1. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების ან/და დამატების შეტანით მასში ადამიანის სქესად მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია. ეს აკრძალვები არ ვრცელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირის მიმართ შედგენისა და რეგისტრაციის შემთხვევაზე, რომლის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ამ მუხლის ამოქმედებამდე ცვლილების შეტანით მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი. აღნიშნული აკრძალვები ასევე არ ვრცელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ იმ პირის მიმართ შედგენისა და რეგისტრაციის შემთხვევაზე, რომლის მიმართ ამ მუხლის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მიეთითა მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესი.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.

საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024