1. როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს ირლანდიაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ირლანდიაში გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ასეთი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ირლანდიაში.

2. ირლანდიის გადასახადების მიმართ ირლანდიის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გადახდილი გადასახადების კრედიტად ჩათვლასთან (გამოქვითვასთან) დაკავშირებული ირლანდიის კანონმდებლობის (რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ქვემოაღნიშნულ ძირითად პრინციპებზე) დებულებების გათვალისწინებით:

a) ამ შეთანხმების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს გადასახადები საქართველოს წყაროებიდან მიღებულ მოგებაზე, შემოსავალზე ან ღირებულების მატებაზე (დივიდენდზე გადასახადის გარდა, რომელიც გადაიხდება იმ მოგებიდან, საიდანაც ხდება დივიდენდების გაცემა), მიუხედავად იმისა, მათი გადახდა მოხდა პირდაპირ თუ გამოქვითვით, ჩაითვლება კრედიტად ირლანდიის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებიც გაიანგარიშება იმავე მოგებაზე, შემოსავლებზე ან ღირებულების მატებაზე, რომლიდანაც გაანგარიშებული იყო საქართველოს გადასახადი;

b) დივიდენდის შემთხვევაში, რომელსაც უხდის საქართველოს რეზიდენტი კომპანია ირლანდიის რეზიდენტ კომპანიას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს დივიდენდის გადამხდელი კომპანიის 5 პროცენტს ან მეტს, კრედიტის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნება მიღებული (ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტით დასაკრედიტებელი საქართველოს ნებისმიერი გადასახადის დამატებით) საქართველოს გადასახადი, რომელსაც კომპანია იხდის იმ მოგებაზე, საიდანაც ხდება დივიდენდების გადახდა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის, მოგება, შემოსავალი, და კაპიტალის მატება, რომელსაც ფლობს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ შეთანხმების შესაბამისად, მიიჩნევა წარმოშობილად ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს წყაროებიდან.

4. როდესაც ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზდენტის შემოსავალი გათავისუფლებულია გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოს შეუძლია ამის მიუხედავად, ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

5. როდესაც ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, შემოსავლის ან კაპიტალის მატება ხელშემკვრელ სახელმწიფოში მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლებულია გადასახადისაგან და, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირი ხსენებული შემოსავლის ან კაპიტალის მატების მიმართ ექვემდებარება დაბეგვრას თანხის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ანაზღაურებული ან მიღებულია ამ მეორე სახელმწიფოში და არა მთელ თანხაზე, მაშინ ამ შეთანხმების შესაბამისად პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ნებადართული გათავისუფლება შეეხება შემოსავლის ან კაპიტალის მატების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ანაზღაურებული ან მიღებულია ამ მეორე სახელმწიფოშ