დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-166-2026
19 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – პ.ბ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ნი (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორები - შპს „ნ–ი“, თ.ბ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან აქციების გამოთხოვა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ.მ–ნმა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ბ–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“), შპს „ნ–ისა“ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“) და პ.ბ–ნის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: - გაუქმდეს მესამე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სს „ა–ას” აქციათა 90,4013 პროცენტზე (1,384,941 აქცია) და აქციათა რეესტრში სს „ა–ას” აქციათა 90,4013 პროცენტზე (1,384,941 აქცია) დარეგისტრირდეს მოსარჩელის საკუთრების უფლება;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 7 570 312, 5 აშშ დოლარის გადახდა;
- პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 117 187,5 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: - გაუქმდა მესამე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სს „ა–ას” აქციათა 90,4013 პროცენტზე (1,384,941 აქცია) და დადგინდა აქციათა რეესტრში სს „ა–ას” აქციათა 90,4013 პროცენტზე (1,384,941 აქცია) მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 570 312,5 აშშ დოლარის გადახდა;
- პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 117 187,5 აშშ დოლარის გადახდა.
4. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები, რომლებითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს; აპელანტებმა ასევე მოითხოვეს იმავე სასამართლოს 28.09.2022წ., 17.04.2024წ. და 03.06.2025წ. საოქმო განჩინებების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 6.1. სს „ა–ი” (საფირმო სახელწოდების ცვლილების შემდეგ - სს „ა–ა”) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა 1997 წლის 11 დეკემბერს. დაფუძნების მომენტისათვის კომპანიის აქციათა 100%-ის მესაკუთრე იყო სახელმწიფო;
6.2. 1998 წლის ნოემბერში საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ აუქციონზე გასაყიდად გაიტანა სს „ა–ის” აქციების ნაწილი (51%), ხოლო 1999 წლის გაზაფხულისთვის დარჩენილი ნაწილი (49%), რომლებიც შეიძინეს მოსარჩელემ და სხვა ფიზიკურმა პირებმა. აქციები შეძენის შედეგად გადანაწილდა შემდეგი სახით:
1) გ.ე–ვი - 18,533 აქცია (1,21%);
2) გ.გ–ია - 165,654 აქცია (10,813%);
3) მოსარჩელე - 222,110 აქცია (14,498%);
4) ო.გ–ია - 76,498 აქცია (4,993%);
5)ზ.ლ–ი - 174,416 აქცია (11,385%);
6) მ.კ–ძე (რომელსაც ამჟამად წარმოადგენენ მისი მემკვიდრეები: ქ.კ–ძე, ვ.კ–ძე, ბ.კ–ძე) - 275,391 აქცია (17,976%); 7) გ.ღ–ძე - 251,827 აქცია (16,438%);
8) ი.ნ–ი - 76,491 აქცია (4,993%);
9) დ.ბ–ძე - 124,021 აქცია (8,097%);
ჯამურად - 1 384 941 აქცია, 90,4013%. დარჩენილ 10%-ზე ნაკლებ აქციებს ფლობდნენ სხვა ფიზიკური პირი აქციონერები;
6.3. 2007 წლის 13 თებერვალს გ.ე–ვს, გ.გ–იას, მოსარჩელეს, ო.გ–იას, ზ.ლ–ს, მ.კ–ძეს, გ.ღ–ძეს, ი.ნ–ს, დ.ბ–ძესა (გამყიდველი) და შპს „ს–ს” (მყიდველი) შორის დაიდო სს „ა–ის” აქციათა ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულებების მიხედვით, ერთი აქციის ფასი განისაზღვრა 3,77 ლარის ოდენობით. საბოლოო ჯამში, 13.02.2007წ. ხელშეკრულებების ფარგლებში შპს „ს–ს” ჯამურად საკუთრებაში გადაეცა სს „ა–ის” აქციათა 50%, რომლის ღირებულებამ, ხელშეკრულებებში მითითებული ოდენობების შესაბამისად, შეადგინა 2 887 750 ლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 1 685 293 აშშ დოლარს (გაცვლითი კურსი 1,7135).
6.4. 2007 წლის 16 აგვისტოს ო.გ–იას, მოსარჩელეს, გ.გ–იას, გ.ე–ვს, დ.ბ–ძეს, კ.კ–ს, მ.კ–ძეს, გ.ღ–ძეს, გ.კ–ს, ზ.ლ–სა (გამყიდველები) და შპს „ს.ს.ე.კ–ას” (მყიდველი) შორის დადებულია ხელშეკრულება აქციების ნასყიდობის თაობაზე. ერთი აქციის ფასად განისაზღვრა 7,453 ლარი. 2007 წლის 16 აგვისტოს ხელშეკრულებებით შპს „ს.ს.ე.კ–ას” ჯამურად საკუთრებაში გადაეცა სს „ა–ის” აქციათა 50%, რომლის ღირებულებამ, ხელშეკრულებებში მითითებული ოდენობების შესაბამისად, შეადგინა 5 708 907 ლარი (იმ დროისათვის იყო 3 429 802 აშშ დოლარი, გაცვლითი კურსი 1,6645).
7. სააპელაციო პალატამ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე პასუხი გასცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებზე წარდგენილ პრეტენზიებს, ვინაიდან, აპელანტთა სტრატეგიის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო რომელიმე საოქმო განჩინების გაუქმებას გამოეწვია საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების შეცვლაც.
8. პირველი აპელანტები (პირველი და მეორე მოპასუხეები) ითხოვდნენ მოსამართლე ზ.მ–ის აცილებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2025წ. საოქმო განჩინების გაუქმებას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტების სამართლებრივ გულისწყრომას იწვევდა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული შუამდგომლობების განხილვის შედეგები. მათი მოსაზრებით, მოსამართლემ ყველა შუამდგომლობა დაუკმაყოფილა მოსარჩელეს, ხოლო როდესაც ჯერი დადგა მოპასუხეთა შუამდგომლობების განხილვისა - სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობებიდან მხარე გამოყოფს მოსარჩელის მიერ წარდგენილი საშემფასებლო დოკუმენტის შემდგენი ექსპერტების დაკითხვაზე უარს, მისი შემდგენი ორგანიზაციიდან დასკვნის შედგენისათვის საჭირო დოკუმენტების გამოთხოვაზე უარს და კომპანიის ბუღალტერის მოწმის სახით დაკითხვაზე უარს. გარდა ამისა, აპელანტების თქმით, სასამართლო არ აწყვეტინებდა მოწმედ დაკითხულ პირებს სიტყვას, მაშინაც კი, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ მოწინააღმდეგე მხარეებს.
9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტების მიერ მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მოხმობილი პრეტენზიები მხოლოდ სუბიექტური შეფასებაა და ვერ გახდება მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც მოსამართლის აცილების საფუძვლები ამომწურავადაა ჩამოთვლილი საპროცესო კანონმდებლობაში და ჩამონათვალი არ მოიცავს კასატორის მიერ დასახელებულ არცერთ გარემოებას. რაც შეეხება სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც შესაძლოა სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით იყოს გათვალისწინებული, არც ასეთი შემთხვევაა გამოვლენილი. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობაზე, რაც კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის დაცვის საწყისებზე მოსამართლის იმგვარად ჩართულობასაც გულისხმობს, რომ წარდგენილი შუამდგომლობები განხილულ იქნას ინდივიდუალურად, ხოლო კანონის მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს ან უარყოს იგი. მოსამართლე საკუთარი მიხედულებით ხელმძღვანელობს დამფუძნებელ საპროცესო-სამართლებრივ ნორმაში შემავალი ელემენტების არსებობა/არარსებობის დადგენის დროს. სასამართლომ მიიჩნია კონკრეტულ შუამდგომლობათა დაკმაყოფილების წინაპირობების არარსებობა, რაც გახდა შუამდგომლობათა უარყოფის საფუძველი, ეს კი ვერ გახდება მოსამართლის საქმის განხილვიდან აცილების საფუძველი. მოწმეთა მიერ მოპასუხეებისათვის შეურაცხყოფის მიყენების შესახებ მითითებები ზოგადი და ზედაპირულია, არ დასახელებულა სხდომის თარიღი, დრო, მოწმის სახელი და შეურაცხმყოფელი ფრაზა, რაც უნდა გამხდარიყო სიტყვის შეწყვეტის საფუძველი.
10. საბოლოო ჯამში, სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტებმა ვერ მიუთითეს იმგვარ მინიმალურ საფუძვლებზეც, რაც მოსამართლის მხრიდან მიუკერძოებლობის/მიუმხრობლობის გამოვლენას უკავშირდება მოცემული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ იყო დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და, შესაბამისად, არ არსებობდა შესაბამისი საოქმო განჩინების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი წინაპირობა.
11. აპელანტები მოითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.2022წ. საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმის სახით გ.ღ–ძის, ზ.ლ–ის, გ.გ–იას, დ.ბ–ძის, ო.გ–იას, ი.ნ–ის და გ.ე–ვის დაკითხვის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტების მოსაზრებით, სასამართლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი არცერთი მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა, რადგან ყოველი მათგანი ამ საქმის შედეგით დაინტერესებული პირია. სინამდვილეში, საწარმოს აქციათა ყოფილ მესაკუთრეთა შორის დაიდო არანამდვილი ცესიის ხელშეკრულება. რომ არა ამგვარი ხელშეკრულება, მოწმედ დასაკითხი პირები იქნებოდნენ მოსარჩელეები. მოწმეთა გარდა, არანაირი სხვა სახის მტკიცებულება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ არსებობს. შესაბამისად, დაინტერესებული მოწმის ჩვენება არასანდოა, ამიტომაც ისინი მოწმეებად არ უნდა დაკითხულიყვნენ.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე, 105-ე, 102-ე მუხლებით, არ დაეთანხმა აპელანტების პოზიციას და განმარტა, რომ მოწმის ჩვენება სამოქალაქო პროცესში წარმოადგენს დამოუკიდებელი მტკიცებულების სახეს. მოწმედ შეიძლება დაკითხულ იქნას ნებისმიერი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტი დავის საგანთან დაკავშირებით. მოწმის დაკითხვით მოსარჩელე მხარე ცდილობდა უფლების რეალიზებას - შეექმნა სარჩელის დაკმაყოფილებისთვის საჭირო მტკიცებულება. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებების სანდოობის საკითხს, შეუძლებელია ჯერ კიდევ დაუკითხავი მოწმის ჩვენებით იმის გამორკვევა, მისი განმარტება იქნება მოტივირებული, არასრული ან საქმისთვის გამოუსადეგარი, თუნდაც არასანდო, თუ პირიქით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. მოპასუხის მიდგომები პრაქტიკულად დაუკითხავი მოწმეების დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, რაც არ წარმოადგენს მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის საფუძველს. თუკი, სასამართლო არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა შემოწმების ეტაპზე დაადგენდა მოწმის მიკერძოებულობას, ამის შესახებ მიუთითებდა გადაწყვეტილების მოტივებში და გადაწყვეტილებას მასზე არ დააფუძნებდა. თუმცა, ესეც არის არსებითი მხარე და არა მტკიცებულების შეგროვების ეტაპი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ეს ნაწილიც უარსაყოფია დაუსაბუთებლობის მოტივით.
13. აპელანტები მოითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2024წ. საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენლების შუამდგომლობა - პირველი მოპასუხის, როგორც არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, შუამდგომლობის ავტორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ დავის საგანია საწარმოს აქციებზე საკუთრების უფლების აღდგენა და თანხის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, ყველა აქციონერს აქცია დაათმობინეს იძულებითა და მუქარით. არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ რაიმე ფორმით პირადად მოსარჩელე მონაწილეობდა რაიმე სახის ძალადობის ან მუქარის განხორციელებაში. გასხვისება არ მომხდარა მუქარის საფუძველზე, რასაც ადასტურებს აქციის საფასურად რამდენიმე მილიონის ოდენობით თანხების მიღება გამყიდველთა მხრიდან. მოსარჩელეს არ ჰქონდა ძალმოსილება გაეცა ბრძანება რომელიმე აქციონერის დაკავების შესახებ.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სათანადო მოპასუხეობის საკითხი არ არის არც მოსამართლის და არც მოპასუხის ნებაზე დამოკიდებული საკითხი. როდესაც სარჩელს აღძრავს მოსარჩელე, სწორედ და მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნებზე. არასათანადო მოპასუხის შეცვლის საკითხის დასმის დროს მოსარჩელეს სასამართლოს მიერ მხოლოდ შეეთავაზება, ხომ არ სურს შეცვალოს არასათანადო მოპასუხე სათანადოთი. თუ მოსარჩელე ამის წინააღმდეგია, მოსამართლე იხილავს საქმეს. თუკი არსებითი განხილვის შედეგად დადგინდება, რომ მოპასუხე არ არის პასუხისმგებელი სასარჩელო მოთხოვნებზე, სარჩელი უარყოფილი იქნება. სსსკ-ის 85-ე მუხლი აწესებს იმგვარ რეგულაციას, რომლის დროსაც არასათანადო მოპასუხე იცვლება სათანადოთი. მოპასუხე მხარე არასათანადო მოპასუხის შეცვლას კი არ მოითხოვს, არამედ მოითხოვს პირველი მოპასუხის მოპასუხეთა სიიდან ამოღებას, რადგან მოსარჩელეს არ აქვს მის წინააღმდეგ მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თვითკმარი მტკიცებულების არარსებობა არის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და არა არასათანადო მოპასუხის შეცვლის წინაპირობა. ამასთან, მოსარჩელე არ ცვლის მოპასუხეთა წრეს და მიაჩნია, რომ სწორედ დასახელებული მოპასუხეებიდან და პირველი მოპასუხის კავშირებით მოხდა იძულების განხორციელება საკუთარი ფინანსური სარგებლის მოპოვების მიზნით. ყველა ფიგურანტი იძულებაში მოქმედებდა მისი ინტერესებით. ამიტომ, მოსარჩელის მითითება მოპასუხეთა წრის შეუცვლელობაზე, ერთადერთი გზამკვლევი იყო შუამდგომლობის ბედის გადასაწყვეტად.
15. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული საოქმო განჩინება დასაბუთებულია, გამოტანილია ნორმის სწორი განმარტების გზით და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
16. აპელანტები ასევე ასაჩივრებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2024წ. საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენლების შუამდგომლობა მოსარჩელის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევისა და მისი სათანადო მოსარჩელეებით: გ.ღ–ძით, ზ.ლ–ით, გ.გ–იათი, დ.ბ–ძით, ო.გ–იათი, ი.ნ–ით, გ.ე–ვით, მ.კ–ძის წარმომადგენლებით: ქ.კ–ძით, ბ.კ–ძით, ვ.კ–ძით (როგორც სათანადო მოსარჩელით), შეცვლის თაობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, შუამდგომლობის ავტორთა წარმომადგენელი წერილობით აღწერდა საწარმოს ყოფილ პარტნიორთა მიერ დადებული ცესიის ხელშეკრულების მუხლებს და მიუთითებდა მის კანონსაწინააღმდეგო შინაარსზე. მხარის მოსაზრებით, უფლების დამთმობები თავად არიან მოსარჩელეები და ცესიის ხელშეკრულების დადება არის სამართლებრივი ხრიკი, რომლითაც მხარეები ბაჟს არ იხდიან. ხელშეკრულება არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს, მასში არ არის აღწერილი ვისგან მომდინარეობდა იძულება, რა გადაეცა ცესიონერს ცედენტისაგან და სხვა. მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, აწარმოოს ზემოთ დასახელებულ პირთა სასარჩელო მოთხოვნები.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის დისპოზიციის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მოსარჩელე ვერ ჩაითვლება არასათანადო მოსარჩელედ. თავად შუამდგომლობის ავტორი აღწერდა სს „ა–ის“ აქციონერთა სიას შუამდგომლობის მე-6 გვერდზე, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ საწარმოს კაპიტალში აქციების 14,498% ეკუთვნოდა მოსარჩელეს. მოსარჩელე სარჩელის ფაქტებში მიუთითებდა პირველი მოპასუხის გავლენებით მომდინარე მუქარასა და იძულებაზე, რაც გახდა საფუძველი, ორი სხვადასხვა დროს დადებული გარიგებით ყველა აქციონერს დაეთმო აქციები არასათანადო ანაზღაურებით პირველი მოპასუხისა და მის სასარგებლოდ მოქმედი პირების / ორგანიზაციების სასარგებლოდ. ამდენად, მოსარჩელის მონაწილეობის ინტერესი სარჩელში იმთავითვე ნათელია. იგი საქმეში მოსარჩელეა და მისი ჩანაცვლება სხვა პირით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დაუშვებელია. რაც შეეხება სხვა აქციონერთა ან მათ წარმომადგენელთა საქმეში მოსარჩელედ მონაწილეობას, ეს მოპასუხედ დასახელებული პირებისგან დამოუკიდებლად დადებული ცესიის ხელშეკრულებით გადაწყდა. ცესიის ხელშეკრულებით ყველა მოთხოვნის უფლება სს „ა–ის” აქციების დათმობასთან დაკავშირებით გადაეცა მოსარჩელეს. სააპელაციო პალატამ შუამდგომლობის განხილვისა და მასზე მიღებული გასაჩივრებული საოქმო განჩინების რევიზიის ფარგლებში აღნიშნა, რომ არც ცესიის ხელშეკრულების დადებაა აკრძალული და არც სასამართლო განხილვაში გასაღები ხარჯების, დროის, განცდების მოტივით მოთხოვნის გადაცემა ერთ - ერთი აქციონერისთვის. ამგვარი მიდგმა შესაძლოა იყოს სხვა ყოფილ აქციონერთა სტრატეგიაც, თუმცა სასამართლო ვერ აიძულებს მათ საქმეში ჩაებან, როგორც მოსარჩელეები.
18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია პროცესუალური თვალსაზრისითაც, რადგან მოსარჩელის შუამდგომლობა სინამდვილეში არ ყოფილა მიმართული არასათანადო მოსარჩელის სათანადოთი შეცვლისკენ, არამედ მისი მოთხოვნის ნამდვილი არსი მდგომარეობდა სხვა ყოფილ აქციონერთა საქმეში მოსარჩელედ ჩაბმაში, რასაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნით, გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
19. აპელანტები ასაჩივრებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2024წ. საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა - შპს „ს.ბ. ფ-ს–გან” დოკუმენტაციის, წერილობითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შუამდგომლობის ავტორები არ ეთანხმებიან საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ შპს „ს.ბ. ფ-ს–ის” შეფასებას და მიაჩნიათ, რომ იგი შედგა არაკორექტულად და მასში არ არის აღწერილი რა მასალებზე დაყრდნობით, რომელი ანგარიშების შესწავლით, რა ინფორმაციის გამოყენებით გაკეთდა შეფასება. სწორედ ამიტომ, მოითხოვდნენ შეფასების შესადგენად საჭირო მტკიცებულებათა გამოთხოვას საშემფასებლო ორგანიზაციიდან.
20. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 134-ე მუხლით და დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ აუდიტორულ კომპანიას არ ევალება აუდიტორული ან საშემფასებლო საქმიანობის განხორციელების შემდგომ დაიტოვოს დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალები ან დოკუმენტები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარჩელის წარდგენიდან გასულია თითქმის 5 წელი და მხოლოდ ზეპირ მოსმენაზე მოითხოვა მხარემ შუამდგომლობის განხილვა. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია განემარტა სსსკ-ის 134.2 მუხლის დისპოზიცია, რომლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ, როგორც მინიმუმ, მხარე უნდა შეეცადოს თავად მოიპოვოს მტკიცებულება, მისი მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოითხოვოს სასამართლოს ჩართულობით დოკუმენტაციის გამოთხოვა. სააპელაციო პალატის მითითებით, მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა განთავსებულია საქმის მე-6 ტომში, 146-150-ე გვერდებზე და მასში მითითებულიც კი არ არის, რომ მხარემ მისწერა შეტყობინება კომპანიას მასალების გადაცემის შესახებ, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალური ნაკლია.
21. სააპელაციო პალატამ მიუთითა იმაზეც, რომ სადავო გარიგებებით მოპასუხედ დასახელებულმა პირებმა შეიძინეს სს „ა–ის” აქციები. მესამე მოპასუხის ფაქტობრივ გამგებლობაშია ან უნდა იყოს ყველა ის დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია დადგინდეს, როგორც აქციის ფასი, ასევე, საწარმოს მიერ მისაღები წმინდა მოგების მოცულობაც. სასამართლოს განმარტებით, თუკი მხარეს მიაჩნდა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეფასება მოქმედ რეგულაციებს აცდენილია, შეეძლო ალტერნატიული დასკვნის წარდგენით თავად შექმნას კონტრმტკიცებულება. შესაბამისად, გასაჩივრებული საოქმო განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხსენებული შუამდგომლობა წარდგენილ იქნა საოქმო განჩინების სააპელაციო საჩივრისგან დამოუკიდებლადაც და მასზე პასუხი საოქმო განჩინებითაც გასცა სააპელაციო პალატამ (იხ. ტ. 9, სააპელაციო სასამართლოს 19.11.2025წ. საოქმო განჩინება).
22. პირველი აპელანტები (პირველი და მეორე მოპასუხეები) ასაჩივრებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.04.2024წ. და 03.06.2025წ. საოქმო განჩინებებს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობები ექსპერტების: ს.ე–ის, ზ.მ–ის, მ.მ–ისა და თ.ა–ის დაკითხვის თაობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში 17.04.2025წ. წარდგენილ იქნა სს „ა–ის” 100% აქციებისა და კონკრეტულ პერიოდზე საწარმოს წმინდა მოგების საბაზრო ღირებულების თაობაზე დასკვნის შემდგენელი ექსპერტების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა. მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მითითებულ იქნა სსკ-ის 171.1 მუხლის შინაარსი.
23. სააპელაციო პალატა დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაში ასახულ მოტივებს და დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილია არა ექსპერტიზის დასკვნა, არამედ აუდიტორული საშემფასებლო დოკუმენტი. შეფასების ავტორები არიან არა ექსპერტები, არამედ დარგის სპეციალისტები.
24. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სსსკ-ის 204-ე მუხლი და განმარტა, რომ შპს „ს.ბ. ფ-ს–ის” აუდიტორული დასკვნა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 161-201) გვაწვდის ინფორმაციას სს „ა–ის” 100% აქციების საბაზრო ღირებულებისა და, 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ასევე, 2007 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე წმინდა მოგების შესახებ. დასკვნა შედგენილია არაორაზროვნად, ნათლად და გარკვევით. სასამართლოს შეფასებით, არც შეფასების შევსების მიზანი არსებობს მისი შემდგენების დასაკითხად და არც ბუნდოვანება. თუკი მხარე არ ეთანხმებოდა შეფასების დასკვნას, შეეძლო თავად წარედგინა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი დასკვნა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასკვნის შემდგენი სპეციალისტების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა წარდგენილ იქნა საოქმო განჩინების სააპელაციო საჩივრისგან დამოუკიდებლადაც და მასზე პასუხი გასცა სააპელაციო პალატამ (იხ. ტ. 9, სააპელაციო სასამართლოს 19.11.2025წ. საოქმო განჩინება). ზემოხსენებული მსჯელობა მართებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2025წ. საოქმო განჩინების მიმართაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა ექსპერტების: ს.ე–ის, ზ.მ–ის, მ.მ–ისა და თ.ა–ის დაკითხვის თაობაზე.
25. პირველი აპელანტები (პირველი და მეორე მოპასუხეები) ასაჩივრებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2025წ. საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა განცხადება - შპს „ს.ბ. ფ-ს–ის” მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის სიყალბის თაობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, 2025 წლის 03 ივნისს პირველი აპელანტების წარმომადგენლის მიერ წარდგენილ იქნა შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა, რომ შპს „ს.ბ. ფ-ს–ის” მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა მიჩნეული ყოფილიყო ყალბად, რადგან მის შინაარსში ლარში მითითებული ციფრები სხვა ნაწილში ასახულია აშშ დოლარში. მხარეს არ მიეცა მისი შემდგენელი სპეციალისტების დაკითხვის შესაძლებლობა, რის გამოც ვერ გახდება ნათელი დასკვნის სინამდვილესთან შეუსაბამობის მიზეზები.
26. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 137-ე მუხლით და განმარტა, რომ თუკი მხარე მიუთითებს საბუთის სიყალბეზე, ამ შემთხვევაში საბუთის წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი არ მოითხოვს ამ საბუთის ამორიცხვას (შესაბამისად, არც ადასტურებს მის ნამდვილობას), სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები. ამდენად, განსახილველი ნორმების თანახმად, მხარე, რომელიც უთითებს მის სასარგებლო ფაქტზე, მანვე უნდა დაამტკიცოს ეს ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებებით. მართალია, მოპასუხეები აკრიტიკებენ წარდგენილ შეფასების დასკვნას, თუმცა საწინააღმდეგო შინაარსის დასკვნაში ძირითადად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის კრიტიკაა. თავად საწინააღმდეგო მტკიცებულება, სინამდვილეში რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო შეფასებული საწარმოს აქციების ღირებულება და კონკრეტულ პერიოდზე წმინდა მოგება, მოპასუხეებმა უპასუხოდ დატოვეს. რაც შეეხება სიყალბეს, სააპელაციო პალატისათვის, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის, უცნობი დარჩა - რაში მდგომარეობს დოკუმენტის სიყალბე. მარტოოდენ სიყალბეზე აპელირება, წერილობითი დოკუმენტის შინაარსის ნამდვილობას ეჭქვეშ ვერ დააყენებს. თუკი საუბარია განზრახ არასწორი დასკვნის შედგენის მოტივით სიყალბეზე, ამ გარემოებას სჭირდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურება, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 03.06.2025წ. საოქმო განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, სააპელაციო საჩივარი კი ამ ნაწილში დაუსაბუთებლობის მოტივით უარსაყოფი.
27. აპელანტები აგრეთვე ასაჩივრებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2025წ. საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა - მოწმის სახით ი.ხ–ის დაკითხვის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებმა განმარტეს, რომ მოსარჩელემ გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაცია. აუდიტორს დასჭირდა მიცემულ კითხვებზე პასუხის გასაცემად კონკრეტული დოკუმენტაცია. მოსარჩელემ დააორგანიზა სპეციალისტებისა და საწარმოს ბუღალტერის - ი.ხ–ის შეხვედრა, თუმცა თავად მას არ დასწრებია. ვინაიდან მხარე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ დასკვნა არ მოიცავს 2006 წელს საწარმოს წინაშე არსებულ დავალიანებებს, მოწმე ნათელს მოჰფენდა ამ საკითხს.
28. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 140-ე მუხლით და დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული საოქმო განჩინების დასაბუთებას. სასამართლოს განმარტებით, თუკი მხარე არ ეთანხმებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ შეფასების დასკვნას, უნდა ეზრუნა და მოეპოვებინა სხვა სახის შეფასების დასკვნა. ასეთ ვითარებაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს უკვე აქვს ორი შესადარებელი დოკუმენტი, რომელთაგანაც საკუთარი მიხედულებით დაადგენს საქმის განხილვის დროს რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს. საწარმოს ბუღალტერს ვერ ეცოდინება, რატომ არ პოვა ასახვა ან რატომ ასახა შემფასებელმა კონკრეტული მაჩვენებლები დასკვნაში. გასული პერიოდის გათვალისწინებით. წესით, არც იმ დოკუმენტების დასახელება ემახსოვრება, რისი გადაცემაც მოახდინა შემფასებლების მიმართ. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ინიციირებული მოწმის დაკითხვა მხოლოდ საქმის განხილვას გააჭიანურებდა დროში. ხსენებულის გამო, უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს 03.06.2025წ. საოქმო განჩინება.
29. სადავო საოქმო განჩინებებზე პასუხის გაცემის შემდგომ, სააპელაციო სასამართლო გადავიდა საქმის არსებითი მხარის მიმართ აპელანტთა პრეტენზიებზე.
30. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
ა. სს „ა–ის” აქციათა ნასყიდობის 2007 წლის 13 თებერვლისა და 2007 წლის 16 აგვისტოს ხელშეკრულებების დადებისას აქციონერებს ნამდვილი ნება არ გამოუვლენიათ. აქციონერთა ნების თავისუფლება ხელყოფილია პირველი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - იძულებით;
ბ. 2007 წლის 13 თებერვლისა და 2007 წლის 16 აგვისტოს იძულებით დადებული გარიგებების შემდეგ სს „ა–ის” აქციების ყოველი მომდევნო გასხვისება ატარებდა ფორმალურ (მოჩვენებით) ხასიათს და მიზნად ისახავდა თავდაპირველი აქციონერებისათვის აქციებზე საკუთრების დაბრუნების გაძნელებას;
გ. სს „ა–ის” აქციათა და, ასევე, კომპანიის მთლიანი ქონების (უძრავ-მოძრავი ქონება და წილები სამეწარმეო საზოგადოებებში) გასხვისების ჯაჭვში მონაწილე შპს „ს–ი”, შპს „ს.ს.ე.კ–ია”, შპს „კ.ტ–ი”, პ.ბ–ნი და შპს „ნ–ი” წარმოადგენენ პირველ მოპასუხესთან დაკავშირებულ პირებს;
დ. 2007 წლის 13 თებერვლისა და 2007 წლის 16 აგვისტოს გარიგებებით, სს „ა–ის” აქციათა 100% გასხვისდა - 5 708 907 ლარად, რამაც 3 429 802 აშშ დოლარი შეადგინა (გაცვლითი კურსი - 1,6645);
ე. 2007 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 დეკემბრამდე მოსარჩელე, როგორც სს „ა–ის” აქციათა 90,4013%-ის მესაკუთრე, დივიდენდის სახით მიიღებდა 10 687 500 აშშ დოლარს;
ვ. პირველი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებებით, მოსარჩელეს, როგორც სს „ა–ის” აქციათა 90,4013 %-ის მესაკუთრეს, მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რამაც 7 570 312,5 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2015 წლის 30 ივნისიდან 2018 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში პირველი და მეორე მოპასუხის ერთობლივი ქმედებით მიყენებული ზიანი 3 117 187,5 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს;
ზ. მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. 2013 წლის 08 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გმს სამმართველოში დაწყებული გამოძიებით, ზიანის ნატურით ანაზღაურების (აქციათა მოსარჩელისათვის დაბრუნების) მოთხოვნასთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის, ხანდაზმულობის ვადა კვლავ შეწყვეტილად ითვლება;
თ. 2019 წლის 20 ნოემბრის მოთხოვნის დათმობის - ცესიის ხელშეკრულება არ არის ბათილი გარიგება.
31. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტების პრაქტიკულად იდენტური პოზიციის თანახმად, სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეაფასა არასათანადოდ და არ დაადგინა მოპასუხეთა მიერ წარდგენილი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ, მათ შორის, არ დაადგინა, რომ:
- 2019 წლის 20 ნოემბერს სს „ა–ის“ ყოფილ აქციონერებს, ერთი მხრივ, გ.ღ–ძეს, ზ.ლ–ს, გ.გ–იას, დ.ბ–ძეს, ო.გ–იას, ი.ნ–ს, გ.ე–ვს, გარდაცვლილი აქციონერის - მ.კ–ძის მემკვიდრეებს - ბ.კ–ძეს, ვ.კ–ძესა და ქ.კ–ძეს და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის გაფორმებული ცესიის ხელშეკრულება არ არის ნამდვილი და არ წარმოშობს უფლებებს;
- შპს „შ.ც–ის“ 12.03.2019წ. და შპს „ს.ბ. ფ–ს–ის“ 02.10.2019წ. აუდიტორული დასკვნების შინაარსი არ არის გასაზიარებელი;
- სს „ა–ის“ აქციონერებსა და შპს „ს–ს“ შორის 13.02.2007წ. და 16.08.2007წ. დადებული აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია;
- 13.02.2007წ.-სა და 16.08.2007წ. შემდგომ სს „ა–ის“ აქციების გასხვისების ხელშეკრულებები ნამდვილია, ყოველი ახალი შემძენი კეთილსინდისიერი მესაკუთრეა;
- მოსარჩელის მოთხოვნა განხორციელდა შეცილების ვადისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ;
- 2017 წლის 23 ოქტომბერს „კ.ტ. ლ–სა“ და მესამე მოპასუხეს შორის დადებული სს „ა–ას“ (სახელის ცვლილებებამდე სს „ა–ის“) აქციების ხელშეკრულება ნამდვილია.
32. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ყოფილ აქციონერებსა და მოსარჩელეს შორის დადებული ცესიის ხელშეკრულება არ წარმოშობს სამართლებრივ საფუძველს მოთხოვნის გადასაცემად. იგი დადებულია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დასაზოგად, ხელშეკრულების შინაარსში მისი არსებითი პირობები არ არის ასახული და არ არის მითითებული ვინ არის ზიანის მიმყენებელი. ამ ხარვეზების გამო აპელანტები თვლიან, რომ საქმეში წარდგენილი 20.11.2019წ. ხელშეკრულება არის ბათილი. მომჩივანთა პრეტენზიის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ცესიის ხელშეკრულება არამართებულად მიიჩნია ნამდვილად და უფლების წარმომშობ დოკუმენტად.
33. სააპელაციო პალატის განმარტებით, 2019 წლის 20 ნოემბერს, ერთი მხრივ, გ.ღ–ძეს, ზ.ლ–ს, გ.გ–იას, დ.ბ–ძეს, ო.გ–იას, ი.ნ–ს, გ.ე–ვსა და მ.კ–ძის სამართალმემკვიდრეებს: ქ.კ–ძეს, ვ.კ–ძესა და ბ.კ–ძეს, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელეს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მხარეებმა ცნობად მიიღეს, რომ 2007 წლის 13 თებერვლამდე ცედენტი და ცესიონერი ერთობლივად იყვნენ სს „ა–ის” 90,4013% აქციის (1 384 948 აქცია) მფლობელები, რაც მათ შორის განაწილებული იყო შემდეგნაირად: გ.ე–ვი - 18,533 აქცია (1,21%); გ.გ–ია - 165,654 აქცია (10,813%); მოსარჩელე - 222,110 აქცია (14,498%); ო.გ–ია - 76,498 აქცია (4,993%); ზ.ლ–ი - 174,416 აქცია (11,385%); მ.კ–ძე (ქ.კ–ძის, ვ.კ–ძისა და ბ.კ–ძის მამკვიდრებელი) - 275,391 აქცია (17,976%); გ.ღ–ძე - 251,827 აქცია (16,438%); ი.ნ–ი - 76,491 აქცია (4,993%); დ.ბ–ძე - 124,021 აქცია (8,097%) (ხელშეკრულების 1.1 პუნქტი); მხარეთა განცხადებით, 2007 წლის თებერვალ-აგვისტოში მათ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ დაათმობინეს ზემოაღნიშნული აქციები, რომელიც ამ ხელშეკრულების დადების თარიღისათვის რეგისტრირებული იყო არაუფლებამოსილი მესაკუთრის - „კ.ტ. ლ–ის” (K. T. L.) 1/6 60078, Bob. Arch, Makaricu III, 229, Meliza Court, Floor 4, 3105, ლიმასოლი, კვიპროსი - სახელზე (ხელშეკრულების 1.2 პუნქტი); ასევე, უძრავ-მოძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც 2007 წლის 13 თებერვლამდე ეკუთვნოდა სს „ა–ს”, ამ ხელშეკრულების დადების თარიღისათვის უკანონოდ ეკუთვნოდა მეორე მოპასუხეს. აქციების უკანონოდ დათმობის გამო, მხარეებმა განიცადეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (იხ. ხელშეკრულების 1.3 და 1.4 პუნქტების შინაარსი).
34. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო ცესიის ხელშეკრულების პუნქტები:
ცესიის ხელშეკრულების 1.5 პუნქტით, მხარეებს სურდათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით აღედგინათ რეგისტრირებული საკუთრების უფლება 1.1 პუნქტში მითითებულ აქციებზე, აენაზღაურებინათ აქციათა უკანონო დათმობის გამო მიყენებული ზიანი იმ პირთაგან, რომლებსაც ეს პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. იმის გათვალისწინებით, რომ ცედენტს საკუთარი ძალებით არ შეეძლო 1.5 პუნქტში მითითებული მიზნის მიღწევა, ხოლო ცესიონერი გამოხატავდა მზაობას მიეღწია ზემოაღნიშნული მიზნისათვის, მხარეებმა იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 198-201 მუხლებით და დადეს ხელშეკრულება, რომლითაც ცედენტი ცესიონერს უთმობდა შემდეგი მოთხოვნის უფლებებს:
2.1.1. სასამართლო (სასარჩელო) წესით მოეთხოვა: „გაუქმდეს „კ.ტ. ლ–ის” საკუთრების უფლება - სს „ა–ას” (ს.ნ. ……..) 1,162,838 აქციაზე (აქციათა 75,9033%-ზე) და ზემოაღნიშნული აქციები აღირიცხოს ცესიონერის სახელზე”. იმის გათვალისწინებით, რომ ცესიონერი თავადაც ითხოვს მის კუთვნილ აქციებზე (222,110 აქცია, 14,498%) საკუთრების უფლების აღდგენას, ამდენად, სულ, ცესიონერის მიერ სასარჩელო წესით მოთხოვნილი იქნება შემდეგი: „გაუქმდეს „კ.ტ. ლ–ის” საკუთრების უფლება - სს „ა–ას” 1,384,948 აქციაზე (აქციათა 90,4013%) და სს „ა–ას” 1,384,948 აქცია (აქციათა 90,4013%) აღრიცხულ იქნეს ცესიონერის საკუთრებად;
2.1.2. სასამართლო (სასარჩელო) წესით მოეთხოვა: (ა) მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმება - იმ უძრავ-მოძრავ ქონებებზე, რომლებიც 2007 წლის 13 თებერვლამდე ეკუთვნოდა სს „ა–ს”; (ბ) სს „ა–ას” (ყოფილი სს „ა–ის”) ერთპიროვნული საკუთრების ცნობა იმ უძრავ-მოძრავ ქონებებზე, რომლებიც 2007 წლის 13 თებერვლამდე ეკუთვნოდა სს „ა–ს” და (გ) მეორე მოპასუხემ - გამოათავისუფლოს და სს „ა–ას” ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს ის უძრავი ქონებები და მათზე განთავსებული გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირებისთვის საჭირო დანადგარები, რომელზეც სს „ა–ას” ერთპიროვნული საკუთრება იქნება ცნობილი;
2.1.3. სასამართლო (სასარჩელო) წესით მოეთხოვა ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირთაგან იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა ცედენტს აქციათა უკანონო დათმობის გამო;
2.1.4. ყველა იმ უფლებას, რაც ცედენტს გააჩნდა თავისი შელახული უფლების აღსადგენად და 1.5 პუნქტით გათვალისწინებული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად (იხ. 20.11.2019წ. მოთხოვნის უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, ტ. 3, ს.ფ. 259-263).
35. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1, 319.1, 327.1, 199-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სასამართლომ საგანგებოდ მოახდინა სადავო ცესიის ხელშეკრულების კონკრეტული მუხლების ციტირება განჩინებაში და დარწმუნდა, რომ, როგორც ცედენტებმა ერთობლივად, ისე ცესიონერმა, სათანადოდ განსაზღვრეს უფლების დათმობის ხელშეკრულების საგანი (ცედენტი ცესიონერს უთმობდა სასარჩელო წარმოების წესით მოეთხოვა „კ.ტ. ლ–ის” საკუთრების უფლების გაუქმება სს „ა–ას” 1,162,838 აქციაზე (აქციათა 75,9033%-ზე) და ზემოაღნიშნული აქციების მის სახელზე აღრიცხვა. ასევე, სასარჩელო წარმოების წესით მოეთხოვა ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირთაგან იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა ცედენტს აქციათა უკანონო დათმობის გამო). მეტიც, მხარეებმა ხელშეკრულების მეორე პუნქტი სრულად მიუძღვნეს საგნის იდენტიფიკაციასა და განსაზღვრას.
36. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ შედავებული 20.11.2019წ. ხელშეკრულება ნამდვილია, არ ეწინააღმდეგება კანონს და ზნეობის ნორმებს, დაცულია ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელი ყველა პირობა. ამდენად, 20.11.2019წ. ხელშეკრულების ნამდვილობის ასპექტში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნა კანონშესაბამისი, ხოლო შედავება დაუსაბუთებელია.
37. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტების მიერ წარდგენილი ვრცელი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრების მიხედვით, ბევრი გარემოება იყო სადავოდ გამხდარი, თუმცა ქრონოლოგიისა და სამართლებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, უმჯობესი იყო შეფასების პირველი საკითხი ყოფილიყო 2007 წლის 13 თებერვალსა და 2007 წლის 16 აგვისტოს დადებული სააქციო საზოგადოების აქციების წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობა / ბათილობის საკითხი.
38. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის პრეტენზიის თანახმად, სს „ა–ის” 90,4013% აქციები მას და ორგანიზაციის სხვა აქციონერებს დაათმობინეს იძულებით, მუქარისა და მოპასუხეთა მძიმე მდგომარეობის გამოყენებით. იძულება მომდინარეობდა პირველი მოპასუხის მხრიდან, რომელიც ხელშეკრულების დადების დროისთვის იყო ხელისუფლების მაღალჩინოსანი და მისი გავლენები შეუზღუდავი იყო. იძულება ძირითადად გამოიხატა პირველი მოპასუხის გავლენით აქციონერთა ნაწილის მიმართ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რეალური საფრთხის პირობებში. ასევე, იძულების განმახორციელებელი მხარე იყენებდა ფინანსურ პოლიციას, რომელმაც საწარმოს (სს „ა–ს”) დააკისრა ჯარიმის სახით რამდენიმე მილიონი ლარის გადახდა. გარდა გარიგების ბათილობის ხსენებული საფუძვლისა, ქონების არაადეკვატურად დაბალ ფასად გასხვისება დასახელდა გარიგების ნამდვილობის სხვა საფუძვლად (მოსარჩელის პოზიცია); მოპასუხედ დასახელებული პირების ერთობლივი პოზიციით, სადავო გარიგებების დადების დროს არანაირ იძულებას არ ჰქონია ადგილი. მსგავსი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ იძებნება. არც განაჩენი და არც საგადასახადო დარიცხვის დოკუმენტის შინაარსი არ არის შეცვლილი. ნასყიდობის ხელშეკრულებები დადასტურებულია სანოტარო წესით და ნასყიდობის საგანში გადახდილი თანხები სამართლიანია.
39. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ (23.11.2003) პირველმა მოპასუხემ გ.ქ–ას მეშვეობით, რომელიც იმჟამად შპს „გ.ტ.კ–იის” გენერალური დირექტორი იყო, მოითხოვა სს „ა–ის” აქციონერებისაგან აქციათა 50%-ის უსასყიდლოდ დათმობა პირველი მოპასუხისათვის, რომელიც იმ დროისათვის უკვე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან. პირველი მოპასუხის ძმა, გ.ბ–ი დანიშნული იყო ქვეყნის თავდაცვის მინისტრად (2004 წელი), შემდეგ კი პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში - უშიშროების საბჭოს მდივანი (2004-2005წწ.), ხოლო 2007 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც მოწმობს, რომ პირველი მოპასუხე იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრი. აქციონერებმა პირველ მოპასუხეს აქციათა დათმობაზე უარი განუცხადეს, რასაც მოჰყვა პირველი მოპასუხის მიერ შპს „გ.ტ.კ–იის” მეშვეობით სს „ა–ისათვის” ხელოვნური პრობლემების შექმნა, ბოლოს კი 2006 წლის 08 იანვარს სს „ა–ის” ორი მსხვილი აქციონერის სხვადასხვა ბრალდებით ერთდროულად დაკავება. პარალელურად, კომპანიას ფინანსური პოლიციის 2006 წლის 04 დეკემბრისა და 2007 წლის 08 იანვრის აქტებით ჯამურად 5 მილიონ ლარზე მეტი გადასახადი დაეკისრა. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ აქციონერები არ დათანხმდნენ პირველი მოპასუხის შეთავაზებას კომპანიის აქციათა 50%-ის გადაცემის თაობაზე. აქციონერთა დაკავებიდან 2 დღეში, 2006 წლის 10 ნოემბერს გ.ქ–ამ დაურეკა აქციონერ გ.გ–იას და სთხოვა შეხვედრა ორთაჭალაში, რესტორან „კ–ში”. შეხვედრისას გ.ქ–ამ „მეგობრულად ურჩია” გ.გ–იას, რომ აქციონერებს შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად (პატიმრების გასათავისუფლებლად და სახელმწიფოსთან ფინანსური ურთიერთობის დასალაგებლად) თავიანთი აქციების 50% დაეთმოთ პირველი მოპასუხისათვის, რომელიც ზემოაღნიშნულ პრობლემებს დაუყოვნებლივ მოაგვარებდა. აქციონერები ამ შეთავაზებასაც არ დასთანხმდნენ და შეეცადნენ სს „ს.ბ–გან” აეღოთ კრედიტი, თუმცა ბანკმა თავდაპირველად გაცემული თანხმობა შეცვალა და 2007 წლის იანვრის ბოლოსთვის კრედიტის გაცემაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ აქციონერები შეეცადნენ გაეყიდათ კომპანიის აქციათა 15-20%. 2007 წლის თებერვლის დასაწყისში გ.ქ–ამ აქციონერებს - გ.გ–იას და ო.გ–იას უთხრა, რომ ისინი ვერც აქციებს გაყიდდნენ და ვერც ფულს იშოვნიდნენ. ისინი საერთოდ ვერ აცნობიერებდნენ რა ხდებოდა მათ გარშემო და რა ძალასთან ჰქონდათ საქმე. გ.ქ–ამ აქციონერებს განუცხადა, რომ მთელ ამ საქმეს მართავდა პირველი მოპასუხე და თუ პირველ მოპასუხეს აქციების ნახევარზე მეტს არ დაუთმობდნენ, „არც დაპატიმრებულებს ეშველებოდათ რაიმე, ვერც სახელმწიფოსთან მოაგვარებდნენ პრობლემებს და არც გარეთ დარჩენილებს დაადგებოდათ კარგი დღე”. პირველი მოპასუხის ულტიმატუმი იყო შემდეგი: სს „ა–ის” აქციათა 50%-ის დათმობა უნდა მომხდარიყო შპს „ს–ისთვის”, რის სანაცვლოდაც გათავისუფლდებოდნენ პატიმრები და კომპანიის დარჩენილ ვალდებულებებს სახელმწიფოს მიმართ აქციათა შემძენი დაფარავდა. იმ დროისათვის სახელმწიფოს მიმართ დავალიანება შეადგენდა 2,88 მილიონ ლარს. აქციათა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 2 887 750 ლარი, რომელიც პირდაპირ უნდა ჩარიცხულიყო სს „ა–ის” ანგარიშზე, როგორც ამავე კომპანიის აქციონერების მიერ სს „ა–ისათვის” გადაცემული სესხი. მას შემდეგ, რაც აქციონერებმა საკუთარი ძალებით ვერ მოახერხეს დავალიანების სრულად დაფარვა (დაფარეს მხოლოდ 2,2 მილიონი ლარი) და დაკავებულ აქციონერთა გათავისუფლება, აქციონერები იძულებულნი გახდნენ პირველი მოპასუხის ულტიმატუმს დასთანხმებოდნენ, რადგან ოთხი თვის განმავლობაში მათ ვერც პრობლემის მოგვარება შეძლეს და, მეორე მხრივ, საკუთარ თავსაც და ოჯახებსაც საფრთხეში აგდებდნენ. აქციათა 50%-ის პირველი მოპასუხისათვის გადაცემის შემდეგ, მისივე მოთხოვნით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდა მისი ნდობით აღჭურვილი პირებით. აქციონერები ცდილობდნენ შპს „ს.ე.ჯ–თან” აქციათა გასაყიდად მოლაპარაკებებს, რაც მეორე მოპასუხის უარით და მოლაპარაკებების ჩაშლით დასრულდა. ჩაშლილი გარიგების შემდეგ პირველმა მოპასუხემ გ.ქ–ას მეშვეობით ახალი ულტიმატუმი წაუყენა აქციონერებს დ.ბ–ძესა და გ.გ–იას: ან ფიზიკური პირი აქციონერები მათ საკუთრებაში დარჩენილ აქციათა 50%-ს ოთხ მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდდნენ პირველ მოპასუხეს „ან იმ გათავისუფლებულ პატიმრებსაც უკან შევაბრუნებთ და სხვებსაც ზედ მივაყოლებთო. ბეჟუაშვილს ნუ გაამწარებთ და გააგიჟებთო”. ამავდროულად, ულტიმატუმის მიხედვით, ფიზიკური პირი აქციონერები გაზგასამართი სადგურების ბიზნესს საერთოდ აღარ უნდა გაკარებოდნენ. გ.ქ–ას განცხადებით, ეს იყო პირველი მოპასუხის ბრძანება. ფიზიკური პირი აქციონერები, რომლებიც უკვე დარწმუნებულები იყვნენ პირველი მოპასუხის „ყოვლისშემძლეობაში” და რომელთა ნებაც მთლიანად დათრგუნული იყო, იძულებულნი იყვნენ პირველი მოპასუხის მოთხოვნას დაყოლოდნენ.
40. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი გარემოება გამყარებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გმს გამომძიებლის 2016 წლის 03 აგვისტოს დადგენილების შინაარსით. დადგენილების თანახმად, გაცხადებული ინფორმაცია გახდა საფუძველი ექსპერტიზის დანიშვნისა (იხ. 03.08.2016წ. დადგენილება, ტ. 5, ს.ფ. 160-162). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დადგენილება წარდგენილია ელექტრონული ვერსიის ასლის სახით, რის გამოც მასზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა არ არის განხორციელებული სველი წესით. მართალია, დოკუმენტის ნამდვილობას აპელანტები ეჭქვეშ აყენებენ, თუმცა მათვე შეეძლოთ სისხლისამართლის საქმის მასალებიდან მისი ორიგინალის ასლის გამოთხოვა, რაც არ განხორციელდა და რაც სამოქალაქო საქმეში განთავსებული მტკიცებულების ძალმოსილებას არ გამორიცხავს.
41. სააპელაციო პალატის მითითებით, გარდა მითითებული მტკიცებულებისა, სარჩელში წარდგენილი ფაქტები დაადასტურეს მოწმედ დაკითხულმა პირებმა. მოწმეებმა გ.გ–იამ, დ.ბ–ძემ, გ.ღ–ძემ, ი.ნ–მა, ზ.ლ–მა, ო.გ–იამ, გ.კ–მა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებების გადმოცემით არ გადატვირთავდა განჩინების სამოტივაციო ნაწილს, თუმცა მისი შინაარსი სრულად და ზედმიწევნით იქნა შესწავლილი (იხ. მოწმეთა ჩვენებები პირველი ინსტანციის სხდომის ოქმებში და მისი გაშიფრული შინაარსი გადაწყვეტილების 5.24 - 5.30 და 5.34 პუნქტები).
42. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა ზ. (ჯ ) ა–ძემ, რომელმაც დაადასტურა სისხლის სამართლის ბრალდებებით დაკავებული აქციონერების შესახებ, ასევე, პირველი მოპასუხის შპს „ს.ე.ჯ–თან“ კავშირის შესახებ ინფორმაცია. მოწმეს იძულების შესახებ ფაქტები არ დაუდასტურებია, თუმცა აქციების გაყიდვის შესახებ ფაქტი იმით ახსნა, რომ დაკავებულებს სჭირდებოდათ თანხები; რაც შეეხება მოწმედ დაკითხული მ.ჭ–ის ჩვენებას, მან დაადასტურა სს „ა–ის” აქციონერთა სისხლისამართლის ბრალდებებით დაკავების ფაქტი. მოწმის ჩვენებით, დაკავების გამო პროკურატურას დაყადაღებული ჰქონდა ყველაფერი, აქციონერებს კი სურდათ გაყიდვის უფლება მაინც მიეღოთ პროკურატურისგან. როგორც მოწმისთვის გახდა ცნობილი, მოგვიანებით პროკურატურა წავიდა დათმობაზე და აქციების გასხვისების უფლება მიეცათ დაკავებულ აქციონერებს. ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მოწმეს მიღებული აქვს სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მასთან მისული გ.კ–ისა და ზ.ლ–ის მხრიდან. მოწმისთვის ცნობილი გახდა 2012 წელს პროკურატურაში წილების იძულებით დათმობასთან დაკავშირებული საჩივრის შეტანისა და აქციების ძალიან დაბალ ფასად გასხვისების შესახებ ფაქტებიც (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5.33 პუნქტი).
43. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლიობაში განხილვის, გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, არსებობს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველი, რომ სს „ა–ის” აქციათა 2007 წლის 13 თებერვლის და 2007 წლის 16 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების დროს აქციონერებს ნამდვილი ნება არ გამოუვლენიათ და მათი ნების თავისუფლება ხელყოფილია პირველი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - იძულებით.
44. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ასეთი ფაქტების დროს იძულების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებებით ძალიან რთულია და ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა, წარუდგინოს სასამართლოს იძულების მამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულებები, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც, მოსარჩელის განმარტებით, იძულება ხორციელდებოდა იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, რომელთაც ასევე გააჩნდათ დიდი ბერკეტი მოსარჩელის სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარე პროცესში.
45. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ცხოვრებისეული და სასამართლო პრაქტიკის გამოცდილება აჩვენებს, რომ იძულების განმახორციელებელი პირები ყოველთვის იკავებენ თავს მათ მიერ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების დაფიქსირებისა და გამხელისაგან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შესაძლებელია მათი ქცევა აღიქმებოდეს დანაშაულის ჩადენად, დანაშაულის ფაქტის დაფარვად. იძულების განმახორციელებელი პირი ყოველთვის მოქმედებს გააზრებულად და ფრთხილად მისთვის საინტერესო მიზნის მიღწევის პროცესში, რის გამოც, ძალიან რთული ხდება საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მტკიცებულებები შეფასდეს გონივრულობის, ჯეროვანების პრინციპიდან გამომდინარე, ასე მაგალითად, თვალის ზომით ან ერთი შეხედვით გადმოსახედიდან (prima facie) ისეთ შემთხვევებში, როცა გარიგების დადების წინ განვითარებული მოვლენები აშკარად ქმნის მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ძალადობის ან მუქარის რწმენას. ასეთ ვითარებაში არ არის სავალდებულო, რომ საფრთხე შეექმნას პიროვნების ეკონომიკურ, მით უფრო, ფიზიკურ არსებობას. საკმარისია საგანგებო, საგანგაშო სიტუაცია, როდესაც გვემუქრება სერიოზული ზიანი (Palandt, Otto. Buergerliches Gezetzbuch 73. Aufl. 2013. &138). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში - გუზინსკი რუსეთის წინააღმდეგ, სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება, რომელიც დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, მაღალი ალბათობით, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გარიგების გაფორმების მაპროვოცირებელი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს (CASE OF GUSINSKIY v. RUSSIA (Application no. 70276/01) 19.05.2004).
46. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2006 წლის 08 ნოემბერს სს „ა–ის” ორი აქციონერი დააკავეს. კერძოდ, 2006 წლის 08 ნოემბერს ქ. თბილისის მთაწმინდა-კ–ის შ.ს. სამმართველოს თანამშრომლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს სს „ა–ის” აქციათა 17,976%-ის მესაკუთრე და იმავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მ.კ–ძე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 65); საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 2006 წლის 08 ნოემბერს შპს „ა–ის” აქციათა 16,438%-ის მესაკუთრეს და იმავდროულად კომპანიის დირექტორს, გ.ღ–ძეს ბრალი დაედო კომერციულ მოსყიდვაში (იხ. ტ. 2, ს.ფ. 66-67). ამავე პერიოდში და პარალელურად ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელდა კომპანიისათვის გადასახდელად 6 365 495 ლარის დარიცხვა. დადასტურებულია სადავო ხელშეკრულებების დადებიდან მეორე დღესვე დაკავებულ აქციონერთა გათავისუფლება. დადგენილია ისიც, რომ დაკავებულმა მ.კ–ძემ 23.01.2007წ., ხოლო გ.ღ–ძემ 24.01.2007წ. დროებითი დაკავების იზოლატორიდან გასცეს მინდობილობა სს „ა–ის“ აქციების ნასყიდობის შესახებ (იხ. მინდობილობები, ტ. 2, ს.ფ. 133,138-139).
47. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც გაფორმდა დაკავებულ სს „ა–ის” აქციონერებსა და შპს „ს–ს” შორის 13.02.2007წ. აქციის ნასყიდობის ხელშეკრულება, მალევე, 2007 წლის 14 თებერვალს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ორივე ბრალდებულს. მეტი სიზუსტისთვის, სასამართლომ მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 14.02.2007წ. განაჩენზე, რომლის თანახმადაც, საქმეზე N1/682-07 დამტკიცდა პროკურორსა და გ.ღ–ძეს შორის 2007 წლის 14 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება და გ.ღ–ძე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან (იხ. ტ. 2, ს.ფ. 78-87). ანალოგიურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 14.02.2007წ. განაჩენით დასტურდება, რომ საქმეზე N1/509-07 დამტკიცდა პროკურორსა და მ.კ–ძეს შორის 2007 წლის 14 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება და მ.კ–ძე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან (იხ. ტ. 2, ს.ფ. 44-46).
48. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერი საღად მოაზროვნე, საშუალო გონებრივი შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვისაც კი მარტივი მისახვედრია, რომ სააქციო საზოგადოებაში ფინანსური სიძნელეების საგადასახადო ორგანოსაგან შექმნა, ორი აქციონერის ერთდროულად დაკავება, მაღალი თანამდებობის პირისა და ასეთივე თანამდებობის პირის ოჯახის წევრისაგან ამავე საწარმოს აქციების შეძენით პირადად ან მასთან აფილირებული პირების მეშვეობით დაინტერესება, აქციათა გადაფორმების მიზნით დაკავების ადგილიდან მხოლოდ აქციათა გასაყიდად გაცემული მინდობილობა, აქციათა გასხვისების შესახებ ხელშეკრულებების დადება და გასხვისების შემდგომ დაკავებულ აქციონერებთან საპროცესო შეთანხმების დადება დროში მეტად საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს და არ შეიძლება ყოფილიყო უბრალო დამთხვევა.
49. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომ მუქარის განმახორციელებელი პირისათვის - პირველი მოპასუხისათვის - სასურველი ნების გამოვლენა წარმოადგენდა მუქარის მიზანს - სს „ა–ის” აქციათა 50%-ის შპს „ს–ზე”, ხოლო დარჩენილი 50%-ის კი შპს „ს.ს.ე.კ–აზე” გადაფორმება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 13.02.2007წ.-სა და 16.08.2007წ.-ს აქციათა ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებების ბათილობას განაპირობებს მოსარჩელის მიერ დასახელებული და მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად იძულებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობის საფუძვლები.
50. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტი მიუთითებდა, რომ აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობისთვის სხვა საფუძველს წარმოადგენდა ნასყიდობის საფასურის რეალურ ღირებულებაზე დაბალი ოდენობა. დადგენილია, რომ ორივე ნასყიდობის ხელშეკრულების, ანუ სს „ა–ის” აქციათა 100%-ის ღირებულება, განისაზღვრა 8 596 657 (2 887 750 + 5 708 907) ლარით. დადგენილია ასევე და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ აქციათა პირველი ნასყიდობის ღირებულება 2 887 750 ლარი აქციონერებს არ გადასცემიათ, მისი ჩარიცხვა ფორმალური მყიდველის შპს „ს–ის” მიერ მოხდა პირდაპირ სს „ა–ის” ანგარიშზე, როგორც აქციონერებზე გაცემული სესხი. საქმეში მოსარჩელე მხარემ წარადგინა შპს „ს.ბ. ფ–ს–ის” დასკვნა, რომლის თანახმადაც, საზოგადოება სს „ა–ის” აქტივების ჯამი შეადგენდა 16 888 969 აშშ დოლარს, ხოლო სულ ვალდებულებები 2 470 727 აშშ დოლარს (4 233 590/1.7135). შესაბამისად, წმინდა აქტივების ღირებულებად განისაზღვრა 14 418 242 აშშ დოლარი, ხოლო დამრგვალებული მაჩვენებლით - 14 418 000 აშშ დოლარი. ამავე დასკვნით დადგინდა სს „ა–ის” 2007 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის საორიენტაციო წმინდა მოგების მოცულობა. საწარმოს საორიენტაციო წმინდა მოგებად განისაზღვრა 12 475 348 აშშ დოლარი, ხოლო დამრგვალებული მაჩვენებლით 12 500 000 აშშ დოლარი (იხ. აუდიტორული დასკვნა, ტ. 3, ს.ფ. 161-201).
51. სააპელაციო პალატა დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომლის მიხედვითაც, სს „ა–ის” აქციათა ყოფილ მესაკუთრეებს 100%-ის გასხვისების სანაცვლოდ რეალურად მიღებული აქვთ მხოლოდ - 5 708 907 ლარი (3 429 802 აშშ დოლარი (გაცვლითი კურსი 1,6645)). სასამართლომ ყურადღება მიაქცია, რომ გასხვისებული წილების სანაცვლოდ მიღებულ თანხებსა და მის ნამდვილ საბაზრო ღირებულებას შორის არსებითი სხვაობაა.
52. სააპელაციო სასამათრლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, საბაზრო ღირებულებასთან ნასყიდობის ფასის შეუსაბამობის დადასტურება, მხოლოდ ეს გარემოება, ცალკე აღებული, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის პირობებში, საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების გარეშე, სადავო გარიგების ბათილობის კანონიერი საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუს-ს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664- 635-2016, 02 მარტი, 2017 წელი). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში დადგინდა აქციონერებზე ფსიქოლოგიური იძულების გამოყენება და მიიჩნია, რომ იძულებასთან ერთად ნასყიდობის ფაქტობრივ და საბაზრო ფასებს შორის დისპროპორცია ამავე გარიგების ბათილობის სამართლებრივი საფუძველია დამატებით სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად.
53. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სხვა საფუძვლის თანახმად, აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას განაპირობებს აქციონერთა მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. სასამართლოს განმარტებით, სადავო 13.02.2007წ. და 16.08.2007წ. ხელშეკრულებების დადების დროისთვის მოქმედი სსკ-ის 55.1 მუხლის დისპოზიციის თანახმად, „გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით)”. საბაზრო და სინამდვილეში გადახდილ ფასებს შორის დისპროპორცია უკვე შეფასდა მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სსკ-ის 54-ე მუხლზე მსჯელობისას, თუმცა შესაფასებელია სხვა კომპონენტებიც. აქციონერთა მძიმე მდგომარეობა დადასტურებულია მათ მიერ მიცემული ჩვენებებით და სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან წარდგენილი დადგენილებით. სააპელაციო პალატა დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ რომ არა აქციონერთა მძიმე მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო სს „ა–ის” აქციონერების დაკავებითა და ფინანსური პოლიციის მიერ 6 365 495 ლარის დარიცხვით, მოპასუხეები 2007 წლის 13 თებერვლის და 2007 წლის 16 აგვისტოს გარიგებებს არ დადებდნენ. სასამართლო ასევე დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრის პოლიტიკური თანამდებობები ქმნიდა პლაცდარმს, შეექმნა აქციონერთა მძიმე მდგომარეობა, რამაც საბოლოდ განაპირობა სადავო გარიგებების დადება. ამგვარი შინაარსის ფაქტების ერთობლიობა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გარიგების ბათილად ცნობის დამატებით საფუძვლად უნდა შეფასდეს.
54. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 13.02.2007წ. და 16.08.2007წ. შემდგომ რამდენჯერმე შეიცვალა აქციებმა მესაკუთრე. აპელანტების პოზიციით, ყოველი მომდევნო შემძენი კეთილსინდისიერია, რადგან მათთვის არც იქნებოდა ცნობილი მესაკუთრისაგან აქციების ნების გარეშე გასვლის შესახებ. მართალია, ბათილად იქნა ცნობილი 13.02.2007წ.-სა და 16.08.2007წ. აქციათა ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები, თუმცა სს „ა–ის” ის აქციები, რომლებიც ფიზიკურ პირ აქციონერებს ნების თავისუფლად გამოვლენის ფარგლებს გადაცილებით ჩამოერთვათ, რამდენჯერმე გასხვისდა. საქმის მასალების კვლევით დადგენილია და მხარეებსაც სადავოდ არც გაუხდიათ ფაქტი იმის შესახებ, რომ 2007 წლის 16 აგვისტოდან 2009 წლის 09 ივლისამდე პერიოდში სს „ა–ის” აქციათა 50% შპს „ს–ისგან” შეიძინა შპს „ს.ს.ე.კ–იამ”. 2009 წლის 09 ივლისის მდგომარეობით, სს „ა–ის” 100% აქციების მესაკუთრე იყო შპს „ს.ს.ე.კ–ია”. 2009 წლის 09 ივლისიდან 2009 წლის 14 ივლისამდე პერიოდში სს „ა–ის” აქციათა 100%-ის მესაკუთრე გახდა შპს „კ.ტ–ი”. 2017 წლის 23 ოქტომბრის მდგომარეობით, სს „ა–ის” 100%-იანი აქციონერი იყო შპს „კ.ტ–ი”, ხოლო 2017 წლის 23 ოქტომბერს შპს „კ.ტ–მა” სს „ა–ის” 1 531 968 აქცია (100 %) გაასხვისა პ.ბ–ნზე 1 000 აშშ დოლარად.
55. სააპელაციო პალატის განმარტებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ 2007 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, შპს „ს–ის” პარტნიორები იყვნენ: ა.კ–ძე (25% წილი), რ.ს–ი (25% წილი), თ.დ–ი (25% წილი) და დ.კ–ძე (25% წილი). 2007 წლის 05 აპრილიდან საზოგადოების წილები გადანაწილებული იყო შემდეგი სახით: შპს „ს.ს.ე.კ–ია” – 50% წილი, რ.ს–ი - 25% წილი, ა.კ–ძე - 25% წილი. შპს „ს.ს.ე.კ–იის” 100% წილის მესაკუთრე 2006 წლის აპრილის მდგომარეობით იყო პირველი მოპასუხის მამა რ.ბ–ი. პარტნიორთა 2006 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ს.ს.ე.კ–იის” 100% წილის მესაკუთრე გახდა პირველი მოპასუხის მეუღლე, თ.ჭ–ი. წილის გასხვისების (დათმობის) 2007 წლის 20 მარტის ხელშეკრულებით შპს „ს.ს.ე.კ–იის” 100% წილის მესაკუთრე თ.ჭ–მა შპს „ჰ.ს.ი.ჯ–ს” 2 000 ლარად მიყიდა შპს „ს.ს.ე.კ–იის” 100%-იანი წილი. 2007 წლის 20 მარტიდან დღემდე შპს „ს.ს.ე.კ–იის” 100% წილის მესაკუთრეა შპს „ჰ.ს.ი.ჯ–ი”. შპს „ჰ.ს.ი.ჯ–ის’’ დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრეა შპს „ჩ.ი–ი”, ხოლო გენერალური დირექტორია პირველი მოპასუხე. შპს „ჩ.ი–ი” არის 1994 წლის 20 ოქტომბერს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია, რომლის დირექტორი არის პირველი მოპასუხის მამა, რ.ბ–ი, ხოლო დამფუძნებელი პარტნიორია პირველი მოპასუხე. კვიპროსში რეგისტრირებული შპს „კ.ტ–ის” პარტნიორი მისი დაფუძნების დღიდან არის პირველი მოპასუხე - 1994 წლის 14 თებერვლიდან და სადავო გარიგებების დადებისა თუ შემდგომში - აქციათა გადაფორმების პერიოდშიც, მისი კომპანიის პარტნიორი იყო.
56. სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ეთანხმება საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ სს „ა–ის” აქციათა და ასევე ამ კომპანიის მთლიანი ქონების (უძრავ-მოძრავი ქონება და წილები სამეწარმეო საზოგადოებებში) გასხვისების ჯაჭვში მონაწილე პირები: ერთი მხრივ, შპს „ს–ი”, შპს „ს.ს.ე.კ–ია”, შპს „კ.ტ–ი”, მეორე მოპასუხე და მესამე მოპასუხე, ხოლო, მეორე მხრივ, პირველი მოპასუხე, ურთიერთდაკავშირებული პირები არიან. 2007 წლის 13 თებერვლისა და 2007 წლის 16 აგვისტოს გარიგებების შემდეგ სს „ა–ის” აქციების ყოველი მომდევნო გასხვისება ატარებდა ფორმალურ (მოჩვენებით) ხასიათს და მიზნად ისახავდა თავდაპირველი აქციონერებისათვის აქციებზე საკუთრების დაბრუნების გაძნელებას. სადავოდ გამხდარი გარიგებების ჯაჭვში მონაწილეობდნენ ურთიერთდაკავშირებული პირები და მათი ქმედებები კოორდინირებული იყო. მათ სახელზე სს „ა–ის” აქციათა რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ისინი კეთილსინდისიერი შემძენები არ არიან.
57. რაც შეეხება უკანასკნელ შემძენს - მესამე მოპასუხეს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი 70 წელს მიღწეული, სამეწარმეო და კორპორაციული, ჰოლდინგური კომპანიების მართვა - გამგეობის არც გამოცდილების და არც უნარების მქონე პირი არ არის, რაც ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, მის კეთილსინდისიერებაზე აპელანტის მითითებას აცლის საფუძველს. ამასთან, ნაცვლად აქციათა შესყიდვის ინტერესის დადასტურებისა, მხარემ არაკვალიფიციურად განხორციელებულ შედავებაში მიუთითა, რომ სინამდვილეში საწარმოს არანაირი ქონება არ გააჩნია და, შესაბამისად, აქციების ღირებულების გადახდაც მისგან არ იყო შეუძლებელი. სააპელაციო სასამართლომ ლოგიკას მოკლებულად მიიჩნია, რომ პირმა შეიძინოს იმგვარი აქციები, რომლის მიხედვითაც, უფლებებს იძენს საწარმოში, რომელსაც ბალანსზე საკუთრება არ გააჩნია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას მესამე მოპასუხისაგან მოსარჩელის საკუთრებაში აქციების დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის მართებულობის შესახებ.
58. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, იძულებითა და ნების თავისუფლად ფორმირების არარსებობის პირობებში დადებული გარიგებით გასხვისებული აქციების უკუმოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს დელიქტური სამართლის ნორმების გამოყენებითაც. დიდი პალატის შეფასებით, პირის იძულება, ნების საწინააღმდეგოდ დათმოს საკუთრება მესამე პირის/პირების სასარგებლოდ, თავისი ხასიათით, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ვინაიდან ასეთი ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლითა და სსკ-ის 170-ე მუხლით გარანტირებულ მესაკუთრის უფლებას - თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას (იხ. და შეადარეთ საქმე Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი). ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეული სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი, დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, სამართალდამრღვევის ბრალი.
59. სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან პირველი მოპასუხის მხრიდან მომდინარე იძულების შედეგად მართლსაწინააღმდეგო და გასაკიცხი ქმედებით მოხდა სს „ა–ის” აქციონერთა საკუთრების უფლებაში ჩარევა, ნათელია, რომ მას შედეგად რამდენჯერმე აქციათა გადასხვისებით მოჰყვა კონკრეტული ქონებრივი დანაკლისი. რომ არა გასაკიცხ ქმედებათა ერთობლიობა და იძულების განხორციელება აქციონერებზე, არ მოხდებოდა მათი საკუთრების უფლებიდან აქციათა გასვლა. სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დეტალურად აღწერა და მართებული შეფასება მისცა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ზიანს, მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი პირის ბრალსა და მიზეზობრივ კავშირს, რაც უკუმოთხოვნის უფლებას ამართლებს. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლი და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს სს „ა–ას” (საფირმო სახელწოდების ცვლილებამდე - სს „ა–ი”) აქციათა ამჟამინდელ მესაკუთრედ რეგისტრირებულ მესამე მოპასუხეს მოსთხოვოს ზიანის ნატურით ანაზღაურება, კერძოდ, სს „ა–ას’’ აქციათა 90,4013%-ის დაბრუნება, რაც ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას განაპირობებს.
60. რაც შეეხება სადავო გარიგებათა ბათილად ცნობის დაფუძნებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-55-ე მუხლის დისპოზიციის შინაარსზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეებს ამ შემთხვევაში გააჩნიათ საკუთრებაში აქციების უკუმოთხოვნის საფუძველი კონდიქციური სამართლის ნორმებიდან. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე, 976.1. მუხლებით და აღნიშნა, რომ სასამართლოს ვალდებულებაა მითითებული მუხლების შინაარსში შემავალი ელემენტების არსებობა შეამოწმოს და დაადგინოს გამდიდრდა თუ არა მოპასუხე.
61. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, 13.02.2007წ. და 19.08.2007წ. აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებების რამდენიმე საფუძვლით ბათილად ცნობით მოსარჩელეს წარმოეშვა სსკ-ის 976.1 და სსკ-ის 979-ე მუხლების დანაწესით სს „ა–ის” 90,4013% აქციის უკუმოთხოვნის უფლება; ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც კანონიერი და დასაბუთებულია.
62. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის შემდეგ მოთხოვნას წარმოადგენს პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7 570 312,5 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება და, ასევე, პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 3 117 187,5 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, რომ არა აქციათა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დათმობის ფაქტი, ის მიიღებდა მოგებას.
63. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალების კვლევით დადგენილია, რომ სს „ა–ის” მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და წილები სამეწარმეო საზოგადოებებში შპს „ს.ს.ე.კ–იის” 31.03.2014წ., 29.05.2015წ. და 30.06.2015წ. პარტნიორთა გადაწყვეტილებებით გადატანილია მეორე მოპასუხის (ყოფილი შპს „ს–ის”) საწესდებო კაპიტალში (იხ. ტ. 3, ს.ფ. 64-87, 303-305, 306-307). საქმეში წარდგენილია 02.10.2019წ. აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სს „ა–ის” 100% აქციების საბაზრო ღირებულება, 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დამრგვალებული მაჩვენებლით შეადგენდა 14 418 000 აშშ დოლარს. დასკვნით ასევე დადგენილია, რომ სს „ა–ის” 2007 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის საორიენტაციო მინიმალური წმინდა მოგება შეადგენს 12 500 000 აშშ დოლარს (იხ. შპს „ს.ბ. ფ–ს–ის” დასკვნა, ტ. 3, ს.ფ. 161-201). აპელანტები არ იზიარებენ აღნიშნული დასკვნის შინაარს და, თავის მხრივ, მიუთითებენ მათ მიერ წარდგენილ შპს „ბ.კ–ის” დასკვნაზე. აპელანტთა პოზიციით მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი შეფასების სინამდვილესთან შეუსაბამობას, დასკვნის მომზადების დროს ეთიკისა და კვლევის წესების უგულებელყოფას.
64. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ შპს „ს.ბ. ფ - ს–ის” დასკვნა დაყოფილია სექციებად; იგი შეიცავს ანგარიშის ზოგად ნაწილს, შემზღუდავ პირობებსა და დაშვებებს, ზოგად საშემფასებლო ნაწილს, შესაფასებელი კომპანიის აქტივის საბაზრო ღირებულების შეფასებას, რომელიც მოიცავს აქტივსაც და პასივსაც; დამატებით თავი ეთმობა საინვესტიციო წმინდა მოგებას, ხოლო უკანასკნელი ნაწილი დასკვნითია, რომელიც არაორაზროვნად სცემს პასუხს აუდიტის წინაშე დასმულ შეკითხვაზე. დასკვნა კატეგორიული ხასიათისაა და მოიცავს მნიშვნელოვან, სპეციალურ და ტექნიკურ კვლევას ღირებულების დასადგენად. რაც შეეხება შპს „ბ.კ–ის” მიერ შექმნილ წერილობით მტკიცებულებას, იგი წარმოადგენს არა დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, არამედ მისი შემქმნელის პოზიციას შპს „ს.ბ. ფ–ს–ის” აუდიტორული დასკვნის ხარვეზებზე. ამდენად, მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტის კვლევის საგანია მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (იხ. ტ. 7, ს.ფ. 5-37) და იგი თავად არ არის აუდიტორული დასკვნის შინაარსის მატარებელი. დოკუმენტის შემდგენელის მიერ დაწუნებულია შპს „ს.ბ. ფ–ს–ის” მიერ შედგენილი აუდიტორული დასკვნის კვლევა და მეთოდოლოგია, რომელიც გამოყენებულია დასკვნის გასაცემად.
65. სააპელაციო პალატის განმარტებით, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები. მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარდგენის ვალდებულებამ მოპასუხის მხარეს გადაინაცვლა. შესაბამისად, დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვისას მოპასუხეს შეეძლო საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად თავადაც წარედგინა რელევანტური მტკიცებულება (სხვა საექსპერტო დასკვნა) (საქმე Nას-1129-2023, 26 დეკემბერი, 2023 წელი). სააპელაციო პალატამ ექსპერტიზის დასკვნის მსგავსი მიდგომა განავითარა აუდიტორულ დასკვნაზეც.
66. სააპელაციო პალატა დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სს „ა–ის” 100% აქციებისა და წმინდა მოგების განსაზღვრის შესახებ, გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილ კვლევა და მიიჩნია, რომ დასკვნის შინაარსი გასაზიარებელია. სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.
67. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტები სააპელაციო საჩივარში მიუთითებდნენ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელზე - ხანდაზმულობაზე; მეტიც, რადგან სასამართლომ იძულებით დადებულ გარიგებად მიიჩნია 13.02.2007წ. და 16.08.2007წ. ხელშეკრულებები, აუცილებელი იყო შემოწმებულიყო შეცილების ვადებიც. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ სამართლებრივ ინსტიტუტზე მითითება სსკ-ის 89-ე მუხლიდან გამომდინარე, სრულიად არამართებულია.
68. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხი იმის მიხედვით უნდა გადაწყდეს, თუ როდის დამთავრდა მოპასუხის მიმართ იძულება - გარიგების დადებისთანავე თუ დროის სხვა მონაკვეთში. იძულება უფლების განგრძობადი დარღვევაა, ამას ზემოთ მითითებული 89-ე მუხლიც მიუთითებს, რადგან კანონი შეცილების ვადის ათვლის საკითხს უკავშირებს იძულების დამთავრების მომენტს. იგივე ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონი უშვებს, რომ ხელშეკრულების მხარის იძულება შეიძლება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც გაგრძელდეს, რადგან შეცილების ვადის ათვლა დამოკიდებული არ არის ხელშეკრულების დადების მომენტზე. ცხადია, აქ არსებობს განსხვავება გარიგების დადებისათვის განხორციელებულ იძულებასა და მას შემდეგ არსებულ მდგომარეობას შორის, რადგან შედეგის მიღწევის შემდეგ ის პირი, რომელმაც განახორციელა ხელშეკრულების დადებაზე იძულებითი სახის ზემოქმედება, შეიძლება აღარ ახორციელებდეს აქტიურ მოქმედებებს, მაგრამ ამასთან ერთად კვლავ არსებობდეს ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ, შეცილების ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს მხარის პიროვნული გათავისუფლების მომენტიდან, როდესაც იგი ფიქრობს, რომ მის მიმართ აღარ არსებობს რეალური საფრთხე, რომელსაც მის მოქმედებებზე ზემოქმედება შეუძლია (იხ. საქმე N2ბ/671-15, 21 სექტემბერი, 2015 წელი)
69. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთქმულ ლოგიკურ მოსაზრებას, რომ სს „ა–ის” აქციონერთა მიმართ იძულება სულ მცირე 2012 წლის არჩევნებამდე (2012 წლის 01 ოქტომბრამდე) გრძელდებოდა, რადგან პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებამდე იძულებას ჰქონდა განგრძობადი ხასიათი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ პირველი მოპასუხე და მისი ძმა 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლამდე მოქმედი მაღალჩინოსნები იყვნენ. აქედან გამომდინარე, სულ მცირე იძულებით დადებული გარიგების შეცილების ერთწლიანი ვადის დენა სს „ა–ის” ყოფილი აქციონერებისათვის 2012 წლის 01 ოქტომბრიდან დაიწყო. სს „ა–ის” აქციონერებმა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 2012 წელსვე მიმართეს (იხ. ტ. 5, ს.ფ. 157). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გმს სამმართველოში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2013 წლის 08 იანვარს დაიწყო გამოძიება შპს „ჰ.ს.ი.ჯ–ის” ხელმძღვანელ პირთა მიერ საზოგადოების სახელით და მის სასარგებლოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით. გამოძიება არ დასრულებულა და მისი შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვა, მით უფრო შეცილებისათვის განსაზღვრულ კანონისმიერ ვადებში უდავოდ წარმოადგენს დარღვეული უფლების აღდგენისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასარჩელო მოთხოვნების შინაარსზე და განმარტა, რომ პირველი პრეტენზია მიემართება აქციების საკუთრებაში დაბრუნებას. სასამართლომ უკვე შეაფასა აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სხვა საფუძვლები და სსკ-ის 54-55-ე მუხლების შინაარსითაც წარმატებულია მოსარჩელის პრეტენზიები. რაც შეეხება აქციათა უკუმოთხოვნას, ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა სსკ-ის 976-ე და 979-ე მუხლებით, რომლისთვისაც ხანდაზმულობის ვადა 10 წელს შეადგენს (სსკ-ის 128.3 მუხლის მიხედვით („ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს“). განსახილველ საქმეზე სარჩელი ინიციირებულია 2020 წლის 18 სექტემბერს (იხილეთ სარჩელის პირველ გვერდზე თარიღი შტამპში და სარჩელის განაწილების ბარათი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული და განხორციელებადია. ამდენად, აპელანტები თავს ვერ დაიცავენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 144.1 მუხლის ნორმატიული შინაარსით.
70. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მესამე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
71. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
71.1. სასამართლოს ერთობლიობაში არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მარტოოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სრულიად უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სარჩელი;
71.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ნოემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება ნამდვილი გარიგებაა. ცესიის ხელშეკრულების შინაარსიდან თუ ამოვალთ, ის არის საზღაურიანი და გარდა იმისა, რომ საზღაურის მიღების პირობას შეიცავს, დაზუსტებული არ არის კონკრეტულად ვის მიმართ დაუთმეს მოთხოვნა აქციონერებმა მოსარჩელეს;
71.3. სარჩელი აღძრულია მოსარჩელის მიერ, ხოლო მოთხოვნის დათმობის საფუძველზე ყველა სხვა აქციონერი დაიკითხა როგორც მოწმე. აღსანიშნავია, რომ, რეალურად, საქმე გვაქვს არა მოწმის ჩვენებასთან, არამედ მხარის ახსნა-განმარტებასთან, რადგან თითოეული მოწმედ დაკითხული პირი პირდაპირ არის დაინტერესებული საქმის შედეგით. შესაბამისად, არცერთი ინსტანციის სასამართლომ აქციონერთა ჩვენებებს სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა და არ გაითვალისწინა საქმის შედეგით ე.წ. მოწმეთა დაინტერესების საკითხი. სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოსარჩელისათვის მოთხოვნის დათმობით მხარე უშედეგოდ შეეცადა მოწმეების სახით შეექმნა მტკიცებულებათა შესაბამისი სტანდარტი;
71.4. მოსარჩელეც და აქციონერი მოწმეებიც მიუთითებდნენ კონკრეტული პირის - გ.ქ–ას ქმედებებზე, რომელიც იყო მათთან უშუალო კომუნიკაციაში მყოფი პირი და რომელიც, მათი განმარტებით, ახორციელებდა იძულებას, თუმცა ის არათუ მოპასუხედ არ დაასახელეს, არამედ მოწმედაც კი არ მოიწვიეს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით;
71.5. მოსარჩელეც და მოწმე აქციონერებიც ყვებოდნენ მესამე პირებისგან მოსმენილ ისეთ ფაქტებს, რისი უშუალო შემსწრეებიც არ ყოფილან და ნაცვლად კონკრეტული ფაქტების გადმოცემისა, შედიოდნენ მხოლოდ და მხოლოდ შეფასებებსა და ვარაუდებში, რომ კონკრეტული მოვლენის უკან, მათი მოსაზრებით, იდგა პირველი მოპასუხე;
71.6. გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, საქმეში არ დევს სხვა არანაირი მტკიცებულება;
71.7. გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც საუბარია მესამე მოპასუხის კავშირზე პირველ მოპასუხესთან, არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული და ეყრდნობა მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს შესაძლო კავშირების შესახებ. სასამართლო არ ასაბუთებს რა ტიპის კავშირზე მიუთითებს. შესაბამისად, სასამართლოს პოზიცია მესამე მოპასუხესთან დაკავშირებით გაუგებარი და დაუსაბუთებელია;
71.8. მესამე მოპასუხის ასაკი ნამდვილად არ არის აქციების შეძენის გამომრიცხავი გარემოება. მან „კ.ტ.ლ–ისგან“ ხელშეკრულების საფუძველზე ნამდვილად შეიძინა სს „ა–ას“ აქციები. ამასთან, აღნიშნული აქციების მესამე მოპასუხის მხრიდან შეძენის ფაქტის საეჭვოობა იმ საფუძვლით, რომ იგი არასდროს ყოფილა მეწარმე, ლოგიკას მოკლებულია. მეწარმედ ყოფნა/არყოფნის საკითხი ვერანაირი გავლენის მოხდენას ვერ შეძლებს სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე;
71.9. არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, თითქოს მესამე მოპასუხემ განმარტა, რომ საწარმოს არანაირი ქონება არ გააჩნია, რითაც მან ხაზი გაუსვა აქციათა მცირე ღირებულებას და მისი შეძენის შესაძლებლობას. მსგავს ფაქტს არცერთი ინსტანციის სასამართლოში მესამე მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია;
71.10. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ სს „ა–ის“ აქციათა და, ასევე, კომპანიის მთლიანი ქონების (უძრავ-მოძრავი ქონება და წილები სამეწარმეო საზოგადოები) გასხვისების ჯაჭვში მონაწილე შპს „ს–ი“, შპს „ს.ს.ე.კ–ია“, შპს „კ.ტ–ი“, მესამე მოპასუხე და მეორე მოპასუხე წარმოადგენენ პირველ მოპასუხესთან დაკავშირებულ პირებს;
71.11. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებას იძულების განხორციელების კონტექსტში აფუძნებს ძირითადად ორ გარემოებაზე: გამოძიების დეპარტამენტის გმს გამომძიებლის 03.08.2016წ. დადგენილება (რომელიც შეეხება საქმეში ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლებს) და აქციონერთა ჩვენებები სასამართლოში. ბრალის დადგენილებასთან დაკავშირებით სასამართლო არათუ ცდება სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას, არამედ მსგავსი შეფასებით პირდაპირ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასევე, აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსს, ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესში ჩატარებულ რომელიმე საგამოძიებო მოქმედებას ან მიღებულ საპროცესო დოკუმენტს არ აქვს ცალკე აღებული მტკიცებულების ძალა მანამ, სანამ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ იქნება დადგენილი. ფაქტია, რომ დღემდე არ არსებობს არანაირი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც რაიმე ფაქტი ან რომელიმე პირის (მათ შორის მოპასუხეთა) ბრალეულობა ან იძულების ფაქტი იქნებოდა დადგენილი;
71.12. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საუბარია იძულებაზე, თუმცა უდავო ფაქტია, რომ აქციათა შეძენა იყო სასყიდლიანი და საუბარი არ არის სიმბოლურად გადახდილ თანხებზე. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვინაიდან აქციონერები კომპანიას მართავდნენ გადასახადებისგან თავის არიდების გზით, რამაც გამოიწვია შემოსავლების სამსახურის შემოწმების შედეგად საგადასახადო დავალიანების დარიცხვა და ამ პირობებში შეუძლებელი იყო საქმიანობის გაგრძელება, მათ გადაწყვიტეს აქციები გაეყიდათ და მხოლოდ და მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური პროცესები მიდიოდა, განაცხადეს, რომ თურმე მათ აიძულეს აქციების გაყიდვა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოთხოვნა სასამართლოში მათ არ დაუყენებიათ 2020 წლამდე, ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 8 წლის განმავლობაში;
71.13. იმ პირობებში, როდესაც განაჩენების კანონიერება არასდროს დამდგარა სამართლებრივად ეჭქვეშ, საინტერესოა როგორ შეფასდა ისინი მოსარჩელის პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არც ის საგადასახადო დავალიანება გამხდარა შედავების საგანი, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებაში მხარე ასევე იძულების კონტექსტში განიხილავს;
71.14. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მიერ მესამე მოპასუხის, როგორც აქციების კეთილსინდისიერი შემძენის, მიმართ წაყენებული მოთხოვნა აქციების დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოცემულობით ჩანს, რომ ვიდრე მესამე მოპასუხე ხელშეკრულების საფუძველზე გახდებოდა სს „ა–ას“ აქციების მესაკუთრე, სხვა სუბიექტებიც ფლობდნენ შესაბამის აქციებს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად უსაფუძვლოა, არა თუ მესამე მოპასუხესა და კ.ტ–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება, ასევე, აქციების აღრიცხვა მოსარჩელის სახელზე, რადგან მოპასუხე რომც დაეთანხმოს მოსარჩელის მოთხოვნას, აქციები არა მის, არამედ კ.ტ– ლ–ის საკუთრებაში უნდა აღირიცხოს. აღნიშნულზე საერთოდ არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს და წინა ტრანზაქციების უგულებელყოფით უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სარჩელი;
71.15. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ კ.ტ. ლ–ი ლიკვიდირებულია (რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მას არ წარუდგენია). შესაბამისად, თუ ეს ფაქტი რეალობას შეესაბამებოდა, მაშინ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-14 მუხლების მე-8 და მე-9 პუნქტები. ეს სამართლებრივი მოცემულობა კი, გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
71.16. სასამართლომ არასწორად შეაფასა ხანდაზმულობის საკითხი და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ გამოძიებისთვის მიმართვით შეწყდა ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელეს დარღვეული აქვს სასამართლოსათვის მიმართვის სსკ-ის 89-ე მუხლებით განსაზღვრული შეცილების ერთწლიანი ვადა, რაც კიდევ ერთ ლეგალურ ბერკეტს ართმევს მოსარჩელეს უსაფუძვლო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
(დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი, ტ. 12. ს.ფ. 119-137)
72. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ასევე წარადგინეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
73. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
73.1. კასატორის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2025წ. საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა მოსამართლე ზ.მ–ის აცილების თაობაზე;
73.2. კასატორმა მოსამართლის აცილების სამართლებრივ საფუძვლად მოიხმო სსსკ-ის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (მოსამართლის აცილების საფუძველია გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში) და აღნიშნა, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე მოსამართლის მიკერძოებულობაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები და მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებები. მაგალითად, მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე დააყენა არაერთი შუამდგომლობა, რაც სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა. სასამართლომ არ გაითვალისწინა და უგულებელყო მოპასუხის დასაბუთებული პოზიცია შუამდგომლობების უარყოფის შესახებ. აღნიშნულის კვალდაკვალ კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხისათვის უმნიშვნელოვანესი და დასაბუთებული შუამდგომლობები და მხოლოდ ფორმალური და დაუსაბუთებელი პასუხებით შემოიფარგლა;
73.3. გარდა ამისა, საგულისხმოა მთელი პროცესის განმავლობაში სასამართლოს დამოკიდებულება მოპასუხისა და მისი წარმომადგენლების მიმართ. სასამართლო ჩვენების მიცემის დროს მაშინაც კი არ აჩერებდა მოსარჩელის მოწმეებს, როდესაც აშკარა შეურაცხყოფას აყენებდნენ მოპასუხის წარმომადგენლებს და აღნიშნულით ირიბად ახალისებდა პროცესის მონაწილეთა ქცევას. მოსამართლე აგრესიას გამოხატავდა სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიმართ, რაც ადასტურებს მის სუბიექტურ დამოკიდებულებას მოსარჩელის მიმართ;
73.4. ამდენად, მოსამართლე ზ.მ–ი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რაც მისი საქმიდან აცილების საფუძველი უნდა გამხდარიყო, ხოლო მის მიერ შუამდგომლობის არდაკმაყოფილებით დადგა იმგვარი მოცემულობა, რომ საქმე განიხილა არაკანონიერმა შემადგენლობამ;
73.5. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელესა და სხვა აქციონერებს შორის გაფორმებული ცესიის ხელშეკრულების ნამდვილობის შესახებ არის მცდარი და იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს. კასატორმა მიუთითა ცესიის ხელშეკრულების 1.2, 1.5, 2.1 პუნქტებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნის დათმობის არსებობისათვის საჭირო და საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს;
73.6. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების საგანი განსაზღვრულია დოკუმენტის მე-2 მუხლით. ხელშეკრულების საგანში დეტალურად არის მითითებული თუ რას უთმობენ ცედენტები ცესიონერს. აღნიშნულის ანალიზი კი ცხადყოფს, რომ სახეზეა სსკ-ის 198-ე მუხლთან შეუთავსებელი მოცემულობა, ვინაიდან კანონი ცალსახად განმარტავს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს იმ უფლების ან მოთხოვნის დათმობა ან დაგირავება, რომელსაც ცედენტი ცესიონერს უთმობს. ამდენად, რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ნამდვილობას;
73.7. მითითებული ნორმის დანაწესი ასევე ადგენს, რომ მოთხოვნის მფლობელი უნდა იყოს სახეზე, რაც არ არის ამ შემთხვევაში დადასტურებული, ვინაიდან ინდივიდუალურად არის შესაფასებელი აქციონერების საკუთრების უფლება, მათ მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტი, ასევე, ის გარემოება ფლობდნენ თუ არა ისინი იმ მოცულობის აქციებს, რაც სარჩელშია მითითებული და ა.შ. გარდა ამისა, სსკ-ის 198.2 მუხლის ანალიზი მეტყველებს, რომ ცედენტმა ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად ცესიონერს ასევე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მოვალის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული თუ ვინ არის მოვალე, ვის მიმართ უნდა წამოიწყოს დავა ცესიონერმა და ვისგან უნდა დაიკმაყოფილოს არსებული მოთხოვნა;
73.8. სადავო ხელშეკრულებით მხარეები შეეცადნენ თავი აერიდებინათ მოსალოდნელი სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, აქციონერების ნაწილი შეეცადნენ მოწმის სახით მიეცათ ჩვენება მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნის მიზნით, რადგან მოსარჩელეს არ გააჩნდა იძულების ფაქტის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება;
73.9. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების კრიტიკული ანალიზი მხოლოდ ერთზე მეტყველებს - იგი შეიძლება შეფასდეს, როგორც პირის მიერ გაცემული მინდობილობა, თუმცა, მინდობილობის შემთხვევაშიც, ის ფორმადაუცველია, რადგან არ არის სანოტარო წესით დამოწმებული;
73.10. შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, არის ბათილი და სააპელაციო სასამართლომ ის არამართებულად, სსკ-ის 198-199-ე მუხლების არასწორი განმარტების შედეგად მიიჩნია ნამდვილად;
73.11. სააპელაციო სასამართლომ სადავო აქციათა საკუთრების უფლებაზე მსჯელობისას ყურადღება გაამახვილა სააქციო საზოგადოების აქციების ნასყიდობის შესახებ 13.02.2007წ. და 16.08.2007წ. ხელშეკრულებების ნამდვილობის/ბათილობის საკითხზე, თუმცა მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა მინიმუმ იმ რამდენიმე გარიგების ბათილად ცნობა მაინც, რომლითაც პირველად გავიდა მათი საკუთრებიდან აქციები. მოსარჩელის განზრახვა იმით იყო განპირობებული, რომ უტყუარად დასტურდებოდა შემძენთა კეთილსინდისიერების საკითხი. გასხვისების ყველა ხელშეკრულება ატარებს რეალურ და კანონიერ ხასიათს, შემძენი პირები არიან კეთილსინდისიერები, რაც სასამართლოს არ გამოუკვლევია, შესაბამისად, სასამართლომ უკანონოდ გადაწყვიტა საკითხი აქციათა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
73.12. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ მოწმედ წარდგენილი პირები არიან ყოფილი აქციონერები, ასევე, ცესიის ხელშეკრულების მხარეები. მათი საპროცესო სტატუსი სადავოა, რადგან ისინი სტანდარტულ შემთხვევაში განსახილველ საქმეზე უნდა ყოფილიყვნენ არა მოწმეები, არამედ მოსარჩელეები. სწორედ ეს განაპირობებს მოპასუხის/აპელანტის მოთხოვნას მათი დაკითხვის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. ასევე, აღნიშნულს უკავშირდება მოპასუხის შუამდგომლობა მოსარჩელის არასათანადო მოსარჩელედ ცნობის შესახებ;
73.13. მოწმეების - გ.გ–იას, დ.ბ–ძის, გ.ღ–ძის, ი.ნ–ის, ზ.ლ–ის და ო.გ–იას ჩვენებები არ არის სანდო და სარწმუნო, ვინაიდან ისინი არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, რაც დასტურდება, მათ შორის, ცესიის ხელშეკრულების შინაარსით, რომლის თანახმად, მხარეები მოთხოვნის დათმობის ანაზღაურებაზე დამატებით უნდა შეთანხმდნენ. ანალოგიური გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ.კ–მა. ამასთან, მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებს, მათ შორის, მოსარჩელის პოზიციას;
73.14. ექვსივე მოწმე ეწინააღმდეგება საქმეზე დაკითხული მოწმის - ნოტარიუს მ.გ–ძის ჩვენებას, რომელმაც არ დაადასტურა სოკართან დაკავშირებით მის მიერ რაიმე დოკუმენტის მომზადებისა და ხელშეკრულების ხელმოსაწერად მისვლის ფაქტი. ექვსივე მოწმე აცხადებს, რომ, როგორც აქციონერების დაკავება, ისე საგადასახადო დარიცხვა იყო უკანონო, თუმცა საწინააღმდეგო დასტურდება საქმის მასალებით;
73.15. მოსარჩელე ცდილობს წარმოაჩინოს, რომ სს „ა–ის“ აქციათა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულია პირველი მოპასუხის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებით. საგულისხმოა, რომ თავად პირველი მოპასუხე არცერთ მონაკვეთში არ ფიგურირებს. ეს რომ ნამდვილად ასეა, დასტურდება მოწმის სახით წარდგენილი ყოფილი აქციონერების ჩვენებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ უშუალოდ მათ არასდროს ჰქონიათ სადავო საკითხთან დაკავშირებით პირველ მოპასუხესთან პირდაპირი კომუნიკაცია. მოსარჩელე ცდილობს არაერთი გავლენიანი და მაღალი რეპუტაციის მქონე, კვალიფიციური პროფესიონალის სახელის პირველ მოპასუხესთან დაკავშირებას, რომელთა საშუალებითაც იგი, თითქოს, ახორციელებდა უკანონო მექანიზმებით საკუთარი ბიზნეს ინტერესების გატარებას, რაც დაუსაბუთებელია, მტკიცებულებებით არაა გამყარებული და რეალობასთან შეუსაბამოა;
73.16. 13.02.2007წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სარჩელზე დართული ხელშეკრულებები ცხადყოფს, რომ შპს „ს–ის“ იმჟამინდელ პარტნიორთაგან არცერთი არ არის პირველი მოპასუხე ან თუნდაც მისი ოჯახის წევრი, მასთან კონკრეტული პირების აფილირება კი ხდება სოციალური ნაცნობობის საფუძველზე, რაც წარმოუდგენელია რაიმე ფორმით გაიგივდეს უშუალოდ პირველი მოპასუხის ინტერესებთან;
73.17. მოსარჩელე აქციონერების დაკავებასა და საგადასახადო ვალდებულების დაკისრებას სრულად უკავშირებს პირველ მოპასუხეს, რაც არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებები;
73.18. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აქციონერების მიმართ მიღებული განაჩენები კანონიერ ძალაშია შესული და ამდენი წლის გასვლის შემდგომაც ისინი არ გადასინჯულა, რაც საფუძველს აცლის მოსარჩელის პოზიციას. ამასთან, არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ მომხდარა 2012 წლის შემდგომ რეაბილიტაციის საქმის წარმოება და გამამართლებელი განაჩენის დადგომა. სასამართლომ თავი აარიდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების შინაარსობრივ მხარეზე მსჯელობას. კანონიერ ძალაშია შესული საგადასახადო დარიცხვის აქტიც და არც მისი გაუქმება ყოფილა მოთხოვნილი;
73.19. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით ასკვნის, რომ აქციონერთა დაკავება და სხვა აქციონერების მიმართ გამოვლენილი მუქარა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ იყო ბერკეტი, დაეთრგუნათ აქციონერების ნება, თუმცა სასამართლო არ ხსნის როგორ შეეძლო ეს ყოველივე პირველ მოპასუხეს და თუ აღნიშნულს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, სად არიან პასუხისმგებელი პირები;
73.20. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ და სხვა აქციონერებმა მიმართეს შესაბამის უწყებას გამოძიების ჩატარების მიზნით, მათ განცხადებას არავითარი ხელშესახები რეაგირება არ მოჰყოლია და არავინ არის მიცემული პასუხისგებაში. 13 წელზე მეტია მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, თუმცა ყოფილი აქციონერები დაზარალებულებადაც კი არ არიან ცნობილები;
73.21. სააპელაციო სასამართლოს განმარტება მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო 14.04.2024წ. გადაწყვეტილებაში საქმე Nას-26-2024 განმარტავს შემდეგს: „სსკ-ის 138-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა წესრიგდებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია“. კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს სხვა არაერთ საქმეზე;
73.22. ამდენად, უტყუარი ფაქტია, რომ ვერც 2012 წელს და ვერც შემდგომ წლებში მოსარჩელისა და სხვა აქციონერების მიმართვა პროკურატურაში ვერ გახდება წინამდებარე საქმეზე ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი. 2007 წლის 13 თებერვლისა და 16 აგვისტოს შემდგომ მოსარჩელე მხარეს არცერთხელ, არანაირი ფორმით არცერთ სტრუქტურაში არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია;
73.23. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა მოპასუხის იმ პრეტენზიაზე, რომელიც შეეხებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას, რომლის თანახმად, „სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის გზით აქციონერები შეეცადნენ, ჯერ მოეხდინათ დანაშაულის დადგენა, ხოლო შემდეგ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების (აქციათა ნატურით დაბრუნების) მოთხოვნით მიემართათ სასამართლოს. აღნიშნულის პროცესუალურ შესაძლებლობას კი მათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს შესული ცვლილებები აძლევდათ, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V კარს დაემატა ახალი XXXIV3-ე თავი – ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი”, „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი დანაშაულის დადგენის მოთხოვნით სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის სამართლებრივად ვარგისი საშუალებად უნდა შეფასდეს”;
73.24. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. სსსკ-ის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი. ამდენად, აქ საუბარია უკვე დამდგარი განაჩენის საფუძველზე ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სასარჩელო წარმოების გამარტივებაზე და არა აღნიშნულით ხანდაზმულობის შეწყვეტის სამართლებრივ შესაძლებლობაზე. ამდენად, გამარტივებული წარმოების წესების გამოყენება ვერ გამოდგება წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის ხანდაზმულობის გასამართლებლად;
73.25. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის პრეტენზია, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელის მიერ საქმეზე დართულ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამომძიებლის 03.08.2016წ. დადგენილებას საფინანსო-საბუღალტრო და საქონელთმცოდნეობითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტზე არ არის შესრულებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ამდენად ვერ დასტურდება დოკუმენტის ავთენტურობა და ის გარემოება, ნამდვილად წარმოადგენს თუ არა ხსენებული დოკუმენტი სისხლის სამართლის მასალების ნაწილს. აღნიშნული დოკუმენტის კანონიერად მიჩნევის შემთხვევაშიც, შეუძლებელია საპროცესო მოქმედების ოქმით რაიმე ფაქტობრივი გარემოების დადგენა, ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი გარემოებები არ არის სამოქალაქო საქმის შესწავლის საგანი, გამოძიებას აწარმოებს შესაბამისი საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება არ არის რაიმე ტიპის შემაჯამებელი საპროცესო დოკუმენტი და მასში გადმოცემული შინაარსი დამტკიცებულად ვერ მიიჩნევა. ამასთან, გამოძიების დაწყებიდან 13 წელზე მეტის გასვლის მიუხედავად, საქმის მწარმოებელმა უწყებამ ვერ გამოკვეთა ვერავითარი დანაშაულის ნიშანი, მეტიც მოსარჩელე საგამოძიებო უწყებას დაზარალებულადაც არ უცვნია. შესაბამისად, სწორედ ეს მოცემულობა უნდა შეეფასებინა სასამართლოს;
73.26. მოსარჩელის პოზიციის სანდოობისა და დამაჯერებლობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს კიდევ ერთ გარემოებაზე. კერძოდ, სარჩელში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ რაც კომპანიის 50% „ს–მა“ შეისყიდა, პირველმა მოპასუხემ გადაწყვიტა სამეთვალყურეო საბჭოს სრულად „თავისი ხელით“ დაკომპლექტება. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას. საქმეში მოიპოვება სს „ა–ის“ აქციონერთა საერთო კრების ორი ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ 2007 წლის 04 აპრილს გამართულ სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რაოდენობა შეამცირა 6-დან 3 კაცამდე, ხოლო საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ ნ.თ–ვა, დ.ბ–ძე და ამავდროულად ო.გ–იამ წარადგინა გ.ქ–ას კანდიდატურა. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ამ ყველაფერთან პირველი მოპასუხე იყო დაკავშირებული და მას სურდა სრულად ჩამოეშორებინა აქციონერები კომპანიის მართვის პროცესებისაგან, რატომ დატოვა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში დ.ბ–ძე და ამავდროულად რატომ წარადგინა ო.გ–იამ გ.ქ–ას კანდიდატურა;
73.27. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად, იძულებასთან ერთად ნასყიდობის ფაქტობრივ და საბაზრო ფასებს შორის დისპროპორცია ამავე გარიგების ბათილობის სამართლებრივი საფუძველია დამატებით სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ (Nას-664-635-2016, 02.03.2017 წელი) არ გაიზიარა ამგვარი მიდგომა იმ დასაბუთებით, რომ მხოლოდ ფასთან დისპროპორციის მოტივით გარიგების ამორალურად მიჩნევა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპს. ფასის შეუსაბამობის განსაზღვრისათვის უსაფუძვლოა სოკარის შეთავაზების მტკიცებულებად შეთავაზება და მათ მიერ მიღებულ აქციათა ღირებულების ჯამში 6 318 552 აშშ დოლართან შეფარდება. სოკარის მიერ შეთავაზებულ ფასთან დაკავშირებით გარდა აქციონერების ზეპირი ახსნა-განმარტებებისა, სხვა არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია მოსარჩელეს. ნოტარიუსმა მ.გ–ძემ ჩვენების მიცემის დროს დაადასტურა, რომ სს „ა–ი“ მისი სანოტარო ბიუროს კლიენტი იყო და უმზადებდა სხვადასხვა დოკუმენტებს, თუმცა მოწმე ვერ იხსენებს ამ ტიპის ხელშეკრულების მომზადებისა და შემდგომ მისი ჩაშლის ფაქტს. სოკართან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ასევე კომპანიის ყოფილი აქციონერი გ.კ–ი. ამასთან, მცდარია სასამართლოს დასკვნა, რომ აქციონერებმა აქციების სანაცვლოდ მიიღეს 3 429 802 აშშ დოლარი, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მათ მიღებული აქვთ 8 596 657 ლარი;
73.28. გარდა ამისა, შპს „ს.ჯ–ას“ 23.07.2024წ. წერილით დგინდება, რომ კომპანიაში არ არსებობს კორპორაციული დოკუმენტი ან სხვა სახის წერილობითი საბუთი მის მიერ 2007 წელს „სს ა–ას“ (ყოფილი სს „ა–ი“) აქციების შესაძლო შეძენასთან და აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით;
73.29. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ სადავო აქციებთან დაკავშირებულ ყოველ გარიგებაზე გადახდილია შესაბამისი ფასი; ამასთან, არ დასტურდება პირველი მოპასუხის მიერ გამოვლენილი არავითარი, თუნდაც მინიმალური გავლენით ბოროტად სარგებლობის ფაქტი; სახეზეა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა (ყოფილი აქციონერების) მატერიალური დაინტერესება; მოწმეებს თავად არასდროს უნახავთ ამ საკითხზე პირველი მოპასუხე, რაც მათი ჩვენების სანდოობას ეჭქვეშ აყენებს. თავის მხრივ, პირველი მოპასუხისა და გ.ქ–ას კავშირს მხოლოდ იმით ხსნიან, რომ მათ რესტორანში უნახავთ ერთად ეს პირები. მოწმეები მხოლოდ მათ აზრებსა და ვარაუდებზე საუბრობენ;
73.30. მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის მტკიცებულებებით არის შესაძლებელი დადასტურდეს ზეწოლის ან/და იძულების ფაქტი - საჩივრების არსებობა, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტი, პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებული რაიმე სახის მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში არცერთ ზემოთთქმულს ადგილი არ ჰქონია და მარტოოდენ ის ფაქტი, რომ გაჟღერებულია პირველი მოპასუხის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის სახელი, არათუ საკმარისი არ არის, არამედ მოკლებულია ყოველგვარ სერიოზულობას;
73.31. მესამე მოპასუხეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით აქვს შეძენილი კ.ტ– ლ–ისაგან სს „ა–ას” აქციები და სადავო ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს. საქმეში არ არის წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კავშირს ნასყიდობის ნამდვილობასა და გამყიდველის ნებაზე, შესაბამისად, არ არსებობს სსკ-ის 172-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, რაც ლეგიტიმურს გახდიდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნას. შესაგებელში განვითარებული მსჯელობა და არგუმენტაცია ცხადყოფს, რომ შემძენის კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას;
73.32. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ქონების მართლსაწინააღმდეგო განკარგვას, ბუნებრივია, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი;
73.33. სრულიად გაუგებარია საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის შეფასების კრიტერიუმები. მით უფრო გაუგებარია, რის საფუძველზე განხორციელდა ამგვარი კვლევის ჩატარება. კვლევა და მეთოდოლოგია, რომელიც გამოყენებულია დასკვნის გასაცემად არ არის დამაჯერებელი და სრულყოფილი;
73.34. საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილია შპს „ბ.კ–ის“ მიერ შედგენილი დოკუმენტი სახელწოდებით - „დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ - „შპს ს.ბ. ფ–ს–ის დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის, 2019 წლის 02 ოქტომბერი“ - მიმოხილვა და ანალიზი. შპს „ბ.კ–მა“ შეისწავლა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ორივე მოსაზრება და გასცა შესაბამისი დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ ს.ბ. ფ–ს–ის მიერ მოსაზრება N1-ის მომზადებისათვის გამოყენებული მიდგომები ითვალისწინებს არაერთ შეუსაბამობას (დეტ. იხ. საკასაციო საჩივარი, ტ. 12, გვ. 217-218). გამოვლენილი უზუსტობებისა და სტანდარტებთან შეუსაბამობების გათვალისწინებით, შპს „ბ.კ–მა“ მიიჩნია, რომ სს „ა–ის“ 100% წილის ღირებულების შესახებ გამოთქმული მოსაზრება N1, რომელიც მომზადებულია ს.ფ. ფ–ს–ის მიერ, არ იწვევს სანდოობას, რადგან ის ეფუძნება ვალუტების აღრევის შედეგად, შეცდომით გაანგარიშებული ქონების ღირებულებებს და არ ითვალისწინებს სს „ა–ის“ ვალდებულებების სრულ მოცულობას;
73.35. შპს „ბ.კ–მა” ასევე განიხილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული მოსაზრება N2, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ ს.ბ. ფ–ს–ის მიერ მოსაზრება N2-ის მომზადებისას გამოყენებული მიდგომები ასევე ითვალისწინებს არაერთ შეუსაბამობას (დეტ. იხ. საკასაციო საჩივარი, ტ. 12, გვ. 218-220). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ბ.კ–მა“ მიიჩნია, რომ ანგარიში არ არის თავსებადი შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან და ანგარიშში განსაზღვრული პროფესიული ეთიკის კოდექსთან. ასევე, ანგარიშში გამოყენებული მიდგომები დაუსაბუთებელია, გამოტოვებულია მნიშვნელოვანი გარემოებები და, შესაბამისად, ამ მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგები არ არის სწორი;
73.36. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა შპს „ბ.კ–ის დასკვნა“ და არამართებულად გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ყალბი დოკუმენტი. სასამართლომ არასანდო და არასარწმუნო დოკუმენტზე დაყრდნობით მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ სს „ა–ის“ 100% აქციების საბაზრო ღირებულება, 2006 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დამრგვალებული მაჩვენებლით შეადგენს 14 418 000 აშშ დოლარს, ხოლო სს „ა–ის“ 2007 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის საორიენტაციო მინიმალური წმინდა მოგება შეადგენს 12 500 000 აშშ დოლარს;
73.37. შპს „ბ.კ–ის“ მიერ მომზადებული დასკვნა სრულად აკმაყოფილებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის ჩანაწერს და არსებობს ცხადი სამართლებრივი საფუძველი მისი გაზიარებისათვის;
73.38. ექსპერტების დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 17.04.2024წ. და 03.06.2025წ. საოქმო განჩინებების გაუქმებასთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, შპს „ს.ბ. ფ.ს–ის“ აუდიტორული დასკვნა შედგენილია არაორაზროვნად, ნათლად და გარკვევით, დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო აღნიშნულს ასკვნის ისეთ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით უტყუარად არის დადგენილი დასახელებულ დოკუმენტში არსებული კრიტიკული შეუსაბამობები. შპს „ს.ბ. ფ.ს–ის“ აუდიტორული დასკვნა არის ორაზროვანი, მცდარი და, მეტიც, ყალბი შინაარსის მატარებელი. ამასთან, სასამართლოს მსჯელობა, რომ აღნიშნული დოკუმენტის სიყალბის დადასტურებას სისხლის სამართლის წესით დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი სჭირდება, არ არის სამართლებრივად სწორი და ეწინააღმდეგება სსსკ-ის 137-ე მუხლს;
73.39. დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა, რომ სახეზე არ არის ექსპერტიზის დასკვნა, შესაბამისად, სსსკ-ის 171-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტების დაკითხვის საფუძველი. სასამართლოს აღნიშნული არგუმენტი არღვევს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს. გარდა ამისა, დოკუმენტი მომზადებულია მხარის მიერ და მისი შემდგენი პირები სასამართლოში სპეციალისტის სტატუსით ვერ გამოიკითხებიან, ვინაიდან ასეთ მოცემულობას არ მოიაზრებს სსსკ-ის 204-ე მუხლი. ასევე, ცალსახაა, რომ ხსენებული პირების დაკითხვის შუამდგომლობაზე უარის თქმა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების აშკარა და უხეშ დარღვევას;
73.40. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებული მსჯელობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით პირდაპირ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებულ იქნა კასატორების პრეტენზია იმის შესახებ, რომ როდესაც დავის საფუძველს წარმოადგენს იძულებით დადებული გარიგებიდან გამომდინარე მოთხოვნები, არ გამოიყენება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები;
73.41. პირველი და მეორე მოპასუხეები სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმად, სასამართლომ შპს „შ.ც–ის” 12.03.2019წ. დასკვნებით, 14.02.2007წ. მდგომარეობით, დაადგინა მეორე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით. შპს „შ.ც–ის“ დასკვნების მცდარი შინაარსი ნათლად დადასტურდა საქმის არსებითი განხილვის დროს მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით. მოპასუხის მიერ წარდგენილ შპს „ბ.კ–ის“ მიერ გაცემულ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ის შეუსაბამობები, რომელიც გააჩნდა შპს „შ.ც–ის“ დასკვნებს.
(დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი, ტ. 12. ს.ფ. 150-256)
74. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის და იმავე წლის 27 თებერვლის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
75. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
76. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს უპირველესი მსჯელობის საგანია, ერთი მხრივ, მოსარჩელესა და სს „ა–ას“ (ყოფილი სს „ა–ის“) აქციონერებს შორის დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების ნამდვილობა, ხოლო, მეორე მხრივ, პირველი მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისა და სს „ა–ას“ სხვა აქციონერების მიმართ სადავო 17.02.2007წ. და 16.08.2007წ. გარიგებების დადების მიზნით იძულების განხორციელების ფაქტი. კასატორების პრეტენზია არსებითად იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, შედეგად, არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც სარჩელის დაკმაყოფილება განაპირობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“; Van de Hurk v. The Netherlands, § 61; Garcia Ruiz v. Spain [GC] § 26; Perez v. France [GC], § 81). საკასაციო სასამართლო თავდაპირველად შეაფასებს მოთხოვნის უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულების ნამდვილობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის განკარგვის შესაძლებლობა [სსკ-ის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული], მათ შორის, მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენების შესაძლებლობა [სსკ-ის 254-ე მუხლი]. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებს და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: 1) მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; 2) გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; 3) ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (იხ. სუსგ საქმე Nას-683-654-2016, 16 სექტემბერი, 2016 წელი). მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში (სსკ-ის 198.1 მუხლი). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ (სსკ-ის 201.2 მუხლი). მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება აბსტრაქტული ხელშეკრულებაა. მოთხოვნის დამთმობის ნების გამოვლენასა და ახალი კრედიტორის მიერ თანხმობის გამოხატვასთან ერთად, ხელშეკრულების აუცილებელი პირობაა დათმობილი მოთხოვნის ზუსტი აღნიშვნა. მოთხოვნა იმდენად უნდა იყოს ინდივიდუალიზებული, რომ მხარეთა შეთანხმება მოთხოვნის დათმობის საგანზე არ უნდა იძლეოდეს ეჭვის საფუძველს (განსაზღვრულობის პრინციპი). ასევე, ხელშეკრულებიდან უნდა გამომდინარეობდეს ახალი კრედიტორის უფლებამოსილება დათმობილი მოთხოვნის საკუთარი სახელით განხორციელების შესახებ. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში საჭიროა მოვალის (debitor cessus) მითითება, მაგრამ შესაძლებელია, რომ ხელშეკრულებაში სახელობითი მოხსენიების გარეშეც მოვალის ვინაობა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების შინაარსიდან (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, გვ. 182-183, 199-ე მუხლის კომენტარი). მოთხოვნის დათმობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ახალ კრედიტორს. პირი, რომელიც მოთხოვნის დათმობის ნამდვილობას ეჭქვეშ დააყენებს, ვალდებულია, დაამტკიცოს ეს გარემოება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, თბილისი, 2018, გვ. 183, 199-ე მუხლის კომენტარი). საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმეში წარდგენილ 20.11.2019წ. მოთხოვნის უფლების დათმობის (ცესიის) შესახებ ხელშეკრულებას (იხ. ტ. 3, ს.ფ. 259-263), რომელიც დადებულია, ერთი მხრივ, მოსარჩელეს, ხოლო, მეორე მხრივ, სს „ა–ის“ (ამჟამინდელი სახელწოდება სს „ა–ა“) ყოფილ აქციონერებს შორის და ხელშეკრულების 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5 და 2.1 პუნქტებისა და მათი ქვეპუნქტების (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 33-34 პუნქტები) ანალიზის შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ გამოვლენილა მოთხოვნის უფლების დათმობის გამომრიცხველი, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა. ხელშეკრულებით ზუსტად არის განსაზღვრული დათმობილი მოთხოვნა (განსაზღვრულობის პრინციპი) (ხელშეკრულების 2.1.1-2.1.4 პუნქტები, იხ. წინამდებარე განჩინების 34-ე პუნქტი), რომლის მესამე პირისათვის გადაცემას არც ვალდებულების არსი გამორიცხავდა და არც მოქმედი კანონმდებლობით ყოფილა აკრძალული. შესაბამისად, სადავო ხელშეკრულება ნამდვილია და დაცულია მისი დადებისათვის აუცილებელი ყველა პირობა. კასატორებს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენიათ. საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, კასატორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად შპს „ა–ის“ (ამჟამად სს „ა–ა“) აქციათა ნასყიდობის 13.02.2007წ. და 16.08.2007წ. ხელშეკრულებები დადებულია პირველი მოპასუხის მხრიდან აქციონერების მიმართ განხორციელებული იძულების შედეგად. მათი მტკიცებით, არ დასტურდება პირველი მოპასუხის რაიმე სახის არამართლზომიერი კავშირი აღნიშნული გარიგებების დადებასთან, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 5.24-5.34 პუნქტები, ტ. 8, ს.ფ. 174-192) ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, ასევე, სადავო გარიგებების დადებამდე და შემდგომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და 2007 წლის 13 თებერვლიდან სს „ა–ის“ აქციათა გასხვისების ჯაჭვში მონაწილე პირებთან პირველი მოპასუხის კავშირის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სს „ა–ის“ აქციათა 13.02.2007წ. და 16.08.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების დროს აქციონერებს ნამდვილი ნება არ გამოუვლენიათ და მათი ნების თავისუფლება ხელყოფილია პირველი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით - იძულებით (დეტ. იხ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების 6.14, 6.15 და 6.17 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივი გარემოებები; ასევე, წინამდებარე განჩინების 38-43, 46-51 და 54-57 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები). კასატორებს აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იძულების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებებით ძალიან რთულია და ამ დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მხარის ობიექტური შესაძლებლობა, წარუდგინოს სასამართლოს იძულების მამტკიცებელი პირდაპირი მტკიცებულებები, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მოსარჩელის განმარტებით, იძულება ხორციელდებოდა მაღალჩინოსნების მხრიდან. ცხოვრებისეული გამოცდილება აჩვენებს, რომ იძულების განმახორციელებელი პირები ყოველთვის იკავებენ თავს მათ მიერ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების დაფიქსირებისა და გამხელისაგან, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც შესაძლებელია მათი ქცევა აღიქმებოდეს დანაშაულის ჩადენად, დანაშაულის ფაქტის დაფარვად. იძულების განმახორციელებელი პირი ყოველთვის მოქმედებს გააზრებულად და ფრთხილად მისთვის საინტერესო მიზნის მიღწევის პროცესში, რის გამოც, ძალიან რთული ხდება საჭირო მტკიცებულებების მოპოვება. ამიტომ, მნიშვნელოვანია მტკიცებულებები შეფასდეს გონივრულობის, ჯეროვანების პრინციპიდან გამომდინარე (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-15-15-2016, 01 მარტი, 2016 წელი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის იძულება, ნების საწინააღმდეგოდ დათმოს საკუთრება მესამე პირის/პირების სასარგებლოდ, თავისი ხასიათით წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ვინაიდან ასეთი ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლითა და სსკ-ის 170-ე მუხლით გარანტირებულ მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, §193). შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ა–ის“ აქციონერთა მიერ კომპანიის აქციებზე საკუთრების უფლების დათმობა მოხდა იძულებით, იკვეთება პირის ნების თავისუფალ ფორმირებაში იმგვარი აშკარა და უხეში ჩარევა, რომ დაზარალებულის/მოსარჩელის მოთხოვნა წილზე საკუთრების უფლების აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უნდა შემოწმდეს კანონისმიერი მოთხოვნის საფუძვლებიდან, კერძოდ დელიქტიდან. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „იძულება იმდენად აშკარად და უხეშად ხელყოფს ნების თავისუფლების მდგომარეობას, რომ ზოგჯერ იგი დელიქტის სახესაც ღებულობს“, „...შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ 408-ე და 992-ე მუხლების წესები. ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მისგან დამოუკიდებლად, ნების გამოვლენა შეცილებულია თუ არა. ამდენად, მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 2002, გვ. 246, 252; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, §212). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რამდენიმე მოთხოვნის საფუძვლის თავმოყრის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს ყველა გასათვალისწინებელი მოთხოვნის საფუძველი, თუ ერთ-ერთი მათგანი საერთოდ (ან სრულყოფილად) ვერ მიუახლოვდება მოსარჩელის მიერ დასახულ და სასურველ შედეგს (იხ. სუსგ საქმე Nას-548-511-2017, 31 ივლისი, 2017 წელი). ზემოაღნიშნული მსჯელობა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებას, რომლის თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში შეცილების განუხორციელებლობის შემთხვევაშიც, თუკი იკვეთება პირის ნების თავისუფალ ფორმირებაში აშკარა და უხეში ჩარევა, დაზარალებულს უფლება აქვს ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა დააფუძნოს დელიქტურ ნორმებს. დიდი პალატის მითითებით, „თუკი იძულებისა და მოტყუების საფუძველზე, შემცილებელ პირს ადგება ზიანი, ასეთ შემთხვევაში, როგორც იძულება, ისე, მოტყუება უნდა განვიხილოთ არა მარტო, როგორც გარიგების ბათილობის სახელშეკრულებო გარემოებანი, არამედ, როგორც დაუშვებელი მოქმედებანიც (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 2001, გვ. 246, 252; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, §212, §213). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სასურველი სამართლებრივი შედეგი შეიძლება გამომდინარეობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 998-ე [თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით] და 408.1-ე [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] მუხლებიდან. 98. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს კასატორების შედავებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წინამდებარე შემთხვევაში დაცულია დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობის ვადა.
99. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (იხ. სუსგ საქმე Nას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; Nას-934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
100. დელიქტიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადას აწესებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი, რომლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
101. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სს „ა–ის” (ამჟამად სს „ა–ა“) აქციონერთა მიმართ იძულება სულ მცირე 2012 წლის არჩევნებამდე (2012 წლის 01 ოქტომბრამდე) გრძელდებოდა, რადგან პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებამდე იძულებას ჰქონდა განგრძობადი ხასიათი. აღნიშნულს განაპირობებს ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხე, ვისგანაც მომდინარეობდა იძულება, არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლამდე მოქმედ მაღალჩინოსანს წარმოადგენდა. შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ხანდაზმულობის ვადის ათვლაც სწორედ ამ მომენტიდან უნდა განხორციელდეს.
102. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ სს „ა–ის” აქციონერებმა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 2012 წელსვე მიმართეს. კერძოდ, აქციონერებმა პროკურატურას მიმართეს სს „ა–ის” კანონიერ მფლობელებზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად სააქციო საზოგადოების იძულებით გასხვისების ფაქტზე დამნაშავე პირთა დასჯისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სადავო არაა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის.
103. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნასაც, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვა წარმოადგენს დარღვეული უფლების აღდგენისკენ მიმართულ იმგვარ ქმედებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის [ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები] შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისათვის სამართლებრივად ვარგის საშუალებად უნდა შეფასდეს.
104. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია (იხ. სუსგ საქმე Nას-1586-1489-2012, 22 აპრილი, 2013 წელი). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმაში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს (იხ. სუსგ საქმე Nას-960-909-2015, 04 დეკემბერი, 2015 წელი).
105. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის, ხანდაზმულობის ვადა კვლავ შეწყვეტილად ითვლება, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული და მოსარჩელის მოთხოვნა განხორციელებადია.
106. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, დასახელებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა („გენერალური დელიქტი“). მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია ზიანის მიმყენებელს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება „გენერალური დელიქტის“არარსებობის შემთხვევაშიც, მაგალითად, ზიანის მიმყენებლის ქმედებაში ბრალისა და მართლწინააღმდეგობის არარსებობისას. ასეთი საგამონაკლისო ვითარება მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს შესრულებულია თუ არა ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა.
107. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; Nას-72-72-2018, 15 თებერვალი, 2018 წელი; Nას-189-189-2018, 23 მარტი, 2018 წელი; Nას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
108. წინამდებარე საქმეში დადგენილია მოსარჩელეზე და სს „ა–ის“ (ამჟამად სს „ა–ა“) სხვა აქციონერებზე პირველი მოპასუხის მხრიდან სადავო გარიგებების დადების მიზნით იძულების განხორციელებული ფაქტი, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დელიქტის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა - მოსარჩელის საკუთრების ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. დადგენილია ასევე, რომ აღნიშნულს შედეგად მოჰყვა სადავო 17.02.2007წ. და 16.08.2007წ. აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებების დადება და აქციებზე მოსარჩელისა და სს „ა–ის“ სხვა აქციონერთა საკუთრების უფლების დაკარგვა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აგრეთვე სახეზეა ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
109. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები; ხოლო, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.
110. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ პირველ შემთხვევაში (ერთობლივი ზიანი) ზიანის მიმყენებელი პირები უნდა მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით ანუ სახეზე უნდა იყოს ზიანის დადგომაში განზრახი თანამონაწილეობა, ხოლო მეორე შემთხვევაში (ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით) საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგულისხმება ორი შემთხვევა: (1) პირი, ვინც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო სხვის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას, რადგან სხვისთვის ზიანის დადგომა მას ანიჭებს რაიმე სარგებელს და ეს უმოქმედობა უნდა შეფასდეს, როგორც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული; (2) მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი გახდა ზიანისა და მისი წარმომშობი მიზეზების თაობაზე, პირმა შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით და ამ შემთხვევაშიც, მისი ქმედება უნდა შეფასდეს როგორც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული (იხ. სუსგ საქმე Nას-857-821-2014, 21 დეკემბერი, 2015 წელი).
111. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ 13.02.2007წ. და 16.08.2007წ. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებებში მონაწილე, ასევე, მათი დადების შემდგომ სს „ა–ის“ აქციათა და კომპანიის მთლიანი ქონების (უძრავ-მოძრავი ქონება და წილები სამეწარმეო საზოგადოებაში) გასხვისების ჯაჭვში მონაწილე პირები: ერთი მხრივ, შპს „ს–ი“, შპს „ს.ს.ე.კ–ია“, შპს „კ.ტ–ი“, შპს „ნ–ი“, ხოლო, მეორე მხრივ, პირველი მოპასუხე ურთიერთდაკავშირებული პირები არიან. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია დასახელებულ კომპანიათა შესახებ საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციით (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 55-ე პუნქტი), რაც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და არც ამ დასკვნის საწინააღმდეგო გარემოებაზე მიუთითებია. იგი მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა, რასაც საკასაციო სასამართლო საკმარისად ვერ მიიჩნევს. რაც შეეხება მესამე მოპასუხეს, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს, ერთი მხრივ, იმ შეუდავებელ გარემოებას, რომ მესამე მოპასუხეს სს „ა–ის“ აქციების შეძენამდე არ ჰქონია რაიმე სახის სამეწარმეო საზოგადოების მართვა-გამგეობის გამოცდილება, ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ მესამე მოპასუხეს სათანადოდ და დამაჯერებლად არ აუხსნია სს „ა–ის“ აქციებით დაინტერესება და მისი შეძენის ფაქტი, რაც მის კეთილსინდისიერებას საფუძველს აცლის და სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მესამე მოპასუხის მიერ სს „ა–ის“ აქციათა შეძენა წარმოადგენდა ზემოაღნიშნული კოორდინირებული ქმედების გაგრძელებას.
112. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2007 წლის 13 თებერვლისა და 2007 წლის 16 აგვისტოს იძულებით დადებული გარიგებების შემდგომ სს „ა–ის“ აქციების ყოველი შემდგომი გასხვისება ატარებდა ფორმალურ (მოჩვენებით) ხასიათს და მიზნად ისახავდა თავდაპირველი აქციონერებისათვის აქციებზე საკუთრების უფლების დაბრუნების გაძნელებას. მათ სახელზე აქციების რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ამ გარიგებათა საფუძველზე სს „ა–ის“ აქციების შემძენები კეთილსინდისიერ შემძენებად ვერ მიიჩნევიან. შესაბამისად, მოპასუხეთა მტკიცება შემძენთა, მათ შორის, მესამე მოპასუხის კეთილსინდისიერებაზე დაუსაბუთებელია.
113. საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, პარტნიორის წილის (მიმოქცევადი უფლება) შემძენზე საკუთრების უფლებით გადასვლისათვის აუცილებელია პარტნიორებს შორის ნამდვილი შეთანხმება ანუ ურთიერთმფარავი ნების არსებობა და ამ უფლების კანონით დადგენილი წესით რეესტრში რეგისტრაცია. განსახილველ შემთხვევაში, წილის შემძენებზე საკუთრება არ გადასულა, რადგანაც ნამდვილი შეთანხმება არ არსებობდა და აქედან გამომდინარე, დღევანდელი სამართლებრივი ვითარება - საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც სადავო წილების მესაკუთრედ მესამე მოპასუხეა რეგისტრირებული - არასწორია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, სს „ა–ის“ (ამჟამად სს „ა–ა“) 100% წილის ამჟამინდელ რეგისტრირებულ მესაკუთრეს, რომელიც სოლიდარულ მოვალეს წარმოადგენს, მოსთხოვოს ზიანის ნატურით ანაზღაურება (სსკ-ის 465-ე და 998.2 მუხლი) (შედ. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, §227,228).
114. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს იმავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა), ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სს „ა–ის“ წილებზე საკუთრების უფლების აღდგენა (დაბრუნება) შესაძლებელია
115. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმით დადგენილი ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებაში, სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც, სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე, ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
116. წინამდებარე საქმეში მოსარჩელემ მისთვის (სს „ა–ის“ ყოფილი აქციონერებისათვის) მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, წარადგინა აუდიტორული ფირმა ს.ბ. ფ–ს–ის 02.10.2019წ. დასკვნა, რომლის თანახმად, სს „ა–ის“ 100% აქციების საბაზრო ღირებულება, 31.12.2006წ. მდგომარეობით, დამრგვალებული მაჩვენებლით შეადგენს 14 418 000 აშშ დოლარს, ხოლო სს „ა–ის“ 01.01.2007წ.-დან 31.12.2018წ.-მდე პერიოდის საორიენტაციო მინიმალური წმინდა მოგება შეადგენს 12 500 000 აშშ დოლარს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 161-201). პირველი და მეორე კასატორები სადავოდ ხდიან დასკვნის შინაარსს და აღნიშნულს ასაბუთებენ მათ მიერ წარდგენილი შპს „ბ.კ–ის“ მიერ შედგენილი დოკუმენტით (იხ. ტ. 7, ს.ფ. 5-37), რომლითაც განხორციელდა ს.ბ. ფ–ს–ის აუდიტორული დასკვნის მიმოხილვა-ანალიზი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს „ბ.კ–ის“ მიერ შედგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენს აუდიტორულ დასკვნას, შესაბამისად, არ შეიცავს სადავო საკითხებთან/ზიანის ოდენობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას/დასკვნას და შემოიფარგლება მხოლოდ ს.ბ. ფ.ს–ის აუდიტორული დასკვნის ხარვეზებზე მითითებით.
117. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
118. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს აუდიტორული დასკვნას, ვერ შეფასდება იმგვარ მტკიცებულებად, რომელმაც შეიძლება გააქარწყლოს ს.ბ. ფ.ს–ის აუდიტორული დასკვნის შინაარსი. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა მოპასუხე მხარეს, რომ ამ უკანასკნელისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, იგი ვალდებული იყო წარედგინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის საპირისპირო, რელევანტური მტკიცებულება (აუდიტორული დასკვნა), რომლითაც დადასტურდებოდა ს.ბ. ფ–ს–ის დასკვნაში მითითებული ინფორმაციის არამართებულობა, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისას მართებულად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ს.ბ. ფ–ს–ის აუდიტორული დასკვნით.
119. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებაზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს, როგორც მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, ავტონომიური ფუნქცია არ გააჩნია, ის დეფინიციურია და კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ ითვალისწინებს. მარტოოდენ გარიგების ამორალურობის ზოგადი ნორმის გამოყენება არასაკმარისია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს. ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპს. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კანონები საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ამ წესიდან არსებული გამონაკლისი, ამ თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე. ამდენად, არ არის საკმარისი არსებობდეს მხოლოდ დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის, რათა გარიგება ამორალურად იქნეს მიჩნეული, აღნიშნული ხელს შეუშლის სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურ განვითარებასა და სტაბილურობას, რადგანაც ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერ მხარეს, სათანადო წინაპირობების არარსებობის პირობებშიც კი, შეეძლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, §208; ასევე, სუსგ საქმე Nას-548-511-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).
120. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სადავო ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი, რომელიც 2012 წლის 08 მაისს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებამდე რედაქციით სახელდებული იყო შემდეგნაირად: „გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო“, გარიგების ბათილად მისაჩნევად კონკრეტულ წინაპირობებზე მიუთითებდა და ორი პირობის კუმულაციურად არსებობის აუცილებლობას ადგენდა. დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ აკრძალული არ არის შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა არაპროპორციულობა და გარიგების ბათილობისათვის აღნიშნული საფუძვლის ობიექტურად არსებობა საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. გარიგების ბათილად მისაჩნევად, ამასთან ერთად, აუცილებელია, რომ მეორე წინაპირობაც ვლინდებოდეს, კერძოდ, გარიგება დადებული უნდა იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით). ამასთან, იძულება რომელიც გარიგების ბათილობის დამოუკიდებელი საფუძველია, სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მიზნებისათვის, ვერ იქნება მიჩნეული კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობად (იხ. სუსგ საქმე Nას-548-511-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).
121. საკასაციო სასამართლო დამატებით აგრეთვე აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს წილებზე საკუთრების უფლების აღდგენა (დაბრუნება), ე.ი. მის მიერ მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელია აღძრული. მოთხოვნის საფუძვლების დადგენისა და შემოწმების შემდეგ, გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, §233).
122. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შემდეგი საოქმო განჩინებები: 28.09.2022წ. საოქმო განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის თაობაზე; 17.04.2024წ. საოქმო განჩინებები, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობები არასათანადო მოსარჩელის, ასევე, არასათანადო მოპასუხის შეცვლის თაობაზე; 17.04.2024წ. საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე; 17.04.2024წ. საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა ექსპერტების დაკითხვის თაობაზე; 03.06.2025წ. საოქმო განჩინებები, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობები საქმის განმხილველი მოსამართლის აცილების, ექსპერტების დაკითხვის, დოკუმენტის სიყალბის დადგენისა და მოწმის დაკითხვის თაობაზე.
123. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზემოაღნიშნული საოქმო განჩინებების მართლზომიერებასთან დაკავშირებით (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 8-28-ე პუნქტები) და მიიჩნევს, რომ საოქმო განჩინებები დასაბუთებულია, ხოლო პირველ და მეორე კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობების საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.
124. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორებს განუმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებათა გათვალისწინებით საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არასათანადო მოსარჩელე შეცვალოს სათანადო მოსარჩელით. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის შესაძლებლობას. ამდენად, სარჩელზე სათანადო მოსარჩელის ჩაბმა საკასაციო ინსტანციაში არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე პირველი და მეორე კასატორების შუამდგომლობა არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან და უსაფუძვლოა.
125. პირველი და მეორე კასატორები ასევე ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს 16.12.2025წ. განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი კერძო საჩივარი გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ საქალაქო სასამართლოს 19.08.2025წ. განჩინების გაუქმების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტავს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
126. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
127. პირველმა და მეორე კასატორებმა იშუამდგომლეს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის და იმავე წლის 27 თებერვლის განჩინებებით საკასაციო საჩივრები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
128. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
129. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება კასატორების შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
130. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
131. ამდენად, პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი; მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი; ხოლო, მესამე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პ.ბ–ნის, ასევე, შპს „ნ–ისა“ და თ.ბ–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. პ.ბ–ნს (პ.ნ. .........) დაუბრუნდეს დ.კ–ი (პ.ნ. .........) მიერ 2026 წლის 11 თებერვალს №5514 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. შპს „ნ–ს“ (ს.ნ. .........) დაუბრუნდეს მის მიერ 2026 წლის 23 თებერვალს №224 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
4. თ.ბ–ს (პ.ნ. .........) დაუბრუნდეს ვ.კ–ძის (პ.ნ. .........) მიერ 2026 წლის 23 თებერვალს №9747 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია