საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.06.2026
საქმის ნომერი
2კ-1148აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1148აპ-25 ქ. თბილისი

გ. გ., 1148აპ-25 22 ივნისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),გოჩა აბუსერიძე, ამირან ძაბუნიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის – გიორგი გობრონიძისა და მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. გ-ეს, – პირადი ნომერი: -, – ბრალად ედებოდა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი);

1.1. გ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1.1 2025 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ-ში მდებარე სახლში, ალკოჰოლით მთვრალი გ. გ-ე, არაერთგზის, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას – ხ. გ-ეს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.1.2. 2025 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, ბ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ფ-ში მდებარე სახლში, გ. გ-ე, არაერთგზის, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დას – ხ. გ-ეს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 20 აპრილის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 22 აპრილის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.3. გ. გ-ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2025 წლის 22 აპრილიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი გობრონიძემ მოითხოვა გ. გ-ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილ მუქარის ორივე ეპიზოდში და მისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი – კანონიერი – სასჯელის განსაზღვრა.

3.2. მსჯავრდებულმა გ. გ-ემ მოითხოვა სრულად გამართლება, იმავდროულად, მოითხოვა სასჯელის ¼-ით შემცირება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი – გიორგი გობრონიძე ითხოვს გ. გ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი მუქარის ორივე ეპიზოდში და მისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

5.2. მსჯავრდებული გ. გ-ე ითხოვს სრულად გამართლებას.

5.2.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა გ. გ-ემ. დაცვის მხარე ითხოვს დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი. იმავდროულად, მსჯავრდებული გ. გ-ე მიუთითებს, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი მას ჩაჰბარდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ და ითხოვს წერილობით ეცნობოს ,,პროკურორის საკასაციო საჩივრის უარყოფის შესახებ”. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

5.2.1.1. საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში”;

5.2.1.1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი გობრონიძემ გაასაჩივრა – 2025 წლის 10 დეკემბერს – საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით.

5.2.1.2. საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო საკასაციო საჩივრის ასლს არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნის მეორე მხარეს, რათა მან წარადგინოს საჩივრის შესაგებელი. მეორე მხარემ სასამართლოს შესაგებელი უნდა წარუდგინოს საჩივრის ასლის მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა“. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროკურორის საკასაციო საჩივარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულისთვის გადასაცემად გაუგზავნა საკასაციო საჩივრის მიღებიდან მეორე დღესვე – 2025 წლის 11 დეკემბერს;

5.2.1.3. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, გ. გ-ემ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი ჩაიბარა – 2025 წლის 12 დეკემბერს (ტ. N13; ს.ფ. 193);

5.2.1.4. შესაბამისად, მართალია გ. გ-ეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი ჩაჰბარდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა კანონით დადგენილი ვადის დაცვით და დაცვის მხარეს არ შეეზღუდა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე საჩივრის შესაგებელის წარმოდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, გ. გ-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/ების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად (იხ.: მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2025 წლის 20 ნოემბრის №751აპ-25, 2025 წლის 12 ნოემბრის №737აპ-25, 2025 წლის 28 ივლისის №193აპ-25).

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par. 30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ., Fomin v. Moldova, no. 36755/06, par. 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვს გ. გ-ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილ მუქარის ორივე (2025 წლის 20 აპრილის და 2025 წლის 22 აპრილის) ეპიზოდში და მისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – გ. გ-ის უდანაშაულოდ ცნობას მისთვის მსჯავრადშერაცხილ ეპიზოდშიც. იმავდროულად, გ. გ-ე, შესაგებლით, ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა დავის საგანს არ წარმოადგენს კვალიფიკაციის საკითხი.

10. ბრალდების მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის“ შეტყობინება, დაზარალებულის ჩვენება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მოწმეების – მ. ბ-ის (მეზობელი), ასევე – გამომძიებლების/დეტექტივების – მ. ბ-ოს, მ. მ-ის, მ. წ-ის, რ. ჩ-ის, ნ. წ-ისა და ვ. ზ-ის ჩვენებები), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება გ. გ-ის მიერ, როგორც 2025 წლის 22 აპრილს, ასევე – 2025 წლის 20 აპრილს, დის – ხ. გ-ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენა.

10.1. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ. გ-ის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 20 აპრილის ეპიზოდში) დამნაშავედ ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ამ ნაწილში გ. გ-ის გამართლება განაპირობა.

10.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

10.2.1. დაზარალებულმა ხ. გ-ემ დაკითხვისას მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ 2025 წლის 20 აპრილს ძმა – გ. გ-ე – არ დამუქრებია, – მხოლოდ ეუბნებოდა: ,,წადი, დამტოვე“. მსჯავრდებულის მხრიდან მუქარა განხორციელდა მხოლოდ 2025 წლის 22 აპრილს (18:18:20).

10.2.2. სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის“ 2025 წლის 22 აპრილის შეტყობინება არ უთითებს გ. გ-ის მიერ, 2025 წლის 20 აპრილს, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე.

10.2.3. მოწმეების – მ. ბ-ის (მეზობელი) და გამომძიებლების/დეტექტივების – მ. ბ-ოს, მ. მ-ის, მ. წ-ის, რ. ჩ-ის, ნ. წ-ისა და ვ. ზ-ის ჩვენებები გ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 20 აპრილის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით არის ირიბი, რადგან ისინი ინციდენტის – გ. გ-ის მიერ ხ. გ-ის მიმართ მუქარის – შემსწრენი არ არიან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და მომხდარის შესახებ ინფორმაცია გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. საკასაციო სასამართლო კი ამჯერადაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-52);

10.2.4. ამასთან, მართალია, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2025 წლის 22 აპრილის ოქმი (ტ. N1; ს.ფ. 30-58) უთითებს გ. გ-ეზე, როგორც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 20 აპრილის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირზე, თუმცა აღნიშნული მტკიცებულების პირველწყარო არის დაზარალებული, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას არ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში (ასევე შემაკავებელ ორდერში (ტ. N2; ს.ფ. 283-293)) მითითებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, გ. გ-ე, მათ შორის, 2025 წლის 20 აპრილს ,დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით (ტ. N1; ს.ფ. 30-58).

10.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

10.4. „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10.5. მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, par.82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის და საქართველოს სსკ-ით დაცული ობიექტის მიუხედავად, არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (იხ.: მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის №4აპ-23 განჩინება).

10.6. უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). ამასთან, მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა პირის ქმედებაში (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ დასტურდება გ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 20 აპრილის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სასამართლო მოკლებულია ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

11. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი პირდაპირი/გარემოებითი (მათ შორის, დაზარალებულ ხ. გ-ის ჩვენების, სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის“ 2025 წლის 22 აპრილის შეტყობინების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და სხვა) მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას გ. გ-ის უდანაშაულობის შესახებ. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს:

11.1. დაზარალებული ხ. გ-ის ჩვენებით დგინდება, რომ 2025 წლის 22 აპრილს საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტისას ძმა – გ. გ-ე – დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა: ,,მოგკლავ“. შიშის გამო გაიქცა სახლიდან და დარეკა სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში“ (16:53:50; 18:11:31; 18:19:55). დაზარალებულმა დაადასტურა, რომ სახლში მყოფი გ. გ-ე, მუქარის შემცველი სიტყვების წარმოთქმის პარალელურად, წავიდა კარის (რომელთანაც იდგა დაზარალებული) მიმართულებით, ხ. გ-ეს შეეშინდა – ,,ჩემი დამემართა, რაც დამემართა და რომ მოვმკვდარიყავი იმ დროს ის ჯობდა“ და აუკანკალდა ფეხები (18:19:50). სწორედ ამ შიშის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია (18:12:54).

11.2. დაზარალებულმა დაკითხვისას მკაფიოდ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია 2025 წლის 22 აპრილის მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით.

11.3. სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის“ შეტყობინებით დასტურდება, რომ 2025 წლის 22 აპრილს დაზარალებულს და მსჯავრდებულს ჰქონდათ კონფლიქტი.

11.4. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. დაზარალებულმა სასამართლოში კატეგორიულად დაადასტურა, რომ 2025 წლის 22 აპრილს გ. გ-ე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნული მუქარით შეშინებულმა დაუყონებლივ მიმართა – დარეკა – სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში“. დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს დამაჯერებელ, თანმიმდევრულ და ურთიერთშეთავსებად მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ფაქტს, ქმედების შინაარსს, მის ჩადენის დროს, ადგილს, ვითარებასა და გარემოებებს, აგრეთვე დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმას და მისგან გამოწვეულ შიშს.

11.5. ამდენად, დაზარალებულის პირდაპირი მამხილებელი ჩვენებითა და სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის“ შეტყობინებით დასტურდება, რომ 2025 წლის 22 აპრილს ძმის მუქარით შეშინებულმა ხ. გ-ემ ითხოვა საპატრულო პოლიციის დახმარება.

11.6. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მით უფრო, არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის N594აპ-22 განჩინება). „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, par. 69, ECtHR, 18/06/2021; Lisica v. Croatia, no. 20100/06, par. 49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, paras.162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, paras. 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, paras. 56-58, ECtHR, 14/09/2019).

11.6.1. საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

11.7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორი – დაცვის მხარის – გ. გ-ის მტკიცებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი/ირიბი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმის ჩვენება, რაც დაადასტურებდა მის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 22 აპრილის ეპიზოდში) გათვალისწინებული, დანაშაულის ჩადენას.

12. დაცვის მხარე კასატორი ასევე უთითებს, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის“ ჩანაწერის თანახმად, დაზარალებული კითხვაზე ფიგურირებს თუ არა იარაღი, ოპერატორს პასუხობს: ,,- არა“, შესაბამისად გაუგებარია დაზარალებულის მიერ დანაზე მითითება. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულმა ვერ განმარტა მისი გამოკითხვის ოქმში ასახული ცალკეული ტერმინების მნიშვნელობა.

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალდების მხარე გ. გ-ეს არ ედავება იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის (ორ ეპიზოდად) ჩადენას (ტ. N2; ს.ფ. 294-296).

12.2. დაცვის მხარე კასატორის მტკიცებით, ვინაიდან დაკითხვისას დაზარალებულმა (მსჯავრდებულის კითხვაზე) განმარტა, რომ მასთან ხმის ნიმუშის აღება არ ჩატარებულა, –მამხილებელ მტკიცებულებად ვერ იქნება გამოყენებული ხმის ნიმუშის ოქმი ან/და აუდიოჩანაწერი; ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დაუდგენელი დარჩა სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში“ შესული შეტყობინების ინიციატორის – ქალი – ვინაობა, რის გამოც 2025 წლის 5 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა აღნიშნული ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი – ასმათ მატუშევსკაია.

12.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ხ. გ-ემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2025 წლის 22 აპრილს ძმასთან – გ. გ-ესთან – კონფლიქტის გამო მან თავად დარეკა სსიპ ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში“ და შიშის გამო ითხოვა დახმარება (18:11:24).

12.2.2. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა იმ გარემოებას, რომ 2025 წლის 22 აპრილს სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში“ დაზარალებულმა დარეკა, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გაეზიარებინა დაცვის მხარის პოზიცია.

12.2.3. იმავდროულად, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” 2025 წლის 1 სექტემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სადავო აუდიო ჩანაწერზე დაფიქსირებული ქალის ხმა არ არის ვარგისი პიროვნების საიდენტიფიკაციო კვლევისათვის, ვინაიდან მისი ხმის აუდიტორული და აკუსტიკული მახასიათებლები არ აკმაყოფილებს ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს (ტ. N8; ს.ფ. 317-323).

12.2.3.1. ამდენად, აღნიშნული დასკვნის თანახმად, არ გამოირიცხა სადავო ჩანაწერში დაფიქსირებული ქალის ხმის ხ. გ-ისადმი კუთვნილება, არამედ, დადგინდა, რომ ვერ ჩატარდა მოსაუბრე ქალის ხმისა და მეტყველების მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციო კვლევები, – სადავო აუდიოჩანაწერზე ქალი საუბრობს ძირითადად ემოციურად, ჩაწერის აკუსტიკური გარემო ცვალებადია. გამოსაკვლევი დიქტორი ქალის სამეტყველო სიგნალები არ არის ვარგისი აკუსტიკური ანალიზის ჩასატარებლად, რადგან საკმარისი რაოდენობით ვერ ხერხდება სეგმენტების გამოყოფა, რომლებიც არ შეიცავს გადაფარვებს და არ არის ემოციური.

12.2.4. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ გ. გ-ის მოთხოვნას, სსიპ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში“ შესული შეტყობინების – აუდიოჩანაწერის – არ გაზიარების თაობაზე.

12.3. გ. გ-ე ასევე უთითებს, რომ ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმე ლ. შ-ე (დაზარალებულის შვილი);

12.3.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება უშუალოდ მუქარის ნაწილში ირიბია, ვინაიდან იგი (ლ. შ-ე) ინციდენტის/ების – მუქარა/ები – შემსწრე არ არის;

12.3.2. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემდეგი განჩინებები: 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20; ასევე – 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).

12.3.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმების (მათ შორის, 2025 წლის 24 აპრილის ოქმი; ტ. N1; ს.ფ. 151-152) თანახმად, რომელიც ხელმოწერილია მსჯავრდებულის მიერ, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმე ლ. შ-ის გამოკითხვის ოქმი, ხოლო დაცვის მხარეს არ წარუდგენია სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა სადავო მოწმის დაკითხვის მოთხოვნით (2025 წლის 12 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ კონკრეტულ მოწმეს შეეძლო, დაედასტურებინა მსჯავრდებულის უდანაშაულობა/მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც მას ბრალი დაედო, ან/და მიეწოდებინა დაცვის მხარისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია/დაედასტურებინა დაცვის მხარის სასარგებლო პოზიცია, მსჯავრდებულს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე, ჰქონდა შესაძლებლობა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით მოეთხოვა აღნიშნული მოწმის დაკითხვა არსებით სასამართლო სხდომაზე.

12.4. კასატორის მტკიცებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას დაირღვა რიგი საპროცესო ნორმები, მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, ვინაიდან გამომძიებლები (მათ შორის, ვ. ზ-ე, მ. მ-ე) პროკურორის დავალების გარეშე ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ საქმის გამომძიებლები;

12.4.1. საქართველოს სსსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს, პროკურორის დავალებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატაროს საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება. ამასთან, საქართველოს სსსკ-ი არ ადგენს პროკურორის დავალების ფორმას.

12.4.2. მოწმე მ. მ-ემ (საქართველოს შსს-ოს ბ-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებლი) განმარტა, რომ 2025 წლის 22 აპრილს, სამმართველოში ხ. გ-ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე შესული შეტყობინების საფუძველზე გამომძიებლმა მ. ბ-ომ დაიწყო გამოძიება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, იგი, როგორც საქართველოს შსს ბ-ის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი, დაემატა პროგრამულად და აღნიშნულით მიენიჭა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების უფლება (13:09:00).

12.4.3. მოწმე ვ. ზ-ემ (გამომძიებელი) განმარტა, მათ შორის, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ძირითადი გამომძიებელი იყო მ. ბ-ო (14:08:57).

12.4.4. მ. ბ-ომ (გამომძიებელი) განმარტა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, მსჯავრდებულს წარუდგინა ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება, ხ. გ-ე ცნო დაზარალებულად, ასევე დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები (12:25:15).

12.4.4.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს მოწმე მ. ბ-ოსთვის, როგორც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მთავარი გამომძიებლისთვის, დაკითხვისას არ დაუსვამს კითხვები კონკრეტული გამომძიებლების მიერ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლისა და უფლებამოსილების შესახებ. შესაბამისად, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.

12.5. კასატორის მტკიცებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე ადგილი ჰქონდა მის წამებას, კერძოდ, გამომძიებელ მ. ბ-ოს 2025 წლის 25 აპრილის უსაფუძვლო დადგენილების საფუძველზე, იმყოფებოდა იზოლაციაში – უვენტილაციო საკანში – რა დროსაც ადვოკატთან დაკავშირების უფლებაც კი წართმეული ჰქონდა. იმავდროულად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას გამოიკვეთა სამოხელეო დანაშაულის, უკანონო დაკავების, დაპატიმრებისა და მსჯავრდების, აგრეთვე – საქართველოს სსკ-ის 372-ე, 375-ე და 369¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულ(ებ)ის ნიშნები.

12.5.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, მათ შორის, 2025 წლის 12 ივნისს (ტ. N3; ს.ფ. 230), ასევე – 2025 წლის 25 ივნისს (ტ. N5; ს.ფ. 51-52), საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე რეაგირებისათვის მიმართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გ. გ-ის პრეტენზიებთან დაკავშირებით (გ. გ-ის განმარტებით, მის მიმართ ადგილი აქვს სისტემატიურ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ბადრაგირებისას ავტომანქანის ძარაში ყოფნისას მას ადებენ ხელბორკილებს. გაუსაძლისია საკანში ყოფნა). იმავე – 2025 წლის 25 ივნისის – სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გ. გ-ეს განუმარტა, რომ მან, ისევე როგორც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ, არაერთხელ მიმართა რეაგირებისათვის სათანადო სამსახურს, რაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა თავად მსჯავრდებულმაც (14:21:45);

12.5.2. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შესაბამისი ორგანოსათვის იგივე გარემოებებთან დაკავშირებით განმეორებით მიმართვის საჭიროება. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია თავადაც მიმართოს შესაბამისი განცხადებით საგამოძიებო ორგანოს.

12.6. კასატორი მსჯავრდებულის მტკიცებით, 2025 წლის 24 აპრილს პოლიციის თანამშრომლებმა N- დაწესებულებაში შეასახლეს ისე, რომ არ არსებობდა შესაბამისი განკარგულება/სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, გამოძიების პროცესში – 2025 წლის 25 აპრილიდან 2025 წლის 12 ივნისამდე – იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.

12.6.1. ბრალდებულის დაკავების 2025 წლის 22 აპრილის ოქმის თანახმად, გ. გ-ე დააკავეს – 2025 წლის 22 აპრილს, 23:00 საათზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, საქართველოს სსსკ-ის 170-ე, 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობით, ვინაიდან: ,,იგი შესაძლოა მიიმალოს” (ტ. N1; ს.ფ. 11-15); ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით გ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა (ტ. N1; ს.ფ. 156-162); ამავე განჩინების თანახმად, სასამართლომ შეამოწმა გ. გ-ის დაკავების კანონიერება და აღნიშნა, რომ ,,გ. გ-ის დაკავებისას, მისი ბრალდებულად ცნობისას, ასევე სხვა საპროცესო მოქმედებათა განხორციელებისას არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა, რაც გამოიწვევდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმას, საქმის მასალებით არ დასტურდება"(ტ.1, ს.ფ. 157). საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის განჩინების (რომლის თანახმად, გ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განჩინებაზე ბრალდებულ გ. გ-ის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი) თანახმად, საქმის მასალების მიხედვით გ. გ-ე დაკავებული იქნა საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ტ. N1; ს.ფ. 164-168), ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, გ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – დარჩა ძალაში (ტ. N3; ს.ფ. 203).

12.6.2. საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ,,პირი შესაძლოა მიიმალოს“. გ. გ-ის მიმართ გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, განხორციელებული დაკავების კანონიერება შესწავლილი იქნა სასამართლოს მიერ საქართველოს სსსკ-ის შესაბამისად.

12.7. კასატორის მტკიცებით, გამომძიებელმა დაკითხვისას ვერ განმარტა, რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე გამოსცა შემაკავებელი ორდერი ო. პ-ემ, მაშინ როდესაც წინა მსჯავრდების ფარგლებში ტოვებდა საპატიმრო დაწესებულებას გ. გ-ე.

12.7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ო. პ-ის ჩვენების თანახმად, გ. გ-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2025 წლის 8 აპრილს. მ. ჩ-ის მომართვის საფუძველზე, მსჯავრდებულსა და მ. ჩ-ეს შორის წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, 2025 წლის 7 აპრილს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მონიტორინგი დაევალა მას – ო. პ-ეს, როგორც უბნის ინსპექტორს. იგი მიდიოდა (იყო დაახლოებით 4-5-ჯერ), როგორც გ. გ-ესთან, ასევე – მ. ჩ-ესთან და ამოწმებდა ხომ არ ხდებოდა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობა (13:49:48). მ. ჩ-ის განცხადების საფუძველზე, 2025 წლის 7 აპრილს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ვინაიდან გ. გ-ე პენიტენციური დაწესებულებიდან თავისუფლდებოდა 2025 წლის 8 აპრილს (13:58:00), ორდერის მონიტორინგის მიზნით, გ. გ-ესთან, მათ შორის, მისული იყო პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღეს – 2025 წლის 8 აპრილს, რა დროსაც შედგა შესაბამისი ოქმი, ისაუბრეს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან. ამ დროს სახლში მივიდა ხ. გ-ეც (13:54:05). ვინაიდან და-ძმას შორის იყო კონფლიქტი (აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ხ. გ-ისგან (13:57:00)), ო. პ-ემ, როგორც უბნის ინსპექტორმა გ. გ-ეს ჰკითხა, და-ძმას ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით ხომ არ ექნებოდათ პრობლემა, რაზეც გ. გ-ემ უპასუხა, რომ არ ექნებოდა (13:55:29). შესაბამისად, გ. გ-ე და ხ. გ-ე ერთად ცხოვრობდნენ (13:51:39). მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2025 წლის 22 აპრილს, შსს ბ-ის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, შსს ბ-ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გამოცხადა გ. გ-ის საცხოვრებელ ბინაზე, რა დროსაც ხ. გ-ემ განაცხადა, რომ გ. გ-ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც იგი გადაიყვანეს შსს ბ-ის რაიონულ სამმართველოში, გამოკითხვის მიზნით (13:51:58).

12.7.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. გ-ის მიმართ 2025 წლის 7 აპრილს გამოცემული შემაკავებელი ორდერი (რომელიც გამოიცა მ. ჩ-ის მოთხოვნის საფუძველზე და რომლის თანახმად, მსხვერპლმა მ. ჩ-ემ შიშის გამო მოითხოვა გ. გ-ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ვინაიდან მისი განმარტებით გ. გ-ე, რომელიც მას 2020 წლის 19 ივნისს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და რომელიც მასზე განაწყენებულია, საპატიმრო დაწესებულებიდან თავისუფლდება (ტ. N2; ს.ფ. 272-280)) არ არის რელევანტური მტკიცებულება განსახილველ – ხ. გ-ის მიმართ შესაძლო მუქარის – საქმეზე.

12.7.3. გარდა ამისა, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს, მათ შორის, მსხვერპლს. მე-2 ნაწილის თანახმად, ამავე კანონის მე-171 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ, აგრეთვე განახორციელოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისი რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებისგან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. თუ აღნიშნული ინფორმაცია იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლის მიმართ ძალადობა შეიძლება განმეორდეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მის გამოსაცემად სავალდებულო არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოთხოვნის არსებობა, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები მისი უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით.

12.8. კასატორის მტკიცებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენი არის პირველი ინსტანციის უკანონო განაჩენის ასლი. იმავდროულად, განაჩენში მითითებული მოტივაცია, რომ ,,გ. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით”, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მას (მსჯავრდებულს) არ დაუყენებია შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულების დასაშვებად ცნობის თაობაზე.

12.8.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2025 წლის 12 ივნისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა გიორგი გობრონიძემ განმარტა, რომ ბრალდების მხარე მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ხდის სადავოდ, ხოლო გ. გ-ემ დააყენა შუამდგომლობა ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით ((14:22:34); ტ. N3; ს.ფ. 198-207). ამდენად, მართალია გ. გ-ემ შუამდგომლობით მოითხოვა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის საფუძველზე არ გაიზიარა გ. გ-ის პოზიცია, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და დაამტკიცა ისინი, როგორც სადავო მტკიცებულებები.

12.9. კასატორი ასევე უთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჯოხაძემ მიუხედავად იმისა, რომ მას წინასასამართლო სხდომაზე განხილული ჰქონდა გ. გ-ის მიმართ წარმოებული ერთ-ერთი (სხვა/არა განსახილველი) სისხლის სამართლის საქმე, არ მიიღო თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება.

12.9.1. საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, მათ შორის, როგორც წინასასამართლო სხდომის მოსამართლე. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში – ,,ამ საქმეში“ – წინასასამართლო სხდომის მოსამართლე არ იყო/არ მონაწილეობდა მოსამართლე ნანა ჯოხაძე, – განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წინასასამართლო სხდომა განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ – თათია გოგოლაურმა (ტ. N.3; ს.ფ. 198-207). შესაბამისად, არ არსებობდა მოსამართლის – ნანა ჯოხაძე – მიერ, საქართველოს სსსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, თვითაცილების საფუძველი.

12.10. კასატორის მტკიცებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით შეიზღუდა მისი უფლებები (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჯოხაძე ,,თუკი მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას თანხმდებოდა, რატომ მხარეთა მონაწილეობით სააპელაციო არსებითი სხდომა არ დაინიშნა“ (ტ. N12, ს.ფ. 2-5)), საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე”.

12.10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. აპელანტებს (მათ შორის არც გ. გ-ეს) არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევის შესახებ.

12.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინების თანახმად, სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ: საქმე განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, აპელანტი არ ითხოვდა დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენას და გამოკვლევას (იხ.: ტ. N10; ს.ფ. 17-18).

12.11.1. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს, მათ შორის, მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ადგენს: ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას”.

12.11.2. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, დაცვის მხარე არ ითხოვდა ახალი მტკიცებულების გამოკვლევას, არ დავობდა/არ დაუყენებია შუამდგომლობა მტკიცებულების/ების კანონის არსებითი დარღვევით გამოკვლევასა და ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე; აპელანტი დაცვის მხარის მსჯელობა მიემართებოდა სამართლებრივ და არა ფაქტობრივ საკითხებს, რაც უპირობოდ არ მოითხოვს ზეპირი მოსმენით სასამართლო სხდომაზე განხილვას.

12.11.3. ზეპირი განხილვით სასამართლო „მოსმენების ჩატარების ვალდებულება არ არის აბსოლუტური (იხ. Håkansson and Sturesson v. Sweden, no. 11855/85, par.66, ECtHR, 21/02/1990). „ზეპირი მოსმენის გარეშე საკითხის განხილვა/გადაწყვეტა თავისთავად და ყოველთვის არ ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65).

12.11.4. „მაშინაც კი, როდესაც სააპელაციო სასამართლოს აქვს საქმის განხილვის იურისდიქცია როგორც ფაქტებთან, ისე კანონიერებასთან მიმართებით, სასამართლოს არ შეუძლია დაადგინოს, რომ მე-6 მუხლი ყოველთვის მოითხოვს ზეპირ სხდომაზე განხილვას იმ საკითხების ხასიათის მიუხედავად, რომლებზეც უნდა იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება (იხ.: Mchedlishvili v. Georgia, no. 894/12, par.32, ECtHR, 25/05/2021, Muttilainen v. Finland, no. 18358/02, par.23, ECtHR, 22/05/2007).,,ზეპირი მოსმენა აუცილებელი არ არის: მაგალითად, სადაც სასამართლოებს შეუძლიათ სამართლიანად და გონივრულად გადაწყვიტონ საქმე მხარეთა წარდგინებისა და სხვა წერილობითი მასალების საფუძველზე“ (იხ.: Kezerashvili v.Georgia, no. 11027/22, par.101, ECtHR, 5/12/2024).

12.11.5. „ზეპირი განხილვის უფლების დაცვის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამართალწარმოების შინაარსზე. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვა უკავშირდება ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების დადგენას, ნაკლებია ზეპირი მოსმენის გამართვის ინტერესი. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრინციპი jura novit curia („სასამართლომ იცის კანონი“) და მხარეების მიერ სამართლებრივ გარემოებებზე მითითებას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42).

12.12. მსჯავრდებულის პრეტენზიაზე, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების ქონება უმეთვალყურეოდ იქნა დატოვებული, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს შსს ი-ს პოლიციის დეპარტამენტის ბ-ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) განყოფილების უბნის ინპექტორის ო. პ-ის წერილს, რომლის თანახმად, გ. გ-ეს ეცნობა, რომ მის საცხოვრებელ სახლში არსებული მისი ნივთები ჩაიბარეს მისმა (გ. გ-ე) ნდობით აღჭურვილმა პირებმა: გ. გ-ემ და ტ. ჩ-ემ და ისინი ინახება გ. გ-ის საცხოვრებელ სახლში (ტ. N10; ს.ფ. 225)

12.13. სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს მსჯავრდებულ გ. გ-ის ის საჩივრები და განცხადებები, რომლებიც სასამართლოს წარედგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12.14. შესაბამისად, გ. გ-ის პოზიცია/ები უსაფუძვლოა.

13. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით; საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სსკ-ის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამასთან, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

13.1. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გ. გ-ე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით ნასამართლევია, მათ შორის: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, მის მიერ ჩადენილი ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 22 აპრილის ეპიზოდში).

14. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით“ (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017) და „როდესაც სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

15. „საკასაციო საჩივრების დასაშვებობის კრიტერიუმების შემოღება და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan v. Armenia, no. 15371/07, par. 22, ECtHR, 19/01/2010; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009).

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით, 306-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი – გიორგი გობრონიძისა და მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ა. ძაბუნიძე