1. ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის გაცემისას პილოტს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ასაკი – არანაკლებ 21 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

საჰაერო სამართალი

ბ.ა) ასპ-ს მოწმობის მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და დებულებები; ფრენის წესები; სმმ-ის შესაბამისი წესები და პრაქტიკა;

საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია

ბ.ბ) სხ-ის ძალური დანადგარების, ტრანსმისიის მუშაობის პრინციპი, სარგებლობის წესები და შეზღუდვები; ძრავების მახასიათებლებზე ატმოსფერული პირობების გავლენა; შესაბამისი საექსპლუატაციო მონაცემები სეს-იდან;

ბ.გ) სხ-ის სისტემების ზოგადი მახასიათებლები და შეზღუდვები; ფრენის მართვის სისტემები, ავტოპილოტისა და ავტოსტაბილიზების ჩათვლით; სხ-ის სისტემებითა და აღჭურვილობით სარგებლობა და გამართულობის შემოწმება;

ბ.დ) საპილოტაჟო ხელსაწყოები, მათი მწყობრიდან გამოსვლისას მოქმედებათა წესები; კომპასები, საბრუნი და აჩქარებით გამოწვეული შეცდომები; გიროსკოპული ხელსაწყოები, საექსპლუატაციო შეზღუდვები და პრეცესიის ზემოქმედება;

ბ.ე) სხ-ის პლანერის, ძალური დანადგარებისა და სისტემების ტექნიკური მომსახურების წესები;

საფრენოსნო მახასიათებლები, დაგეგმვა და დატვირთვა

ბ.ვ) სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებსა და მართვადობაზე დატვირთვისა და მასის განაწილების (საკიდელზე ტვირთის ჩათვლით – შვეულმფრენისათვის) გავლენა, მასისა და გაწონასწორების გამოთვლა;

ბ.ზ) ასაფრენი, დასაფრენი და სხვა საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების პრაქტიკული გამოყენება, კრეისერულ რეჟიმში მართვის წესების ჩათვლით;

ბ.თ) სამარშრუტო ფრენის გაფრენისწინა და ოპერატიული დაგეგმვა; სმმ-ის მიზნებისათვის ფრენის გეგმის მომზადება და წარდგენა; სმმ-ის შესაბამისი წესები; სიმაღლსაზომის დაყენების წესი;

ადამიანის შესაძლებლობები

ბ.ი) ადამიანის შესაძლებლობები, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით;

მეტეოროლოგია

ბ.კ) საავიაციო მეტეოცნობების, რუკების, პროგნოზების ცოდნა; კოდები და შემოკლებები; ფრენის წინ და ფრენისას, მეტეოინფორმაციის მიღების წესი, სიმაღლის გაზომვა;

ბ.ლ) საავიაციო მეტეოროლოგია; საფრენოსნო რაიონების კლიმატოლოგია, ავიაციაზე მისი გავლენის თვალსაზრისით; დაბალი და მაღალი წნევის რაიონების გადაადგილება; ატმოსფერული ფრონტების აგებულება; აფრენა-დაფრენისა და მარშრუტზე ფრენის პირობებზე მოქმედი ამინდის განსაკუთრებული და სახიფათო მოვლენების წარმოქმნა და მათი მახასიათებლები;

ბ.მ) ძრავებისა და პლანერის შემოყინვის მიზეზები, ამოცნობა და შედეგები; ფრონტალურ არეში შესვლის წესი; სახიფათო მეტეომოვლენების რაიონების შემოვლა;

ბ.ნ) დიდი სიმაღლეების მეტეოროლოგიის პრაქტიკული ცოდნა, მეტეოცნობების, რუკებისა და პროგნოზების ჩათვლით; ჭავლური დინება (თვითმფრინავი);

ნაოსნობა

ბ.ო) აერნაოსნობა, სააერნაოსნო რუკების, სარადიონაოსნო საშუალებებისა და ზონალური ნაოსნობის ჩათვლით; გაზრდილი სიშორის მარშრუტზე ფრენისადმი წაყენებული განსაკუთრებული სანაოსნო მოთხოვნები;

ბ.პ) სხ-ის მართვისა და ნაოსნობისათვის აუცილებელი ავიონიკით სარგებლობა, შეზღუდვები და საექსპლუატაციო საიმედობა;

ბ.ჟ) გაფრენის, მარშრუტზე ფრენის, დასაფრენად შესვლისა და დაფრენის საფეხურებზე მოქმედი სანაოსნო სისტემებით სარგებლობა, მათი სიზუსტე და საიმედოობა;

ბ.რ) ავტონომიური და გარეგან საშუალებებზე ორიენტირებული სისტემების მუშაობის პრინციპი და მახასიათებლები; საბორტო აღჭურვილობის მუშაობა;

საექსპლუატაციო წესები

ბ.ს) ექსპლუატაციისას, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის მეთოდების გამოყენება (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემები: DOC 9868, 9683);

ბ.ტ) AIP, NOTAM და მსგავსი სააერნაოსნო ინფორმაციით სარგებლობა, საავიაციო კოდები და შემოკლებები; გაფრენის, მარშრუტზე ფრენის, დაშვებისა და დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკებით სარგებლობა;

ბ.უ) სიფრთხილის ზომები და ავარიულ ვითარებაში მოქმედების წესები; სფწ-ით ფრენისას უსაფრთხოების წესები;

ბ.ფ) (შვეულმფრენისათვის) მუშა ძრავით ჩავარდნა, მიწისპირა რეზონანსი, უკუმხევ ლაპოტზე ნაკადის მოწყვეტა, დინამიური დაფერდება და სხვა სახიფათო მოვლენები; ვფწ-ით ფრენისას უსაფრთხოების წესები;

ბ.ქ) ტვირთის გადაზიდვის წესები (საკიდელზე ტვირთის ჩათვლით – შვეულმფრენისათვის); სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული საშიშროება;

ბ.ღ) მგზავრების ინსტრუქტაჟის წესები და მოთხოვნები (სხ-ში ჩასხდომისას და ჩამოსხდომისას უსაფრთხოების საკითხებზე);

ფრენის საფუძვლები

ბ.ყ) სხ-ების ფრენის საფუძვლები;

სარადიოტელეფონო კავშირი

ბ.შ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა არანაკლებ მე-4 დონეზე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით);

გ) გამოცდილება:

გ.ა)კანდიდატს, პილოტის რანგში, აქვს, სულ ცოტა, 1500 სთ. (1000 – შვეულმფრენისათვის) ნაფრენი. საერთოში ჩართული, საწაფზე შესრულებული ნაფრენი არ უნდა აღემატებოდეს 100 სთ-ის, საიდანაც არა უმეტეს 25 სთ. არის საწაფზე მართვის ტექნიკის დასამუშავებელი ან სახელსაწყო ფრენისათვის მოსამზადებელი ნაფრენი.

გ.ბ) კანდიდატმა იფრინა, სულ ცოტა:

გ.ბ.ა) 500 სთ. მეთაური-შეგირდის რანგში ან 250 სთ. სხ-ის მეთაურის რანგში ან 70 სთ. მეთაურის რანგში, დანარჩენი კი – მეთაური-შეგირდის რანგში;

გ.ბ.ბ) 200 სთ. სამარშრუტო ფრენებზე; საიდანაც 100 სთ. უნდა იყოს მეთაურის ან მეთაური-შეგირდის რანგში;

გ.ბ.გ) 75 სთ. (30 – შვეულმფრენისათვის) სახელსაწყო ფრენებზე, საიდანაც არა უმეტეს 30 სთ. (10 – შვეულმფრენისათვის) შეადგენს ხელსაწყოებით სახმელეთო წვრთნის დროს; და

გ.ბ.დ) 100 სთ. (50 – შვეულმფრენისათვის) ღამის ფრენებზე, მეთაურის ან მეორე პილოტის რანგში.

დ) საფრენოსნო მომზადება – კანდიდატმა, ორმაგსამართიან სხ-ზე, გაიარა „კომერციული პილოტის მოწმობის“ მისაღებად საჭირო მომზადება ამ წესების მე-18 მუხლის თანახმად, აგრეთვე (დამატებით – თვითმფრინავისათვის), კანდიდატმა ორმაგსამართიან მრავალძრავიან სხ-ზე გაიარა სახელსაწყო ფრენების ოსტატობის აღნიშვნის მიმცემი მომზადება ამ წესების მე-11 მუხლის მიხედვით;

ე) უნარი:

ე.ა) კანდიდატმა სხ-ზე, რომლის ექსპლუატაციისათვის საჭიროა მეორე პილოტი, მეთაურის რანგში გამოავლინა შემდეგი პროცედურებისა და მანევრების შესრულების შესაძლებლობა:

ე.ა.ა) გაფრენისწინა მომზადება, ფრენის გეგმის მომზადებისა და სმმ-ის მიზნებისათვის წარდგენის ჩათვლით;

ე.ა.ბ) ფრენის ჩვეული სქემები და მანევრები ფრენის ყველა საფეხურზე;

ე.ა.გ) (თვითმფრინავისათვის) ჩვეულ, განსაკუთრებულ და ავარიულ ვითარებაში სფწ-ით ფრენის სქემები და მანევრები, ძრავის მწყობრიდან გამოსვლის მიბაძვით ფრენის ჩათვლით, ამ წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით;

ე.ა.დ) განსაკუთრებულ და ავარიულ ვითარებაში ქმედებათა წესები; ძალური დანადგარების, პლანერისა და სისტემების მწყობრიდან გამოსვლისა და უწესივრობის გამო შესრულებული მანევრები;

ე.ა.ე) ეკიპაჟის წევრის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვისას ქმედებათა წესი და ეკიპაჟის წევრების ურთიერთმოქმედება, მართვის, მათი მოქმედების კოორდინირებისა და საკონტროლო შემოწმებათა ნუსხით სარგებლობის ამოცანების ჩათვლით;

ე.ბ) კანდიდატმა გამოავლინა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურებისა და მანევრების შესრულების შესაძლებლობა და, აგრეთვე, უნარი:

ე.ბ.ა) ამოიცნოს და აკონტროლოს საშიშროების წარმომშობი ფაქტორები და შეცდომები (იხ. იკაო-ს ოფიციალური გამოცემები: DOC 9868, 9683);

ე.ბ.ბ) სხ უშუალოდ მართოს ნარნარად და ზუსტად, მისი შეზღუდვების ფარგლებში ისე, რომ უზრუნველყოს სქემისა თუ მანევრის წარმატებით შესრულება;

ე.ბ.გ) ფრენისას, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და განახორციელოს სათანადო მეთვალყურეობა;

ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით კანდიდატი უნდა ფლობდეს I კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.

2. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა:

ა) განახორციელოს მოყვარული პილოტისა და კომერციული პილოტის მოწმობებით მინიჭებული ყველა უფლება;

ბ) ნებისმიერ საჰაერო გადაზიდვაზე შეასრულოს მეთაურისა თუ მეორე პილოტის დანიშნულება.

3. ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მიღების კანდიდატი უნდა ფლობდეს, სულ ცოტა, მოყვარული პილოტის მოწმობას ან კომერციული პილოტის მოწმობას და ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის მიღებამდე 18 თვის განმავლობაში, საფრენოსნო შემოწმებამდე, გაიაროს თეორიული მომზადების კურსი, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

ა) მოყვარული პილოტის მოწმობის მფლობელმა – 650 სთ.

ბ) კომერციული პილოტის მოწმობის მფლობელმა – 450 სთ.

გ) კომერციული პილოტის მოწმობის და სახელსაწყო ფრენის წესებით ფრენის უფლების მფლობელმა – 400 სთ.

4. თუ კანდიდატს აქვს ბორტინჟინრად და/ან ნაოსნად ნაფრენი, მას 1500 (1000) ნაფრენ სთ-ში, ჩაეთვლება ამ ნაფრენის 50%, მაგრამ არა უმეტეს – 250 საათის