულად არ უსარგებლია 2017 წლის კუთვნილი შვებულებით, ხოლო 2018 და 2019 წლებში ისარგებლა თითოეული წლის განმავლობაში კანონით დადგენილი შვებულების დღეებით სრულად.
შრომის კოდექსის 25-ე მუხლის დადგენილია, რომ დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. ამ ნორმის მიხედვით, საწარმოს ინტერესების გამო შესაძლებელია დასაქმებულს არ მიეცეს შვებულებით სარგებლობის უფლება, თუმცა გამოუყენებელი შვებულების დღეები გადაიტანება მომდევნო წელს, ხოლო ამავე ნორმით აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, თუმცა იმ პირობით რომ არ უნდა გაუარესდეს დასაქმებულის მდგომარეობა. შესაბამისად, შინაგანაწესით და ინდივიდუალური შრომის ხელშეკრულებით არ უნდა დადგინდეს დასაქმებულისათვის საუარესო წესები, არ უნდა შემცირდეს დასაქმებულისთვის კანონით დადგენილი გარანტიები. გასათვალისწინებელია ასევე შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის მოთხოვნა, რომ შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობის მოტივოთ ხელშეკრულების შეწვეტის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
შესაბამისად, ეს ნორმები იცავს დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურების უფლებას იმით, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც მან უნდა მიიღოს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას შვებულების მოთხოვნის ნაწილის ხანდაზმულობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. 2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
შრომითი ურთიერთობა არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის გამოც მასზე ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. ამასთან, შვებულების მოთხოვნაზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი ხანდაზმულობის ვადა, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული პერიოდისათვის მოთხოვნის უფლება დამოუკიდებლად წარმოიშობა. შვებულების მოთხოვნის უფლება ყოველწლიურად აქვს დასაქმებულს, რის გამოც ყოველი წლის საშვებულებო ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა დამოუკიდებლად წარმოიშობა. ამ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 27 აგვისტოს, რის გამოც შრომის კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე დამსაქმებელს წარმოეშვა დასაქმებულისათვის საბოლო ფულადი ანგარიშსწორების გადახდის ვალდებულება, რაშიც ნაგულისხმევია არამარტო ხელფასი, არამედ გაუცემელი საშვებულებო ანაზღაურებაც. ამ ნორმის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის თავისებურების გათვალისწინებით დამსაქმებელი ვალდებული იყო აენაზღაურებინა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე წინა სამი წლის გადაუხდელი საშვებულებო თანხა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნიდან ხანდაზმული არ არის 2019, 2018 და 2017 წლების საშვებულებო ანაზღაურების მოთხოვნა. მოსარჩელე მოითხოვს საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის დროს 5 წლის განმავლობაში გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, ხოლო ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2018 წლის 5 სექტემბრამდე. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს 2014-2018 წლების საშვებულებო ანაზღაურებას, საიდანაც ხანდაზმულია 2017 წლამდე პერიოდში საშვებულებო ანაზღაურების გადახდის მოთხოვნა.
2017 წელს მოსარჩელეს სრულად არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით, რადგან ამ წელს შვებულებაში იმყოფებოდა ჯამში 19 დღის მანძილზე, ყოველწლიური შვებულების დღეების რაოდენობაა 24 სამუშაო დღე, შესაბამისად, ამ წელს გამოუყენებელია შვებულების 5 დღე. მომდევნო 2018 და 2019 წელს მოსარჩელე შვებულებაში იმყოფებოდა 24-24 სამუშაო დღის განმავლობაში, რის გამოც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელის მიერ გამოუყენებელია შვებულების 5 დღე. შრომის კოდექსის 25-ე მუხლით დასაშვებია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მხოლოდ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, რის გამოც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის 2017 წელს გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობის უფლება არ იყო გაქარწყლებული. გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების საკითხი ამგვარადაა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ. 2016 წლის 13 იანვრის განჩინება საქმეზე Nას-1099-1035-2015).
მოპასუხეს საშვებულებო ანაზღაურების გადახდა უნდა დაეკისროს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის არსებული ხელფასის მიხედვით და არა საწყობის მენეჯერის ხელფასით, რადგან ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობის უფლება მომდევნო წლებშიც გაგრძელდა და ამ უფლების რეალურად გამოყენებით მოსარჩელე საშვებულებო ანაზღაურებას მიიღებდა შვებულების გამოყენების დროს არსებული ხელფასით. მოსარჩელეს ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი არ ჰქონდა, მისი ხელფასი ფაქტობრივად ნამუშევარი დროით განისაზღვრებოდა, რის გამოც შრომის კოდექსის 26-ე მუხლის საფუძველზე საშვებულებო ანაზღაურება გამოითვლება შვებულების უფლების წინა სამი თვის საშუალო ანაზღაურებიდან. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით დასტურდება, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტამდე წინა სამ თვეში მოსარჩელემ აიღო შრომის ანაზღაურებაჯამში 3546,02 ლარი ხელფასი. სამოქალაქო კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ დრო განსაზღვრულია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით, ხოლო წელი სამას სამოცდახუთით. შესაბამისად, 30 დღეზე გაანგარიშებით მოსარჩელის ყოველდღიური ხელფასი შეადგენს 39,40 ლარს, რის გამოც 5 დღის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაა 197,01 ლარი.
რაც შეეხება 2017 წლამდე გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურებას, რადგან ეს მოთხოვნა ხანდაზმულია, მოპასუხეს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ამ თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა, რის გამო ამ პერიოდის შვებულების ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს გამოუყენებელი შვებულების თანხის 197,01 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ანაზღაურების მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც შვებულების ანაზრაურების დაკისრების მოთხოვნაზე სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტში ეკისრება მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. სსსკს 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავაზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. სსსკ 14-ე მუხლის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია ქონებრივი დავა, თუ სარჩელის ფასი 5000 ლარს არ აღემატება. მოპასუხეს დაეკისრა 197,01 ლარის გადახდა, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა ნახევრდება და შეადგენს 50 ლარს. მოპასუხემ სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მ----- ნ---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა შპს ჰ------–------–------ის 2019 წლის 27 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებით განაცდურის დაკისრების შესახებ;
1.2. შპს ჰ------–------–------ს დაეკისროს მ----- ნ---–--ისათვის გამოუყენებელი შვებულების ასანაზღაურებლად - 197,01 ლარის გადახდა;
2. შპს ჰ------–------–------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი