1. სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე ან ერთ-ერთი მოადგილე.
2. კოლეგიის სხდომას გახსნილად აცხადებს კოლეგიის თავმჯდომარე.
3. დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აღწერს დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპებსა და შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებს.
4. მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად – მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს ან თანამდებობის პირის წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წარსადგენად, შემდეგ – მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. მოსამართლეს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი ინტერესების დამცველის დახმარებით.
5. მხარეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტის, მასალისა თუ ინფორმაციის გამოქვეყნების ანდა სხდომაზე მოწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების გამოთხოვის ან დამატებითი პირების მოწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ და სხვ. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.
6. სადისციპლინო კოლეგია, თავის მხრივ, უფლებამოსილია დაუსვას შეკითხვები მხარეებს ანდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ პირებს, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მასალები ან ინფორმაცია, დამატებით მოიწვიოს სხვა პირები მათი ინფორმაციის მოსასმენად, გადადოს საქმის განხილვა სულ ბევრი ორი კვირით და სხვ.
7. კოლეგიის სხდომაზე დგება ოქმი