1. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაიშვებიან:
ა) მგზავრები, რომლებსაც აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები და დაიშვებიან გადასაყვანად ავიაგადამზიდველის მომსახურების გამოყენებით;
ბ) პერსონალი, რომელსაც აქვს კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესვლის მოქმედი საშვი.
2. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონის საშვები, რაც პერსონალს აძლევს დაცულ ზონაში შესვლის უფლებას, გაიცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც არ საჭიროებენ საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის თანხლებას, კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაშვებას უზრუნველყოფს:
ა) ადმინისტრაცია – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების ეკიპაჟის წევრებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის;
ბ) აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური – ავიასაწარმოების, მათი მომხმარებლების, კონკრეტული აეროპორტის მთელი პერსონალისა და სხვა პირებისათვის.
4. აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური ახორციელებს კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესასვლელი საშვების დამზადებასა და გაცემას ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული საშვთა ნიმუშების საფუძველზე.
5. საშვების გაყალბებისაგან დამცავი კოდური სისტემის გათვალისწინებით აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური უზრუნველყოფს კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაშვებისათვის გაცემულ აეროპორტის საშვებში დაცვის ყველა დადგენილი კოდური სისტემის შეყვანას.
6. აეროპორტის ადმინისტრაცია აკონტროლებს დაცულ ზონებში დაშვებას და უზრუნველყოფს შეზღუდული დაშვების დაცული ზონის დამცავი ზღუდეების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას.
7. აეროპორტის ადმინისტრაცია განსაზღვრავს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონის დამცავ შემოღობვაში საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამტარი პუნქტ(ებ)ის მდებარეობას და უზრუნველყოფს მათ საიმედო დაცვას.
8. მიწისზედა მომსახურე პერსონალის დაშვება საჰაერო ხომალდთან შეიძლება შეიზღუდოს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის განხორციელების პერიოდში.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ორგანოების წარმომადგენლები, რომლებსაც არ გააჩნიათ ამ მუხლით გათვალისწინებული საშვები, კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაიშვებიან მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადობის მოწმობის საფუძველზე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებული და აეროპორტის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები კონტროლირებად ტერიტორიაზე ტაბელური იარაღით და სპეციალური ტექნიკური საშუალებებით დაიშვებიან მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
11. დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების თანამშრომლები შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროპორტის მიერ სასაზღვრო და საბაჟო სამსახურებთან შეთანხმებით გაცემული საშვის საფუძველზე.
12. სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წინასწარი განაცხადისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, გაიცემა დროებითი ან ერთჯერადი საშვი. სასაზღვრო ზონაში შესასვლელად საჭიროა შეთანხმება სასაზღვრო კონტროლის ორგანოებთან.
13. მუდმივი და დროებითი/ერთჯერადი საშვები სასაზღვრო ზონაში დაშვებისათვის გაიცემა მხოლოდ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოებთან შეთანხმებით.
14. ყველა პირი, რომელიც იმყოფება კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში, ვალდებულია მიიმაგროს საშვი გარე ტანსაცმლის ზედა მარცხენა მხარეს თვალსაჩინო ადგილზე.
15. საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამტარ პუნქტში სტენდზე გამოიკრობა მოქმედი საშვებისა და მათზე ხელმოწერის უფლების მქონე პირების ხელმოწერის ნიმუშები.
16. მგზავრებს ეძლევათ იმ შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესვლის უფლება, რომლებიც განსაზღვრულია საჰაერო ხომალდში ჩასხდომისათვის გამოსაყენებლად, იმ პირობით, თუ მათ აქვთ საჰაერო ხომალდზე ჩასხდომისათვის საჭირო დოკუმენტები:
ა) შესაბამისი ვიზებიანი პასპორტი ან პირადობის მოწმობა, რომელიც გაცემულია მგზავრის მოქალაქეობის ქვეყნის მიერ, ან სასაზღვრო სამსახურების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული დოკუმენტები;
ბ) ჩასხდომის ბარათი, გაცემული ავიაგადამზიდველის მიერ (ჩასხდომის ბარათში ნაჩვენები უნდა იყოს დარეგისტრირებული მგზავრის გვარი).
17. ადგილობრივ რეისებზე სტერილურ ზონაში და საჰაერო ხომალდში ჩასასხდომად მგზავრების გადაადგილების კონტროლი უნდა განხორციელდეს ავიაგადამზიდველისა და საავიაციო უშიშროების სამსახურების თანამშრომლების, ხოლო საერთაშორისო რეისებზე – მათთან ერთად სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის ორგანოების წარმომადგენლების მიერ.
18. ავიასაწარმო უზრუნველყოფს, რომ კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების ზონაში შესასვლელი საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ჰქონდეთ სატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კლასის მართვის მოწმობა და ისინი გაცნობილი იყვნენ აეროდრომზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციას.
19. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე ერთჯერადი საშვები გაიცემა წინასწარი განაცხადის გარეშე. ამ სატრანსპორტო საშუალებებს აუცილებლობის შემთხვევაში აცილებს საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი.
20. საძიებო-სამაშველო სამსახურების, სახანძრო რაზმების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავიაციო შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებები შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვებიან აეროპორტის კომიტეტის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით დადგენილი წესით.
21. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის შესრულებაში ჩაბმული ძალების და საშუალებების აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში დაშვების წესს ოპერატიული შტაბის წევრებთან შეთანხმებით ამტკიცებს აეროპორტის კომიტეტი.
22. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში მატერიალური ფასეულობების შეტანის და გამოტანისათვის დამატებით გაიცემა მატერიალური საშვები, რომლის ნიმუშებს ადგენს ადმინისტრაცია.
23. საერთაშორისო აეროპორტებში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ მატერიალურ ფასეულობებსა და სხვა ტვირთებზე მატერიალური საშვების გაცემის საფუძველი, გარდა ტვირთის მიღება-ჩაბარების ზედდებულისა, არის მათ გატანაზე საბაჟო ორგანოს თანხმობა.
24. ავიასაწარმოების სატრანსპორტო საშუალებებით აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე სატვირთო ტერმინალიდან საჰაერო ხომალდამდე და პირიქით, ტვირთების გადატანის საფუძველი, გარდა საავიაციო უშიშროებაზე შემოწმების ჩატარების აღნიშვნისა, არის ტვირთის თანხმლები შესაბამისი დოკუმენტები, როგორიცაა: სატვირთო ან საფოსტო ზედნადები, საბარგო ქვითარი და სხვა.
25. სატრანსპორტო საშუალების საშვები სასაზღვრო ზონაში დაშვებისათვის გაიცემა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 21. დაშვების კონტროლი
თავი V — აეროპორტებისა და აერონავიგაციის საშუალებებისა და სამსახურების, საჰაერო ხომალდების დაცვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კავშირი
- მუხლი 16. სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა
- მუხლი 17. ICAO -სთან კავშირი
- მუხლი 18. აეროპორტების დაცვა
- მუხლი 19. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები
- მუხლი 20. დაცული ზონების დაცვის მეთოდები
- მუხლი 22. საჰაერო ხომალდების დაცვის ღონისძიებები
- მუხლი 23. სააერონავიგაციო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები და საშუალებები
- მუხლი 24. საერთო დანიშნულების ავიაცია
- მუხლი 25. მგზავრების, ავიაპერსონალის და სხვა ფიზიკური პირების შემოწმება
- მუხლი 26. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 21, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-21/