განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.10.2018
საქმის ნომერი
340210017002062612
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340210017002062612

საქმე №2ბ/1514-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ამირან ძაბუნიძე

 

განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ა----- ი-----–---ი

წარმომადგენელი - ნ----- ჩ------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ------ მ-----------ი

წარმომადგენელი - ს----- კ-------–-ა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა ა----- ი-----–---ის სარჩელი; აეკრძალა მოპასუხე ა----- ი-----–---ს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ----–ში მდებარე ს/კ 5----------- უძრავ ქონებაზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთიდან 267,8 კვ.მ-ზე და №1 შენობიდან- 81,2 კვ.მ-ზე სარგებლობის უფლება, ასევე, აეკრძალა მოპასუხეს ამ ქონების სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში მოსარჩელისათვის ხელშეშლა.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2.1. მოსარჩელემ მოითხოვა: 1) აეკრძალოს მოპასუხე ა----- ი-----–---ს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ----–ში მდებარე #5----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონების - 267,8 კვ.მ მიწის ფართობის და №1 შენობის- 81,2 კვ.მ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის უფლება. 2) აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელისთვის სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში ხელშეშლა. 3) პროცესის ხარჯების დაკისრება

 

საქმის სასამართლო განხილვისთვის მომზადების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელს დაევალა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება.

 

2017 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა მომართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და წარმოადგინა მოპასუხისთვის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ სასამართლოს გზავნილი - სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2017 წლის 31 აგვისტოს პირადად ჩაბარდა მოპასუხე ა----- ი-----–---ს (პ/ნ 2----------).

 

სსს კოდექსის 201 მუხლის I ნაწილის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ მოპასუხეს დაუნიშნა ვადა 10 დღე სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე წერილობით პასუხის (შესაგებლის) წარმოსადგენად.

 

ვინაიდან სასამართლო გზავნილი მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 31 აგვისტოს, მათთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნულ ათდღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2017 წლის 1 სექტემბრიდან და საქართველოს სსს კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვადა ამოიწურა 2017 წლის 11 სექტემბერს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებული სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები

 

სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

- გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ------ მ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კ----–ი, ს/კ: 5-----------. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრმა მოახდინა უძრავი ქონების წილობრივად რეგისტრაცია.

 

- მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უძრავი ნივთზე, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კ----–ი, ს/კ: 5----------- მიწის ნაკვეთზე ფართობით 267,8 კვ.მ და №1 შენობიდან - 81,2 კვ.მ-ზე .

 

- მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებას, არ აძლევს სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას.

 

სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ამდენად, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2017 წლის 30 ნოემბერს მოპასუხე ა----- ი-----–---მა საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2017 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხე ა----- ი-----–---ს შ------ მ-----------ის სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარებია, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ა----- ი-----–---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილზე რომლის მიხედვით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებული გარემოებაა - სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის’’, ხოლო ამავე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს ,,გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები’’.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ასევე შეიძლება იყოს საპატიო მიზეზი, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისთვის განსაზღვრულია 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის 11-ლი ნაწილი ითვალისწინებს, რომ თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. აღნიშნული მუხლის დანაწესი ვრცელდება როგორც საქმის არსებითი განხილვის დროს, ისე ნებისმიერი საპროცესო მოქმედების შესრულებისას, მათ შორის საჩივრის განხილვის დროს.

 

მოპასუხე წარმოდგენილ საჩივარში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ა----- ი-----–---ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ ჩაბარებია, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებლის წარმოდგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია ,,ს----------–-------------- საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური, რომლის მიხედვით, მოპასუხე ა----- ი-----–---ისთვის ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ----–ში გაგზავნილი გზავნილი - სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2017 წლის 31 აგვისტოს პირადად ჩაბარდა ადრესატს, ხოლო საწინააღმდეგოს დადასტურება მოპასუხემ ვერ შეძლო. როგორც მოპასუხემ განმარტა, იგი 2017 წლის 31 აგვისტოს არ იმყოფებოდა საქართველოში, სამუშაოდ წასული იყო იყო თურქეთში, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/მტკიცებულება პროცესის არც ერთ ეტაპზე სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, ამიტომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც მოპასუხე ა----- ი-----–---ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

 

ამდენად, ვინაიდან საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე და 233-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი, ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სასარჩელო განცხადება და მასზე თანდართული მასალები არ ჩაბარებია. აპელანტი მიუთითებს, რომ 2017 წლის 31 აგვისტოს არ იმყოფებოდა საქართველოში და შესაბამისად, ჩბარების დასტურზე არ არის მისი ხელმოწერა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე, თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. კერძოდ, 1. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოპასუხეს და შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს პასუხს (შესაგებლს). 2. სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად რამდენად ამართლებს (ასაბუთებს) სასარჩელო მოთხოვნას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ------ მ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აეკრძალა მოპასუხე ა----- ი-----–---ს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ----–ში მდებარე ს/კ 5----------- უძრავ ქონებაზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთიდან 267,8 კვ.მ-ზე და №1 შენობიდან-81,2 კვ.მ-ზე სარგებლობის უფლება, ასევე აეკრძალა მოპასუხეს ამ ქონების სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში მოსარჩელისათვის ხელშეშლა. დადგენილია ასევე, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ა----- ი-----–---ის საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 08.11.2017 წლის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 08.11.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ა----- ი-----–---ს ჩაბარდა 2017 წლის 31 აგვისტოს. (ტომი 1; ს.ფ. 24. საქმეში წარმოდგენილი მიმართვით - გზავნილით, ასევე დასტუდება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად (ტომი 1; ს.ფ. 21).

 

საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელს სატელეფონო საშუალებით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და სასამართლო გზავნილის (სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ასლების) მის მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (ტომი 1; ს.ფ. 21), რის შემდეგაც მოსარჩელეს წარმოეშვა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება უზრუნველყო მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებული იქნა 2017 წლის 31 აგვისტოს, რაზეც შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი (ტომი 1; ს.ფ. 24);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი’’. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება’’.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 31 აგვისტოს, მისთვის შესაგებლის შეტანის 10–დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2017 წლის 01 სექტემბრიდან და ამოიწურა 2017 წლის 11 სექტემბერს. ამდენად, მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 2017 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა 2017 წლის 8 ნოემბერს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.

 

საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ: ა) თუ მხარე არ იყო მოწვეული ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

 

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი ა----- ი-----–---ი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

 

იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი, რომ მასზე ჩაბარებული გზავნილის გახსნისას, კონვერტში იდო მხოლოდ სასამართლოს თავფურცელი, რომელსაც თან არ ერთვოდა სარჩელი და თანდართული მასალები, რის გამოც იგი ვერ გაერკვია თუ რასთან ჰქონდა საქმე. არც სასამართლოს თავფურცელში და არც ფოსტის ჩაბარების დოკუმენტში კონკრეტულად არ იყო მითითებული სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე ფურცლების რაოდენობის შესახებ, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მის ბრალეულობას შესაგებელის წარმოუდგენლობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება ის გარემოება, რომ 2017 წლის 31 აგვისტოდან (გზავნილის ჩაბარების თარიღი) - 2017 წლის 11 სექტემბრის (შეპასუხების წარმოდგენის ბოლო ვადა) ჩათვლით, მით უფრო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის (08.11.2017წ) დროისათვის, მოპასუხე იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ შეძლებდა სასამართლოში შესაგებლის წარდგენას.

 

როგორც აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია დადგენილად სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ------ მ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კ----–ი, ს/კ: 5-----------. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრმა მოახდინა უძრავი ქონების წილობრივად რეგისტრაცია. მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უძრავი ნივთზე, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი კ----–ი, ს/კ: 5----------- მიწის ნაკვეთზე ფართობით 267,8 კვ.მ და №1 შენობიდან - 81,2 კვ.მ-ზე. მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის საკუთრებას, არ აძლევს სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ კანონიერად დაასკვნა, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ეს ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, მე-11, მე-14-ე, 39-ე, 53-ე, 170-ე, 201-ე, 2321-ე, 234-ე, 236-ე, 237-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, შ------ მ-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლოს წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, ი--------–----------- სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა წარმოადგინა ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, რაც მისი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა----- ი-----–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში;

 

5. განჩინების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელიც ესწრება სასამართლო განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სსს კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის განჩინების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე