განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
330100117001840367
ინსტანცია
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001840367

საქმე №1ბ/657-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქ--------------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - კ------- ბ---–---–ი (საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლევი, რეგისტრაციის ადგილი: თბილისი, შ----–------------------, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: თ---–-------–-------------------------------------;

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით;

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება;

 

სასჯელი: დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით - რვა წლით თავისუფლების

აღკვეთა;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევი კ------- ბ---–---–ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში ქ.თბილისში, გ-–-----ს ხ---ს №6 კ--------ში, ბინა №----ში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,000125 გრამ ამფეტამინსა და 0,000034 გრამ მეტამფეტამინს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევი კ------- ბ---–---–ი 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, ქ.თბილისში, გ-–-----ს ხ---ს #6 კ--------ში, ბინა #158-ში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 0,000055 გრამ ბუპრენორფინს.

კ------- ბ---–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. 2017 წლის 14 ნოემბერს ქ.თბილისში, ჯ-----–---–-------------ის მიმდებარედ კ------- ბ---–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებულ, B--------------- მოდელის პისტოლეტს და 11 ცალ ვაზნას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი №2--------- იარაღი წარმოადგენს 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებულ, B--------------- მოდელის პისტოლეტს. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 11 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის 9 mm Parabellum ვაზნას და განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი №2--------- პისტოლეტისთვის). აღნიშნული 11 ცალი 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

კ------- ბ---–---–ს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული); 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ); 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენით:

 

კ------- ბ---–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში;

 

კ------- ბ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;

 

კ------- ბ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

 

კ------- ბ---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 6 წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად შთანთქა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ------- ბ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით და კ------- ბ---–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;

 

კ------- ბ---–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ კ------- ბ---–---–ის ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა.

 

ბრალდების მხარემ - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ--------------–---–მა შესაგებელი შემოიტანა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ დაადასტურა კ------- ბ---–---–ის მიმართ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება, პირველი ინსტანციის სასამართლო კი დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებს. საპირისპიროდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა, არ გაიზიარა ან საერთოდ გვერდი აუარა ფაქტებს, რომელთა სამართლებრივი შეფასება მოხდა ტენდენციურად. დაცვის მხარის მტკიცებით, კ------- ბ---–---–ს ასევე არ ჩაუდენია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება. აღნიშნული იარაღი წარმოადგენდა ტაბელურ იარაღს და ეკუთვნოდა კ------- ბ---–---–ის ყოფილი მეუღლის ძმას, რომელმაც იგი დაკარგა. კ------- ბ---–---–ი კი დაეხმარა მის მოძებნაში - გაავრცელა ინფორმაცია იარაღის დაკარგვის შესახებ, რათა მპოვნელს იგი დაებრუნებინა. იარაღი მიუტანიათ კ------- ბ---–---–ის მეუღლისთვის, რომელმაც იგი მას გადასცა სწორედ 2017 წლის 14 ნოემბერს. ეს კი გახდა მისი დაკავებისა და ბრალდების წარდგენის მიზეზი. დაცვა მიუთითებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება განზრახი დანაშაულია, კ------- ბ---–---–ს კი ასეთი განზრახვა არ ჰქონია, არამედ აპირებდა იარაღის დაბრუნებას მესაკუთრისათვის. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა განზრახვის არსებობა. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით იარაღზე აღმოჩენილი გენეტიკური პროფილი შერეულია, ხოლო მჭიდზე და თერთმეტ ცალ ვაზნაზე ადამიანის ბირთვული დნმ-ის კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამდენად, კ------- ბ---–---–ს იარაღთან მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთხელ მაინც ექნებოდა ნანახი მჭიდი და თუ სასხლეტზე და ტარზე ამოვიდა გენეტიკური პროფილი, მაშინ აუცილებლად მჭიდზეც დაფიქსირდებოდა.

 

ბრალდების მხარის: პროკურორ ქ--------------–---–ის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა კ------- ბ---–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

მოწმე ნ------------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში, მის თანამშრომლებთან შ------–--–---–-–---–თან და ნ-------------–---–თან ერთად მივიდა გ-–-----ს ხ---ს მე-6 კ--------ში, ბინა №----ში, სადაც ადგილზე დახვდათ კ------- ბ---–---–ი, რომელსაც მან განუმარტა საგამოძიებო მოქმედების საფუძველი და გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რაც ხელმოწერით დაადასტურა კ------- ბ---–---–მა. ჩხრეკის დაწყებამდე კ------- ბ---–---–ს შესთავაზეს, ნებაყოფლობით წარმოედგინა ნარკტოკული საშუალება. კ------- ბ---–---–მა საძინებელ ოთახში არსებული კარადის ერთ-ერთი თაროდან წარუდგინა შპრიცები მათში მოთავსებული სითხით და აბები წარწერით ,,ველანიუმი”, რის შემდეგ ლოჯიის ოთახიდან ასევე წარმოადგინა შპრიცები. ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა და შედგა ჩხრეკის ოქმი. ბინის ჩხრეკის ოქმზე და ნივთმტკიცების ლუქზე ხელი მოაწერა ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის - კ------- ბ---–---–მა, რომელმაც გააკეთა შენიშვნა, რომ მის მიერ წარდგენილ შპრიცებში, სავარაუდოდ, არის ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის. კ------- ბ---–---–ი ადგილზე დააკავეს. მოგვიანებით ადვოკატის თანდასწრებით მას წარედგინა ბრალდება, რომელსაც იგი აღიარებდა.

 

მოწმე შ------–--–---–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან: ნ-------------–---–თან და ნ------------–---–თან ერთად დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოცხადდა კ------- ბ---–---–ის საცხოვრებელ ბინაში. კ------- ბ---–---–მა საძინებელი ოთახიდან და და ლოჯიიდან ნებაყოფლობით წარმოადგინა შპრიცები და აბები. ბინის ჩხრეკის შემდეგ ნ-------------–---–მა ადგილზე დააკავა კ------- ბ---–---–ი. ადგილზევე დაილუქა ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ასევე ადგილზევე შედგა ბინის ჩხრეკის და დაკავების ოქმები. კ------- ბ---–---–მა ხელი მოაწერა როგორც ნივთიერი მტკიცებულების ლუქს, ასევე ბინის ჩხრეკის და დაკავების ოქმებს და გააკეთა შენიშვნა ბინის ჩხრეკის ოქმში, რომ შპრიცები და მასში მოთავსებული ნარკოტიკული ნივთიერება ეკუთვნოდა მას.

 

მოწმე ნ-------------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში შ------–--–---–-–---–თან და ნ------------–---–თან ერთად გამოცხადდა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე - თბილისში, გ-–-----ს ხ---ს №6 კ--------ი, ბინა №----ში. ნ------------–---–მა კ------- ბ---–---–ს გააცნო ჩხრეკის საფუძველი და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ბინის ჩხრეკის შესახებ დადგენილება, ასევე შესთავაზა, ნებაყოფლობით წარმოედგინა ნარკოტიკული ნივთიერება. კ------- ბ---–---–მა ნებაყოფლობით საძინებელი ოთახიდან და ლოჯიიდან წარმადგინა შპრიცები, ნაწილი სითხით, ხოლო ნაწილი - ცარიელი, ასევე აბები. კ------- ბ---–---–ის განმარტებით შპრიცში არსებული სითხე იყო ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა. ამოღებული ნივთები ადგილზე დაილუქა და შედგა ბინის ჩხრეკის ოქმი, რომლებსაც ხელი მოაწერა კ------- ბ---–---–მა, მანვე ოქმში შენიშვნის სახით მიუთითა, რომ შპრიცში არსებული სითხე იყო ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მას ეკუთვნოდა. ნ-------------–---–მა ადგილზევე დააკავა კ------- ბ---–---–ი, ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღია.

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის (17.02.2017) თანახმად, 2017 წლის 17 თებერვალს თბილისში, გ-–-----ს ხ---, კ--------ი №6, ბინა №----ში ჩატარდა კ------- ბ---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესში კ------- ბ---–---–ს მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით წარედგინა ნარკოტიკული საშუალება. კ------- ბ---–---–მა თანხმობა განაცხადა და საძინებელ ოთახში მდგომი ტანსაცმლის კარადის მეორე თაროდან პოლიციელებს ნებაყოფლობით წარუდგინა ერთი ცალი შპრიცი მასში მოთავსებული გამჭირვალე სითხით, შპრიცზე არსებული წარწერით 1 ml., ასევე წარუდგინა 3 შპრიცი წარწერით 1 ml., მათ შორის ერთი - დგუშის და ნემსის გარეშე, წამლის კონვალუტა მასში მოთავსებული ექვსი ცალი მოყვითალო ფერის აბით, წარწერით valium. ამის შემდეგ კ------- ბ---–---–მა ლოჯიაში მდგარი კარადის ღია თაროდან პოლიციელებს დამატებით წარუდგინა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ერთი ცალი შპრიცი, წარწერით 3 ml., ორი შპრიცი წარწერით 1 ml. ოქმში არსებული ჩანაწერის მიხედვით, კ------- ბ---–---–მა დაადასტურა შპრიცების და მასში არსებული სითხის კუთვნილება. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადგილზევე შედგა ბინის ჩხრეკის ოქმი, ოქმის სისწორე ხელმოწერით დადასტურებულია ჩხრეკაში მონაწილე პირების და მათ შორის კ------- ბ---–---–ის მიერ. ჩხრეკის ოქმის ბოლო გვერდზე არის კ------- ბ---–---–ის შენიშვნა, რომლის თანახმად მის მიერ წარდგენილ შპრიცებში არის ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომელიც ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის №4------------- დასკვნით (18.02.2017), კ------- ბ---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ სამ ცალ 1მლ–იან ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალებები: მეტამფეტამინი (მარილი) წონით 0,000034 გრამი და ამფეტამინი წონით 0,000125 გრამი.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-----------–--ამ და ა-–---------------------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება - კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული შპრიცები, აბები.

 

კ------- ბ---–---–მა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს არ დასწრებია მისი ბინის ჩხრეკას, პოლიციის სამმა თანამშრომელმა იგი დააკავა არა ბინაში, არამედ ა--–-------–-----------ზე, სავაჭრო ცენტრ „პ-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარ ავტომანქანაში. დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა წარუდგინა მისი ბინის ჩხრეკის ოქმი და უთხრა, რომ ხელი უნდა მოეწერა. პოლიციის თანამშრომელი შეჰპირდა ოქმზე ხელის მოწერის შემთხვევაში ნარკოტიკის მცირე ოდენობიდან გამომდინარე გათავისუფლებას. უარის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა მის მეუღლეს, ვინაიდან სწორედ იგი იმყოფებოდა სახლში ჩხრეკის ჩატარებისას. კ------- ბ---–---–მა მისი ბინის ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა, ამის შემდეგ იგი გამომძიებელმა გამოკითხა, სადაც იგივე საფუძვლით, რომ მალე გაათავისუფლებდნენ, ბრალი აღიარა. ბრალის წარდგენას ესწრებოდა შეთანხმებით მოწვეული ადვოკატი, რომელმაც ურჩია, რომ უმჯობესი იქნებოდა, დაედასტურებინა ბრალდება, რადგან საწინააღმდეგოს ვერ დაამტკიცებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული დანაშაული არ ჩაუდენია, მაინც დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას.

 

კ------- ბ---–---–ის მეუღლემ ნ-------------მა მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მისი ბინა, მდებარე თბილისში, გ-–-----ს ხ---, კ--------ი №6, ბინა №---. ბინის ჩხრეკას არ დასწრებია კ------- ბ---–---–ი, ვინაიდან იგი იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა. ჩხრეკის პროცესში შეიტყო, რომ კ------- ბ---–---–ი პოლიციას უკვე ჰყავდა დაკავებული. ამიტომ იგი დაუკავშირდა ზ---------------–---–ს და სთხოვა, ა--–-------–------------დან წამოეყვანა მისი მეუღლის ავტომანქანა, რომელიც ღიად იყო დატოვებული.

 

კ------- ბ---–---–ის დედამ გ--–--- ბ---–---–მა აჩვენა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს, დღისით სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა შვილთან კ------- ბ---–---–თან. კ-------მა უთხრა, რომ იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ „პ---------ნ“. სატელეფონო კომუნიკაცია შეწყდა კ------- ბ---–---–ის სიტყვებით: „მოიცა დედა პოლიცია“. მან სცადა ისევ დაკონტაქტებოდა შვილს, თუმცა ტელეფონი უკვე გათიშული იყო. ამის შემდეგ იგი დაუკავშირდა კ------- ბ---–---–ის მეუღლეს ნ-------------ს, რომელმაც უთხრა, რომ სახლში პოლიციელები იმყოფებოდნენ და ბინას ჩხრეკდნენ. მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი ვაჟი იყო დაკავებული.

 

კ------- ბ---–---–ის მკურნალმა ექიმმა ე---------–--მ აჩვენა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში კ------- ბ---–---–მა მიიყვანა სავაჭრო ცენტრ „კიდობანთან“ და დატოვა, რის შემდეგაც სად აპირებდა კ------- ბ---–---–ი წასვლას, არ იცის.

 

სამედიცინო ცნობით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 17 თებერვალს კ------- ბ---–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა ექიმ ე---------–--სთან.

მოწმე თ----–-----–--ის ჩვენების მიხედვით, იგი მუშაობს თბილისში, ა--–-------–-----------------ში მდებარე სპორტულ მაღაზიაში. 2017 წლის 17 თებერვალს, 16:00 საათიდან 16:30 საათამდე დროის მონაკვეთში მაღაზიის წინ შენიშნა შავი მანქანა. ცოტა ხანში მანქანასთან მივიდა 2 პირი, გადმოიყვანეს მანქანიდან კ------- ბ---–---–ი, ხელზე ბორკილები დაადეს და წაიყვანეს ,,დინამოს“ სტადიონის მიმართულებით. კ------- ბ---–---–ის დაკავებას ასევე შეესწრნენ მისი უფროსი და ე.წ. ,,სტაიანშიკი“.

 

მოწმე ბ-------------–---–მა განმარტა, რომ აქვს სპორტული მაღაზია ა--–-------–-----------------ში. ზუსტი თვე, რიცხვი, წელი არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც წ-------–-----------------ში მდებარე მისი მაღაზიის მიმდებარედ გაჩერდა შავი მანქანა, საიდანაც ცოტა ხანში ორმა მამაკაცმა გადმოიყვანა ერთი პირი და წაიყვანეს. მას არ მიუქცევია ყურადღება დაკავებული მამაკაცის გარეგნობისთვის, რის გამოც ვერ ადასტურებს, იგი ნამდვილად არის თუ არა კ------- ბ---–---–ი.

 

მოწმე თ--------------–-----მა აჩვენა, რომ შემთხვევის ზუსტი თვე, წელი, რიცხვი არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ დღის დაახლოებით 15:00-16:00 საათებს შორის შუალედში მოქალაქეს დაეხმარა ავტოსადგომზე მანქანის გაჩერებაში. მანქანის მოდელი არ ახსოვს, ახსოვს, რომ ა/მანქანა იყო თეთრი ან მოთეთრო. მან დაინახა, რომ ცოტა ხანში მანქანასთან მივიდნენ მამაკაცები და გადმოიყვანეს შიგ მჯდომი მამაკაცი, წიყვანეს მისთვის გაურკვეველი მიმართულებით. მან დაკავებული მამაკაცში ამოიცნო კ------- ბ---–---–ი.

 

მოწმე ზ---------------–---–ის ჩვენების თანახმად, კ------- ბ---–---–ი არის მისი ოჯახის მეგობარი. 2017 წლის 17 თებერვალს დაურეკა ამ უკანასკნელის მეუღლემ ნ-------------მა და უთხრა, რომ კ------- ბ---–---–ის მანქანა ღია მდგომარეობაში იდგა ,,დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ზუსტი მისამართის დადგენის მიზნით გადარეკა იმ ნომერზე, საიდანაც ნ-------------ი უკავშირდებოდა, თუმცა ტელეფონით ესაუბრა გამომძიებელი და უთხრა, რომ მისულიყო პოლიციის განყოფილებაში, სადაც გადასცემდნენ მანქანის გასაღებს. დღმის პოლიციის განყოფილებაში პოლიციის თანამშრომელმა გადასცა მანქანის გასაღები და ,,დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან წამოიყვანა მანქანა.

 

მოწმე ტ--------------ას ჩვენების თანახმად იგი არის კ------- ბ---–---–ის მეზობელი. 2017 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე კ------- ბ---–---–ის მეუღლემ ნ-------------მა დაუტოვა მცირეწლოვანი შვილი, რადგან თავად პოლიციის განყოფილებაში მიდიოდა. ნ-------------მა უთხრა, რომ სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მისი ბინა. ნ-------------ის წასვლის შემდეგ მან მე-9 სართულის ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა პოლიციის მანქანა. მანქანასთან იდგნენ მამაკაცი პოლიციელები. ნ-------------ი ჩაჯდა მანქანაში მეორე მცირეწლოვან შვილთან ერთად და წავიდნენ.

 

შპს ,,ჯეოსელიდან“ მიღებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერით ირკვევა, რომ კ------- ბ---–---–ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრიდან 5--------, 2017 წლის 17 თებერვალს ბოლო კავშირი განხორციელდა 16:21 საათზე და ზარს მოემსახურა დიდუბის ანძა.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბინის ჩხრეკისა და დაკავების ოქმებზე, ამოღებული ნივთმტკიცების ლუქზე არსებული ხელმოწერა ნამდვილად კ------- ბ---–---–ს ეკუთვნის, თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, კ------- ბ---–---–ი საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, როდესაც მისი ბინა გაჩხრიკეს და საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ოქმებზე ხელი მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში მოაწერა, რადგან შეცდომაში იყო შეყვანილი.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წონად და არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს სწორედ ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკასთან დაკავშირებული პროცედურები. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის პროცესი არ ბადებდეს გონივრულ ეჭვს ობიექტური დამკვირვებლისთვის ამ საგამოძიებო მოქმედების კანონიერებასთან მიმართებაში.

 

არსებითად მნიშვნელოვანია ასევე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებები აკმაყოფილებდეს უტყუარობის მაღალ სტანდარტს. ამასთან, პოლიციელების ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე.

 

საგამოძიებო მოქმედებაში (ჩხრეკის ოქმი) მონაწილე პოლიციელების ჩვენებების შეფასებისას, სააპელაციო პალატა იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82).

 

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკაში და ამხელდნენ მას დანაშაულის ჩადენაში და მიაჩნია, რომ ჩვენებები არის არადამაჯერებელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმე შ------–--–---–-–---–მა აღნიშნა, რომ კ------- ბ---–---–ის სახლში მისვლისას კ------- ბ---–---–მა განაცხადა, რომ მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა და მეუღლე და შვილი გაიყვანა სამზარეულოში. მოწმე ნ-------------–---–მა განმარტა, რომ ბინის ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ კ------- ბ---–---–ი, რომელსაც არ სურდა, მისი მეუღლე ჩარეულიყო ჩხრეკაში და ეს უკანასკნელი შეეყვანათ ჩხრეკის ოქმში, როგორც მონაწილე პირი. კ------- ბ---–---–ის მეუღლე ჩხრეკს არ დასწრებია, მცირეწლოვან შვილებთან ერთად გავიდა სამზარეულოში. მოწმე ნ------------–---–მა განმარტა, რომ კ------- ბ---–---–ის თხოვნით, ჩხრეკის მიმდინარეობისას მისი მეუღლე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო სამზარეულოში და ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა იგი თავლთახედვის არედან არ დაუკარგავს. კ------- ბ---–---–ის თხოვნით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე იგი პოლიციის შენობაში შეახვედრეს მეუღლეს და მცირეწლოვან შვილს.

 

სააპელაციო პალატისთვის აუხსნელი რჩება, თუკი კ------- ბ---–---–ი ბინის ჩხრეკისას იმყოფებოდა საკუთარ სახლში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად (ადასტურებს ბინის ჩხრეკაში მონაწილე სამივე პოლიციელი), სადაც მოხდა მისი დაკავება, რატომ შეახვედრა გამომძიებელმა ბრალდებული ცოლ-შვილს პოლიციის შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში მის გადაყვანამდე? სააპელაციო პალატას არადამაჯერებლად მიაჩნია გამომძიებელს მიეცა ბრალდებულისთვის ცოლ-შვილის ნახვის და მათთან გამომშვიდობების უფლება პოლიციის განყოფილებაში, თუკი ბრალდებული ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, როდესაც მოხდა მისი დაკავება. აღნიშნული შეიძლება აიხსნას სწორედ იმით, რომ კ------- ბ---–---–ი ბინის ჩხრეკის დროს მართლაც არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და მისი დაკავება არ მომხდარა მის საცხოვრებელ სახლში მისი ცოლ-შვილის თვალწინ. სწორედ ამ შემთხვევაშია ლოგიკური კ------- ბ---–---–ის სურვილი, პოლიციის განყოფილებაში დამშვიდობებოდა ცოლ-შვილს, სანამ საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ და გამომძიებლის მოქმედება, რომელმაც ამის ნება დართო.

 

სააპელაციო პალატას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ მოწმე-პოლიციელთა ჩვენებები ასევე ეჭვქვეშ უნდა დამდგარიყო მათი შესაძლო სუბიექტურობის (მიკერძოების) გამო, რაც მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ როგორც პროცესუალური დარღვევების, ასევე შესაძლო სამსახურებრივი სიყალბის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. საყურადღებოა კ------- ბ---–---–ის მტკიცება, რომ პოლიციელები მას სდევნიდნენ და ავიწროვებდნენ. მოწმე შ------–--–---–-–---–მა არ უარყო, რომ შესაძლოა, ადმინისტრაციულად ჰყავდა წარსულში დაკავებული კ------- ბ---–---–ი, რაც ასევე ამყარებს კ------- ბ---–---–ის მტკიცებას მის მიმართ პოლიციელების მხრიდან არაჯანსაღი ინტერესის თაობაზე.

 

გარდა იმისა, რომ მოწმე-პოლიციელების ჩვენებებით ლოგიკურად ვერ ხსნის გამომძიებლის მოქმედებას, რომელმაც კ------- ბ---–---–ს პოლიციაში მიუყვანა და აჩვენა ცოლ-შვილი, ეს ჩვენებები ასევე ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებს ისეთ არსებით გარემოებასთან მიმართებით, თუ სად და რა ვითარებაში მოხდა კ------- ბ---–---–ის დაკავება და მონაწილეობდა თუ არა ეს უკანასკნელი ბინის ჩხრეკაში, საიდანაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ: დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს აკლდა სიზუსტე, თანხვედრა სხვა მოწმეების და ბრალდებულის ჩვენებებთან, მოწმეებს რიგ შემთხვევაში არ ახსოვდათ მათ მიერ დასახელებული მოვლენების წელი, თვე, რიცხვი, რის გამოც შეუძლებელი გახდა ჩვენებებში გაჟღერებული მოვლენების იდენტიფიცირება და შემხებლობა განსახილველ საქმესთან. პალატამ გულდასმით შეამოწმა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არის თანმიმდევრული და რაიმე სახის გარემოება, რაც მიუთითებდა მოწმეთა მიკერძოებაზე ან არაჯანსაღ ინტერესზე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ დადგენილა, მცირედი განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, მთლიანობაში ვერ უკარგავს მათ დამაჯერებლობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოწმე თ----–-----–--ეს არ ახსოვდა დაკავებისას წინ დაადეს ხელბორკილი კ------- ბ---–---–ს თუ უკან, ეცვათ თუ არა პოლიციის ფორმები, ორმა პირმა დააკავა იგი თუ სამმა; ბ-------------–---–ს არ ახსოვდა წელი, თვე, რიცხვი, თუ როდის შეესწრო მისი მაღაზიის წინ მისთვის უცნობის მამაკაცის დაკავებას, არ ახსოვდა დაკავებული მამაკაცის ვიზუალური მხარე; თ--------------–-----ი ვერ აკონკრეტებდა, რა ავტომანქანით იყო პირი, რომელიც დააკავეს, ასევე ვერ შეძლო იმ პირის აღწერა, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, არ ახსოვდა თვე, წელი, რიცხვი, ბ-------------–---–ი და თ--------------–-----ი ორ დამკავებელ პირზე მიუთითებდნენ, მაშინ როცა ბრალდებული სამ პირს ასახელებდა; ბრალდებულის დედას გ--–--- ბ---–---–ს ზუსტად არ ახსოვდა საათი, როდის ესაუბრა კ------- ბ---–---–ს; მოწმე ზ---------------–---–ი ვერ აკონკრეტებდა, თუ რომელმა გამომძიებელმა რომელ განყოფილებაში გადასცა კ------- ბ---–---–ის ავტომანქანის გასაღები, ამასთან მოწმე ბრალდებულის მეგობარია, რაც აპრიორი მისი მიკერძოების საფუძველია; მოწმე ტ--------------ა ბინის ჩხრეკას არ ესწრებოდა, შესაბამისად, არ შეიძლებოდა, სცოდნოდა, დაესწრო თუ არა ბრალდებული ამ საგამოძიებო მოქმედებას და მხოლოდ ის გარემოება, რომ მე-9 სართულიდან მოწმემ ვერ დაინახა პოლიციის მანქანაში იჯდა თუ არა დაკავებული, არ ნიშნავს, რომ კ------- ბ---–---–ი არ ესწრებოდა ბინის ჩხრეკას; ბრალდებულის მეუღლის ნ-------------ის ჩვენება არასანდოდ იქნა მიჩნეული, რადგან ეწინააღმდეგებოდა ბინის ჩხრეკის ოქმს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ საეჭვოდ არ მიიჩნია.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. მოწმე თ----–-----–--ე ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 17 თებერვალს, დაახლოებით 16:30 საათზე, მისი მაღაზიის წინ, რომელიც მდებარეობს ა--–-------–------------, N9-ის წინ, დაინახა, როგორ გადმოიყვანა ავტომანქანიდან კ------- ბ---–---–ი ორმა პირმა, დაადეს ხელბორკილი და წაიყვანეს ,,დინამოს“ სტადიონის მიმართულებით. კ------- ბ---–---–ის დაკავების ფაქტს ასევე შეესწრნენ მისი უფროსი და ე.წ. ,,სტაიანშიკი“. თ----–-----–--ის ჩვენება კ------- ბ---–---–ის ა---–-------–-----------ზე დაკავებასთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია მის მიერ ამავე ფაქტის თვითმხილველებად დასახელებულ პირთა - ბ-------------–---–ის და ,,სტაიანშიკის“ - თ--------------–-----ის ჩვენებებთან, რომლებმაც, მიუხედავად იმისა, რომ ვერ აღიდგინეს მოვლენის ზუსტი თარიღი, რაც სავსებით ნორმალურია იმის გათვალისწინებით, რომ დაკავება 2017 წელს, დაკითხვამდე თითქმის სამი წლით ადრე მოხდა, ნათლად გაიხსენეს ა--–-------–-----------ზე მამაკაცის დაკავების დეტალები, რაც ზედმიწევნით ემთხვევა სწორედ თ----–-----–--ის მონათხრობს. ასევე ნაკლებმნიშვნელოვანია, თუკი მოწმემ ვერ გაიხსენა უმნიშვნელო წვრილმანი, მაგალითად მანქანის მარკა, ფერი, რომელშიც იჯდა კ------- ბ---–---–ი, ვინაიდან სამივე მოწმის ჩვენება თანმიმდევრულია გაცილებით მნიშვნელოვან ფაქტებთან მიმართებით, რომ კ------- ბ---–---–ი ავტომანქანიდან გადმოიყვანეს პოლიციელებმა და დააკავეს ა--–-------–-----------ზე და არა მის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს გ-–-----ს ხევში. გ--–--- ბ---–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 17 თებერვალს იგი ესაუბრებოდა შვილს კ------- ბ---–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ ,,პ---------ნ“ (მდებარეობს ა--–-------–-----------ზე), თუმცა მათი საუბარი შეწყდა, რადგან კ-------თან პოლიციელები მივიდნენ, რის შემდეგ შვილთან დაკავშირება ვეღარ შეძლო, რადგან ტელეფონი ჰქონდა გათიშული. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მეტად მნიშვნელოვანია არა ის გარემოება, რომ გ--–--- ბ---–---–ს თავად არ უნახავს, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მისი ვაჟი ა--–-------–-----------ზე, როდესაც იგი დააკავეს, რის გამოც მისი ჩვენება არასანდოდ იქნა მიჩნეული, არამედ ის გარემოება, რომ გ--–--- ბ---–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია კ------- ბ---–---–ის სატელეფონო საუბრების დეტალურ ნუსხასთან, რითიც უტყუარად არის დადგენილი, რომ კ------- ბ---–---–ის ტელეფონიდან ბოლო ზარი განხორციელდა 16:21 საათზე და ამ ზარს მოემსახურა დიდუბეში მდებარე სატელეფონო ანძა, მაშინ, როდესაც კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკა, რომელიც მდებარეობს გლდანში, დაიწყო 16:50 საათზე. ზ---------------–---–ი დეტალურად აღწერს, 2017 წლის 17 თებერვალს როგორ დაურეკა კ------- ბ---–---–ის მეუღლემ და შეატყობინა, რომ კ-------ი იყო დაკავებული, მისი ავტომანქანა კი იყო ღიად დატოვებული ა--–-------–-----------ზე და სთხოვა მისი წამოყვანა. იგი მივიდა დ------ში მდებარე პოლიციის განყოფილებაში, საიდანაც წამოიღო მანქანის გასაღები და ა--–-------–-----------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,პ-----ს“ წინ გაჩერებული ავტომანქანა მიუყვანა კ------- ბ---–---–ის დედას. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც მოწმე ზუსტად უთითებს, რომ დიღმის მასივში მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადასცეს კ------- ბ---–---–ის ავტომანქანის გასაღები, რომელიც წამოიწვანა ა--–-------–------------დან, სადაც თვითმხილველი მოწმეების მტკიცებით ავტომანქანიდან გადმოიყვანეს და დააკავეს კ------- ბ---–---–ი, პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტი, თითქოს ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას გადაწონის ის ფაქტი, რომ ზ---------------–---–ი ვერ აკონკრეტებდა, თუ რომელმა გამომძიებელმა, რომელ განყოფილებაში გადასცა კ------- ბ---–---–ის ავტომანქანის გასაღები, არასწორია. ამასთან, მოწმის ჩვენების იმთავითვე ეჭვქვეშ დაყენება ბრალდებულთან მისი მეგობრული ურთიერთობის გამო არამართებულია. რაც შეეხება ტ--------------ას, ამ მოწმის ჩვენების დაკნინება მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ იგი არ ესწრებოდა ბინის ჩხრეკას, ასევე არასწორია, ვინაიდან, დაცვის მხარეს არც არასდროს უმტკიცებია, რომ ტ--------------ა ესწრებოდა რომელიმე საგამოძიებო მოქმედებას. ამ მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ცალსახად დადასტურდა, როგორ წაიყვანეს ბინის ჩხრეკის შემდეგ ნ-------------ი პოლიციელებმა ავტომანქანით მარტო, მეუღლის სანახავად, რომელიც სულ სხვა ადგილას იყო დაკავებული. რაც შეეხება ბრალდებულის მეუღლის ნ-------------ის ჩვენებას, რომელიც მხოლოდ იმიტომ იქნა მიჩნეული არასანდოდ, რომ ეწინააღმდეგებოდა ბინის ჩხრეკის ოქმს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ ბინის ჩხრეკის ოქმი აჩენს გაუქარწყლებელ ეჭვებს მის კანონიერებასთან და მასში მონაწილე პირთა კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით და ცალსახად უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებებიდან (ბინის ჩხრეკა/დაკავება), მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია ხანგრძლივი დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ მოწმეები ცრუობენ, არიან მიკერძოებულნი და ამოძრავებთ მართლმსაჯულების გამრუდების ინტერესი, მით უფრო, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ ჩვენებებს. უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას.

 

საპირისპიროდ, სააპელაციო პალატამ არასანდო და არადამაჯერებლად მიიჩნია მოწმე-პოლიციელების ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბინის ჩხრეკას ესწრებოდა კ------- ბ---–---–ი. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება თავად საგამოძიებო მოქმედება (ბინის ჩხრეკა) და ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს ... მათ შორის საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მათი მისამართებიც. ოქმში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქმისათვის არსებითი გარემოებები, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა განცხადებები და შენიშვნები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად - შედგენის შემდეგ საგამოძიებო მოქმედების ოქმი გასაცნობად წარედგინება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილეს. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, გამოთქვან შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რომელიც ოქმში აისახება. ოქმში შეტანილი ყველა შენიშვნა, დამატება და შესწორება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ხელმოწერით. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად - საგამოძიებო მოქმედების ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოხატულებაა, რომლის თანახმად, კანონისა და ადამიანის უფლებათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაუშვებელია პირის სისხლისამართლებრივი დევნა და მსჯავრდება. ეს კონსტიტუციური გარანტია ემსახურება სწორედ მტკიცებულებების მოპოვებისას/საპროცესო დამაგრებისას საკანონმდებლო პროცედურებისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის უზრუნველყოფას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.

 

სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,ამ კოდექსის“- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ მტკიცებულების უტყუარობა უკავშირდება, პირველ რიგში, მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას. კონსტიტუციით დადგენილ ღირებულებათა სისტემა მოითხოვს მართლმსაჯულების განხორციელებას პიროვნული თავისუფლების და ადამიანის ღირსების პატივისცემით, კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ხერხითა და საშუალებებით (საქართველოს საკონსტიტუიციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3. მტკიცებულებათა უკანონოდ მოპოვება არ შეიძლება იქნას გამართლებული ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაულში პირის მხილების ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების სირთულეებითაც კი. წინააღმდეგ შემთხევაში მართლმსაჯულების განხორციელება გასცდება კანონის ჩარჩოებს და გადაიქცევა შეუზღუდავი ძალაუფლების იარაღად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნული თვისუფლების აღიარების კონსტიტუციურ სტანდარტს (საქართველოს საკონსტიტუიციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 7).

 

სააპელაციო პალატამ მტკიცებულებები შეაფასა მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეზე ისეთი გადამწყვეტი მტკიცებულება, როგორიც არის ნარკოტიკული საშუალება, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ დადგენილ დასაშვებობის და უტყუარობის მაღალ სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც შეუძლებელია, ამ მტკიცებულების საფუძველზე სასამართლომ რაიმე ფაქტი ან გარემოება დაადგინოს ცალსახად და მით უფრო საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

უტყუარად დადასტურებულია, რომ კ------- ბ---–---–ი, რომელიც 2017 წლის 17 თებერვალს შედგენილი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, არა მარტო მონაწილოებდა საგამოძიებო მოქმედებაში, არამედ ნებაყოფლობით წარუდგინა სამართალდამცავებს მის ბინაში შენახული ნარკოტიკული საშუალებები, ჩხრეკის დროს საერთოდ არ იმყოფებოდა ჩხრეკის ადგილას - გ-–-----ს ხევში მდებარე ბინაში, არამედ იმყოფებოდა რამდენიმე კოლომეტრის დაშორებით ქალაქის სრულიად სხვა ადგილას - ა--–-------–-----------ზე, სადაც იგი დააკავეს. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედების - ბინის ჩხრეკის ოქმი გაყალბებულია, ხოლო ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება - დაუშვებელი მტკიცებულებაა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ვერ დადასტურდა კ------- ბ---–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი, რომლის სამართლებრივ შეფასებაზე სააპელაციო პალატა ქვემოთ იმსჯელებს.

 

ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან უტყუარად ვერ დადასტურდა კ------- ბ---–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი, ავტომატურად გამოირიცხა ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, თუმცა სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საწინააღმდეგო მოცემულობის არსებობის შემთხვევაშიც კი დანაშაულის ეს მაკვალიფიცირებელი გარემოება სახეზე არ გვექნებოდა, რადგანაც:

 

თბილისის საქალაქო სასმართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. განაჩენის მიხედვით კ------- ბ---–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ნასამართლევმა პირმა კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა). 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნარკოტიკული საშუალება ,,კანაბისის“ მოხმარების გამო და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარი, რომელიც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 თებერვლის წერილის თანახმად, გადახდილია 2013 წლის 5 ნოემბერს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

კ------- ბ---–---–ის წარსული ნასამართლობები საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში მისი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად, ვინაიდან 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის დროისათვის - 2017 წლის 17 თებერვალს გაქარწყლებული იყო, რადგან ჯარიმა 250 ლარი გადახდილია 2013 წლის 5 ნოემბერს, ხოლო 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დეკრიმინალიზებულია.

 

პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, იმ ვითარებაში, როდესაც უტყუარად ვერ დადასტურდა კ------- ბ---–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის (მათ შორის პირადი მოხმარებისათვის მცირე ოდენობით) ფაქტი, ავტომატურად გამოირიცხა ქმედების ჩადენა ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, თუმცა სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საწინააღმდეგო მოცემულობის არსებობის შემთხვევაშიც კი, ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო სამართლებრივი ნიშნები სახეზე არ გვექნებოდა. კერძოდ:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით კ------- ბ---–---–ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის. რაც შეეხება, 2015 წლის 17 აპრილის განაჩენამდე არსებულ მსჯავრდებას, 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, მართალია, კ------- ბ---–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალება ,,კანაბისის“ უკანონო მოხმარებისთვის, თუმცა მას განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 250 ლარი გადახდილი აქვს 2013 წლის 5 ნოემბერს. ამდენად, ბრალად წარდგენილი ქმედების დროს, 2017 წლის 17 თებერვალს, ,,კანაბისის“ უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლობა კ------- ბ---–---–ს უკვე გაქარწყლებული ჰქონდა, რისი გათვალისწინებითაც სახეზე არ გვექნებოდა ბრალად წარდგენილი დანაშაულისთვის სავალდებულო სამართლებრივი ნიშანი.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება

 

მოწმეების ნ-----------–---–ის, ნ------------–---–ის და გ---–-----------ის (შპს „ფსიქიკური ჯამრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ჩანაცვლებითი თერაპიის №1 განყოფილების ექთნები) ჩვენებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს პრევენციის ცენტრში დადგენილი წესის და გრაფიკის შესაბამისად პაციენტებზე მედიკამენტ ,,მეტადონის“ გაცემა დასრულდა 15:30 საათზე. 15:30 საათის შემდეგ კლინიკის ერთ-ერთმა პაციენტმა კ------- ბ---–---–მა დაურეკა მკურნალ ექიმს მ-----------–--ეს, უთხრა, რომ იმყოფებოდა პრევენციის ცენტრის ეზოში და სთხოვა კარების გაღება კუთვნილი ულუფის მისაღებად. ვინაიდან პრევენციის ცენტრში მკაცრად კონტროლირებადია მედიკამენტის გაცემის დრო, გარდა ამისა, მედიკამენტი გაიცემა დაცვის პოლიციის უშუალო თანდასწრებით, ხოლო 15:30 საათის შემდეგ დაცვის პოლიცია აღარ იმყოფება ცენტრში, კ------- ბ---–---–ს თხოვნაზე ეთქვა უარი. აღნიშნულით განაწყენებულმა კ------- ბ---–---–მა „ფსიქიკური ჯამრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ შენობაში და ეზოში მოაწყო დებოში და აყალმაყალი, იგი დაჟინებით მოითხოვდა ,,მეტადონის“ ულუფას და აბრახუნებდა განყოფილებაში შესასვლელ რკინის კარებზე, რომელიც იყო ჩაკეტილი, ეზოდან რამდენჯერმე კენჭი ესროლა ფანჯარას. ფანჯარაზე კენჭის სროლის გამო, მოწმეები მივიდნენ ფანჯარასთან და ნათლად დაინახეს, რომ კ------- ბ---–---–ი მივიდა თავის კუთვნილ ავტომანქანასთან - შავი ფერის ჯიპთან, მძღოლის მხარეს გამოაღო კარი და როდესაც გამობრუნდა, ხელში ეჭირა შავი ფერის პისტოლეტი. აღნიშნულის შემდეგ კ------- ბ---–---–მა გააგრძელა განყოფილებაში შესასვლელ კარზე ბრახუნი. მოწმეები მათი ჩვენების თანახმად, ჩავარდნენ პანიკაში, მ-----------–--ე დაუკავშირდა განყოფილების უფროსს, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და გამოიძახა დაცვის პოლიცია.

 

მოწმე მ-----------–--ის (შპს „ფსიქიკური ჯამრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ჩანაცვლებითი თერაპიის №1 განყოფილების ექიმი) ჩვენების თანახმად, იგი არის კ------- ბ---–---–ის მკურნალი ექიმი. სამუშაო გრაფიკი არის სპეციფიკური, კერძოდ იწყება 08:30 საათზე და სრულდება 15:30 საათზე. მეტადონის გაცემა ხდება დროის მხოლოდ ამ მონაკვეთში და პროცესს სავალდებულო წესით ესწრება დაცვის პოლიციის თანამშრომელი. 15:30 საათის შემდგომ მედიკამენტი ინახება სეიფში და დაცვის პოლიცია ტოვებს შენობას. 2017 წლის 14 ნოემბერს, 15:30 საათის შემდეგ მას დაუკავშირდა კ------- ბ---–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მოგვიანებით მოვიდოდა ულუფა ,,მეტადონის“ ასაღებად. აღნიშნულზე ექიმმა განუმარტა, რომ მედიკამენტი უკვე ინახებოდა სეიფში, ულუფის გაცემის დრო იყო დასრულებული, შესაბამისად მის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ. უარის მიუხედავად კ------- ბ---–---–ი მივიდა ხსენებულ ცენტრში და დაჟინებით მოითხოვდა ,,მეტადონის“ ულუფის გადაცემას. ექიმმა დამატებით სცადა, აეხსნა უარის მიზეზი. ბრალდებული გახდა უკიდურესად აგრესიული, აბრახუნებდა განყოფილებაში შესასვლელ რკინის კარზე, ითხოვდა კარის გაღებას და ულუფის გადაცემას. აღნიშნულის შემდეგ ეზოდან კენჭი ესროლა ფანჯარას. კენჭის სროლის შემდეგ ექთნებმა ნ-----------–---–მა, ნ------------–---–მა და გ---–-----------ემ ფანჯრიდან გადაიხედეს და მ-----------–--ეს უთხრეს, რომ კ------- ბ---–---–ს ხელში ეჭირა შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნულის შემდეგ, კ------- ბ---–---–მა გააგრძელა განყოფილების კარზე ბრახუნი, რამაც მოწმეს კიდევ უფრო გაუმძაფრა შიშის გრძნობა, სასწრაფოდ ჩააყენა საქმის კურსში განყოფილების უფროსი და ამ უკანასკნელის რჩევით გამოიძახა დაცვის პოლიცია.

 

მოწმე ბ---------------–---–ის (პატრულ-ინსპექტორი) ჩვენებით დადგინდა შემდეგი: 2017 წლის 14 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილესთან ჯ------–---–-ასთან ერთად, გამოძახების საფუძველზე მივიდნენ ქ.თბილისში, ი----------–---–--------------ში მდებარე შპს „ფსიქიკური ჯამრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ჩანაცვლებითი თერაპიის №1 განყოფილების ეზოში. გამოძახებაში დაფიქსირებული ინფორმაცია შეეხებოდა მოქალაქის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას და ტარებას. ადგილზე მისულებს დახვდნენ პრევენციის ცენტრის და დაცვის სამსახურის თანამშრომლები. პრევენციის ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიუთითა იქ მყოფ მამაკაცზე და განაცხადა, რომ აღნიშნული პირი ეზოში გადაადგილდებოდა შავი ფერის პისტოლეტით. დანაშაულის თვითმხილველ მოწმესთან გასაუბრების შემდეგ ბ---------------–---–მა კ------- ბ---–---–ი ადგილზე დააკავა ბრალდებულის სახით, ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ამოღებულა. ასევე არსებობდა ეჭვი, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი შესაძლოა, ყოფილიყო ბრალდებულის ავტომანქანაში. მეწყვილე ჯ------–---–-ა გაესაუბრა ბრალდებულის მანქანაში მჯდომ ქალბატონს, რომელმაც პატრულ-ინსპექტორის შეთავაზებაზე მანქანის სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან აიღო და გადასცა შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღი. ქალბატონის განმარტებით, იარაღი მეუღლემ კ------- ბ---–---–მა გადასცა. დაკავებულმა კ------- ბ---–---–მა პატრულ - ინსპექტორს დაუფიქსირა, რომ იარაღი იპოვა ქუჩაში. აღნიშნულის შემდეგ გამოძახებული იქნა საგამოძიებო ჯგუფი. გამომძიებელმა ჯ------–---–-ასგან ამოიღო ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმე ჯ------–---–-ას (პატრულ-ინსპექტორი) 2017 წლის 15 ნოემბრის გამოკითხვის ოქმი: 2017 წლის 14 ნოემბერს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა პატრულ-ინსპექტორ ბ---------------–---–თან ერთად. იმავე დღეს, საღამოს საათებში რადიოსადგურ „ცენტრი“-ს გამოძახების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ.თბილისში, ი. ჯ-----–---–-------------ში მდებარე შპს „ფსიქიკური ჯამრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ჩანაცვლებითი თერაპიის #1 განყოფილების ეზოში. ადგილზე მისვლისას დახვდნენ აღნიშნული ცენტრის თანამშრომლები: მ-----------–--ე, ნ------------–---–ი, ნ-----------–---–ი და გ---–-----------ე, რომლებმაც მიუთითეს ეზოში მყოფ მამაკაცზე და განაცხადეს, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო მათი პაციენტი კ------- ბ---–---–ი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ხელში ეჭირა შავი ფერის პისტოლეტი. მამაკაცი ნამდვილად კ------- ბ---–---–ი აღმოჩნდა, იგი იყო შავი ფერის ,,პორშეს“ მარკის ჯიპის ტიპის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით R------, ხოლო მანქანაში იჯდა, მისივე განმარტებით, მისი მეუღლე ნ-------------ი და ორი მცირეწლოვანი შვილი. ბ---------------–---–ის მიერ ადგილზე დაკავებული იქნა კ------- ბ---–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, მაგრამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოაჩნდა. აღნიშნულის შემდგომ ჯ------–---–-ა მივიდა ხსენებულ ავტომანქანასთან, სადაც წინა მარჯვენა სავარძელზე იჯდა ახალგაზრდა ქალბატონი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მოწმის კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ქალბატონმა ავტომანქანის სალონიდან, კერძოდ წინა სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან აიღო და გადასცა მოშავო ფერის პისტოლეტი. ამოღებული იარაღი მოწმემ მოათავსა პოლიეთილენის პარკში. შეკითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა მას აღნიშნული პისტოლეტი, ნ-------------მა განმარტა, რომ გადასცა მეუღლემ კ------- ბ---–---–მა, მაგრამ მეუღლეს თუ საიდან ჰქონდა, არ იცოდა. ვინაიდან აღნიშნული ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლები. შემდგომში კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული პისტოლეტი, კ------- ბ---–---–მა განმარტა, რომ რამდენიმე დღის წინ იპოვა ქუჩაში. ადგილზე მისულმა გამომძიებელმა ჯ------–---–-ას ნებაყოფლობითა და თანხმობით მისგან ამოიღო ნ-------------ის მიერ გადაცემული „ბერეტა“-ს ფირმის შავი ფერის პისტოლეტი ნომრით 2---------, მჭიდითა და 11 ცალი ვაზნით, რაც მოთავსდა პოლიეთილენის პარკში, დაილუქა №20 ლუქით და გაკეთდა ხელმოწერები.

მოწმე ვ-–---------------ის (გამომძიებელი) ჩვენების თანახმად, 2017 წლის 14 ნოემბერს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ.თბილისში ი----------–---–--------------ში მდებარე შპს „ფსიქიკური ჯამრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ჩანაცვლებითი თერაპიის №1 განყოფილების ეზოში, სადაც პატრულ-ინსპექტორებს დაკავებული ჰყავდათ კ------- ბ---–---–ი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე. მოწმემ პატრულ - ინსპექტორ ჯ------–---–-ასგან ნებაყოფლობით ამოიღო ამ უკანასკნელისთვის ბრალდებულის მეუღლის - ნ-------------ის მიერ გადაცემული ცეცლხსასროლი იარაღი მჭიდითა და ვაზნებით.

 

ამოღების ოქმის (14.11.2017) მიხედვით ქ.თბილისში ი---------–---–--------------ში მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ №1 განყოფილების ეზოში გამომძიებლის ვ-–---------------ის მიერ პატრულ-ინსპექტორ ჯ------–---–-ასგან ამოღებული იქნა BERETTA-ს ფირმის მოშავო პისტოლეტი ნორმით 2---------- ერთი მჭიდით და 11 ერთეული ვაზნით.

სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნით (16.11.2017) გამოსაკვლევად წარდგენილი №2--------- იარაღი წარმოადგენს 9 მმ კალიბრის ქარხნული წესით დამზადებულ, „B---------------” მოდელის პისტოლეტს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 11 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის 9 mm Parabellum ვაზნას და განკუთვნილია ამავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისათვის (მათ შორის ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი №2--------- პისტოლეტისთვის); აღნიშნული 11 ცალი 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (24.11.2017), ექსპერტიზაზე წარდგენილ იარაღზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი კ------- ბ---–---–ის (ობ. №4; პაკეტი, წარწერით: „...პირის ღრუდან აღებულია ნერწყვის ნიმუში კ------- ჯონის ძე ბ---–---–ისგან) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

ექსპერტმა ვ-------------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2017 წლის 15 ნოემბრის წერილის თანახმად, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით B------------------- მარკის №2--------- პისტოლეტი რეგისტრირებულია მოქალაქე გ------ი ნ-------ს ძე კ-------–--ის სახელზე. აღნიშნული პისტოლეტი ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში ფიგურირებს დაკარგულის სტატუსით. ამასთან, კ------- ბ---–---–ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.

 

მოწმე გ------ი კ-------–--ის ჩვენებით დადგინდა, რომ არის თადარიგის პოლკოვნიკი, გაურკვეველ დროსა და ვითარებაში დაკარგა კუთვნილი „ბერეტა 8000“ მარკის პისტოლეტი. იარაღის დაკარგვის თაობაზე დაუყოვნებლივ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოებში. მოწმის ჩვენებით, იარაღის დაკარგვის ფაქტი ცნობილი იყო დეიდაშვილის ყოფილი მეუღლის კ------- ბ---–---–ისთვის.

 

კ------- ბ---–---–მა წარდგენილი ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იარაღის პატრონს გ------ი კ-------–--ეს იცნობს ბავშვობიდან. არის მისი ყოფილი მეუღლის დეიდაშვილი. სწორედ გ------ი კ-------–--ემ უთხრა, რომ დაკარგა ცეცხლსასროლი იარაღი და სთხოვა, დახმარებოდა მის მოძებნაში. 2017 წლის 14 ნოემბერს, მეუღლესთან ნ-------------თან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად კუთვნილი ავტომანქანით იმყოფებოდა შპს „ფსიქიკური ჯამრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ,,მეტადონის“ კუთვნილი ულუფის მისაღებად. ვინაიდან დააგვიანდა, არ მისცეს ნარკოტიკის ულუფა, რამაც იგი ძალიან განარისხა და დაჟინებით მოითხოვა ნარკოტიკის გადაცემა. ამ პროცესში იგი რამდენჯერმე შევიდა შენობაში, თუმცა თანამშრომლებმა კარი არ გაუღეს, აღელვებული გადაადგილდებოდა ცენტრის ეზოში. მეუღლე შეეცადა მის დამშვიდებას და უთხრა, რომ ავტომანქანაში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სახლში მიუტანა უცნობმა მამაკაცმა. მან და მისმა მეუღლემ ივარაუდეს, რომ აღნიშნული იარაღი შესაძლოა, ყოფილიყო ის იარაღი, რომელიც დაკარგა გ------ი კ-------–--ემ. მან გამოართვა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღი და იქვე დაუბრუნა უკან ისე, რომ ეზოში არ გადაადგილებულა. ცოტა ხანში პრევენციის ცენტრში გამოცხადდნენ დაცვის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. საპატრულო პოლიციამ იგი დააკავა შემთხვევის ადგილზე.

 

მოწმე ნ-------------მა განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო გ------ი კ-------–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის ფაქტი. რამდენიმე დღეში მისთვის უცნობმა მამაკაცმა სახლში მიიტანა გ------ი კ-------–--ის ცეცხლსასროლი იარაღი კ------- ბ---–---–ზე გადასაცემად. მან იფიქრა, რომ შესაძლოა აღნიშნულის გამო მის მეუღლეს შეჰქმნოდა პრობლემა, რადგანაც იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და არ გაუმხილა უცნობი მამაკაცის მიერ იარაღის მიტანის ფაქტი. თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე დღეს იარაღი თავიდან მოეშორებინა. 2017 წლის 14 ნოემბერს, მეუღლეს მცირეწლოვან შვილებთან ერთად გაჰყვა „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“. მკურნალმა ექიმმა კ------- ბ---–---–ს დაგვიანების გამო არ გადასცა ულუფა ,,მეტადონი“, რაზედაც კ------- ბ---–---–ი გაბრაზდა და მოაწყო დებოში. ექიმმა მას სთხოვა, განერიდებინა მეუღლე ცენტრის ეზოდან. ასევე ყური მოჰკრა, რომ ცენტრის თანამშრომლები აპირებდნენ პოლიციის გამოძახებას. პრობლემების თავიდან არიდების მიზნით კ------- ბ---–---–ს გაუმხილა, რომ თან ჰქონდა იარაღი, რომელიც ამოიღო საქამრედან და აჩვენა მეუღლეს. გაკვირვებულმა კ------- ბ---–---–მა ჯერ გამოართვა იარაღი, ხოლო შემდეგ უკან დაუბრუნა. ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე მივიდა დაცვის და საპატრულო პოლიცია. მან პატრულ-ინსპექტორს გადასცა იარაღი, რომელსაც მანქანაში ინახავდა.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მტკიცებულებების შეფასებით უტყუარად დადგინდა კ------- ბ---–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვის და ტარების მატერიალური ფაქტი. დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა დამაჯერებელი და კატეგორიული ჩვენებებით ცალსახად დადასტურდა 2017 წლის 14 ნოემბერს კ------- ბ---–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დემონსტრაციულად შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ეზოში გადაადგილების ფაქტი. კ------- ბ---–---–ის და ნ-------------ის ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება დანაშაულის თვითმხილველი ნეიტრალური მოწმეების ნ-----------–---–ის, ნ------------–---–ის და გ---–-----------ის ჩვენებებს. ბრალდებულის მამხილებელმა მოწმეებმა კატეგორიულად და დამაჯერებლად დაადასტურეს 2017 წლის 14 ნოემბერს კ------- ბ---–---–ის მიერ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ აყალმაყალის და დებოშის დროს დემონსტრაციულად ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების ფაქტი. სწორედ ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებამ მოჰგვარა მათ შიში და ჩააგდო პანიკაში, რის გამოც დასახმარებლად გამოიძახეს დაცვის პოლიცია. გარდა ამისა, კ------- ბ---–---–ის და მოწმე ნ-------------ის ჩვენებები ეწინააღმდეგება პატრულ-ინსპექტორ ჯ------–---–-ას გამოკითხვის ოქმს, რომლის მიხედვითაც თავად ნ-------------მა განუცხადა პატრულ - ინსპექტორს, რომ პისტოლეტი გადასცა კ------- ბ---–---–მა, ბრალდებულმა კი დაუდასტურა დამკავებელ პირს ბ---------------–---–ს, რომ იარაღი ქუჩაში იპოვა. ბრალდებულის და მოწმე ნ-------------ის ჩვენებები, თითქოს კ------- ბ---–---–მა წამიერად მოჰკიდა ხელი იარაღს და ისევ დადო, ეწინააღმდეგება გენეტიკური ექსპერტიის დასკვნას, რომლის თანახმად იარაღზე დნმ-ს მაჟორული, ანუ ძირითადი წილი ეკუთვნის სწორედ კ------- ბ---–---–ს. კ------- ბ---–---–ის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილის არსებობა იარაღზე, ერთი მხრივ გამორიცხავს ნ-------------ის ჩვენებას, რომ იარაღთან მას მეტად ჰქონდა შემხებლობა, ვიდრე კ------- ბ---–---–ს და, მეორე მხრივ, ადასტურებს კ------- ბ---–---–ის ინტენსიურ კონტაქტს აღნიშნულ იარაღთან.

 

სააპელაციო პალატას სურს, აღნიშნოს კონკრეტული მტკიცებულების მაღალი სტანდარტი, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება "დნმ"-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას და ამ მტკიცებულების წონას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზრალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Vronchenko v. Estonia no. 59632/09 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება §19, 64 და 66). ამდენად, თვალნათელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო "დნმ"-ის მტკიცებულებას პირის ბრალეულობის დასაბუთებისთვის. "დნმ"-ის ექსპერტიზით დადგენილი მონაცემები გაცილებით უტყუარია და ითვლება უალტერნატივო საშუალებად დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად.

 

დაცვის მხარის მტკიცებით, კ------- ბ---–---–ს რომ იარაღთან მჭიდრო შეხება არ ჰქონია, დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ კ------- ბ---–---–ის გენეტიკური კვალი არ აღმოჩნდა იარაღის მჭიდსა და ვაზნებზე, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის N96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N262აპ-17 გადაწყვეტილებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, იმ ვითარებაში, როდესაც ცალსახად არის დადასტურებული კ------- ბ---–---–ის შემხებლობა ცეცხლსასროლი იარაღთან, იარაღის კონკრეტულ უბნებზე (მჭიდსა და ვაზნებზე) გენეტიკური კვალის აღმოუჩენლობა ვერ გახდება პირის გამართლების უპირობო საფუძველი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, რომ არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის (იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების) ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ საფუძველს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ კ------- ბ---–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით - იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარად ვერ დადგინდა, რომ კ------- ბ---–---–ი 2017 წლის 17 თებერვალს ქ.თბილისში, გ-–-----ს ხ---ს №6 კ--------ში, ბინა №----ში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: 0,000125 გრამ ამფეტამინსა და 0,000034 გრამ მეტამფეტამინს, კ------- ბ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით კრიმინალიზებულია პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალება განკუთვნილი უნდა იყოს პირადი მოხმარებისათვის; ბ)მცირე ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით; და გ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირი ერთხელ უკვე უნდა იყოს ნასამართლევი და ეს ნასამართლობა არ უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარად არ დადასტურდა, რომ კ------- ბ---–---–ი 2017 წლის 17 თებერვალს ქ.თბილისში, გ-–-----ს ხ---ს №6 კ--------ში, ბინა №----ში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება 0,000055 გრამ ბუპრენორფინს, კ------- ბ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით იარაღის ყიდვას, ნაპოვარის დაუფლებას, საჩუქრად მიღებას და ა.შ. შეძენა დამთავრებულია მას შემდეგ, რაც პირს მიეცემა ამ იარაღის და საბრძოლო მასალის განკარგვის უფლება. შენახვა კი გულისხმობს იარაღის და საბრძოლო მასალისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება ნიშნავს იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად გადაადგილებას, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ტარება შეიძლება, განხორციელდეს მანქანით, ჩანთით, ტანსაცმლით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უტყუარად არის დადგენილი, რომ კ------- ბ---–---–მა კანონით გათვალისწინებული წესის დაუცველად დაუდგენელ დროს და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე კანონით დადგენილი ნებართვის გარეშე ინახავდა ავტომანქანაში და თან ატარებდა 2017 წლის 14 ნოემბერს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ყველა სავალდებულო სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც კ------- ბ---–---–ი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ მითითებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კ------- ბ---–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ კ------- ბ---–---–ის მიმართ უნდა შეიცვალოს.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია), რითიც მსჯავრი დაედო კ------- ბ---–---–ს, სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) - ასევე უალტერნატივოდ ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს კ------- ბ---–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს კ------- ბ---–---–ის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს (იარაღის დემონსტრირებით ცდილობდა ,,მეთადონის“ კუთვნილი ულუფის მიღებას), დანაშაულის ჩადენის ხერხს (იარაღის საჯაროდ დემონსტრირებამ მოქალაქეებში შიში და პანიკა გამოიწვია), დანაშაულის ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის განგრძობადი დანაშაულები), მის პიროვნებას (ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის და ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში), თუმცა საყურადღებოა, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია თითქმის ორი წელი, ასევე გასათვალისწინებელია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს კ------- ბ---–---–ის ჯანმრთელობის მდომარეობა, იგი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, აღრიცხვაზე იმყოფებოდა ,,მეთადონის“ ჩანაცვლებით პროგრამაში და მისი ფსიქიკის რყევა გამოიწვია სწორედ იმ ფაქტმა, რომ შესაძლოა, დაგვიანების გამო ,,მეთადონის“ კუთვნილი ულუფის გარეშე დარჩენილიყო, რისი გათვალისწინებით მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 2 წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რეციდივის წესის გათვალისწინებით, ვინაიდან დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

ამდენად, ვინაიდან კ------- ბ---–---–მა, 2017 წლის 14 ნოემბერს დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და კ------- ბ---–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვეროს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სახეზე არ გვაქვს პირობით მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მიზანშეწონილად თვლის სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ინსულინის შპრიცები ხსნარებით, აბები, კ------- ბ---–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა განადგურდეს; კ------- ბ---–---–ის პირადობის მოწმობა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულს; ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.

 

6. აღკვეთის ღონისძიების და ყადაღის ბედის გადაწყვეტა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით, სისხლის სამართლის N1/1100-17 საქმეზე (გამოძიების N0-----------) გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მარინე ხუციშვილის ქონებაზე (საკადასტრო კოდი 0---------------, მდებარე თბილისი, სოფელი დ------ი, თ--–-----ის დასახლება, ნაკვეთი 9-----) დადებული ყადაღა გაუქმდა და პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონება აღსასრულებლად მიექცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. განჩინების გამოტანის სამართლებრივი საფუძველი გახდა კ------- ბ---–---–ის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობის და კანონის დარღვევა სხვა დანაშაულის ჩადენის გამო (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები), რაზეც სააპელაციო პალატა დამატებით აღარ იმსჯელებს.

 

2018 წლის 16 მარტს, სსკ-ის 236-ე მუხლის ბრალდების საქმეზე 2017 წლის 16 ნოემბერს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიცვალა გირაოთი 2 000 ლარით და კ------- ბ---–---–ი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. 2018 წლის 26 ოქტომბერს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე კ------- ბ---–---–ის მიერ გადახდილი გირაოს თანხა 2 000 ლარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადაირიცხა ბიუჯეტში. განჩინების გამოტანისს სამართლებრივი საფუძველი გახდა კ------- ბ---–---–ის მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობის და კანონის დარღვევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით სხვა დანაშაულის ჩადენის გამო (სხვა სისხლის სამართლის საქმე - გამოძიების N0-----------, წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი).

 

მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2019 წლის 2 აპრილს გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ ეს განაჩენი გასაჩივრებულია ზემდგომ ინსტანციაში და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ამ ეტაპზე იმსჯელოს გირაოს დაბრუნება/არდაბრუნების საკითხზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ „დ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ------- ბ---–---–ის ადვოკატის იმედა ბეროშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ კ------- ბ---–---–ის მიმართ;

 

კ------- ბ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

 

კ------- ბ---–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 13 ივლისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით კ------- ბ---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და კ------- ბ---–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

კ------- ბ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 7 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 17 თებერვლიდან 2017 წლის 27 თებერვლის ჩათვლით და 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ნივთმტკიცება:

 

- კ------- ბ---–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ინსულინის შპრიცები ხსნარებით, აბები, კ------- ბ---–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს;

 

- კ------- ბ---–---–ის პირადობის მოწმობა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულს;

 

- ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე