ყოველი მხარე ანთროპოგენური წყაროებიდან C დანართში ჩამოთვლილი თითოეული ქიმიური ნივთიერების საერთო გაფრქვევის შესამცირებლად, მათი მუდმივი მინიმიზაციისა და იქ, სადაც ეს შესაძლებელია, საბოლოო აღმოფხვრის მიზნით იღებს, სულ მცირე, შემდეგ ზომებს:
ა) ამ მხარისათვის აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში შეიმუშავებს მოქმედებათა გეგმას ან, თუ ეს აუცილებელია, მოქმედებათა რეგიონალურ ან სუბრეგიონალურ გეგმას და შემდგომ ახორციელებს მას, როგორც მე-7 მუხლში აღნიშნული შესრულების გეგმის შემადგენელ ნაწილს, რომელიც განკუთვნილია C დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიკაციისათვის, თვისებათა განსაზღვრისა და გაფრქვევის საკითხების გადაწყვეტისათვის, აგრეთვე ,,ბ”-,,ე” ქვეპუნქტების განხორციელების ხელშეწყობისათვის. მოქმედებათა გეგმა შეიცავს შემდეგ ელემენტებს:
ა.ა) არსებული და პროგნოზირებადი გაფრქვევების შეფასებას, წყაროების კადასტრების შემუშავებისა და წარმოების და C დანართში მითითებული წყაროების კატეგორიების გათვალისწინებით გაფრქვევების შეფასების ჩათვლით;
ა.ბ) მხარის იმ პოლიტიკისა და კანონების ეფექტიანობის შეფასებას, რომლებიც მიმართულია ამგვარი გაფრქვევების მოსაწესრიგებლად;
ა.გ) ვალდებულებების შესასრულებლად მიმართულ სტრატეგიებს “ა.ა” და “ა.ბ” ქვეპუნქტებში აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით;
ა.დ) განათლების, კადრების მომზადებისა და ამ სტრატეგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნის ამაღლების ხელშემწყობ ზომებს;
ა.ე) ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სტრატეგიების რეალიზებისა და ამ პუნქტის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საქმეში მათი წყალობით მიღწეული წარმატების მიმოხილვას; ასეთი მიმოხილვები შეიტანება მე-15 მუხლის შესაბამისად წარდგენილ მოხსენებებში;
ა.ვ) მოქმედებათა გეგმის, მათ შორის, მასში გათვალისწინებული სტრატეგიებისა და ზომების, შესრულების გრაფიკს;
ბ) ხელს უწყობს არსებული, განხორციელებადი და პრაქტიკული ზომების გამოყენებას, რომლებიც შეძლებენ ოპერატიულად უზრუნველყონ ან წყაროს ლიკვიდაცია ან გაფრქვევის დონეების რეალური და მნიშვნელოვანი შემცირება;
გ) ხელს უწყობს განვითარებას და, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, C დანართში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნისა და გაფრქვევის თავიდან აცილების მიზნით მოითხოვს მონაცვლე ან სახეცვლილი მასალების, პროდუქტებისა და პროცესების გამოყენებას გაფრქვევის თავიდან აცილების და შემცირების ზომების შესახებ C დანართში მოყვანილი ზოგადი მითითებების მხედველობაში მიღებით, აგრეთვე იმ სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც მიღებული იქნება მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად;
დ) ხელს უწყობს და, თავისი მოქმედებათა გეგმის შესრულების გრაფიკის შესაბამისად, მოითხოვს ახალი წყაროებისათვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებას მხარის მიერ განსაზღვრული წყაროების კატეგორიების ფარგლებში, რომელიც სააიროებს ამგვარი ზომების მიღებას მხარის მოქმედებათა გეგმის ფარგლებში, საწყის ეტაპზე C დანართის II ნაწილში მითითებული წყაროების კატეგორიებისათვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ დანართის II ნაწილში აღნიშნული კატეგორიების ფარგლებში ახალი წყაროების მიმართ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენების მოთხოვნა უნდა ამოქმედდეს შესაძლებლობისამებრ თანდათანობით, მაგრამ ამ მხარისათვის კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან არა უგვიანეს ოთხი წლისა. აღნიშნული კატეგორიების მიმართ მხარეები ითვალისწინებენ ამ დანართში მოყვანილ გაფრქვევების თავიდან აცილებისა და შემცირების ზომების მიღების შესახებ ზოგად მითითებებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის საუკეთესო სახეების თაობაზე, რომლებიც მიღებული იქნება მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ე) თავისი მოქმედებათა გეგმის შესაბამისად ხელს უწყობს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის საუკეთესო სახეების გამოყენებას;
ე.ა) C დანართის II ნაწილში მითითებული წყაროების კატეგორიების ფარგლებში არსებული წყაროებისა და ამ დანართის III ნაწილში მოყვანილი წყაროების მიმართ;
ე.ბ) ახალი წყაროების მიმართ, C დანართის III ნაწილში მითითებული წყაროების კატეგორიების ფარგლებში, რომლებიც მხარის მიერ არ განიხილებოდა “დ” ქვეპუნქტის ფარგლებში.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის საუკეთესო სახეების გამოყენებისას მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ ზოგადი მითითებები გაფრქვევის თავიდან აცილებისა და შემცირების ზომების მიღების თაობაზე, აღნიშნული C დანართში, და სახელმძღვანელო პრინციპები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის საუკეთესო სახეების შესახებ, რომლებიც მიღებული იქნება მხარეთა კონფერენციის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ვ) ამ პუნქტის და C დანართის მიზნებისათვის:
ვ.ა) „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა” ნიშნავს ყველაზე უფრო ეფექტურ და წარმატებულ ეტაპს ღონისძიებებისა და მათი გამოყენების მეთოდების შემუშავებაში, რომლებიც მიუთითებს კონკრეტული ტექნიკის პრაქტიკულ მიზანშეწონილობაზე ძირითადად უზრუნველყოს გაფრქვევის შეზღუდვის საფუძველი, რომლის მიზანია, თავიდან აიცილოს და იქ, სადაც ეს შესაძლებელია, მთლიანობაში უზრუნველყოს C დანართის I ნაწილში ჩამოთვლილი ქიმიური ნივთიერებების გაფრქვევისა და მთლიანად გარემოზე მათი ზემოქმედების შემცირება. ამ მხრივ:
ვ.ბ) „ტექნიკა” მოიცავს როგორც ნამუშევარ ტექნოლოგიას, აგრეთვე დანადგარის პროექტირების, მშენებლობის, ექსპლუატაციაში გადაცემის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციიდან გამოყვანის მეთოდებს;
ვ.გ) „ხელმისაწვდომი” ტექნიკა ნიშნავს ტექნიკას, მისაწვდომს ოპერატორისათვის, აგრეთვე შემუშავებულს იმ მასშტაბებში, რომლებიც იძლევა მისი გამოყენების შესაძლებლობას შესაბამის სამრეწველო სექტორში, ეკონომიკურად და ტექნიკურად განხორციელებად პირობებში, ხარჯებისა და უპირატესობების გათვალისწინებით;
ვ.დ) „საუკეთესო” ნიშნავს მთლიანად გარემოს დაცვის სფეროში ყველაზე უფრო ეფექტურ მიღწევებს;
ვ.ე) „გარემოსდაცვითი საქმიანობის საუკეთესო სახეები” ნიშნავს გარემოსდაცვითი საქმიანობის რეგულირების ზომებისა და სტრატეგიების ყველაზე უფრო მისაღები შეთავსების გამოყენებას;
ვ.ვ) „ახალი წყარო” ნიშნავს ნებისმიერ წყაროს, რომლის მშენებლობა ან მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია დაიწყო:
ა. მოცემული მხარისათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ერთი წლის შემდეგ მაინც;
ბ. მოცემული მხარისათვის C დანართში შეტანილი შესწორების ძალაში შესვლის თარიღიდან, როდესაც მოცემულ წყაროზე ვრცელდება ამ კონვენციის დებულებები მხოლოდ ამ შესწორების საფუძველზე, ერთი წლის შემდეგ მაინც;
ზ) მე-3 პუნქტის ფარგლებში საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შესასრულებლად მხარეს შეუძლია გამოიყენოს ზღვრული გაფრქვევების შეფასება ან ეფექტიანობის სტანდარტები